არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვისწავლე, რომ იეჰოვას სრულად მივნდობოდი

ვისწავლე, რომ იეჰოვას სრულად მივნდობოდი

ბიოგრაფია

ვისწავლე, რომ იეჰოვას სრულად მივნდობოდი

მოგვითხრო ობრი ბაქსტერმა

1940 წელს, შაბათ საღამოს, ორი მამაკაცი თავს დამესხა და მიწაზე დამაგდო. იქვე ახლოს ორი პოლიციელი იდგა, მაგრამ დახმარების ნაცვლად ისინი მლანძღავდნენ, ჩემს თავდამსხმელებს კი საქციელს უწონებდნენ. ამ შემთხვევამდე ხუთი წლით ადრე, როცა ქვანახშირის მაღაროში ვმუშაობდი, ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ნება მიბოძეთ, ყოველივე დაწვრილებით მოგითხროთ.

დავიბადე 1913 წელს ახალი სამხრეთ უელსის სანაპირო ზოლზე გაშენებულ ქალაქ სუონზში (ავსტრალია). მყავდა სამი ძმა — ორი უფროსი და ერთი უმცროსი. როცა ხუთი წლის ვიყავი, ჩვენს ოჯახს შეხვდა საშინელი დაავადება, ესპანური გრიპი, რომელმაც, როგორც ამბობენ, მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საბედნიეროდ, ყველანი გადავრჩით. მაგრამ 1933 წელს თავს დიდი უბედურება დაგვატყდა — დედა გარდაიცვალა. ის 47 წლის იყო. დედას, რომელიც ღვთისმოშიში ქალი იყო, ადრე იეჰოვას მოწმეებმა მისცეს ორ ტომად გამოცემული წიგნი „სინათლე“, რომელიც ბიბლიის შესწავლისთვის იყო განკუთვნილი.

იმ პერიოდში ქვანახშირის მაღაროში ვმუშაობდი. სამუშაოზე ხან ძალიან დატვირთული ვიყავი, ხან კი თავისუფალი დრო გამომიჩნდებოდა ხოლმე, ამიტომ წიგნები თან მიმქონდა და კასკაზე მიმაგრებული ნათურის შუქზე ვკითხულობდი. მალე მივხვდი, რომ ჭეშმარიტება ვიპოვე. ასევე დავიწყე იმ ბიბლიური მოხსენებების მოსმენა, რომლებსაც მოწმეები რადიოთი გადმოსცემდნენ. ჩემდა გასახარად, მამამ და ჩემმა ძმებმა ბიბლიისადმი ინტერესი გამოავლინეს.

1935 წელს ჩვენს ოჯახში კვლავ დატრიალდა უბედურება — ჩემი უმცროსი ძმა, ბილი, ფილტვების ანთებით დაავადდა და გარდაიცვალა. ის მხოლოდ 16 წლის იყო. იმ მძიმე პერიოდში მთელ ოჯახს აღდგომის იმედი გვანუგეშებდა (საქმეები 24:15). დროთა განმავლობაში, მამამ და ჩემმა უფროსმა ძმებმა, ვერნერმა და ჰაროლდმა, თავიანთ მეუღლეებთან ერთად, თავი მიუძღვნეს ღმერთს. ჩემი ოჯახის წევრებიდან დღეს მხოლოდ მე ვარ ცოცხალი. ასევე, ვერნერის მეორე ცოლი, მარჯორი და ჰაროლდის ცოლი, ელიზაბეტი, კვლავაც აქტიურად ემსახურებიან იეჰოვას.

ვსწავლობ იეჰოვასადმი მინდობას

პირველად იეჰოვას მოწმეებს შევხვდი 1935 წელს. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ერთი უკრაინელი ქალბატონი ველოსიპედით მოუახლოვდა ჩვენს სახლს და ბიბლიის შესახებ დაგვიწყო საუბარი. მომდევნო კვირას მე პირველად დავესწარი ქრისტიანულ შეხვედრას, ხოლო ერთი კვირის შემდეგ შევუერთდი მქადაგებელთა ჯგუფს. მოწმემ, რომელმაც სამქადაგებლო შეხვედრა ჩაატარა, მომცა რამდენიმე ბროშურა და, ჩემდა გასაკვირად, საქადაგოდ მარტო გამიშვა. პირველ კართან ისე ვნერვიულობდი, რომ ვნატრობდი მიწა გამსკდომოდა. საბედნიეროდ, მობინადრე კარგად შემხვდა და ლიტერატურაც გამომართვა.

