არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სინდისით ნაკარნახევი გადაწყვეტილებები

სინდისით ნაკარნახევი გადაწყვეტილებები

სინდისით ნაკარნახევი გადაწყვეტილებები

„სუფთასთვის ყველაფერი სუფთაა. წაბილწულებისა და ურწმუნოებისთვის კი არაფერია სუფთა“ (ტიტე 1:15).

1. რა გააკეთა პავლემ კრეტის კრებებისთვის?

სამი მისიონერული მოგზაურობის შემდეგ პავლე მოციქული დააპატიმრეს და რომში გაგზავნეს, სადაც ორი წელი დაჰყო. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ის ტიტესთან ერთად კუნძულ კრეტას ესტუმრა. მოგვიანებით პავლემ ტიტეს მისწერა: „კრეტაში იმიტომ დაგტოვე, რომ გამოასწორო ნაკლოვანებები და ყოველ ქალაქში უხუცესები დანიშნო“ (ტიტე 1:5). ტიტეს საქმე ექნებოდა მათთან, რომელთაგან ზოგიერთის სინდისი სწორად მოქმედებდა, ზოგიერთის კი — არა.

2. რა პრობლემები უნდა გადაეჭრა ტიტეს კრეტაზე?

2 პავლემ ტიტეს მითითებები მისცა, თუ რა მოთხოვნების შესაბამისად უნდა დაენიშნა კრების უხუცესები. შემდეგ კი შეახსენა, რომ კრებაში ბევრი იყო „ურჩი, ყბედი და ცბიერი“. ისინი ‘იმას ასწავლიდნენ, რაც არ უნდა ესწავლებინათ და, ამგვარად ოჯახებს რწმენას უნგრევდნენ’. ტიტეს ისინი უნდა შეეგონებინა (ტიტე 1:10—14; 1 ტიმოთე 4:7). პავლემ ისიც აღნიშნა, რომ მათ სინდისიც და გონებაც ‘წაბილწული ჰქონდათ’. „წაბილწვად“ ნათარგმნ ბერძნულ სიტყვას დალაქავების მნიშვნელობა აქვს (ტიტე 1:15). ზოგი კრეტელი შეიძლება იუდეველი იყო, რადგან ‘წინადაცვეთას იცავდნენ’. მართალია, დღეს კრებაში აღარ არიან წინადაცვეთის მომხრენი, მაგრამ პავლეს სიტყვებიდან სინდისთან დაკავშირებით ბევრ რამეს ვიგებთ.

წაბილწული სინდისი

3. რა მისწერა პავლემ ტიტეს კრეტელების სინდისთან დაკავშირებით?

3 ვნახოთ, რატომ თქვა პავლემ შემდეგი სიტყვები: „სუფთასთვის ყველაფერი სუფთაა. წაბილწულებისა და ურწმუნოებისთვის კი არაფერია სუფთა, მათ გონებაც წაბილწული აქვთ და სინდისიც. ისინი ყველას წინაშე აღიარებენ, რომ იცნობენ ღმერთს, მაგრამ საქმეებით უარყოფენ მას“. როგორც ჩანს, ზოგიერთ მათგანს სერიოზული ცვლილებები უნდა მოეხდინა, რომ ‘რწმენაში ჯანსაღნი ყოფილიყვნენ’ (ტიტე 1:13, 15, 16). ისინი ვერ არჩევდნენ ერთმანეთისგან სუფთასა და წაბილწულს, რაც მათ სინდისზე ახდენდა გავლენას.

4, 5. რას აკეთებდა კრეტის კრებების ზოგიერთი წევრი და როგორ იმოქმედა ამან მათზე?

