არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ქითიმის ხომალდები“ ხმელთაშუა ზღვაში

„ქითიმის ხომალდები“ ხმელთაშუა ზღვაში

„ქითიმის ხომალდები“ ხმელთაშუა ზღვაში

ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილს არაერთი ბრძოლა ახსოვს. გავიხსენოთ ერთი ასეთი ბრძოლა, რომელიც ძვ. წ. V საუკუნეში მოხდა. ადვილად მანევრირებადი ხომალდი, რომელსაც ტრირემს უწოდებდნენ, მაქსიმალური სიჩქარით მიაპობდა ზღვის ტალღებს. დაახლოებით 170 კუნთმაგარი მენიჩბე, რომლებიც ტყავის მუთაქებზე ისხდნენ, მთელი ძალით უსვამდნენ სამ მწკრივად განლაგებულ ნიჩბებს.

ტრირემი 7—9 კვანძი (13—17 კმ/სთ.) სიჩქარით მიემართებოდა მტრის ხომალდისკენ, რომელიც ცდილობდა, როგორმე საფრთხე აერიდებინა, მაგრამ საუბედუროდ, არასწორი მიმართულებით შემობრუნდა. მტრის ხომალდს ტრირემი ბრინჯაოს ტარანით ეკვეთა და კორპუსი შეუმტვრია. ფიცრების მტვრევისა და წყლის შევარდნის ხმამ მენიჩბეებს თავზარი დასცა. ტრირემის კბილებამდე შეიარაღებული მცირე რაზმი გაძარცვის მიზნით მტრის ხომალდის საბიჯელასკენ გაემართა. როგორც ვხედავთ, ძველად ისეთი გემები არსებობდა, რომლებიც მტერს თავზარს სცემდა.

ბიბლიის მკვლევარები დიდ ინტერესს იჩენდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შესრულდა წინასწარმეტყველებები „ქითიმსა“ და „ქითიმის ხომალდების“ შესახებ (რიცხვები 24:24; დანიელი 11:30; ესაია 23:1). სად მდებარეობდა ქითიმი? რა ვიცით ქითიმის ხომალდების შესახებ? და საერთოდ, რატომ უნდა გვაინტერესებდეს ეს საკითხები?

ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი ქითიმს მოიხსენიებდა, როგორც „ქეთიმოსს“, და დღევანდელ კვიპროსს გულისხმობდა. გარდა ამისა, ერთ-ერთი ქალაქის სახელი ქითიონიც, იგივე ციტიუმი, რომელიც კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, იმაზე მიუთითებს, რომ ქითიმი იგივე კვიპროსია. კვიპროსს სავაჭრო თვალსაზრისით ხელსაყრელი ადგილმდებარეობა ეკავა, რადგან აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ნავსადგურებთან ახლოს მდებარეობდა. ამავე დროს, გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო კვიპროსი იძულებული იყო, მეომარ ერებს შორის ერთ-ერთის მხარე დაეჭირა. შესაბამისად, ერთისთვის ძლიერი მოკავშირე გახდებოდა, მეორისთვის კი — საშიში მტერი.

კვიპროსელები და ზღვა

წყალქვეშა არქეოლოგიური გათხრები და აღმოჩენილი სამარხები, აგრეთვე თიხაზე გაკეთებული წარწერები და მოხატულობები წარმოდგენას გვიქმნის კვიპროსის ხომალდებზე. კვიპროსელები გამოცდილი გემთმშენებლები იყვნენ. კუნძული ხშირი ტყეებით გამოირჩეოდა. ეს ნავსადგურისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა. კვიპროსელები ხეებს გემების ასაშენებლად და სპილენძის გამოსადნობად იყენებდნენ. იმ დროს კვიპროსმა სპილენძის სიუხვითაც გაითქვა სახელი.

კვიპროსის აქტიურმა სავაჭრო საქმიანობამ ფინიკიელთა ყურადღება მიიპყრო, რომლებმაც იქ კოლონიები დააარსეს. ერთ-ერთი ასეთი კოლონია იყო ქითიონი (ესაია 23:10—12).

სავარაუდოა, რომ ტვიროსის დაცემის შემდეგ ხალხმა ქითიმს შეაფარა თავი. ფინიკიელ კოლონიზატორებს დიდი საზღვაო გამოცდილება ჰქონდათ, რამაც ხელი შეუწყო კვიპროსში საზღვაო ტექნოლოგიის განვითარებას. ფინიკიის ხომალდებისთვის ქალაქი ქითიონი სტრატეგიული მდებარეობის გამო საუკეთესო თავშესაფარი იყო.

