არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იფიქრეთ ხვალინდელ დღეზეც

იფიქრეთ ხვალინდელ დღეზეც

იფიქრეთ ხვალინდელ დღეზეც

„ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე“, — ეს სიტყვები იესო ქრისტემ გალილეაში, მთაზე ქადაგების დროს წარმოთქვა. ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანის მიხედვით იესოს სიტყვები ასე გრძელდება: „ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე“ (მათე 6:34).

რას გულისხმობდა იესო, როცა ამბობდა, ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზეო? იმას, რომ მხოლოდ დღევანდელი დღით უნდა ვიცხოვროთ და ხვალინდელ დღეზე საერთოდ არ უნდა ვიფიქროთ? რამდენად ეთანხმება ასეთი შეხედულება იმას, რაც იესოსა და მის მიმდევრებს სწამდათ?

„ნუღარ წუხხართ“

წაიკითხეთ მათეს 6:25—32. იესო ამბობდა: «ნუღარ წუხხართ თქვენი სულისთვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც სხეულისთვის, რა ჩაიცვათ . . . დააკვირდით ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, მაგრამ თქვენი ზეციერი მამა კვებავს მათ . . . რომელ თქვენგანს შეუძლია წუხილით სიცოცხლე ერთი წყრთით გაიხანგრძლივოს? ან ჩაცმაზე რაღას წუხხართ? ისწავლეთ მინდვრის შროშანებისგან, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ . . . ასე რომ, ნურასოდეს დაიწყებთ წუხილს და ნუ იტყვით: „რა ვჭამოთ?“ ან: „რა ვსვათ?“ ან: „რა ჩავიცვათ?“ რადგან ყოველივე ამას უცხოტომელები ეძებენ მთელი მონდომებით და თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ყოველივე ეს».

იესო განაგრძობს ქადაგებას და ორ რჩევას იძლევა: 1) „ამიტომ უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი შეგემატებათ“; 2) „მაშ, ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე — ხვალინდელ დღეს თავისი საწუხარი ექნება; ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი“ (მათე 6:33, 34).

თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რა გჭირდებათ

როგორ ფიქრობთ, იესო იმისკენ მოუწოდებდა მოწაფეებს, რომ არ დაეთესათ, არ მოემკათ, მოსავალი არ დაებინავებინათ, არ ეშრომათ და არ დაერთათ? (იგავები 21:5; 24:30—34; ეკლესიასტე 11:4). რა თქმა უნდა, არა! თუ არ იმუშავებდნენ, ‘მკის დროს მათხოვრობას დაიწყებდნენ’, არც საჭმელი ექნებოდათ და არც ჩასაცმელი (იგავები 20:4).

იმაში რაღას გულისხმობდა იესო, როცა ამბობდა, ნუღარ წუხხართო? ნიშნავს ეს იმას, რომ ადამიანი საერთოდ არაფერზე არ უნდა წუხდეს? ეს შეუძლებელია. თავად იესოც კი წუხდა და ძლიერ ემოციურ ტკივილს განიცდიდა დაპატიმრების ღამეს (ლუკა 22:44).

იესოს მხედველობაში ჰქონდა ერთი მარტივი ჭეშმარიტება — მეტისმეტი წუხილით ვერანაირ პრობლემას ვერ გადაჭრი. როგორც იესომ თქვა, წუხილით სიცოცხლეს ერთი წყრთითაც კი ვერ გაიხანგრძლივებ (მათე 6:27). პირიქით, ხანგრძლივმა წუხილმა შეიძლება სიცოცხლე მოგისწრაფოს.

იესოს რჩევა მართლაც პრაქტიკულია. ის, რაზეც ვწუხვართ, ხშირად არ მართლდება. სწორედ ასეთ დასკვნამდე მიიყვანა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მოღვაწე უინსტონ ჩერჩილი მეორე მსოფლიო ომმა. მან დაწერა: „იმ დღეებს რომ ვიხსენებ, როდესაც განსაკუთრებით ვწუხდი, ერთი მოხუცი კაცის სიტყვები მახსენდება. მან სიკვდილის წინ თქვა, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ბევრ რაღაცაზე წუხდა, მაგრამ ხშირად ისე არ ხდებოდა, როგორც ფიქრობდა“. როგორც ვხედავთ, გონივრულია ვიფიქროთ დღევანდელ დღეზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა წინასწარ პრობლემებზე ფიქრმა შეიძლება ადვილად დაგვაკარგვინოს სიმშვიდე.