4 დაახლოებით ათი წლით ადრე ხელმძღვანელმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ჭეშმარიტ თაყვანისმცემელს აღარ მოეთხოვებოდა წინადაცვეთა, რის შესახებაც კრებებს შეატყობინეს (საქმეები 15:1, 2, 19—29). თუმცა ზოგიერთი კრეტელი კვლავაც ‘წინადაცვეთის დამცველი’ იყო. ისინი ხელმძღვანელი საბჭოს წინააღმდეგ გამოდიოდნენ და ‘ასწავლიდნენ იმას, რაც არ უნდა ესწავლებინათ’ (ტიტე 1:10, 11). დამახინჯებული აზროვნების გამო, შესაძლოა, ისინი იცავდნენ საკვების აკრძალვასთან დაკავშირებულ წესებს და განწმენდის რიტუალებს, და ამისკენ სხვებსაც მოუწოდებდნენ. წინამორბედთა მსგავსად, რომლებიც იესოს დროს ცხოვრობდნენ, ისინი კანონს შეიძლება თავიანთ წესებს უმატებდნენ, აგრეთვე იუდეველთა გადმოცემებსა და ადამიანთა მცნებებს ასწავლიდნენ (მარკოზი 7:2, 3, 5, 15; 1 ტიმოთე 4:3).

5 ასეთი აზროვნება უარყოფით გავლენას ახდენდა მათ განსჯის უნარსა და სინდისზე. პავლემ დაწერა: „წაბილწულებისა და ურწმუნოებისთვის კი არაფერია სუფთა“. სინდისი იმდენად გაუუხეშდათ, რომ სიტუაციის შეფასების უნარი დაკარგეს და არასწორად დაიწყეს მოქმედება. გარდა ამისა, თანაქრისტიანებსაც განსჯიდნენ ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაც პირადი გადასაწყვეტი იყო და როდესაც ორ ქრისტიანს შეიძლებოდა განსხვავებული გადაწყვეტილებები მიეღო. კრეტელები იმას მიიჩნევდნენ უწმინდურად, რაც სინამდვილეში არ იყო უწმინდური (რომაელები 14:17; კოლოსელები 2:16). ისინი ამბობდნენ, რომ იცნობდნენ ღმერთს, მაგრამ მათი საქმეები სხვა რამეზე მეტყველებდა (ტიტე 1:16).

„სუფთასთვის ყველაფერი სუფთაა“

6. რომელი ორი კატეგორიის ადამიანები ჰყავდა პავლეს მხედველობაში?

6 რას ვსწავლობთ პავლეს სიტყვებიდან? ვნახოთ, რა მკვეთრ განსხვავებას აკეთებს პავლე სუფთასა და წაბილწულს შორის: „სუფთასთვის ყველაფერი სუფთაა. წაბილწულებისა და ურწმუნოებისთვის კი არაფერია სუფთა, მათ გონებაც წაბილწული აქვთ და სინდისიც“ (ტიტე 1:15). პავლე არ გულისხმობდა იმას, რომ ქრისტიანისთვის, რომელიც ზნეობრივად სუფთა ცხოვრებას ეწევა, ყველაფერი სუფთა და დასაშვებია. ამაზე მეტყველებს პავლეს კიდევ ერთი წერილი, სადაც აღნიშნა, რომ მეძავები, კერპთაყვანისმცემლები და სპირიტიზმის მიმდევრები „ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ“ (გალატელები 5:19—21). როგორც ვხედავთ, პავლეს მხედველობაში ჰყავდა ორი კატეგორიის ადამიანები: ისინი, რომლებიც ზნეობრივად სუფთა ცხოვრებით ცხოვრობენ და რომლებიც არ ცხოვრობენ.

7. რა იკრძალება ებრაელების 13:4-ის თანახმად, და რა კითხვები შეიძლება წამოიჭრას?

7 მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანმა მხოლოდ ის არ უნდა გააკეთოს, რასაც ბიბლია პირდაპირ კრძალავს. მაგალითად, ბიბლია არაორაზროვნად ამბობს: „ყველას ცოლქმრობა იყოს ღირსეული და ცოლქმრული სარეცელი შეუბილწავი, რადგან მეძავებსა და მრუშებს ღმერთი გაასამართლებს“ (ებრაელები 13:4). იმათაც კი, ვინც ქრისტიანი არ არის და ვინც საერთოდ არ იცნობს ბიბლიას, ეს მუხლი იმ დასკვნამდე მიიყვანს, რომ მრუშობას არანაირი გამართლება არა აქვს. სხვა ბიბლიური მუხლებიც აჩვენებს, რომ ღმერთი განსჯის კანონიერი მეუღლის გარდა სხვასთან სქესობრივ კავშირს. მაგრამ, რა შეიძლება ითქვას ორ დაუქორწინებელ ადამიანს შორის ორალურ სექსზე? ბევრი მოზარდი ამბობს, რომ ამაში არასწორი არაფერია, რადგან ორალური სექსი არ არის სქესობრივი კავშირი. მაგრამ შეიძლება ქრისტიანმა მოუძებნოს გამართლება ორალურ სექსს?

