მათ გადალახეს სირთულეები სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად
მათ გადალახეს სირთულეები სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად
ჩვენი სატვირთო მანქანა საკონტროლო-გამშვებ პუნქტს მიუახლოვდა, სადაც 60-მდე კაცი, ქალი და ბავშვი დაგვხვდა; ზოგს ფორმა ეცვა, ზოგს კი — სამოქალაქო ტანსაცმელი. მათგან უმეტესობა შეიარაღებული იყო. ისინი თითქოს ჩვენ გველოდებოდნენ. იმ დროს სამოქალაქო ომი მძვინვარებდა.
გზაში ოთხი დღე ვიყავით, ათი ტონა ბიბლიური ლიტერატურა მიგვქონდა. თავში ათასი კითხვა გვიტრიალებდა: ნეტა გაგვიშვებენ? ფულს ხომ არ მოგვთხოვენ? შევძლებთ მათ დარწმუნებას, რომ საშიში ხალხი არ ვართ?
ერთმა კაცმა ჰაერში გაისროლა, რითაც უნდოდა, დაენახვებინა ჩვენთვის, რომ ის იყო უფროსი. მან შენიშნა ჩვენი მობილური ტელეფონები და გვიბრძანა, მიგვეცა. ცოტა ხანს გაუნძრევლად ვიდექით. მან ყელზე თითი გაისვა იმის ნიშნად, რომ თუ არ დავემორჩილებოდით, მოგვკლავდა. მაშინვე მივეცით ტელეფონები.
ფორმაში ჩაცმულმა ქალმა მოულოდნელად იარაღი აიღო და მოგვიახლოვდა. უნდოდა, როგორც „მდივანს“, მისთვისაც რაღაც მიგვეცა. გაუსაძლისი ცხოვრების გამო პატარა „საჩუქარიც“ კი მისთვის რაღაცას ნიშნავდა. შემდეგ ერთი ჯარისკაცი ჩვენს მანქანას მოუახლოვდა და საწვავის ამოსაღებად ავზს თავი მოხადა. შევეკამათეთ, მაგრამ მას შემდეგ, რაც გვითხრა, რომ ის ბრძანებას ასრულებდა, ვეღარაფერს გავხდით. იმის იმედიღა გვქონდა, რომ სხვები მსგავსად არ მოიქცეოდნენ.
როგორც იქნა, გზა გაიხსნა. მე და ჩემმა მეგობარმა შვებით ამოვისუნთქეთ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე გავლით ნერვები გვაწყდებოდა, მაგრამ შევეგუეთ. 2002 წლის აპრილიდან 2004 წლის იანვრამდე 18-ჯერ ჩავედით კამერუნის ქალაქ დუალადან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგში. 1 600 კილომეტრის გავლა ყოველთვის რისკთან და მოულოდნელობებთან იყო დაკავშირებული *.
«ასეთი მგზავრობების დროს ბევრი რამ ვისწავლეთ. საჭიროა გულში არაერთხელ ილოცო, რომ ფსალმუნი 56:11).
სიმშვიდე შეინარჩუნო. ვცდილობთ, ისეთივე განწყობა გვქონდეს, როგორიც ფსალმუნმომღერალს ჰქონდა, რომელმაც დაწერა: „ღმერთზე ვამყარებ იმედს, არ შევშინდები. რას მიზამს ადამიანი?“. იეჰოვამ იცის, რომ ასეთი მგზავრობის მიზანი სასიხარულო ცნობის გავრცელებაა, რაც მეტად მნიშვნელოვანია», — იხსენებენ მძღოლები ჟოზეფი და ემანუელი, რომლებსაც რეგულარულად გადაჰქონდათ ლიტერატურა (სულიერი საზრდოს მიწოდებისთვის გაწეული ძალისხმევა
აფრიკის ამ ნაწილში ბევრია დაინტერესებული ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობით. ლიტერატურის გადაზიდვა იმ მიზანს ემსახურება, რომ მათ სულიერი საზრდო ჰქონდეთ (მათე 5:3; 24:14). კამერუნის იეჰოვას მოწმეთა ფილიალი, რომელიც დუალაში მდებარეობს, რეგულარულად აწვდის ლიტერატურას კამერუნში მცხოვრებ 30 000-ზე მეტ მაუწყებელსა და დაინტერესებულს, და ამავე დროს ოთხ მეზობელ ქვეყანას.
საკმაოდ დიდი მანძილის გავლაა საჭირო იმისათვის, რომ ლიტერატურა დანიშნულების ადგილამდე მივიდეს. ამ პუბლიკაციების უმეტესობა გერმანიაში, ესპანეთში, ინგლისში, იტალიასა და ფინეთში იბეჭდება. შემდეგ კი ყოველ ორ კვირაში ერთხელ ბიბლიური ლიტერატურა საფრანგეთიდან გემით დუალაში გადააქვთ.