საერთაშორისო ვაჭრობა

აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში აქტიური ვაჭრობა მიმდინარეობდა. კვიპროსიდან ძვირფასი საქონელი გემით გადაჰქონდათ კრეტის, სარდინიის, სიცილიისა და ეგეოსის ზღვის კუნძულებზე. ამ ადგილებში აღმოჩენილ იქნა კვიპროსიდან წამოღებული ქილები და ლარნაკები, ხოლო კვიპროსში — მიკენის კულტურის დროინდელი თიხის ნაკეთობები. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, სპილენძის ზოდები, რომლებიც სარდინიაში აღმოაჩინეს, კვიპროსიდან იყო შემოტანილი.

1982 წელს სამხრეთ თურქეთის სანაპიროსთან ახლოს იპოვეს ძვ. წ. XIV საუკუნის მეორე ნახევარში ჩაძირული გემი. წყალქვეშა გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა სპილენძის ზოდები (სავარაუდოდ კვიპროსიდან), ქარვა, ქანაანური ქილები, ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, აბანოზის ხეები, სპილოს ეშვები, ეგვიპტური სკარაბიუსები (თილისმები) და სხვა ნივთები. გემზე აღმოჩენილი თიხის ნაკეთობების შესწავლის შედეგად ზოგი მკვლევარი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სავარაუდოდ გემი კვიპროსში ააგეს.

საინტერესოა, რომ როდესაც ეს გემი ჩაიძირა, დაახლოებით იმ პერიოდში მოიხსენია ბალაამმა თავის იგავში ქითიმის ხომალდები. კვიპროსის გემები იმ პერიოდისთვის კარგად იყო ცნობილი ახლო აღმოსავლეთისთვის (რიცხვები 24:15, 24). როგორი იყო ეს ხომალდები?

სავაჭრო ხომალდები

კვიპროსის ერთ-ერთ უძველეს ქალაქ ამატუსის სამარხებში აღმოაჩინეს თიხის პატარა გემები, რომლებიც წარმოდგენას გვიქმნის კვიპროსის ხომალდებზე. ზოგი მათგანი მუზეუმებშიც კია შემონახული.

ეს ნიმუშები იმას აჩვენებს, რომ ძველად გემებს ვაჭრობის მიზნით იყენებდნენ. პატარა გემს 20 მენიჩბე ჰყავდა. მას ჰქონდა განიერი და ღრმა კორპუსი, რაც კვიპროსის ახლომდებარე ნავსადგურებში ტვირთის გადაზიდვისა და ხალხის გადაყვანის საშუალებას იძლეოდა. პლინიუს უფროსის აზრით, კვიპროსელებმა ააგეს პატარა, ნიჩბიანი მსუბუქი ხომალდი, რომელსაც 90 ტონა ტვირთის გადაზიდვა შეეძლო.

კვიპროსელებს ჰყავდათ დიდი სავაჭრო გემებიც, რომელთა მსგავსი გემიც აღმოჩენილ იქნა თურქეთის სანაპიროსთან ახლოს. იმ გემებს 450 ტონა ტვირთის გადაზიდვა შეეძლო. დიდ გემებს 50-მდე მენიჩბე ჰყავდა, 25 ერთ მხარეს, 25 მეორე მხარეს. ასეთი გემების სიგრძე 30 მეტრს აღწევდა, აფრების სიმაღლე კი — 10 მეტრს.

„ქითიმის“ საომარი ხომალდები და ბიბლიური წინასწარმეტყველება

იეჰოვას სულით ასეთი წინასწარმეტყველება წარმოითქვა: „გემები წამოვლენ ქითიმის სანაპიროდან და შეავიწროებენ ასურეთს“ (რიცხვები 24:2, 24). შესრულდა ეს წინასწარმეტყველება? რა წვლილი შეიტანა კვიპროსის ხომალდებმა ამაში? „გემები . . . ქითიმის სანაპიროდან“ ის გემები არ არის, რომლებიც სავაჭრო მიზნით ხმელთაშუა ზღვაში სხვადასხვა მარშრუტს ასრულებდა. ესენი საბრძოლო გემები იყო.

საომარი სტრატეგიის გაუმჯობესების მიზნით გემებს ფორმა შეუცვალეს, რომ სისწრაფე და სიმძლავრე მოემატებინათ. კვიპროსის პირველ საომარ გემებს შესაძლოა ისეთივე ფორმა ჰქონდა, როგორიც ამატუსში აღმოჩენილ ხელოვნების ერთ-ერთ ნიმუშზე იყო გამოსახული — გრძელი, ვიწრო გემი, რომელსაც კიჩო ზევით ჰქონდა ამართული და მოკაუჭებული. ეს გემი ფორმით ფინიკიურ საომარ გემს ჰგავდა. მას ჰქონდა ტარანი და მთელ კორპუსზე, კიჩოდან ცხვირამდე დამცავი მეტალი.