8. რით განსხვავდება ქრისტიანების თვალსაზრისი ქვეყნიერების თვალსაზრისისგან ორალურ სექსთან დაკავშირებით?

8 როგორც ებრაელების 13:4-დან და 1 კორინთელების 6:9-დან ვხედავთ, ღმერთი არ იწყნარებს არც მრუშობას და არც სიძვას (ბერძნულად პორნია). რას გულისხმობს პორნია? სასქესო ორგანოების ბუნებრივი თუ არაბუნებრივი გზით გამოყენებას გარყვნილების ჩასადენად. ამაში იგულისხმება ნებისმიერი სახის უკანონო სქესობრივი კავშირი, მათ შორის ორალური სექსი. თუმცა მოზარდების უმეტესობა დააჯერეს ან თავად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ორალური სექსი დასაშვებია. ჭეშმარიტი ქრისტიანები არ იზიარებენ „ყბედებისა და ცბიერების“ თვალსაზრისს (ტიტე 1:10). ისინი ბიბლიის მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობენ; არ ამართლებენ ორალურ სექსს, რადგან ბიბლიიდან იციან, რომ ეს არის სიძვა, პორნია, და სინდისსაც შესაბამისად განსწავლიან * (საქმეები 21:25; 1 კორინთელები 6:18; ეფესოელები 5:3).

სხვადასხვა სინდისი და სხვადასხვა გადაწყვეტილება

9. თუ „ყველაფერი სუფთაა“, რა როლი უნდა ითამაშოს სინდისმა?

9 რა ჰქონდა პავლეს მხედველობაში, როცა თქვა, სუფთასთვის ყველაფერი სუფთააო? პავლე იმ ქრისტიანებს გულისხმობდა, რომლებმაც თავიანთი აზროვნება და შინაგანი ხმა ღვთის თვალსაზრისს შეუსაბამეს. ასეთმა ქრისტიანებმა იციან, რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით ბიბლია პირდაპირ არაფერს ამბობს. ამიტომ მათ შეუძლიათ სხვადასხვანაირი გადაწყვეტილება მიიღონ. ისინი კრიტიკული თვალით კი არ უყურებენ იმას, რასაც ღმერთი არ განსჯის, არამედ „სუფთად“ მიიჩნევენ. ისინი არ მოელიან, რომ როგორც თავად თვლიან სწორად, სხვებიც ისე მოიქცევიან იმასთან დაკავშირებით, რაზეც ბიბლია პირდაპირ არაფერს ამბობს.

10. რა პრობლემა შეიძლება წარმოშვას საქორწილო ან დაკრძალვის ცერემონიალმა?

10 ბევრია ისეთი ოჯახი, სადაც მეუღლეთაგან ერთი ჭეშმარიტი ქრისტიანია, მეორე კი — არა (1 პეტრე 3:1; 4:3). ეს შეიძლება სხვადასხვა პრობლემის მიზეზი გახდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ნათესავის ქორწილს ან დაკრძალვას. დავუშვათ, ქმარი ბოლომდე არ იზიარებს ქრისტიანი ცოლის რწმენას. შესაძლოა ქმრის ნათესავი ქორწინდება და საქორწილო ცერემონიალი ეკლესიაში უნდა ჩატარდეს (ანდა მაგალითად, ქმრის მშობელი ან რომელიმე ნათესავი გარდაიცვალა და დაკრძალვის ცერემონიალიც ეკლესიაში ტარდება). ქმარს სურს, რომ ცოლი გვერდით ჰყავდეს. რას უკარნახებს ცოლს სინდისი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს? მოვიყვანოთ ორი შემთხვევა.

11. რას ითვალისწინებს ქრისტიანი ცოლი, როდესაც წყვეტს, დაესწროს თუ არა ეკლესიაში საქორწილო ცერემონიალს, და რა დასკვნამდე მიდის?