„უპირველესად ეძებეთ სამეფო“

იესო უფრო მეტს გულისხმობდა, ვიდრე ადამიანის ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას. მას ესმოდა, რომ სიმდიდრისა და სიამოვნებისკენ სწრაფვისა და ცხოვრებისთვის ყოველივე აუცილებელზე წუხილის შედეგად, შეიძლება მხედველობიდან გამოგვრჩეს ის, რაც უფრო მნიშვნელოვანია (ფილიპელები 1:10). შეიძლება იფიქრო: „რა არის იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, რომ გქონდეს ყველაფერი, რაც ცხოვრებისთვის აუცილებელია?“ ყველაფერზე მნიშვნელოვანი ღვთის თაყვანისცემაა. როგორც იესომ თქვა, ყველაზე მთავარი ჩვენს ცხოვრებაში ის არის, რომ ‘უპირველესად ვეძებოთ ღვთის სამეფო და მისი სიმართლე’ (მათე 6:33).

პირველ საუკუნეში მრავალი ადამიანი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ ისწრაფოდა. ეს მათი მთავარი საზრუნავი იყო. თუმცა იესომ თავის მსმენელებს მოუწოდა, მათგან განსხვავებული შეხედულება ჰქონოდათ. როგორც ღვთისადმი მიძღვნილი ხალხი, ისინი ‘ვალდებულნი’ იყვნენ, ‘ღვთისადმი შიში ჰქონოდათ და მისი მცნებები დაეცვათ’ (ეკლესიასტე 12:13).

ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ სწრაფვას ანუ ‘ქვეყნიერების საზრუნავსა და სიმდიდრის მაცდუნებელ ძალას’ შეეძლო ისინი სულიერად მოესუსტებინა (მათე 13:22). მოციქულმა პავლემ დაწერა: „ვინც გამდიდრებისკენ ისწრაფვის, ებმება ცდუნებაში, მახეში, ბევრ უგუნურ და მავნებელ სურვილში, რომელიც ღუპავს და ანადგურებს ადამიანებს“ (1 ტიმოთე 6:9). ასეთ მახეში რომ არ გაბმულიყვნენ, იესომ შეახსენა თავის მიმდევრებს, რომ მათმა ზეციერმა მამამ იცოდა, თუ რა სჭირდებოდათ მათ. ღმერთი მათზე ისევე იზრუნებდა, როგორც „ცის ფრინველებზე“ (მათე 6:26, 32). ნაცვლად იმისა, რომ მეტისმეტი ეფიქრათ იმაზე, რაც სჭირდებოდათ, უკეთესი იქნებოდა, შეძლებისდაგვარად ყველაფერი გაეკეთებინათ, დანარჩენი კი იეჰოვასთვის მიენდოთ (ფილიპელები 4:6, 7).

იესომ როდესაც თქვა, ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებსო თავის თავზე, იმას გულისხმობდა, რომ ხვალინდელ დღეზე ზედმეტმა წუხილმა შეიძლება უფრო დაგვამძიმოს. მათეს 6:34-ში, „თანამედროვე ინგლისურ თარგმანში“, ვკითხულობთ: „ნუ წუხხართ ხვალინდელ დღეზე; მას თავისი საწუხარი ისედაც საკმარისად ექნება. არ არის საჭირო, ყოველი დღის პრობლემებს კიდევ პრობლემა დაუმატოთ“.

„მოვიდეს შენი სამეფო“

ერთია, ხვალინდელ დღეზე მეტისმეტი არ იფიქრო და მეორეა, საერთოდ არ იფიქრო. იესოს არასოდეს უთქვამს თავისი მიმდევრებისთვის, რომ ხვალინდელ დღეზე საერთოდ არ ეფიქრათ. პირიქით, მოუწოდებდა მათ, რომ სერიოზულად დაინტერესებულიყვნენ მომავლით. მათ უნდა ელოცათ დღეისთვის სამყოფ პურზე, მაგრამ პირველ რიგში, უნდა ელოცათ მომავალზე, ღვთის სამეფოს მოსვლასა და დედამიწაზე ღვთის ნების შესრულებაზე (მათე 6:9—11).

ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ ნოეს დროს მცხოვრებ ხალხს. ისინი იმდენად იყვნენ გადართულნი ‘ჭამა-სმაზე, ცოლების შერთვასა და გათხოვებაზე, რომ სულ არ ანაღვლებდათ’, ხვალ რა მოხდებოდა. რა მოჰყვა მათ ასეთ დამოკიდებულებას? ‘წარღვნა მოვიდა და ყველა წალეკა’ (მათე 24:36—42). სწორედ ეს ისტორიული შემთხვევა გაიხსენა მოციქულმა პეტრემ, როცა ხვალინდელ დღეზე ფიქრის აუცილებლობაზე საუბრობდა: „თუ ყველაფერი ასე დაიშლება, მაშ, როგორები უნდა იყოთ წმინდა საქციელსა და ღვთისადმი ერთგულებაში თქვენ, ვინც ელით და ყოველთვის გახსოვთ ის დრო, როცა დადგება იეჰოვას დღე“ (2 პეტრე 3:5—7, 11, 12).