ძვ. წ. VIII საუკუნეში საბერძნეთში პირველად გამოჩნდა ისეთი გემები, რომლებსაც ნიჩბები ორ რიგად ჰქონდა განლაგებული. ასეთ გემებს სიგრძე 24 მეტრი ჰქონდა, სიგანე კი — 3 მეტრი. გემებს თავდაპირველად მებრძოლები საომარ ტერიტორიებზე გადაჰყავდა. მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ გემს ნიჩბების თითო მწკრივს დაუმატებდნენ და ცხვირს ბრინჯაოს ტარანსაც გაუკეთებდნენ. სწორედ ასეთ გემს უწოდეს ტრირემი, რომელმაც სალამინის ბრძოლის (ძვ. წ. 480 წ.) შემდეგ გაითქვა სახელი; მაშინ საბერძნეთმა სპარსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი დაამარცხა.

ალექსანდრე დიდის მეთაურობით ტრირემის ფლოტი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის დასაპყრობად დაიძრა. ასეთ გემებს საბრძოლო დანიშნულება ჰქონდა. ისინი შორ მანძილზე მგზავრობისთვის არ იყო აგებული, რადგან საკვებისთვის პატარა ადგილი ჰქონდათ. ამიტომ ეგეოსის კუნძულებზე უნდა გაჩერებულიყვნენ, რომ საკვების მარაგი შეევსოთ ან გემები შეეკეთებინათ. ალექსანდრე დიდის მიზანი სპარსეთის ფლოტის განადგურება იყო, თუმცა მანამდე ტვიროსის ციხესიმაგრე უნდა აეღო. ტვიროსში ჩასვლამდე კი კვიპროსში უნდა გაჩერებულიყო.

ძვ. წ. 332 წელს, როცა ალექსანდრე დიდს ალყაში ჰყავდა ტვიროსი, კვიპროსის სამმა მეფემ 120 გემი გაუგზავნა. ტვიროსი ალყაში შვიდი თვის განმავლობაში იყო მოქცეული, ბოლოს კი დაეცა, რითაც ბიბლიური წინასწარმეტყველება შესრულდა (ეზეკიელი 26:3, 4; ზაქარია 9:3, 4). ალექსანდრე დიდმა მადლობის ნიშნად მათ უფრო დიდი ძალაუფლება მისცა.

წინასწარმეტყველება ზუსტად შესრულდა

როგორც პირველი საუკუნის ისტორიკოსმა სტრაბონმა აღნიშნა, ალექსანდრე დიდმა კვიპროსისა და ფინიკიისგან გემები მოითხოვა არაბეთის დასაპყრობად. ეს მსუბუქი გემები იყო და, ამავე დროს, ადვილად იშლებოდა. ამიტომ მათ ჩრდილოეთ სირიის ქალაქ თაფსაკუსამდე (თიფსახი) სულ რაღაც შვიდ დღეში ჩააღწიეს (1 მეფეები 4:24). იქიდან კი შესაძლებელი იყო, მდინარით ბაბილონში ჩასულიყვნენ.

როგორც დავინახეთ, ერთი შეხედვით ბუნდოვანი წინასწარმეტყველება ათი საუკუნის შემდეგ ზუსტად შესრულდა. რიცხვების 24:24-ის თანახმად, ალექსანდრე დიდმა, რომელიც აღმოსავლეთ მაკედონიიდან წამოვიდა, ჯერ ასურეთი დაიპყრო და შემდეგ მიწასთან გაასწორა მიდია-სპარსეთის ძლევამოსილი იმპერია.

„ქითიმის ხომალდების“ შესახებ მწირი ინფორმაციის მიუხედავად, ჩვენ დავინახეთ, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველება დიდებულად შესრულდა. ამგვარი ისტორიული ფაქტები იმაში გვარწმუნებს, რომ რაც ბიბლიაშია ნაწინასწარმეტყველები, უეჭველად შესრულდება. ჩვენს მომავალს არაერთი წინასწარმეტყველება ეხება, რომლებზეც სერიოზული დაფიქრება გვმართებს.

[რუკა 16, 17 გვერდებზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

იტალია

სარდინია

სიცილია

ეგეოსის ზღვა

საბერძნეთი

კრეტა

ლიბია

თურქეთი

კვიპროსი

ქითიონი

ტვიროსი

ეგვიპტე

[სურათი 16 გვერდზე]

ტრირემი, ბერძნული საომარი ხომალდი

[საავტორო უფლება]

Pictorial Archive (Near Eastern History) Est.

[სურათი 17 გვერდზე]

ფინიკიური საბრძოლო გემი, რომელსაც ნიჩბები ორ რიგად ჰქონდა განლაგებული

[საავტორო უფლება]

Pictorial Archive (Near Eastern History) Est.

[სურათი 17 გვერდზე]

კვიპროსული გემი ლარნაკზე

[საავტორო უფლება]

Published by permission of the Director of Antiquities and the Cyprus Museum

[სურათი 18 გვერდზე]

ძველებური სატვირთო გემები, რომლებიც ესაიას 60:9-შია მოხსენიებული