არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მდიდარი მმართველი არაგონივრულ არჩევანს აკეთებს

მდიდარი მმართველი არაგონივრულ არჩევანს აკეთებს

მდიდარი მმართველი არაგონივრულ არჩევანს აკეთებს

მდიდარი ახალგაზრდა მმართველი კეთილსინდისიერი, კანონის მორჩილი და მორწმუნე იყო. ის მივიდა იესოსთან, მუხლებზე დაეცა და ჰკითხა: „კარგო მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო, რომ მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდრო?“

იესომ მიუგო, რომ მარადიული ცხოვრების მისაღებად ღვთის მცნებები უნდა დაეცვა. მდიდარმა უფრო კონკრეტული პასუხი სთხოვა, რაზეც იესომ უპასუხა: „არ მოკლა, არ იმრუშო, არ მოიპარო, არ გამოხვიდე ცრუმოწმედ, პატივი ეცი მამას და დედას და მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“. ეს მცნებები მოსეს კანონში შემავალი ძირითადი მცნებები იყო. მამაკაცმა იესოს მიუგო: „ამ ყველაფერს ვიცავ. რაღა მაკლია?“ (მათე 19:16—20).

იესო ამ მდიდარი ახალგაზრდისადმი ‘სიყვარულით აღიძრა’ და უთხრა: „ერთი რამ გაკლია: წადი, გაყიდე რაც გაქვს, ღარიბებს დაურიგე და გექნება განძი ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი“ (მარკოზი 10:17—21).

მოულოდნელად ახალგაზრდა მმართველი სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე დადგა. რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ის? დათმობდა თავის სიმდიდრეს და გახდებოდა იესოს მიმდევარი თუ — ვერა? მიწიერ განძს აირჩევდა თუ ზეციერს? არჩევნის გაკეთება მისთვის რთული იქნებოდა. ცხადია, ის დაინტერესებული იყო სულიერით, რადგან იცავდა მოსეს კანონს და სურდა გაეგო, კიდევ რის გაკეთება შეეძლო ღვთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. რა გადაწყვეტილება მიიღო მან? „ის . . . დანაღვლიანებული წავიდა, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდა“ (მარკოზი 10:22).

ახალგაზრდა მმართველმა არაგონივრული გადაწყვეტილება მიიღო. თუ ის იესოს ერთგული მიმდევარი გახდებოდა, მიიღებდა იმას, რასაც ეძებდა — მარადიულ სიცოცხლეს. ბიბლიაში ნათქვამი არ არის, რა მოუვიდა ამ ახალგაზრდა მამაკაცს. მაგრამ ვიცით, რომ დაახლოებით ოთხი ათეული წლის შემდეგ რომაელთა ჯარებმა გაანადგურეს იერუსალიმი და იუდეის დიდი ნაწილი. ბევრმა იუდეველმა სიმდიდრეც დაკარგა და სიცოცხლეც.

ახალგაზრდა მმართველისგან განსხვავებით, პეტრე მოციქულმა და სხვა მოწაფეებმა გონივრული არჩევანი გააკეთეს. მათ ‘ყველაფერი დატოვეს’ და იესოს გაჰყვნენ. მათ მართლაც საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღეს! იესოს სიტყვების თანახმად, ისინი იმაზე ბევრად მეტს მიიღებდნენ, რაც დათმეს; უფრო მეტიც, მარადიულ სიცოცხლეს დაიმკვიდრებდნენ. მათ ის გადაწყვეტილება მიიღეს, რაც არასდროს უნანიათ (მათე 19:27—29).

ჩვენ ყველა ვიღებთ ცხოვრებაში უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. რა თქვა იესომ ასეთი გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით? გაითვალისწინებთ პირადად თქვენ მის რჩევას? თუ ამგვარად მოიქცევით, უხვ კურთხევებს მიიღებთ. მოდი განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია მივყვეთ იესოს და ყურად ვიღოთ მისი სიტყვები.