არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას სიტყვა არასოდეს გამტყუნებულა

იეჰოვას სიტყვა არასოდეს გამტყუნებულა

იეჰოვას სიტყვა არასოდეს გამტყუნებულა

„არ გამტყუნებულა არც ერთი სასიკეთო სიტყვა, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გითხრათ, ყველა შეგისრულდათ“ (იესო ნავეს ძე 23:14).

1. ვინ იყო იესო ნავეს ძე და რა გააკეთა მან სიცოცხლის ბოლოს?

ის იყო ძლიერი და უშიშარი მხედართმთავარი, მტკიცე რწმენის მქონე ერთგული კაცი. ის მოსეს დაჰყვებოდა. იეჰოვამ სწორედ ის აირჩია იმისთვის, რომ ისრაელ ერს შიშის მომგვრელ უდაბნოში გაძღოლოდა და შეეყვანა მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინებოდა. სიცოცხლის ბოლოს ამ დიდად პატივდებულმა კაცმა, იესო ნავეს ძემ, ამაღელვებელი სიტყვებით მიმართა ისრაელის უხუცესებს. უდავოდ, მისმა სიტყვებმა რწმენა განუმტკიცა მათ, ვინც მას უსმენდა. მისი სიტყვები თქვენც განგიმტკიცებთ რწმენას.

2, 3. რა მდგომარეობაში იყო ისრაელი, როდესაც იესო ნავეს ძემ ისრაელის უხუცესებს მიმართა, და რა უთხრა მათ?

2 ნახეთ, როგორ არის ბიბლიაში აღწერილი ეს სიტუაცია: «გავიდა ხანი მას შემდეგ, რაც დაასვენა იეჰოვამ ისრაელი მტრებისგან; მოხუცებული და ხანში შესული იყო იესო ნავეს ძე, როცა მოუხმო მთელ ისრაელს, უხუცესებს, თავკაცებს, მსაჯულებსა და მთავრებს და უთხრა: „მოვხუცდი და ხანში შევედი“» (იესო ნავეს ძე 23:1, 2).

3 იესო ნავეს ძე 110 წელს იყო მიღწეული. ის ღვთის ხალხის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ პერიოდში ცხოვრობდა. მას საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი იეჰოვას ძლევამოსილი საქმეები და ის, თუ როგორ შეასრულა იეჰოვამ მრავალი დანაპირები. ამიტომ, მან სრული დამაჯერებლობით თქვა: „კარგად იცით თქვენი გულითა და სულით, რომ არ გამტყუნებულა არც ერთი სასიკეთო სიტყვა, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გითხრათ, ყველა შეგისრულდათ, არც ერთი არ გამტყუნებულა“ (იესო ნავეს ძე 23:14).

4. რას დაჰპირდა იეჰოვა ისრაელებს?

4 იეჰოვას რომელი სიტყვების შესრულების მომსწრე გახდა იესო ნავეს ძე? განვიხილოთ, რა სამი დაპირება მისცა იეჰოვამ ისრაელებს. პირველი, იეჰოვა გაათავისუფლებდა მათ მონობიდან. მეორე, ის დაიცავდა მათ. და მესამე, ის იზრუნებდა მათზე. იეჰოვამ დღეს მსგავსი დაპირება მისცა თავის ხალხს და ჩვენც ვართ იმის მომსწრენი, თუ როგორ სრულდება ღვთის სიტყვები. სანამ განვიხილავდეთ, თუ რას აკეთებს იეჰოვა ჩვენს დროში, ვნახოთ, რა მოიმოქმედა მან იესო ნავეს ძის დროს.

იეჰოვა ათავისუფლებს თავის ხალხს

5, 6. როგორ იხსნა იეჰოვამ ისრაელები ეგვიპტიდან და რა დამტკიცდა ამით?