11 ვნახოთ პირველი შემთხვევა. ნინოს სერიოზულად აფიქრებს ერთი ბიბლიური მითითება: ‘გამოდით დიდი ბაბილონიდან’ ანუ ცრუ რელიგიური სამყაროდან (გამოცხადება 18:2, 4). ის ადრე იმ ეკლესიის მრევლის წევრი იყო, სადაც დაგეგმილი საქორწილო ცერემონიალი უნდა ჩატარდეს. ნინომ იცის, რომ ცერემონიალის დროს ყველა დამსწრემ უნდა მიიღოს მონაწილეობა ლოცვაში, გალობასა და სხვა რელიგიურ რიტუალებში. ამიტომ გადაწყვეტილებას იღებს, რომ მონაწილეობა არ მიიღოს და ჯობია, საერთოდ არ დაესწროს ცერემონიალს, რადგან ზეგავლენის გამო შეიძლება ერთგულება ვერ შეინარჩუნოს. ნინო პატივს სცემს ქმარს და უნდა, ყოველთვის ოჯახის მეთაურის გვერდით იყოს. მაგრამ არ სურს, რომ კომპრომისზე წავიდეს და რომელიმე ბიბლიური პრინციპი დაარღვიოს (საქმეები 5:29). ამიტომ ტაქტიანად უხსნის მეუღლეს, რომ ის რომც დაესწროს ცერემონიალს, თვითონ ვერ დაესწრება. ნინო ეუბნება ქმარს, რომ თუ დაესწრება ცერემონიალს, მაგრამ მონაწილეობას არ მიიღებს, ქმარმა შეიძლება თავი უხერხულად იგრძნოს; ამიტომ უკეთესი იქნება, რომ ქმრის გულისთვის საერთოდ არ დაესწროს. ასეთი გადაწყვეტილებით ცოლი სუფთა სინდისს ინარჩუნებს.

12. რაზე უნდა დაფიქრდეს ქრისტიანი, ვიდრე გადაწყვეტს, დაესწროს თუ არა საქორწილო ცერემონიალს ეკლესიაში?

12 ახლა ვნახოთ მეორე შემთხვევა. ეკაც მსგავსი დილემის წინაშე დგას. ისიც პატივს სცემს მეუღლეს, ღვთისადმი ერთგულებას ინარჩუნებს და ბიბლიით განსწავლული სინდისით მოქმედებს. ეკაც აანალიზებს იმ საკითხებს, რაზეც ნინო ფიქრობდა. ამავე დროს კითხულობს „მკითხველთა შეკითხვებს“ (2002 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკი“). მას აგრეთვე ახსოვს სამი ებრაელის შემთხვევა, რომლებიც ბრძანებას დაემორჩილნენ და მივიდნენ იმ ადგილას, სადაც კერპი იყო აღმართული, მაგრამ კერპთაყვანისმცემლობაში მონაწილეობა არ მიუღიათ (დანიელი 3:15—18). ამიტომ ეკა გადაწყვეტილებას იღებს, წაჰყვეს ქმარს, მაგრამ რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობა არ მიიღოს. ასეთი გადაწყვეტილებით ეკა სუფთა სინდისს ინარჩუნებს. ის ტაქტიანად, მაგრამ გასაგებად უხსნის მეუღლეს, თუ რის ნებას რთავს სინდისი და რის ნებას — არა. ეკას იმედი აქვს, რომ მისი ქმარი დაინახავს სხვაობას ჭეშმარიტსა და ცრუ თაყვანისმცემლობას შორის (საქმეები 24:16).

13. რატომ არ უნდა გაგვაკვირვოს იმან, თუ ორი ქრისტიანი სხვადასხვა გადაწყვეტილებას იღებს?

13 ვინაიდან ორივე ქრისტიანი სხვადასხვა გადაწყვეტილებას იღებს, ნიშნავს ეს იმას, რომ მნიშვნელობა არა აქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქრისტიანი, ან ერთ-ერთ მათგანს რომ კარგად განსწავლული სინდისი არა აქვს? არა. სარიტუალო ნივთების დანახვა და საგალობლების მოსმენა ნინოსთვის შეიძლება საცდური აღმოჩნდეს. გარდა ამისა, მას ახსოვს ის შემთხვევები, როდესაც მეუღლე დაჟინებით სთხოვდა, მონაწილეობა მიეღო რელიგიურ რიტუალებში. შეიძლება ამანაც უარყოფითად იმოქმედოს ნინოს სინდისის ხმაზე. ამიტომ ნინო დარწმუნებულია, რომ ეს მისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

14. რა უნდა ახსოვდეთ ქრისტიანებს, როდესაც საკითხი პირად გადაწყვეტილებას ეხება?