ისეთმა ბიბლიურმა მუხლებმა, როგორიცაა ეკლესიასტეს 12:1 და მათეს 28:19, 20 ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, რამაც აღმძრა, გავმხდარიყავი პიონერი, ანუ სრული დროით მსახური. მამამ მხარი დაუჭირა ჩემს გადაწყვეტილებას. მართალია, ჯერ მონათლული არ ვიყავი, მაგრამ 1936 წლის 15 ივლისი პიონერული მსახურების დაწყების თარიღად ჩავთვალე. იმ დღეს წავედი სიდნეიში არსებულ იეჰოვას მოწმეთა ფილიალში, სადაც შემომთავაზეს, რომ 12 პიონერთან ერთად მეთანამშრომლა სიდნეის ერთ-ერთ გარეუბანში, დელიჯ-ჰილში. მათ მასწავლეს, როგორ გამომეყენებინა ხელსაფქვავი, რომელსაც იმ დროს პიონერები ხორბლის დასაფქვავად იყენებდნენ, და ამგვარად, საკვების ხარჯებს ზოგავდნენ.

პიონერად ვმსახურობ ავსტრალიის მივარდნილ ადგილებში

იმავე წელს, მოგვიანებით, მე მოვინათლე და ნათლობის შემდეგ ორ პიონერთან, ობრი უილსთან და კლივ შეიდთან ერთად ცენტრალურ კუინზლენდში გამგზავნეს საქადაგოდ. მთელი ჩვენი ავლა-დიდება შედგებოდა ობრის ავტოფურგონისგან, რამდენიმე ველოსიპედისგან, ბიბლიური მოხსენებების წასაკითხად განკუთვნილი პატეფონისგან, კარვისგან, რომელიც დაახლოებით სამი წლის განმავლობაში ჩვენი თავშესაფარი იყო, სამი საწოლისგან, მაგიდისგან და რკინის ქვაბისგან, რომელშიც საჭმელს ვამზადებდით. ერთ საღამოს, როდესაც ჩემი რიგი დადგა, რომ საჭმელი გამეკეთებინა, გადავწყვიტე, ბოსტნეულისა და ბურღულისგან მომემზადებინა „განსაკუთრებული“ კერძი. მაგრამ მას პირი ვერავინ დავაკარეთ. იქვე ახლოს ცხენი შევნიშნე და ჩემი კერძი მას „შევთავაზე“. მან დასუნა ჩემს ნახელავს, თავი გააქნია და იქაურობას გაეცალა. აი, ასე დასრულდა ჩემი კულინარული ექსპერიმენტები.

დროთა განმავლობაში გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ტერიტორია უფრო სწრაფად დაგვემუშავებინა, ამიტომ ის სამ ნაწილად დავყავით და სათითაოდ გავინაწილეთ. დღის ბოლოს ხშირად ჩვენი კარვიდან საკმაოდ შორს ვიმყოფებოდი ხოლმე, ამიტომ ზოგჯერ ღამის გასათევად სტუმართმოყვარე ადგილობრივ ხალხთან ვრჩებოდი. ერთხელ რანჩოში სასტუმრო ოთახის მდიდრულ საწოლში გავათიე ღამე, მეორე ღამეს კი კენგურუებზე მონადირის ქოხში ჭუჭყიან იატაკზე მეძინა, ჩემ ირგვლივ კი აყროლებული ტყავის ნაჭრები იყო დახვავებული. ხშირად ბუჩქებშიც მეძინა. ერთხელ ჩემ გარშემო შორიახლოს ველურმა ძაღლებმა, დინგოებმა, მოიყარეს თავი. მათი გამყივანი ხმა ღამის სიჩუმეს არღვევდა. ღამე თეთრად გავათენე. მეორე დღესღა მივხვდი, რომ ძაღლები მე არაფერს მერჩოდნენ — იქვე ახლოს საქონლის შიგნეულობა ეყარა და ისინი თურმე სწორედ მას დასტრიალებდნენ.