5 როდესაც ეგვიპტის ტყვეობაში მყოფმა ისრაელებმა ღმერთს შეღაღადეს, იეჰოვამ ისმინა მათი ხმა (გამოსვლა 2:23—25). ცეცხლმოდებულ ბუჩქთან იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ჩავალ, რომ დავიხსნა ისინი [ჩემი ხალხი] ეგვიპტელთა ხელიდან, გამოვიყვანო იმ მიწიდან და წავიყვანო კარგ და ვრცელ მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინება“ (გამოსვლა 3:8). რა ამაღელვებელი იქნებოდა იმის ხილვა, თუ როგორ განახორციელებდა იეჰოვა თავის ჩანაფიქრს! როდესაც ფარაონმა უარი თქვა ეგვიპტიდან ისრაელის გაშვებაზე, მოსემ უთხრა მას, რომ ღმერთი ნილოსის წყალს სისხლად აქცევდა. იეჰოვას სიტყვა არ გამტყუნებულა. მდინარე ნილოსის წყალი მართლაც სისხლად იქცა, თევზი გაწყდა და წყალი დასალევად უვარგისი გახდა (გამოსვლა 7:14—21). ფარაონი მაინც არ იშლიდა თავისას. ამიტომ იეჰოვამ მას კიდევ ცხრა უბედურება დაატეხა, რომელთა შესახებაც წინასწარ აფრთხილებდა (გამოსვლა, თავები 8—12). მეათე უბედურების შემდეგ, რომლის დროსაც ეგვიპტეში ყველა პირმშო მოკვდა, ფარაონმა უბრძანა ისრაელებს, რომ წასულიყვნენ. ისრაელებმაც დატოვეს ეგვიპტე! (გამოსვლა 12:29—32).

6 ეგვიპტიდან ისრაელის გათავისუფლებამ შესაძლებელი გახადა, რომ იეჰოვას ეს ხალხი თავის რჩეულ ერად ექცია. ამან დიდება მოუტანა იეჰოვას, როგორც თავისი განზრახვების შემსრულებელს, რომლის სიტყვაც არასოდეს მტყუნდება. ამით ცხადი გახდა, რომ იეჰოვა ყველა სხვა ხალხის ღმერთებზე აღმატებული ღმერთია. როდესაც ვკითხულობთ, თუ როგორ იხსნა იეჰოვამ თავისი ხალხი, ეს რწმენას გვიმტკიცებს. წარმოიდგინეთ, რა გრძნობები დაეუფლებოდათ მათ, ვინც საკუთარი თვალით იხილა, როგორ შეასრულა იეჰოვამ თავისი სიტყვა! იესო ნავეს ძემ დაინახა, რომ მხოლოდ იეჰოვაა „უზენაესი მთელ დედამიწაზე“ (ფსალმუნი 83:18).

იეჰოვა იცავს თავის ხალხს

7. როგორ დაიცვა იეჰოვამ ისრაელი ფარაონის ჯარისგან?

7 რისი თქმა შეგვიძლია იეჰოვას მეორე დანაპირებზე, რომ ის დაიცავდა თავის ხალხს? ამ დანაპირებში შედიოდა ის, რომ იეჰოვა თავის ხალხს ეგვიპტიდან დაიხსნიდა და აღთქმულ მიწაზე შეიყვანდა. გაიხსენეთ, რომ განრისხებული ფარაონი ისრაელს დაედევნა ძლიერი ჯარით, რომელიც ასობით საომარი ეტლით იყო აღჭურვილი. წარმოიდგინეთ, როგორი დარწმუნებული იქნებოდა ამაყი ფარაონი თავის წარმატებაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისრაელები ერთი შეხედვით მახეში — მთებსა და ზღვას შორის — აღმოჩნდნენ. ამ დროს ღმერთი ჩაერია და დაიცვა თავისი ხალხი — მისი ძალით ღრუბელი ჩადგა ორ ბანაკს შორის. ეგვიპტელთა მხარეს სიბნელე იყო, ისრაელთა მხარეს კი — სინათლე. მაშინ, როცა ეგვიპტელებს ღრუბელი აკავებდა, მოსემ გაიწოდა თავისი კვერთხი წითელი ზღვისკენ და წყალი შუაზე გაიპო, რითაც ისრაელებს გასაქცევი მიეცათ, ეგვიპტელები კი მახეში აღმოჩნდნენ. იეჰოვამ მუსრი გაავლო ფარაონის ძლიერ ჯარს, თავისი ხალხი კი დაიცვა (გამოსვლა 14:19—28).

