არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რა სხვაობაა უკვდავებასა და მარადიულ სიცოცხლეს შორის?

უსასრულო სიცოცხლე ექნებათ როგორც ცხებულებს, რომლებიც ზეცაში სულიერ სიცოცხლეს მიიღებენ, ისე იმ ადამიანებს, რომლებსაც ღმერთი გამოაცხადებს მართლებად და მათ დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების ღირსად ჩათვლის. ადამიანი ზეცაში უკვდავებას მიიღებს თუ დედამიწაზე იცხოვრებს მარადიულად, შედეგი ერთია — უსასრულო სიცოცხლე. მაგრამ, საინტერესო იქნებოდა უკვდავებასთან დაკავშირებით ზოგ რამეზე დაფიქრება.

ბერძნული სიტყვა „ათანასია“, რომელიც „უკვდავებად“ არის ნათარგმნი, ნაწარმოებია უარყოფითი ნაწილაკისგან „ა“ და სიტყვისგან „თანატოს“, რაც „სიკვდილს“ ნიშნავს. ამგვარად, სიტყვა უკვდავების ძირითადი მნიშვნელობაა „სიკვდილის გარეშე“. ფაქტია, რომ იეჰოვა ყოველგვარი სიცოცხლის წყაროა და ის უკვდავია (ფსალმუნები 36:9; 90:1, 2). ამას ისიც ამტკიცებს, რომ მის განდიდებულ ძეზე, რომელიც ახლა „მისი [ღვთის] დიდების ანარეკლია და ზუსტად წარმოგვიდგენს მას“, ნათქვამია, რომ ის არის „[მიწიერ] მეფეთა მეფე და უფალთა უფალი [და] მხოლოდ ის არის უკვდავი (ებრაელები 1:3; 1 ტიმოთე 6:15, 16). ვერც ერთი ქმნილება ვერ წაართმევს იესოს უკვდავებას, რომელიც მას განასხვავებს ადამიანებისა თუ სულიერი ქმნილებებისგან, რომლებიც შეიძლება მოკვდნენ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება, სიკვდილი აღარ ბატონობს მასზე“ (რომაელები 6:9).

მართალია, უკვდავება მარადიულ სიცოცხლეს ნიშნავს, მაგრამ უკვდავებაში უფრო მეტი რამ იგულისხმება. როგორ ჩანს, ის გულისხმობს სიცოცხლის განსაკუთრებულ ფორმას და უხრწნელობას უკავშირდება. სულითცხებული ქრისტიანების შესახებ, რომლებიც ჯილდოდ ზეციერ ცხოვრებას მიიღებენ, ბიბლია ამბობს: «ეს ხრწნადი [ადამიანური სხეული] უხრწნელობით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი — უკვდავებით. ხოლო როცა ეს ხრწნადი უხრწნელობით შეიმოსება და ეს მოკვდავი — უკვდავებით, მაშინ შესრულდება დაწერილი: „სიკვდილი სამუდამოდ შთაინთქა“» (1 კორინთელები 15:53, 54).

და მაინც, ბიბლია არ გვაწვდის დეტალურ ინფორმაციას სიცოცხლის იმ ფორმის შესახებ, რომელსაც უკვდავება ეწოდება. ჩვენ ვიცით, რომ მოკვდავმა ადამიანებმა, თუნდაც სრულყოფილებმა, რომლებსაც დედამიწაზე უსასრულოდ ცხოვრების იმედი ექნებათ, სიცოცხლის შესანარჩუნებლად უნდა ჭამონ და სვან, თორემ მოკვდებიან და მათი სხეული გაიხრწნება (დაბადება 2:9, 15, 16). მაგრამ, უკვდავება სიცოცხლის ისეთი ფორმაა, რომლის შესანარჩუნებლადაც ამდაგვარი რამ არ არის საჭირო. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ყველა, ვინც უკვდავი ხდება, სიკვდილს აღარ ექვემდებარება, ანუ მასზე ‘ძალაუფლება არა აქვს სიკვდილს’. როდესაც ისინი იღებენ უხრწნელობას, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი იღებენ ისეთ სულიერ სხეულს, რომელიც არ ექვემდებარება გახრწნას, მოსპობასა და განადგურებას (შეადარეთ 2 კორინთელები 5:1; გამოცხადება 20:6). უკვდავება სწორედ ამ მხრივ განსხვავდება მარადიული სიცოცხლისგან, რომელიც ადამიანს დედამიწაზე ეძლევა.

იეჰოვა ღმერთი სრულყოფილი მოსამართლეა, რომელიც ცხებულებს ჯილდოდ უკვდავებას აძლევს. რაკი ის თავისი უსაზღვრო სიბრძნითა და გამჭრიახობით წყვეტს, რომ ასეთი ადამიანები ყოველმხრივ გამოიცადონ, და შემდეგ მათ უკვდავ სიცოცხლეს აძლევს, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ისინი მარადიულად ერთგულები იქნებიან. ყველას, ვისაც იეჰოვა უსასრულო სიცოცხლის ღირსად ჩათვლის — იქნებიან ისინი უკვდავი სულიერი ქმნილებები თუ სრულყოფილი ადამიანები — შეეძლება, რომ უსასრულოდ სცეს მას თაყვანი. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლეც და ზეციერი უკვდავებაც უსასრულო სიცოცხლეს ნიშნავს (იოანე 17:3).