მანქანით ქადაგება

ღვთის სამეფოს ცნობის საქადაგებლად ჩვენ ვიყენებდით მანქანას, რომელზეც ხმის გამაძლიერებელი იყო დამონტაჟებული. ჩრდილოეთ კუინზლენდში, ქალაქ ტაუნზვილში პოლიციამ ნება დაგვრთო, რომ ქალაქის ცენტრში გავჩერებულიყავით. მაგრამ მოხსენებამ, რომელსაც ხმის გამაძლიერებლით ვასმენინებდით ხალხს, გააღიზიანა „ხსნის არმიის“ ზოგიერთი წევრი და მათ გვითხრეს, რომ იქაურობა დაგვეტოვებინა. როდესაც მათ უარი ვუთხარით, ხუთმა მათგანმა ძლიერ შეანჯღრია ჩვენი ავტოფურგონი. იმ დროს მანქანაში ვიჯექი და ხმის გამაძლიერებელს ვარეგულირებდი. აზრი არ ჰქონდა იმაზე ლაპარაკს, რომ იქ ყოფნის ნებართვა გვქონდა, ამიტომ იქაურობას გავეცალეთ.

ბანდაბერგში ერთმა დაინტერესებულმა მამაკაცმა ნავი გვათხოვა, რათა მდინარე ბარნეტიდან, რომელიც ქალაქს შუაზე კვეთდა, ხალხისთვის ჩაწერილი მოხსენებები მოგვესმენინებინა. ერთხელ ობრი და კლივი ნავში ჩასხდნენ და თან ხმის გამაძლიერებელი აპარატურა წაიღეს საქადაგოდ, მე კი დავრჩი სახლში, რომელიც დაქირავებული გვქონდა. იმ ღამეს ჯოზეფ რუტერფორდის ძლიერმა ხმამ, რომელიც იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოში იყო ჩაწერილი, მთელ ბანდაბერგში დაიქუხა და ხალხმა ამაღელვებელი ბიბლიური ცნობა მოისმინა. ეს მართლაც დაუვიწყარი დრო იყო, რომელიც ღვთის ხალხისგან გაბედულებასა და მტკიცე რწმენას მოითხოვდა.

ომს დიდი სირთულეები მოაქვს

მას შემდეგ, რაც 1939 წლის სექტემბერში დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, მალევე 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“ დაიბეჭდა სტატია, სადაც გარჩეული იყო ქრისტიანული ნეიტრალიტეტის საკითხი პოლიტიკასა და ომთან დაკავშირებით. მოგვიანებით მე ძალიან მოხარული ვიყავი იმით, რომ თავის დროზე კარგად შევისწავლე ეს დროულად მოწოდებული მასალა. ამ პერიოდში, სამწლიანი ერთობლივი მსახურების შემდეგ, მე, ობრი და კლივი სხვადასხვა ტერიტორიაზე გაგვგზავნეს მსახურების გასაგრძელებლად. მე დავინიშნე მიმომსვლელ ზედამხედველად ჩრდილოეთ კუინზლენდში, სადაც იეჰოვასადმი ჩემი ნდობა არაერთხელ გამოიცადა.

1940 წლის აგვისტოში მე ვმსახურობდი ტაუნზვილის კრებაში, სადაც ოთხი პიონერი იყო — პერსი და ილმა იზლობები * და და-ძმა ნორმან და ბეატრის ბელოტები. ექვსი წლის შემდეგ მე და ბეატრისი დავქორწინდით. ერთ შაბათ საღამოს, როდესაც ჯგუფმა ქუჩაში ქადაგება დავასრულეთ, თავს დამესხნენ, რაც დასაწყისშიც მოვიხსენიე. მაგრამ ამ უსამართლო მოპყრობამ უფრო მეტი სტიმული მომცა, რომ იეჰოვასთვის მემსახურა.

ორი პიონერი და, იუნა და მერლი კილპატრიკები დიდი გულმოდგინებით ქადაგებდნენ ჩრდილოეთ კუინზლენდში. ერთ დღეს ჩვენ შესანიშნავად ვიქადაგეთ. მერე დებმა მთხოვეს, რომ ნავით გადამეყვანა ისინი მდინარის გაღმა, სადაც ერთი დაინტერესებული ოჯახი ცხოვრობდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ უნდა გადამეცურა მდინარე, სადაც ნავი იყო გაჩერებული, ნავით დავბრუნებულიყავი, ჩამესხა დები და ისევ იქითა ნაპირზე გადავსულიყავით. როდესაც ნავთან მივცურე, ნიჩბები არ დამხვდა. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ისინი ერთ მოწინააღმდეგეს დაუმალავს. მაგრამ ამან მაინც ვერ შეგვაჩერა. წლების განმავლობაში მაშველი ვიყავი და ახლაც საკმაოდ კარგად ვცურავდი. წელზე თოკი მოვიბი, რომლითაც, ჩვეულებრივ, ნავს ვამაგრებდი, ნავი ცურვით გამოვიყვანე აქეთა ნაპირზე, დები ჩავსხი და ისევ ცურვით გავიყვანე ისინი მეორე მხარეს. იეჰოვამ აკურთხა ჩვენი ძალისხმევა, რადგან გავიდა დრო და ამ ოჯახის ყველა წევრი იეჰოვას მოწმე გახდა.