8. როგორ დაიცვა იეჰოვამ ისრაელები ა) უდაბნოში და ბ) აღთქმულ მიწაზე?

8 მას შემდეგ, რაც ისრაელებმა წითელი ზღვა გადაკვეთეს, ისინი დადიოდნენ „დიდ და საშიშ უდაბნოში, უწყლო მიწაზე, შხამიან გველებსა და მორიელებს შორის“ (კანონი 8:15). იეჰოვა იქაც იცავდა თავის ხალხს. მაგრამ, შეიყვანა იეჰოვამ ისინი აღთქმულ მიწაზე? ისრაელებს ძლიერი მოწინააღმდეგეები ჰყავდათ ქანაანში. მიუხედავად ამისა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს უთხრა: „ადექი, გადაკვეთეთ იორდანე შენ და მთელმა ამ ხალხმა და შედით მიწაზე, რომელსაც ისრაელის ძეებს ვაძლევ. ვერავინ დაგიდგება წინ მთელი შენი სიცოცხლე. როგორც მოსესთან ვიყავი, ისევე ვიქნები შენთან, თავს არ დაგანებებ და არ მიგატოვებ!“ (იესო ნავეს ძე 1:2, 5). იეჰოვას ეს სიტყვები არ გამტყუნებულა. დაახლოებით ექვს წელიწადში იესო ნავეს ძემ 31 მეფე დაამარცხა და აღთქმული მიწის დიდი ნაწილი ხელში ჩაიგდო (იესო ნავეს ძე 12:7—24). იეჰოვას დაცვის გარეშე ასეთი წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა.

იეჰოვა ზრუნავს თავის ხალხზე

9, 10. როგორ ზრუნავდა იეჰოვა თავის ხალხზე უდაბნოში?

9 მოდი ახლა ვისაუბროთ მესამე დანაპირებზე, კერძოდ იმაზე, რომ იეჰოვა იზრუნებდა თავის ხალხზე. ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლის შემდეგ ღმერთი მათ მალევე დაჰპირდა: „პურს გაწვიმებთ ციდან; ყოველდღე გავიდეს ხალხი და შეაგროვოს თითოეულმა თავისი სამყოფი“. ღმერთი ზუსტად ისე მოიქცა, როგორც ნათქვამი ჰქონდა — მან ‘ციდან პური’ მისცა თავის ხალხს. „ეს რომ ისრაელის ძეებმა დაინახეს, ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ეს რა არისო“. ეს იყო მანანა, იეჰოვას მიერ დაპირებული პური (გამოსვლა 16:4, 13—15).

10 მთელი იმ 40 წლის განმავლობაში, რაც ისრაელებმა უდაბნოში გაატარეს, იეჰოვა მზრუნველობას არ აკლებდა მათ და საკვებითა და წყლით უზრუნველყოფდა. იეჰოვა იმაზეც ზრუნავდა, რომ მათ ტანსაცმელი არ გასცვეთოდათ და ფეხები არ დასიებოდათ (კანონი 8:3, 4). იესო ნავეს ძემ საკუთარი თვალით იხილა ეს ყოველივე. იეჰოვამ შეასრულა თავისი დანაპირები — იხსნა თავისი ხალხი, დაიცვა ისინი და იზრუნა მათზე.

როგორ ათავისუფლებს იეჰოვა თავის ხალხს ჩვენს დროში?

11. რა მოხდა 1914 წელს ბრუკლინში და რისი დრო დადგა?