ლიტერატურით სავსე კონტეინერს სატვირთო მანქანაში დებენ და ფილიალში მიაქვთ. ლიტერატურას გზავნილთა განყოფილება ანაწილებს. დაშორებულ ადგილებამდე ლიტერატურის მიტანა ადვილი არ არის. მაგრამ ეს იმისთვის კეთდება, რომ სასიხარულო ცნობა „დედამიწის კიდით კიდემდე“ გავრცელდეს (საქმეები 1:8). ფილიალი იმ ძმების წყალობით იღებს ლიტერატურას, რომლებიც მზად არიან სახიფათო მგზავრობისთვის. ბიბლიური ლიტერატურა რეგულარულად მიეწოდება ცენტრალურ აფრიკაში მცხოვრებ მილიონობით ადამიანს.
ერთ-ერთი მგზავრობის დროს
სატვირთო ავტომანქანებით ჩატანილი ლიტერატურა ნაწილდება ჩადში, კამერუნში, გაბონში,
ეკვატორულ გვინეასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. მოდით ახლა წარმოიდგინეთ, რომ მძღოლებთან ერთად სხედხართ სატვირთო მანქანაში; წინ დაახლოებით ათდღიანი სათავგადასავლო მგზავრობა გელით.ამ მგზავრობაზე ექვსი მძღოლია პასუხისმგებელი. მძღოლი უნდა იყოს ძალ-ღონით სავსე, გონიერი, მომთმენი და სუფთად ჩაცმული. მას უნდა ეცვას აფრიკული ტანსაცმელი ან მამაკაცის პერანგი, და ეკეთოს ჰალსტუხი. ერთხელ საბაჟოს თანამშრომელმა თქვა: „ეს სუფთა მანქანა და სუფთად ჩაცმული მძღოლები იმ სურათებს მოგვაგონებს, რომლებსაც მათივე პუბლიკაციებში ვხვდებით“. მაგრამ გარეგნობაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მძღოლები ყოველთვის მზად არიან, წავიდნენ იქ, სადაც საჭიროება მოითხოვს (ფსალმუნი 110:3).
დუალადან დაახლოებით დილის ექვს საათზე, მზის ამოსვლისთანავე მივემგზავრებით, რომ ქალაქის გადატვირთულმა მოძრაობამ არ შეგვაფერხოს. ფილიალთან ახლომდებარე ხიდის გადაკვეთის შემდეგ ქალაქის გავლით აღმოსავლეთისკენ, კამერუნის დედაქალაქ იაუნდესკენ მივემართებით.
ექვსივე მძღოლი იმას ამბობს, რომ ადვილი არ არის ათი ტონა წიგნის სატვირთო მანქანით გადატანა. სამი დღის განმავლობაში ასფალტიან გზაზე მივდივართ, რის გამოც უმნიშვნელო პრობლემებს ვაწყდებით, თუმცა ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ. მოულოდნელად კოკისპირული წვიმა იწყება. ხილვადობა მცირდება, ისეთ გზას ვადგებით, სადაც ასფალტი არ არის დაგებული; მანქანა შეიძლება ადვილად მოცურდეს, ამიტომ ნელა მივდივართ. ბინდდება; ვჩერდებით, რომ წავიხემსოთ, შემდეგ კი ვცდილობთ, ცოტა ჩავთვლიმოთ, და ფეხებს მანქანის „ტორპედოზე“ ვაწყობთ. ასეთია ჩვენი მგზავრობის რამდენიმე დღე.
დილით ადრიანად ვაგრძელებთ გზას. ერთ-ერთი მძღოლი გზას აკვირდება და მაშინვე გვაფრთხილებს, როგორც კი გზისპირა თხრილს ვუახლოვდებით. მძღოლებმა კარგად იციან, რომ სატვირთო მანქანა თუ თხრილში ჩავარდება, ამოყვანას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ გზები დიდად არ უმჯობესდება. შემდეგ კი დაახლოებით 650 კილომეტრი უნდა გავიაროთ. მთიან, ამწვანებულ სოფლებს გავდივართ, სადაც ბავშვები, ხანდაზმულები და დედები, რომლებსაც შვილები ზურგზე ჰყავთ მოკიდებული, ხელის ქნევით გვესალმებიან. ისინი გაკვირვებით გვიყურებენ, რადგან სამოქალაქო ომის გამო ამ ადგილებში იშვიათად თუ გამოჩნდება მანქანები.