იეჰოვას ძლიერი მკლავი მიცავს

უსაფრთხოების მიზნით სამხედროებს ქალაქ ინისფეილში მისასვლელი ქვედა გზა გადაკეტილი ჰქონდათ. რამდენადაც ადგილობრივი მაცხოვრებლის სტატუსით ვსარგებლობდი, ქალაქში შესვლის ნებას მრთავდნენ, რაც დიდად გვადგებოდა, როდესაც იეჰოვას მოწმეთა ფილიალიდან ძმები ჩამოდიოდნენ ხოლმე. გადაკეტილ გზაზე რომ გამეყვანა ძმები, მათ ჩემი მანქანის უკანა დასაჯდომის ქვეშ საბარგულში ვმალავდი.

იმ დროს ბენზინზე შეზღუდვა იყო დაწესებული, ამიტომ ბევრი მძღოლი ავტომობილს გაზზე ამუშავებდა. ავტომობილში დამონტაჟებულ სპეციალურ აპარატში ნახშირის წვის შედეგად წარმოიქმნებოდა გაზი, რომელიც ძრავას ამუშავებდა. ღამით მანქანით მოვდიოდი ხოლმე ნახშირით დატვირთული ტომრებით, რომლებიც ზვინად მქონდა დაწყობილი საბარგულზე, სადაც ძმებს ვმალავდი. როდესაც გადაკეტილ გზასთან ვჩერდებოდი, მცველებს იმით ვაბნევდი, რომ მანქანას არ ვაქრობდი, რათა ის აპარატი, რაშიც ნახშირი იწვოდა, გავარვარებული ყოფილიყო. „თუ ძრავას გამოვრთავ, — დავუყვირე ერთ ღამეს მცველებს, — მანქანა ჩამიქრება და დაქოქვა გამიჭირდება“. სიცხით, ხმაურითა და კვამლით შეწუხებულმა მცველებმა სწრაფად შეამოწმეს მანქანა და გამიშვეს.

იმ პერიოდში დამევალა, რომ ორგანიზება გამეწია საოლქო კონგრესისთვის ქალაქ ტაუნზვილში. საკვებ პროდუქტებს შეზღუდული რაოდენობით ვიღებდით, ამიტომ საჭირო რაოდენობის პროდუქტები რომ მიგვეღო, ადგილობრივი მაგისტრატისგან უნდა აგვეღო ნებართვა. იმ დროს ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო ძმებს ციხეში სვამდნენ. ამიტომ, როდესაც მაგისტრატთან დავაპირე წასვლა, გავიფიქრე: გონივრულად ვიქცევი თუ ლომს ხახაში ვუვარდები? მიუხედავად ამისა, მაინც გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი.

მაგისტრატმა, რომელიც დიდ მაგიდასთან იჯდა, მითხრა, რომ დავმჯდარიყავი. როდესაც მას ჩემი მისვლის მიზეზი ავუხსენი, მან ცივად შემომხედა და კარგა ხანს მიყურებდა. შემდეგ კი მოლბა და მკითხა: „რა რაოდენობის საკვები გინდა?“ მე მივაწოდე მას საკვების სია, სადაც პროდუქტები მინიმალური რაოდენობით იყო მითითებული. მან გადახედა სიას და მითხრა: „ეს არ გეყოფათ. ნებას გაძლევთ, რომ ორჯერ მეტი აიღოთ“. მისი კაბინეტი რომ დავტოვე, მადლობას ვუხდიდი იეჰოვას, რომელმაც კიდევ ერთხელ მასწავლა მასზე მინდობა.