„მოაგროვეთ განძი ზეცაში“

‘ყოველთვის გვახსოვდეს’ იეჰოვას დღე! თუ ასე მოვიქცევით, სწორად გამოვიყენებთ დროს, ძალებს, უნარსა და ფინანსურ სახსრებს. ჩვენ იმდენი დრო არ უნდა დავუთმოთ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა თუ გართობა-დასვენებას, რომ შემდეგ ცოტა დრო დაგვრჩეს ისეთი საქმეებისთვის, რითაც „ღვთისადმი ერთგულება“ ვლინდება. დღევანდელი დღით ცხოვრებამ სურვილები შეიძლება დაგვიკმაყოფილოს, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი იქნება. როგორც იესომ თქვა, უმჯობესია ‘ზეცაში მოვაგროვოთ განძი’, ვიდრე დედამიწაზე (მათე 6:19, 20).

ეს საკითხი მსმენელებისთვის უკეთესად რომ დაენახვებინა, იესომ იგავი მოიყვანა ერთ კაცზე, რომელსაც სამომავლოდ დიდი გეგმები ჰქონდა, მაგრამ ღმერთთან ურთიერთობაზე საერთოდ არ ფიქრობდა. მას კარგი მოსავალი მოუვიდა. ამიტომ გადაწყვიტა, დაენგრია ბეღლები და უფრო დიდები აეშენებინა, რომ მთელი ცხოვრება უზრუნველად ეცხოვრა, ეჭამა, ესვა და ემხიარულა. მაგრამ ისე მოკვდა, რომ ვერ მოასწრო ცხოვრებით ტკბობა. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ მას ღმერთთან არ ჰქონდა ურთიერთობა. იესომ ასეთი დასკვნა გააკეთა: „ასე ემართება კაცს, რომელიც თავისთვის აგროვებს განძს და ღვთის თვალში არ არის მდიდარი“ (ლუკა 12:15—21; იგავები 19:21).

თქვენ როგორ მოიქცევით?

ნუ დაუშვებთ ისეთ შეცდომას, როგორიც იესოს იგავის პერსონაჟმა დაუშვა. გაიგეთ ღვთის განზრახვა მომავალთან დაკავშირებით და შესაბამისად იცხოვრეთ. ღმერთი არ გვიმალავს, თუ რის გაკეთებას აპირებს. ძველ დროს მცხოვრებმა წინასწარმეტყველმა ამოსმა დაწერა: „უზენაესი უფალი იეჰოვა ისე არაფერს გააკეთებს, თუ საიდუმლო არ გაუცხადა თავის მსახურებს, წინასწარმეტყველებს“ (ამოსი 3:7). ბიბლიიდან შეგიძლიათ გაიგოთ ის, რაც იეჰოვამ წინასწარმეტყველთა მეშვეობით გახადა ცნობილი (2 ტიმოთე 3:16, 17).

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ახლო მომავალში მთელ დედამიწაზე დიდი ცვლილებები მოხდება. იესომ თქვა: „მაშინ იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან დღემდე და აღარც იქნება“ (მათე 24:21). ამ მოვლენას ვერავინ შეაჩერებს. გარდა ამისა, ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებსაც სურთ, რომ ეს მოხდეს. რატომ? ეს მოვლენა აღმოფხვრის დედამიწაზე ყოველგვარ ბოროტებას და დამყარდება „ახალი ცა და ახალი დედამიწა“ ანუ ახალი მთავრობა ზეცაში და ახალი საზოგადოება დედამიწაზე. ახალ ქვეყნიერებაში ღმერთი „მოსწმენდს მათ [ხალხს] ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:1—4).

მართლაც ღირს, დრო დაუთმოთ ბიბლიის გამოკვლევას, რომ გაიგოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ დახმარება დაგჭირდებათ, დაუკავშირდით იეჰოვას მოწმეებს ან მისწერეთ ჟურნალის გამომცემლებს. ასე რომ, ნუ იცხოვრებთ მხოლოდ დღევანდელი დღით, იფიქრეთ ხვალინდელ დღეზეც.

[სურათები 7 გვერდზე]

„ნუღარ წუხხართ . . . ხვალინდელ დღეს თავისი საწუხარი ექნება“