14 არაგონივრული გადაწყვეტილება მიიღო ეკამ? ასეთი დასკვნის გაკეთება არ იქნებოდა სწორი. არავინ უნდა განსაჯოს ან გააკრიტიკოს ეკა იმისათვის, რომ გადაწყვიტა, დაესწროს საეკლესიო ცერემონიალს, მაგრამ არანაირი მონაწილეობა არ მიიღოს. გავიხსენოთ პავლე მოციქულის სიტყვები იმასთან დაკავშირებით, როდესაც ვინმე პირადად წყვეტს, რა ჭამოს და რა არ ჭამოს: „ვინც ჭამს, ზემოდან ნუ დაუწყებს ყურებას იმას, ვინც არა ჭამს; და ვინც არა ჭამს, ნუ გაასამართლებს იმას, ვინც ჭამს . . . დგას თუ ეცემა, ეს მისი ბატონის საქმეა. ის არ წაიქცევა, რადგან იეჰოვას წყალობით დგას“ (რომაელები 14:3, 4). რა თქმა უნდა, არც ერთ ქრისტიანს არ ენდომება, რომ ვინმეს სინდისის ხმის უგულებელყოფისკენ უბიძგოს. ასეთი საქციელი იმ სასიგნალო ხმის ჩახშობის ტოლფასი იქნება, რომელმაც ადამიანი შეიძლება საფრთხისგან იხსნას.

15. რატომ უნდა მოვეკიდოთ სერიოზულად სხვების სინდისსა და გრძნობებს?

15 განვაგრძოთ მსჯელობა. ორივე ქრისტიანმა უნდა გაითვალისწინოს სხვა ფაქტორებიც, მათ შორის ის, თუ როგორ იმოქმედებს მიღებული გადაწყვეტილება სხვებზე. პავლე მოციქული გვირჩევს: „მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ძმას არ დავუდოთ დაბრკოლების ლოდი ან ფეხწამოსაკრავი“ (რომაელები 14:13). ნინოს შეიძლება ახსოვს, რომ მსგავსმა სიტუაციებმა კრებასა თუ ოჯახში დიდი გაუგებრობა გამოიწვია. თუ ის საეკლესიო რიტუალს დაესწრება, ამან შეიძლება მის ბავშვებზე უარყოფითად იმოქმედოს. ამისგან განსხვავებით, ეკამ იცის, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს არ მოჰყოლია უარყოფითი რეაქცია კრებასა თუ სამეზობლოში. როგორც ორივე ქრისტიან დას, ისე ჩვენც, უნდა გვესმოდეს, რომ სხვების გრძნობების გათვალისწინებაში სწორად განსწავლული სინდისი გვეხმარება. იესომ თქვა: „ვინც დააბრკოლებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, იმისთვის უმჯობესია, კისერზე დოლაბი დაჰკიდონ და შუა ზღვაში ჩაძირონ“ (მათე 18:6). თუ ადამიანი ზერელედ ეკიდება სხვების დაბრკოლების საკითხს, ზოგიერთი კრეტელის მსგავსად მას შეიძლება სინდისი გაუუხეშდეს.

16. დროთა განმავლობაში რა უნდა შეიმჩნეოდეს ქრისტიანში?

16 ქრისტიანი ყოველთვის წინ უნდა მიიწევდეს სულიერად და უფრო და უფრო უნდა განსწავლიდეს თავის სინდისს. მაგალითად გიორგის, რომელიც ახლახან მოინათლა, სინდისი კარნახობს, რომ არაფერი გააკეთოს ისეთი, რაც ბიბლიას არ ეთანხმება, და რაშიც ადრე იღებდა მონაწილეობას. ეს შეიძლება ეხებოდეს კერპებს ან სისხლს (საქმეები 21:25). გიორგი იმასაც კი კატეგორიულად ერიდება, რაც რაღაცით ჰგავს იმას, რასაც ღმერთი კრძალავს. მაგრამ, მეორე მხრივ, უკვირს, რატომ არ აკეთებს ზოგიერთი იმას, რაც მისთვის მისაღებია. მაგალითად, რატომ არ უყურებენ გარკვეულ სატელევიზიო პროგრამებს.