11 რა შეიძლება ითქვას ჩვენს დროზე? 1914 წლის 2 ოქტომბერს, პარასკევ დილას, ჩარლზ ტეიზ რასელი, რომელიც იმ დროს ბიბლიის მკვლევართა საქმიანობას ხელმძღვანელობდა, ბრუკლინის (ნიუ-იორკი) ბეთელის სასადილო ოთახში შევიდა. „ყველას მოგესალმებით“, — თქვა მან მხიარულად. შემდეგ, ვიდრე თავის ადგილზე დაჯდებოდა, მან სიხარულით განაცხადა: „წარმართთა ჟამი დასრულდა; მათი მეფეების დღეები დათვლილია“. დადგა დრო, რომ იეჰოვას, სამყაროს უზენაეს მმართველს, კიდევ ერთხელ ემოქმედა თავისი ხალხის სასარგებლოდ, და მან დაიწყო კიდეც მოქმედება!

12. რა გათავისუფლება მოხდა 1919 წელს და რა შედეგები გამოიღო ამან?

12 ამ დროიდან სულ რაღაც ხუთი წლის შემდეგ იეჰოვამ იხსნა თავისი ხალხი „დიდი ბაბილონის“, ანუ ცრუ რელიგიის ძლიერი მსოფლიო იმპერიის, ტყვეობიდან (გამოცხადება 18:2). არც თუ ისე ბევრი ჩვენგანი მოესწრო იმ დროს, როცა ეს ამაღელვებელი გათავისუფლება მოხდა. და მაინც, ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ ამის შედეგებს. იეჰოვამ აღადგინა წმინდა თაყვანისმცემლობა და გააერთიანა ის ადამიანები, რომლებსაც მისი თაყვანისცემა სურდათ. ამით შესრულდა წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვები: „უკანასკნელ დღეებში იეჰოვას სახლის მთა განმტკიცდება მთების მწვერვალებს ზემოთ, გორებზე მაღლა აღიმართება და ყველა ერი მისკენ დაიწყებს დენას“ (ესაია 2:2).

13. იეჰოვას ხალხის რა ზრდას ხედავთ?

13 ესაიას სიტყვები არ გამტყუნებულა, ისინი ზედმიწევნით სრულდება. 1919 წლიდან ცხებულთა დარჩენილი ნაწილი გაბედულად შეუდგა ქადაგებას მთელ მსოფლიოში, რისი წყალობითაც ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლობა „მაღლა აღიმართა“. გასული საუკუნის 30-იან წლებში ცხადი გახდა, რომ „სხვა ცხვარიც“ უნდა შეკრებილიყო ჭეშმარიტი ღვთის თაყვანსაცემად (იოანე 10:16). თავიდან მათი რიცხვი ათასებს ითვლიდა, მერე ასობით ათასებს, ახლა კი მილიონები უჭერენ მხარს წმინდა თაყვანისმცემლობას! იოანე მოციქულის მიერ ნანახ ხილვაში ისინი აღწერილნი არიან როგორც „უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ (გამოცხადება 7:9). რისი მომსწრენი გახდით პირადად თქვენ? რამდენი იეჰოვას მოწმე იყო მსოფლიოში, როდესაც გაიგეთ ჭეშმარიტება? დღეს მათი რიცხვი, ვინც იეჰოვას ემსახურება, 6 700 000-ზე მეტს ითვლის. როდესაც იეჰოვამ თავისი ხალხი დიდი ბაბილონიდან იხსნა, მან გზა გაუხსნა იმ საოცარ ზრდას, რომელსაც ახლა მთელ მსოფლიოში ვხედავთ.

14. რა სახის ხსნა გველის წინ?

14 კიდევ ერთი სახის ხსნა ჯერ კიდევ წინაა — ის დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს შეეხება. თავისი საოცარი ძალით იეჰოვა დედამიწიდან აღგვის ყველას, ვინც ეწინააღმდეგება მას, თავის ხალხს კი იხსნის და შეიყვანს სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში. რა შესანიშნავი იქნება იმის ხილვა, თუ როგორ განადგურდება ბოროტება და როგორ დაიწყება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდებული ხანა! (გამოცხადება 21:1—4).

