იყენებთ შესაძლებლობებს, რომ თქვენი მრწამსის შესახებ ესაუბროთ სხვებს?
იყენებთ შესაძლებლობებს, რომ თქვენი მრწამსის შესახებ ესაუბროთ სხვებს?
„არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება?“ ამ საკითხს მიეძღვნა პოლონეთში ჩატარებული ეროვნული კონკურსი საუკეთესო თემის გამოსავლენად. კონკურსში მონაწილეებს თემა შემდეგ აზრებზე უნდა აეგოთ: „ჩვენ არ გვჭირდება აბსოლუტური ჭეშმარიტება. ის არც არავის სჭირდება. აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არსებობს“. 15 წლის მოსწავლემ, აგატამ, რომელიც იეჰოვას მოწმეა, გადაწყვიტა ეს შესაძლებლობა გამოეყენებინა იმისთვის, რომ თავისი რელიგიური მრწამსი სხვებისთვის გაეზიარებინა.
თემის მომზადებამდე აგატამ თავიდან ხელმძღვანელობისთვის იეჰოვას მიმართა ლოცვით და შემდეგ დაიწყო საჭირო მასალის მოკრება. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მან მოძებნა ინფორმაცია 1995 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკში“ (რუს.). მან მოიყვანა პონტიუს პილატეს მიერ იესოსთვის დასმული კითხვა: „რა არის ჭეშმარიტება?“ (იოანე 18:38). აგატამ აღნიშნა, რომ ამ კითხვაში ჩანდა პილატეს ცინიკური დამოკიდებულება. ამით, ფაქტობრივად, პილატემ თქვა: „ჭეშმარიტება? რა არის ეს? ჭეშმარიტება არ არსებობს!“ „პილატეს მიერ დასმული კითხვა, — დაწერა აგატამ, — მახსენებს თემის ასაგებად მოცემულ მთავარ აზრებს“.
შემდეგ მან ისაუბრა რელატივიზმის განვითარებაზე — იმ თეორიაზე, რომლის თანახმადაც ის, რაც ერთი ადამიანისთვის ჭეშმარიტებაა, მეორესთვის ეს ასე არ არის, მაგრამ ამ დროს შეიძლება ორივენი „მართლები“ იყვნენ. აგატამ შემდეგი სახის კითხვები დასვა თემაში: „რომელი ჩვენგანი გარისკავდა თვითმფრინავში ჩაჯდომას, თუ გვეცოდინებოდა, რომ აეროდინამიკის კანონები აბსოლუტურ ჭეშმარიტებას არ ექვემდებარება?“ შემდეგ მან ყურადღება გაამახვილა ბიბლიაზე და თქვა: „ღვთის სიტყვა იმიტომ იმსახურებს ნდობას, რომ მის ჭეშმარიტებაზე უტყუარი ფაქტები მეტყველებს“. აგატამ იმედი გამოთქვა, რომ მას, ვინც გულწრფელად ეძებს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, ეყოფა მოთმინება, რომ იპოვოს ის.
თემისთვის აგატას სპეციალური დიპლომი გადასცეს. მას შესაძლებლობა მიეცა, კლასის წინაშე წარედგინა თავისი ნაშრომი. აგატამ კლასელებს ბიბლიის შესწავლა შესთავაზა, რასაც რამდენიმე მათგანი დადებითად გამოეხმაურა. აგატა მადლიერი იყო იეჰოვასი, რომ მიეცა შესაძლებლობა, ბევრისთვის გაეზიარებინა თავისი მრწამსი. მართლაც, თუ ყოველთვის ვიყენებთ შესაძლებლობას, რომ სხვებს ჩვენი მრწამსი გავუზიაროთ, ამან შეიძლება შესანიშნავი ნაყოფი გამოიღოს. იყენებთ შესაძლებლობებს, რომ თქვენი მრწამსის შესახებ ესაუბროთ სხვებს?