არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ავლენენ დღეს თავმდაბლობას?

ავლენენ დღეს თავმდაბლობას?

ავლენენ დღეს თავმდაბლობას?

მრავალი ფიქრობს, რომ დღევანდელ მსოფლიოში ვერსად შეხვდები თავმდაბალ ადამიანებს. ცნობილი ადამიანები თუ ისინი, ვინც ერთი შეხედვით ყველაზე წარმატებულნი ჩანან, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავი სხვებზე მაღლა წარმოაჩინონ; ისინი სიამაყეს ავლენენ და დაჟინებით ცდილობენ, რომ თავისი გაიტანონ. ადამიანთა უმრავლესობა მდიდარ და გამოჩენილ ადამიანებს შენატრის და არა თავმდაბლებსა და თვინიერებს. წარმატებული ადამიანები ჩვეულებრივ ტრაბახობენ იმით, რომ თავისით მიაღწიეს ყველაფერს. თავმდაბლობის გამოვლენის ნაცვლად ისინი ამაყად გაიძახიან, რომ რაც კი რამისთვის მიუღწევიათ, ეს მხოლოდ მათი დამსახურებაა.

ერთი კანადელი მკვლევარი ამბობს, რომ მის ქვეყანაში „ფართოდაა გავრცელებული ისეთი აზროვნება, რომელიც ეგოიზმსა და სიამაყეს ირეკლავს“. სხვები ხედავენ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ საზოგადოებაში, რომელშიც ხალხი უფრო და უფრო ეგოისტი ხდება და ისინი პირად სიამოვნებას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე ცხოვრებაში დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ასეთ მსოფლიოში თავმდაბლობა, როგორც ჩანს, სასურველ თვისებად არ ითვლება.

ცხადია, ცოტა თუ უარყოფს იმ აზრს, რომ კარგია სხვები იყვნენ თავმდაბლები, რადგან ასეთ ადამიანებთან ადვილია ურთიერთობა. თუმცა, მეტოქეობის სულით გაჟღენთილ დღევანდელ მსოფლიოში ზოგი შიშობს, რომ თუ თვითონ იქნებიან თავმდაბლები, სხვები მათ სუსტებად ჩათვლიან.

ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ჩვენს დროში ადამიანები „თავდაჯერებულები და ამპარტავნები“ იქნებოდნენ (2 ტიმოთე 3:1, 2). განა არ ეთანხმებით იმას, რომ ეს წინასწარმეტყველება მართლაც სრულდება?! როგორ ფიქრობთ, ღირს, იყოთ თავმდაბალი? თუ გგონიათ, რომ თავმდაბლობის გამო სუსტ ადამიანად ჩაგთვლიან და ადვილად გამოგიყენებენ?

ბიბლია კარგად გვიჩვენებს თავმდაბლობის ფასს და იმას, თუ რატომ ღირს ამ თვისების განვითარება. თავმდაბლობასთან დაკავშირებით ღვთის სიტყვაში დადებითი და გაწონასწორებული თვალსაზრისია მოცემული. ბიბლია გვიჩვენებს, რომ ნამდვილი თავმდაბლობა სისუსტის კი არა, სიმტკიცის მაჩვენებელია. თუ რატომ, ეს მომდევნო სტატიაში იქნება ახსნილი.

[სურათი 3 გვერდზე]

როგორ უნდა ვუყურებდეთ ჩვენს მიღწევებს?