როგორ გვიცავს იეჰოვა დღეს?

15. რატომ გვჭირდება დღეს იეჰოვას დაცვა?

15 როგორც დავინახეთ, იესო ნავეს ძის დროს მცხოვრები ისრაელები იეჰოვას დაცვას საჭიროებდნენ. დღესაც სჭირდება იეჰოვას ხალხს დაცვა? ნამდვილად სჭირდება! იესომ გააფრთხილა თავისი მიმდევრები: „გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ და შეგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო“ (მათე 24:9). წლების განმავლობაში იეჰოვას მოწმეები მრავალ ქვეყანაში სასტიკ წინააღმდეგობასა და დევნებს იტანდნენ. მაგრამ, იეჰოვა ყოველთვის მხარში ედგა თავის ხალხს (რომაელები 8:31). მისი სიტყვა გვარწმუნებს, რომ ვერაფერი — ‘ჩვენ წინააღმდეგ შექმნილი ვერც ერთი იარაღი’ — ვერ შეაჩერებს სამქადაგებლო და მოწაფეების მომზადების საქმეს, რომელსაც ჩვენ ვეწევით (ესაია 54:17).

16. რა გარწმუნებთ იმაში, რომ იეჰოვა იცავს თავის ხალხს?

16 ქვეყნიერების სიძულვილის მიუხედავად, იეჰოვას თაყვანისმცემელთა რიცხვი მაინც იზრდება. იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა წინ მიიწევს 236 ქვეყანაში, რაც იმის უტყუარი მტკიცებაა, რომ იეჰოვა ნამდვილად გვიცავს მათგან, ვისაც ჩვენი განადგურება თუ გაჩუმება სურს. შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენს დროში მცხოვრები ის ძლიერი პოლიტიკური მოღვაწეები თუ სასულიერო პირები, რომლებიც სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ ღვთის ხალხს? რა დაემართათ მათ? სად არიან ახლა ისინი? მათი უმრავლესობა მოსესა და იესო ნავეს ძის დროს მცხოვრები ფარაონის მსგავსად ცოცხლები აღარ არიან. მაგრამ, რა შეიძლება ითქვას ღვთის იმ მსახურებზე, რომლებიც სიკვდილამდე ერთგულნი დარჩნენ? ისინი იეჰოვას მეხსიერებაში არიან დაცულნი. მათთვის ამაზე საიმედო ადგილი არ არსებობს. აშკარაა, რომ იეჰოვა იცავს თავის ხალხს, რაც ცხადყოფს, რომ მისი სიტყვები არასოდეს მტყუნდება.

იეჰოვა ზრუნავს დღეს თავის ხალხზე

17. რას დაჰპირდა იეჰოვა თავის ხალხს სულიერ საზრდოსთან დაკავშირებით?

17 იეჰოვა ზრუნავდა თავის ხალხზე უდაბნოში, ის დღესაც ზრუნავს თავის თაყვანისმცემლებზე. ჩვენ „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწოდებული სულიერი საზრდოთი ვიკვებებით (მათე 24:45). ღვთის შესახებ ჩვენ ვიგებთ ჭეშმარიტებას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დაფარული იყო. ანგელოზმა დანიელს უთხრა: „საიდუმლოდ შეინახე ეს სიტყვები და ბეჭედი დაადე წიგნს უკანასკნელ დრომდე. ბევრი დაიწყებს ძიებას და გამრავლდება ჭეშმარიტი ცოდნა“ (დანიელი 12:4).

18. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ჭეშმარიტი ცოდნა დღეს გამრავლდა?