1941 წლის იანვარში ავსტრალიაში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა აიკრძალა. ბევრი ეჭვის თვალით გვიყურებდა და იმასაც კი გვაბრალებდნენ, რომ იაპონიის ჯაშუშები ვიყავით. ერთხელ, ჯარისკაცებითა და პოლიციელებით სავსე ორი მანქანა მოადგა ჩვენი საზოგადოების ფერმას, რომელიც ათერტონის პლატოზე მდებარეობდა (ეს ფერმა მოსავლის მოსაყვანად გვქონდა ნაყიდი). ისინი ეძებდნენ პროჟექტორს, რომელსაც თითქოს იმისთვის ვიყენებდით, რომ მტრისთვის ნიშანი მიგვეცა. ჩვენ ისიც კი დაგვაბრალეს, თითქოს მარცვლეული ისე გვქონდა დათესილი, რომ მტრებს კოდირებულ ინფორმაციას გადავცემდით, რომელსაც ისინი ვერტმფრენიდან დაინახავდნენ და გაშიფრავდნენ! მაგრამ, მალე ისინი დარწმუნდნენ, რომ ყველა ეს ბრალდება ცრუ იყო.

აკრძალვის გამო ლიტერატურის გავრცელებისას სიფრთხილე და საზრიანობა უნდა გამოგვევლინა. მაგალითად, როდესაც გამოვიდა წიგნი „ბავშვები“, ქალაქ ბრიზბენიდან მატარებლით გავემგზავრე ჩრდილოეთის მიმართულებით და თან წიგნებით სავსე ერთი ყუთი წავიღე. წიგნებს ვტოვებდი ყველა გაჩერებაზე, სადაც კრება იყო. პოლიციელებსა და სამხედროებს ყუთის შემოწმება რომ დაზარებოდათ, გაჩერებაზე ჩასვლამდე ყუთს ზემოდან დენის ხერხის პირს ვადებდი და ზედ ვამაგრებდი. მართალია, ეს მარტივი მეთოდი იყო, მაგრამ ყოველთვის ამართლებდა. 1943 წლის ივნისში მოიხსნა აკრძალვა, რაც იეჰოვას ხალხისთვის დიდი შვება იყო. სასამართლომ იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ მიღებულ ადრინდელ გადაწყვეტილებას „თვითნებური, დაუფიქრებელი და უსამართლო“ უწოდა.

მიწვევენ სამხედრო სამსახურში

1942 წელს მე, ობრი უილსი და ნორმან ბელოტი სამხედრო სამსახურში გაგვიწვიეს. ობრი და ნორმანი ჩემზე ერთი კვირით ადრე გამოიძახეს და ჯარში მსახურებაზე უარის თქმის გამო ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იმ დროს, ფოსტიდან იეჰოვას მოწმეები ვეღარ ვიღებდით ჟურნალებს, რადგან ფოსტაში მათ კონფისკაციას ახდენდნენ. თუმცა, მათ, ვინც იეჰოვას მოწმე არ იყო, მაგრამ ეს ჟურნალები ჰქონდა გამოწერილი, პრობლემები არ შექმნიათ. ჩვენ უნდა მოგვეძებნა ერთ-ერთი ისეთი ადამიანი, ვისაც ჟურნალები მისდიოდა, ჟურნალების ასლები გაგვეკეთებინა და თანამორწმუნეებისთვის მიგვეწოდებინა. ამგვარად, ჩვენ რეგულარულად ვიღებდით სულიერ საზრდოს.

როდესაც ექვსთვიანი პატიმრობა მომისაჯეს, რასაც ველოდი კიდეც, სიდნეის ფილიალში მომსახურე ძმების რჩევით სასამართლო გადაწყვეტილება მაშინვე გავასაჩივრე. ჩვენი მიზანი იყო, რომ ამით დრო მოგვეგო და სასამართლომდე მოგვენახა ისეთი ვინმე, ვინც ჩემს საქმეს გააგრძელებდა. მე ვისარგებლე თავისუფლებით და წავედი ჩრდილოეთ კუინზლენდში, რათა 21 დაპატიმრებული მოწმიდან ზოგი მომენახულებინა. ძმების უმრავლესობა ერთ ციხეში იჯდა. ციხის ზედამხედველი ზიზღით გვიყურებდა. როდესაც მას შევახსენე, რომ სხვა რელიგიის წევრებს შეეძლოთ თავიანთი თანამორწმუნეების ნახვა, ის გაცოფდა. „ჩემი ნება რომ იყოს, — იყვირა მან, — ყველა იეჰოვას მოწმეს კედელთან ჩაგამწკრივებდით და დაგხვრიტავდით“. მცველებმა მაშინვე გარეთ გამომიყვანეს.

