სირაკუსა ქალაქი, სადაც პავლე გაჩერდა
სირაკუსა ქალაქი, სადაც პავლე გაჩერდა
დაახლოებით ახ. წ. 59 წელს გემმა ხმელთაშუა ზღვის კუნძულ მალტიდან იტალიისკენ აიღო გეზი. გემს ქიმზე „ზევსის ვაჟების“ ნიშანი ჰქონდა, რომლებიც მეზღვაურების მფარველ ღმერთებად ითვლებოდნენ. ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი ლუკა ჰყვება, რომ გემი სიცილიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ სირაკუსაში სამი დღე გაჩერდა (საქმეები 28:11, 12). გემზე ლუკასთან ერთად იყვნენ არისტარქე და მოციქული პავლე, რომელიც რომში მიჰყავდათ გასასამართლებლად (საქმეები 27:2).
არ არის ცნობილი, დართეს თუ არა პავლეს სირაკუსაში გადასვლის ნება. თუ ის ან მასთან მყოფნი სირაკუსაში გადავიდოდნენ, რას ნახავდნენ იქ?
ბერძნულ-რომაულ ხანაში სირაკუსა ათენსა და რომს თითქმის არაფრით ჩამოუვარდებოდა. გადმოცემის თანახმად, სირაკუსა ძვ. წ. 734 წელს კორინთელებმა დააარსეს. სირაკუსას რამდენჯერმე დაუდგა აყვავების ხანა. იქ ისეთი ადამიანები დაიბადნენ, როგორებიც იყვნენ დრამატურგი ეპიქარმე და მათემატიკოსი არქიმედე. ძვ. წ. 212 წელს სირაკუსა რომაელებმა დაიპყრეს.
დღეს თუ ამ ქალაქს ვესტუმრებით, წარმოდგენა შეგვექმნება, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო პავლეს დროინდელი სირაკუსა. ქალაქს ეკავა პატარა კუნძული ორტიგია (სავარაუდოა, რომ პავლე იქ გაჩერდა) და კონტინენტური ნაწილი.
დღეს კუნძულზე ვხვდებით ძვ. წ. VI საუკუნეში აგებული უძველესი დორიული ტაძრის, აპოლონის ტაძრის ნანგრევებს. აგრეთვე ვხვდებით ძვ. წ. V საუკუნეში აგებულ ათენას ტაძრის კოლონებს, რომლებიც მოგვიანებით აშენებული ტაძრის ნაწილი გახდა.
ქალაქ სირაკუსას ცენტრი კონტინენტურ ნაწილზე მდებარეობს, სადაც ნეაპოლისის არქეოლოგიური მუზეუმია. შესასვლელთან ახლოს ვხვდებით ბერძნულ თეატრს, რომელიც ბერძნული არქიტექტურული ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშია. თეატრი ზღვას გადაჰყურებდა, რაც მაყურებლისთვის საუცხოო გარემოს ქმნიდა. პარკის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს ახ. წ. III საუკუნეში აგებული ელიფსის ფორმის, 140 მეტრი სიგრძისა და 119 მეტრი სიგანის რომაული ამფითეატრი, რომელიც იტალიაში სიდიდით მესამეა.
თუ სირაკუსას ესტუმრებით, შეგიძლიათ ორტიგიაში ზღვის პირას ერთ-ერთ სკამზე ჩამოჯდეთ, გადაშალოთ ბიბლია, წაიკითხოთ საქმეების 28:12 და წარმოიდგინოთ, როგორ შემოვიდოდა ნავსადგურში გემი, რომელზეც პავლე მოციქული იმყოფებოდა.
[დიაგრამა⁄რუკა 30 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
მალტა
სიცილია
სირაკუსა
იტალია
რეგიუმი
პუტეოლი
რომი
[სურათი 30 გვერდზე]
ბერძნული თეატრის ნანგრევები სირაკუსაში