18 ახლა ჩვენ უკანასკნელ დროში ვცხოვრობთ და ვხედავთ, რომ ჭეშმარიტი ცოდნა მართლაც მრავლდება. მთელ მსოფლიოში წმინდა სულის დახმარებით ჭეშმარიტების მოყვარულები იძენენ საფუძვლიან ცოდნას ჭეშმარიტი ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ. დღეს ფართოდაა გავრცელებული ბიბლია და ის პუბლიკაციები, რომლებიც ეხმარება ადამიანებს, გაიგონ ძვირფასი ბიბლიური ჭეშმარიტება. ერთ-ერთი ასეთი პუბლიკაციაა, ბიბლიის შესასწავლად განკუთვნილი წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ *. ამ წიგნში, მაგალითად, განხილულია შემდეგი საკითხები: „ჭეშმარიტება ღვთის შესახებ“, „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“, „რა არის ღვთის სამეფო?“ და „რატომ უშვებს ღმერთი ადამიანთა ტანჯვას?“. ადამიანები საუკუნეების მანძილზე სვამდნენ ასეთ კითხვებს. დღეს ჩვენ შეგვიძლია ამ კითხვებზე პასუხების მიღება. მიუხედავად იმისა, რომ ასწლეულების განმავლობაში ხალხი არ იცნობდა ბიბლიას და ქრისტიანული სამყაროც ცრუ სწავლებებს უნერგავდა მათ, ღვთის სიტყვის ჭეშმარიტი სწავლება მაინც ვრცელდება და ძალებს მატებს ყველას, ვისაც გულით სურს იეჰოვას მსახურება.

19. ღვთის რომელი დანაპირების შესრულების მოწმენი გახდით და რა დასკვნამდე მიდიხართ?

19 უდავოდ, იმის საფუძველზე, რაც საკუთარი თვალით გვაქვს ნანახი, შეგვიძლია ვთქვათ: „არ გამტყუნებულა არც ერთი სასიკეთო სიტყვა, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გითხრათ, ყველა შეგისრულდათ, არც ერთი არ გამტყუნებულა“ (იესო ნავეს ძე 23:14). იეჰოვა ათავისუფლებს და იცავს თავის მსახურებს და ზრუნავს მათზე. შეგიძლიათ გაიხსენოთ ღვთის ისეთი დანაპირები, რომელიც თავის დროზე არ შესრულებულა? შეუძლებელია, ასეთი რამე გაიხსენოთ. მართლაც გონივრულია, მივენდოთ ღვთის სიტყვას.

20. რა საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ მომავალს იმედის თვალით ვუყუროთ?

20 რა შეიძლება ითქვას მომავალზე? იეჰოვა გვპირდება, რომ ჩვენგან უმრავლესობას შეგვიძლია სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი გვქონდეს. ზოგ ჩვენგანს კი ზეცაში ქრისტესთან ერთად მმართველობის იმედი აქვს. რა იმედიც არ უნდა გვქონდეს, ჩვენ ყველანაირი საფუძველი გვაქვს იმისა, რომ იესო ნავეს ძის მსგავსად ერთგულები დავრჩეთ. დადგება დღე, როცა ჩვენი იმედი რეალობად იქცევა. მაშინ გავიხსენებთ იეჰოვას ყველა დანაპირებს და ჩვენც ვიტყვით: ‘ყველა სიტყვა შესრულდა’.

[სქოლიო]

^ აბზ. 18 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

შეგიძლიათ ახსნათ?

• იეჰოვას რა დანაპირების შესრულება იხილა იესო ნავეს ძემ?

• ღვთის რომელი დანაპირების შესრულების მოწმენი გახდით?

• რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი ღვთის სიტყვასთან დაკავშირებით?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 23 გვერდზე]

იეჰოვამ თავისი ხალხის გასათავისუფლებლად მოქმედება დაიწყო

[სურათი 23 გვერდზე]

როგორ დაიცვა იეჰოვამ თავისი ხალხი წითელ ზღვასთან?

[სურათი 24 გვერდზე]

როგორ ზრუნავდა იეჰოვა თავის ხალხზე უდაბნოში?

[სურათები 25 გვერდზე]

იეჰოვა ზრუნავს დღეს თავის ხალხზე