სასიამოვნო შემთხვევები
ერთ-ერთმა მძღოლმა ჟანვიემ გვითხრა, რომ გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ისინი ხშირად ჩერდებიან პატარა სოფლებში, ცოტა რომ დაისვენონ და ბიბლიური ლიტერატურა გაავრცელონ. ის იხსენებს: „სოფელ ბაბოუაში ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, გვესაუბრა საავადმყოფოს თანამშრომელთან,
რომელიც დაინტერესდა სამეფოს შესახებ ცნობით, და მასთან მცირე ხნის განმავლობაში ბიბლიის შესწავლასაც კი ვატარებდით. ერთ დღეს ამ მამაკაცს და მის ოჯახს ვაჩვენეთ ვიდეოფილმი ნოეზე. მათი მეგობრები და მეზობლებიც შემოგვიერთდნენ, და მალე სახლი მაყურებლებით გაივსო. ნოეს ამბავი ყველას ჰქონდა გაგონილი, ახლა კი ფილმს უყურებდნენ. გული აგვიჩუყა მათმა მადლიერებამ. ისინი განსაკუთრებულ კერძებს გვიმზადებდნენ და გვთხოვდნენ, ღამე მათთან გაგვეთია. მაგრამ უნდა წავსულიყავით, რადგან კვლავაც ბევრი გვქონდა სავალი. ჩვენ ბედნიერები ვიყავით, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, სასიხარულო ცნობა თავმდაბალი ადამიანებისთვის გვექადაგა“.მეორე მძღოლი, სახელად ისრაელი, ქალაქ ბანგში მგზავრობის შესახებ გვიყვება: „რაც უფრო ვუახლოვდებოდით ბანგს, მით უფრო ხშირად გვაჩერებდნენ. საბედნიეროდ, ბევრი ჯარისკაცი გვცნობდა, ისინი მეგობრულად იყვნენ ჩვენდამი განწყობილნი. გვთხოვდნენ, რომ მათთან გვესაუბრა და სიამოვნებით იღებდნენ ბიბლიურ ლიტერატურას. განსაკუთრებით წიგნებს აფასებდნენ, რომლებზეც წერდნენ თავიანთ სახელს, თარიღს და იმის სახელს, ვინც წიგნს მისცემდა. ზოგ მათგანს ნათესავები მოწმეები ჰყავდა და ამიტომაც იყვნენ ჩვენ მიმართ თბილად განწყობილნი“.
ყველაზე გამოცდილი მძღოლისთვის, ჟოზეფისთვის სასიხარულო წუთები მაშინ დგება, როცა დანიშნულების ადგილს უახლოვდება. ის იხსენებს ერთ-ერთ შემთხვევას: „ბანგამდე რამდენიმე კილომეტრი იყო დარჩენილი, როცა ტელეფონით ძმებს შევატყობინეთ, რომ მალე მივიდოდით. ქალაქში რომ შევედით, ისინი თან წამოგვყვნენ, რათა ყველაფერი ადგილობრივი კანონების შესაბამისად გაგვეკეთებინა. ფილიალში მისვლისას ყველანი სიყვარულით გვეხვეოდნენ. ახლომდებარე კრებებიდან და-ძმები მოდიოდნენ დასახმარებლად, და საათების განმავლობაში ბიბლიის, წიგნების, ბროშურებისა და ჟურნალების ასობით ყუთს სატვირთო მანქანიდან ვცლიდით“.
ჟოზეფი განაგრძობს: „ზოგჯერ და-ძმებისგან ნაჩუქარი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ბავშვებისთვის წიგნები და სათამაშოები მიგვქონდა კონგოში. მართლაც სასიამოვნო იყო მადლიერი ძმების მომღიმარი სახეების დანახვა“.
ერთი დღის დასვენების შემდეგ ჩვენ უკან დასაბრუნებლად მოვემზადეთ. წინ პრობლემები გველოდა, მაგრამ ისეთი სასიამოვნო შემთხვევები გვქონდა, რომ სირთულეებზე აღარ ვფიქრობდით.
შორ მანძილს, კოკისპირულ წვიმას, ცუდ გზებს, საბურავების დაშვებასა და მანქანის მწყობრიდან გამოსვლას ადვილად შეუძლია ადამიანს ხასიათი გაუფუჭოს. თავზეხელაღებული ჯარისკაცები ყოველთვის პრობლემებს ქმნიან. თუმცა მძღოლებს ყველაზე დიდ კმაყოფილებას ჰგვრის აფრიკის შორეულ ადგილებში სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გავრცელება, რასაც კარგი შედეგები მოჰყვება.
მაგალითად, ერთ მამაკაცს, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის შორეულ მხარეში, სუდანის საზღვართან ახლომდებარე სოფელში ცხოვრობს, ამჟამად ბიბლიის თანამედროვე თარგმანი აქვს. მისი მეუღლე „საგუშაგო კოშკის“ ახალ ნომრებს იღებს, ბავშვები კი კითხულობენ წიგნს „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ *. ამ მოშორებულ ადგილებში სხვები ისევე იღებენ სულიერ საზრდოს, როგორც ჩვენი და-ძმები დიდ ქალაქებში. მართლაც შეუძლებელია, რომ ამან გული სიხარულით არ აგივსოს.
[სქოლიოები]
^ აბზ. 6 იმ დროიდან მოყოლებული ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ დუალადან ბანგამდე მგზავრობა შედარებით უსაფრთხო გამხდარიყო.
^ აბზ. 25 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[რუკები⁄სურათი 9 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
კამერუნი
დუალა
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
ბანგი
[სურათი 9 გვერდზე]
ჟოზეფი
[სურათი 9 გვერდზე]
ემანუელი
[სურათი 10 გვერდზე]
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ფილიალი ბანგში
[სურათი 10 გვერდზე]
ძმები ბანგში სატვირთო მანქანას ცლიან