17. ახსენით, როგორ არის შესაძლებელი, რომ ქრისტიანის სინდისსა და გადაწყვეტილებებზე დრომ და სულიერმა წინსვლამ იმოქმედოს.

17 რაც დრო გადის, გიორგი მეტ ცოდნას იძენს და ღმერთსაც უფრო და უფრო უახლოვდება (კოლოსელები 1:9, 10). გიორგის სინდისიც შესაბამისად უფრო და უფრო იწვრთნება და ახლა მეტად არის მიდრეკილი იმისკენ, რომ სინდისის ხმას მოუსმინოს და, ამავე დროს, გაითვალისწინოს ბიბლიური პრინციპები. ამის შედეგად გიორგი ხვდება, რომ ზოგი რამ, რასაც მანამდე კატეგორიულად ერიდებოდა, სინამდვილეში არ ეწინააღმდეგება ღვთის თვალსაზრისს. რაც მეტად ითვალისწინებს ბიბლიურ პრინციპებს და უსმენს კარგად განსწავლული სინდისის ხმას, მით მეტად არის აღძრული, მოერიდოს ისეთი გადაცემების ყურებას, რაც ადრე მისთვის მისაღები იყო. ასე დაიხვეწა გიორგის სინდისი (ფსალმუნი 37:31).

18. რატომაა სასიხარულო ის, რომ და-ძმები სულიერად იზრდებიან?

18 კრებებში არიან როგორც გამოცდილი, ისე ნაკლებად გამოცდილი ქრისტიანები. ზოგიერთი ახალია რწმენაში და ამიტომ ზოგ საკითხთან დაკავშირებით სინდისი მათ შეიძლება არაფერს ეუბნებოდეს, ზოგ საკითხთან დაკავშირებით კი განსაკუთრებით რეაგირებდეს. ასეთ და-ძმებს სჭირდებათ დრო და დახმარება, რათა მიჰყვნენ იეჰოვას ხელმძღვანელობას და მოუსმინონ განსწავლული სინდისის ხმას (ეფესოელები 4:14, 15). საბედნიეროდ, კრებებში ბევრნი არიან ისეთი და-ძმებიც, ვისაც ბიბლიური პრინციპების ღრმა ცოდნა და მათი გამოყენების გამოცდილება აქვს, და მათი სინდისიც ღვთის თვალსაზრისის თანახმად მოქმედებს. მართლაც სასიხარულოა, როდესაც ირგვლივ ასეთი ‘სუფთა ადამიანები’ გვყავს, რომელთათვისაც ზნეობრივი თუ სულიერი თვალსაზრისით სუფთაა ის, რაც უფლისთვის მოსაწონია (ეფესოელები 5:10). დაე, თითოეული ჩვენგანის მიზანი ის იყოს, რომ სულიერად გავიზარდოთ და შევინარჩუნოთ ისეთი სინდისი, რომელიც „ღვთისადმი ერთგულებითა“ და „ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნით“ იქნება განსწავლული (ტიტე 1:1).

[სქოლიო]

^ აბზ. 8 დამატებითი ინფორმაცია ცოლ-ქმარს შორის სქესობრივი ურთიერთობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ 1983 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 30, 31 (ინგლ.).

როგორ უპასუხებთ?

• რატომ ჰქონდა ზოგ კრეტელ ქრისტიანს სინდისი წაბილწული?

• რატომ შეიძლება, რომ განსწავლული სინდისის მქონე ორმა ქრისტიანმა განსხვავებული გადაწყვეტილებები მიიღოს?

• დროთა განმავლობაში როგორ უნდა დაიხვეწოს სინდისი?

[სასწავლო კითხვები]

[რუკა 26 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

სიცილია

საბერძნეთი

კრეტა

მცირე აზია

კვიპროსი

ხმელთაშუა ზღვა

[სურათი 28 გვერდზე]

ქრისტიანებმა სხვადასხვა სიტუაციაში შეიძლება სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღონ