არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მივემართებით სინათლისკენ

მივემართებით სინათლისკენ

მივემართებით სინათლისკენ

შუქურას არაერთი ადამიანის სიცოცხლე უხსნია. დაღლილ მოგზაურებს შორიდან დანახული სინათლე მხოლოდ წყალქვეშა რიფების საშიშროებისგან როდი იცავს. ის იმასაც აჩვენებს, რომ დანიშნულების ადგილი ახლოსაა. მსგავსად ამისა, ქრისტიანების ხანგრძლივი მოგზაურობაც დასასრულს უახლოვდება. ისინი სულიერად საშიში, ბნელი ქვეყნიერებიდან გამოვიდნენ. როგორც ბიბლიაში წერია, ღვთისგან გაუცხოებული ადამიანები „აღელვებული ზღვასავით არიან, რომელიც ვერ წყნარდება და რომლის წყლებიც ზღვის წყალმცენარეებსა და ტალახს ატივტივებს“ (ესაია 57:20). ღვთის ხალხს სწორედ ასეთი ხალხის გარემოცვაში უწევს ცხოვრება. თუმცა მათ აქვთ ხსნის იმედი, რომელიც მათთვის შუქურას სინათლესავითაა (მიქა 7:8). იეჰოვას და მისი სიტყვის წყალობით „სინათლემ გამოანათა მართალთათვის და მხიარულებამ — გულმართალთათვის“ (ფსალმუნი 97:11) *.

სამწუხაროდ, ზოგი ქრისტიანი სახიფათო რიფების მსგავსმა საცდურმა — მატერიალიზმმა, უზნეობამ თუ განდგომილებამ — იეჰოვას სინათლეს დააშორა და „რწმენა ხომალდივით დაემსხვრათ“, როგორც ეს პირველ საუკუნეში მოხდა (1 ტიმოთე 1:19; 2 პეტრე 2:13—15, 20—22). ახალი ქვეყნიერება შეიძლება შევადაროთ პორტს, რომლისკენაც მივემართებით და რომელიც ძალიან ახლოსაა. რა სამწუხარო იქნებოდა, ასეთ დროს ღვთის კეთილგანწყობილება დაგვეკარგა!

ფრთხილად ვიყოთ, რომ ‘რწმენა ხომალდივით არ დაგვემსხვრას’

წინათ შეიძლებოდა გემს ზღვა უსაფრთხოდ გადაეცურა, მაგრამ პორტთან მიახლოებისას დამსხვრეულიყო. ხშირად მგზავრობის სახიფათო ეტაპი სწორედ მაშინ დგებოდა, როცა გემი ხმელეთს უახლოვდებოდა. მსგავსად ამისა, ბევრი ადამიანისთვის ამ ქვეყნიერების „ბოლო დღეები“ კაცობრიობის ისტორიის ყველაზე საშიში პერიოდია. ბიბლია დეტალურად აღწერს ამ პერიოდს და უწოდებს „ძნელად ასატან დროს“, რომელიც განსაკუთრებით ღვთისთვის მიძღვნილი ქრისტიანებისთვის იქნებოდა რთული (2 ტიმოთე 3:1—5).

რატომ არის ამ ბოლო დღეებში ცხოვრება რთული? სატანამ იცის, რომ „დრო ცოტაღა დარჩა“ და ამიტომ ებრძვის ღვთის ხალხს. ის უფრო და უფრო მეტ მომხრეს იძენს იმისათვის, რომ ღვთის მსახურებს რწმენა დაუმსხვრიოს (გამოცხადება 12:12, 17). მიუხედავად ამისა, ღმერთი არ გვტოვებს დახმარებისა და ხელმძღვანელობის გარეშე. იეჰოვა მათთვის არის თავშესაფარი, ვინც ითვალისწინებს მის რჩევებს (2 სამუელი 22:31). ღმერთი გამაფრთხილებელი მაგალითებით ფარდას ხდის სატანის მზაკვრულ, ბოროტ ჩანაფიქრს. ახლა განვიხილოთ ორი ასეთი მაგალითი. ეს ის პერიოდია, როცა ისრაელი ერი აღთქმულ მიწას უახლოვდებოდა (1 კორინთელები 10:11; 2 კორინთელები 2:11).

აღთქმულ მიწასთან ახლოს

ისრაელები მოსეს წინამძღოლობით ეგვიპტიდან გამოვიდნენ. მალე ისინი აღთქმულ მიწას სამხრეთით მიუახლოვდნენ. მოსემ 12 კაცი გაგზავნა მიწის დასაზვერად. ათი მათგანი, რომლებსაც არასაკმარისი რწმენა ჰქონდათ, უარყოფითი განწყობით დაბრუნდა; მათ თქვეს, რომ ვერ დაამარცხებდნენ ქანაანელებს, რადგან ისინი ძლევამოსილი „ბუმბერაზები“ იყვნენ. როგორ გავლენას მოახდენდა ასეთი განწყობა ისრაელებზე? როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, მათ მოსესა და აარონის წინააღმდეგ დრტვინვა დაიწყეს: „რატომ მივყავართ იეჰოვას ამ მიწაზე, თუ მახვილით უნდა დავეცეთ? ჩვენი ცოლები და ბავშვები ნადავლად იქცევიან . . . ავირჩიოთ მეთაური და ეგვიპტეში დავბრუნდეთ!“ (რიცხვები 13:1, 2, 28—32; 14:1—4).

წარმოიდგინეთ! ეს ის ხალხი იყო, რომლებმაც საკუთარი თვალით იხილეს, როგორ დააჩოქა ათი სასჯელით იეჰოვამ ეგვიპტე, იმდროინდელი მსოფლიო მპყრობელი, და როგორი სასწაული მოახდინა წითელ ზღვაზე. აღთქმული მიწა ახლოს იყო. ასე რომ, საჭირო იყო მხოლოდ ამ მიმართულებით სვლა, ისევე როგორც გემი მიემართება შუქურას დახმარებით დანიშნულების ადგილისკენ. ისრაელები ჯერ კიდევ ფიქრობდნენ, რომ იეჰოვა ვერ შეძლებდა გაენადგურებინა ქალაქ-სახელმწიფოებად დაყოფილი ქანაანი. როგორ დამწუხრდებოდნენ ისრაელების არასაკმარისი რწმენის გამო ღმერთი და ორი გაბედული მზვერავი, იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე! ეს ორი მამაკაცი ფიქრობდა, რომ ქანაანი „ერთი ლუკმა“ იყო ისრაელისთვის, რაშიც ქანაანის დაზვერვის შემდეგ დარწმუნდნენ. ისრაელები არ შევიდნენ აღთქმულ მიწაზე, რის გამოც იესო ნავეს ძესა და ქალებ იეფუნეს ძეს ათწლეულების განმავლობაში უდაბნოში მოუწიათ ხეტიალი; თუმცა ურწმუნო ისრაელებისგან განსხვავებით უდაბნოში არ დახოცილან. ისინი შემდგომ თაობას აღთქმულ მიწაზე შესვლაში დაეხმარნენ (რიცხვები 14:9, 30). აღთქმულ მიწაზე მეორედ მიახლოებისას ისრაელი კიდევ ერთი გამოცდის წინაშე დადგა. ამჯერად რაში გამოიცადნენ ისინი?

მოაბის მეფე ბალაკმა გადაწყვიტა, ცრუ წინასწარმეტყველის ბალაამის მეშვეობით დაეწყევლა ისრაელი. თუმცა იეჰოვამ ჩაშალა ეს განზრახვა და ბალაამმა წყევლის ნაცვლად აკურთხა ისრაელი (რიცხვები 22:1—7; 24:10). ბალაამმა მაინც თავისი გაიტანა და მზაკვრული გეგმა შეიმუშავა, რომ ღვთის ხალხი ვერ შესულიყო აღთქმულ მიწაზე. რის გაკეთებას აპირებდა? ისრაელები უზნეობითა და ბაალის თაყვანისცემით უნდა ეცდუნებინა. თუმცა ბალაამს ნაწილობრივ ეს გეგმაც ჩაეშალა, რადგან მთელი ერის ნაცვლად მხოლოდ 24 000 ისრაელის შეცდენა შეძლო. ისინი მოაბელ ქალებთან უზნეობას სჩადიოდნენ და ფეორის ბაალს „მიეწებნენ“ (რიცხვები 25:1—9).

დაფიქრდით! მრავალმა მათგანმა საკუთარი თვალით იხილა, რომ იეჰოვა უსაფრთხოდ ატარებდა მათ „დიდ და შიშის მომგვრელ უდაბნოში“ (კანონი 1:19). მიუხედავად ამისა, აღთქმული მიწის ზღურბლზე მდგომი 24 000 ისრაელი ხორციელ სურვილებს აჰყვა და იეჰოვას ხელით განადგურდა. დღეს ეს გამაფრთხილებელი მაგალითია ღვთის მსახურებისთვის, რომლებიც ახალი ქვეყნიერების ზღურბლზე დგანან და გაცილებით ძვირფასი მემკვიდრეობის მიღებას ელიან.

იეჰოვას მსახურებზე კიდევ ერთხელ რომ გაილაშქროს, სატანას არ სჭირდება ახალი მეთოდები. ის მუქარის, დევნისა და დაცინვის საშუალებით ადამიანებში შიშსა და ეჭვს დღესაც ხშირად თესავს, როგორც მაშინ, როცა ისრაელები აღთქმულ მიწას პირველად მიუახლოვდნენ. დღესაც ბრკოლდება ზოგი ქრისტიანი დაშინების გამო (მათე 13:20, 21). სატანის სხვა მზაკვრული, ამასთანავე წარმატებული მეთოდი ადამიანების ზნეობრივად გარყვნაა. დროდადრო ქრისტიანულ კრებაში ზოგიერთები არასწორი მოტივებით მოდიან; ისინი ცდილობენ, ზნეობრივად გარყვნან სულიერად სუსტები, რომლებიც არ ცდილობენ, ღვთიური სინათლისკენ იარონ (იუდა 8, 12—16).

სულიერად მოწიფული ქრისტიანები, რომლებიც სიფხიზლეს ინარჩუნებენ, ხედავენ, რომ ქვეყნიერების ზნეობრივად გახრწნა სატანის სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე მიუთითებს. სატანამ იცის, რომ მალე ღვთის ერთგულ მსახურებს ვეღარაფერს ავნებს. ამიტომ განსაკუთრებით დღეს უნდა ვიფხიზლოთ სულიერად, რომ თავი დავიცვათ სატანისგან.

როგორ შევინარჩუნოთ სულიერი სიფხიზლე?

პეტრე მოციქულმა ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა შეადარა „ლამპარს, რომელიც ანათებს სიბნელეში“. სწორედ ეს ლამპარი ეხმარება ქრისტიანებს, ნათლად დაინახონ, თუ როგორ სრულდება ღვთის განზრახვა (2 პეტრე 1:19—21). ისინი, რომლებიც ღვთის სიტყვისადმი სიყვარულს იღრმავებენ და მისით ხელმძღვანელობენ, ხედავენ, რომ იეჰოვა უსწორებს მათ სავალს (იგავები 3:5, 6). ისინი იმედით არიან აღსავსენი და მადლიერნი ‘სიხარულით შესძახიან მხიარული გულის გამო’, ხოლო ისინი, რომლებიც არ იცნობენ იეჰოვას ან რომლებმაც მიატოვეს იგი, საბოლოოდ ‘გულისტკივილს იგრძნობენ და სულგამწარებულნი იქნებიან’ (ესაია 65:13, 14). ბიბლიის საფუძვლიანი შესწავლა და ნასწავლის გამოყენება დაგვეხმარება, არ დავკარგოთ უტყუარი იმედი და არ ავყვეთ ქვეყნიერების სიამოვნებას, რაც დროებითია.

სულიერი სიფხიზლის შესანარჩუნებლად აგრეთვე აუცილებელია ლოცვა. ქვეყნიერების აღსასრულზე რომ ლაპარაკობდა, იესომ თქვა: „მაშ, იფხიზლეთ და მუდამ იმის ვედრებაში იყავით, რომ თავი დააღწიოთ მოსახდენს და წარსდგეთ კაცის ძის წინაშე“ (ლუკა 21:34—36). როგორც ვხედავთ, იესომ გამოიყენა სიტყვა „ვედრება“, რაც მუდარით ლოცვას გულისხმობს. იესომ იცოდა, რომ ბოლო დღეებში ადვილად შეიძლებოდა მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობის დაკარგვა. ჩანს თქვენი ლოცვებიდან, რომ დიდი სურვილი გაქვთ, სულიერი სიფხიზლე შეინარჩუნოთ?

როგორც აღვნიშნეთ, ყველაზე სახიფათო ეტაპი სწორედ მგზავრობის ბოლოს დგება. აქედან გამომდინარე, მართლაც მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის ვხედავდეთ იმ სინათლეს, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გვიხსნის.

უფრთხილდით ცრუ სინათლეს

ძველად გემებს მეკობრეები განსაკუთრებულ საფრთხეს ბნელ ღამეში უქმნიდნენ, როდესაც ნაპირი არ ჩანდა. ისინი სახიფათო სანაპიროზე ანთებდნენ ცეცხლს, რომ კაპიტნებს გზა არეოდათ. ვინც მოტყუვდებოდა, მათი გემი დაიმსხვრეოდა და გაიძარცვებოდა, ხოლო ეკიპაჟის წევრები დაიხოცებოდნენ.

სწორედ ასე მოქმედებს სატანა, ცრუ „სინათლის ანგელოზი“, რომელიც ცდილობს, ღვთის ხალხი ღმერთს ჩამოაშოროს. ეშმაკმა შეიძლება ცრუმოციქულებისა და განდგომილი „სიმართლის მსახურების“ მეშვეობით მოატყუოს ისინი, ვინც არ იფხიზლებს (2 კორინთელები 11:13—15). როგორც ფრთხილი, გამოცდილი კაპიტანი და ეკიპაჟის წევრები არ მოტყუვდებიან ცრუ სინათლით, ისე ის ქრისტიანები, „რომლებიც იყენებენ აღქმის უნარს და გაწაფული აქვთ ის კარგისა და ცუდის გასარჩევად“, არ მოტყუვდებიან ცრუ სწავლებებით (ებრაელები 5:14; გამოცხადება 2:2).

მეზღვაურებს ჩამოწერილი ჰქონდათ, სად რა შუქურა შეხვდებოდათ. მათ ისიც იცოდნენ, თუ რომელ შუქურას რა დამახასიათებელი ნიშანი ჰქონდა. ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“ ნათქვამია: „მეზღვაურები აკვირდებოდნენ შუქურას თავისებურებებს, თავიანთ ჩანაწერებთან ადარებდნენ და ასე განსაზღვრავდნენ ადგილმდებარეობას“. მსგავსად ამისა, ღვთის სიტყვა ეხმარება გულწრფელ ადამიანებს ჭეშმარიტი რელიგიის პოვნაში და ეხმარება მათაც, ვინც უკვე ჭეშმარიტ ღმერთს სცემს თაყვანს. ღვთის სიტყვის ძალა განსაკუთრებით ბოლო დღეებში გამოჩნდა, როდესაც იეჰოვამ ჭეშმარიტი რელიგია ცრუ რელიგიისგან გამოყო (ესაია 2:2, 3; მალაქია 3:18). ესაიას 60:2, 3-ში მკვეთრი სხვაობა ჩანს ჭეშმარიტსა და ცრუ რელიგიას შორის: „სიბნელე დაფარავს დედამიწას და მწუხრი — ერებს, შენზე კი იეჰოვა გამოანათებს და შენზე გამოჩნდება მისი დიდება. ხალხები წამოვლენ შენს სინათლეზე და მეფეები — შენი ნათელის სიკაშკაშეზე“.

მილიონობით ადამიანი ყველა ერიდან, თუ იეჰოვას სინათლით იხელმძღვანელებს, მოგზაურობის ბოლომდე შეინარჩუნებს რწმენას. ისინი უსაფრთხოდ ივლიან და შეაბიჯებენ მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებაში.

[სქოლიო]

^ აბზ. 2 ბიბლიაში სიტყვა „სინათლეს“ რამდენიმე სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, სინათლე გამოყენებულია ღმერთთან დაკავშირებით (ფსალმუნი 104:1, 2; 1 იოანე 1:5). გარდა ამისა, სინათლე ღვთის სიტყვიდან მიღებულ სულიერ ცოდნასთანაა შედარებული (ესაია 2:3—5; 2 კორინთელები 4:6). დედამიწაზე მსახურების დროს იესო იყო სინათლე (იოანე 8:12; 9:5; 12:35). მან თავის მსახურებს მოუწოდა, რომ სინათლე ენათებინათ (მათე 5:14, 16).

[სურათი 15 გვერდზე]

მეზღვაურების მსგავსად, ქრისტიანებიც ფრთხილობენ, რომ ცრუ სინათლემ არ მოატყუოთ