სანამ ჩემი საქმის მოსმენა დაიწყებოდა, ადვოკატი დამინიშნეს, როგორც ეს კანონით მოითხოვებოდა. მაგრამ სინამდვილეში მე თვითონ ვიცავდი ჩემს თავს და იეჰოვაზე სრულად ვიყავი მინდობილი. იეჰოვამაც არ დამტოვა (ლუკა 12:11, 12; ფილიპელები 4:6, 7). ჩემდა გასაოცრად, სასამართლომ ჩემ სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, რადგან დოკუმენტების შედგენისას მდივანს მთელი რიგი შეცდომები ჰქონდა დაშვებული.

1944 წელს დამავალეს, რომ მომენახულებინა დიდი რაიონი, რომელიც მოიცავდა სამხრეთ ავსტრალიას, ჩრდილოეთ ვიქტორიასა და ახალ სამხრეთ უელსში მდებარე ქალაქ სიდნეის. მომდევნო წლიდან მთელ მსოფლიოში ძმებმა დაიწყეს საჯარო მოხსენებების წარმოთქმა, რომლებსაც ორგანიზაციის მიერ შედგენილი ერთგვერდიანი გეგმის მიხედვით თავად ამზადებდნენ. ერთსაათიანი საჯარო მოხსენების წარმოთქმა ადვილი არ იყო, მაგრამ ჩვენ სრულად მივენდეთ იეჰოვას და მანაც აკურთხა ჩვენი მცდელობა.

ქორწინება და ახალი პასუხისმგებლობები

1946 წლის ივლისში მე და ბეატრის ბელოტი დავქორწინდით და ჩვენ ერთად შევუდექით პიონერულ მსახურებას. ჩვენ ავტომობილის მისაბმელში ვცხოვრობდით, რომელიც ფანერით იყო შეკრული. 1950 წლის დეკემბერში შეგვეძინა ქალიშვილი, ჯანისი. ჩვენ პიონერად სხვადასხვა ადგილას ვმსახურობდით, მათ შორის პატარა ქალაქ კემფსიში (ახალი სამხრეთი უელსი), სადაც მხოლოდ ჩვენ ვიყავით მოწმეები. ყოველ კვირას მივდიოდით ქალაქის ერთ დარბაზში, სადაც ხალხი წინასწარ გვყავდა დაპატიჟებული, რომ ჩემ მიერ მომზადებული საჯარო მოხსენება მოესმინათ. რამდენიმე თვის განმავლობაში ბეატრისი და ჯანისი იყვნენ ჩემი ერთადერთი მსმენელები. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ სხვებმაც დაიწყეს დასწრება. დღეს კემფსიში ორი კრებაა.

ჯანისი ორი წლის იყო, როცა ჩვენ ბრიზბენში დავსახლდით. როდესაც ჯანისმა სკოლა დაამთავრა, მთელი ოჯახი ოთხი წელი პიონერად ვმსახურობდით სესნოკში (ახალი სამხრეთი უელსი). შემდეგ კი ისევ ბრიზბენში დავბრუნდით, რათა ბეატრისის დედისთვის მიგვეხედა. ამჟამად ჩერმსაიდის კრებაში უხუცესად ვმსახურობ.

მე და ბეატრისი იეჰოვას მადლიერნი ვართ უამრავი კურთხევისთვის, მათ შორის იმისთვისაც, რომ 32 ადამიანს დავეხმარეთ ჭეშმარიტების გაგებაში. პირადად მე იმისთვისაც ვუხდი ღმერთს მადლობას, რომ მყავს ძვირფასი ცოლი, რომელიც მშვიდი და რბილი ხასიათისაა, მაგრამ ამასთანავე ჭეშმარიტების უშიშარი დამცველია. იმის გამო, რომ ღვთისადმი სიყვარული და ნდობა აქვს და ‘თვალს სუფთად’ იცავს, ის ნამდვილად ღირსეული მეუღლე და დედაა (მათე 6:22, 23; იგავები 12:4). მასთან ერთად მეც შემიძლია მთელი გულით ვთქვა: „კურთხეულია კაცი, რომელიც იეჰოვაზე ამყარებს იმედს“ (იერემია 17:7).

[სქოლიო]

^ აბზ. 19 პერსი იზლობის ბიოგრაფია დაბეჭდილია 1981 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკში“ [ინგლ.].

[სურათი 9 გვერდზე]

ჩრდილოეთ კუინზლენდში ამ მანქანით ვმსახურობდით

[სურათი 10 გვერდზე]

ჩრდილოეთ კუინზლენდში წვიმიანი სეზონის დროს დებს კილპატრიკებს მანქანის გაყვანაში ვეხმარები

[სურათი 12 გვერდზე]

ჩვენი ქორწილის დღე