‘შეიმოსეთ თავმდაბლობით’
‘შეიმოსეთ თავმდაბლობით’
ეს კაცი ცნობილი ქალაქიდან იყო. დაბადებიდან ის რომის მოქალაქე იყო და მის ოჯახს, როგორც ჩანს, კარგად იცნობდნენ. ამ კაცს, სავლეს, რომელიც პირველ საუკუნეში ცხოვრობდა, იმ დროისთვის საუკეთესო განათლება ჰქონდა მიღებული. ის, სულ მცირე, ორ ენაზე ლაპარაკობდა და იუდეველთა კარგად ცნობილ რელიგიურ ჯგუფს — ფარისევლებს — მიეკუთვნებოდა.
სავლეს ალბათ ასწავლიდნენ, რომ ზემოდან ეყურებინა უბრალო ხალხისთვის და ეამაყა თავისი სიმართლით (ლუკა 18:11, 12; საქმეები 26:5). იმ დროს მცხოვრები ფარისევლები თვლიდნენ, რომ სხვებზე მაღლა იდგნენ; მათ უყვარდათ დიდება და საპატიო წოდებები (მათე 23:6, 7; ლუკა 11:43). ასეთ ადამიანებთან ურთიერთობამ სავლე ალბათ ქედმაღალი გახადა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ის ქრისტიანების თავგამოდებული მდევნელი იყო. წლების შემდეგ, როდესაც ის უკვე პავლე მოციქულის სახელით იყო ცნობილი, საკუთარ თავზე ამბობდა, რომ წინათ „ღვთისმგმობელი, მდევნელი და შეურაცხმყოფელი“ იყო (1 ტიმოთე 1:13).
დიახ, სავლე გახდა ქრისტიანი, მოციქული პავლე, და ის მთლიანად შეიცვალა. მან, როგორც ქრისტიანმა მოციქულმა, თავმდაბლად აღიარა, რომ ის „ყველა წმინდაზე უმცირესი“ იყო (ეფესოელები 3:8). ის დიდ წარმატებებს აღწევდა მსახურებაში, მაგრამ ამ მიღწევებს საკუთარ თავს არ მიაწერდა. პირიქით, ის დიდებას ყოველთვის ღმერთს მიაგებდა (1 კორინთელები 3:5—9; 2 კორინთელები 11:7). სწორედ რომ პავლემ მოუწოდა თანაქრისტიანებს: „შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით“ (კოლოსელები 3:12).
დღეს, 21-ე საუკუნეში, კვლავაც გამოსადეგია მისი რჩევა? ღირს თავმდაბლობის გამოვლენა? შეიძლება, თავმდაბლობა სიმტკიცის მაჩვენებელი იყოს?
არის ყოვლისშემძლე შემოქმედი თავმდაბალი?
როდესაც თავმდაბლობაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია, გავითვალისწინოთ ღვთის თვალსაზრისი ამ საკითხზე. რატომ? იმიტომ, რომ ის არის უზენაესი ღმერთი და შემოქმედი. მისგან განსხვავებით ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები გვაქვს. ჩვენ მასზე ვართ დამოკიდებული. „ჩვენ კი არ შეგვიცნია ყოვლისშემძლე. აღმატებულია იგი ძლიერებით“, — თქვა ძველ დროში მცხოვრებმა ბრძენმა კაცმა ელიჰუმ (იობი 37:23). უკიდეგანო სამყაროზე დაფიქრებაც კი საკმარისია, რომ თავმდაბლობა ვისწავლოთ! „მაღლა აღაპყარით თვალები და შეხედეთ, — გვიწვევს წინასწარმეტყველი ესაია. — ვინ შექმნა ეს ყველაფერი? მან, ვისაც თავისი სათვალავით გამოჰყავს მათი ლაშქარი, სახელით მოუხმობს თითოეულ მათგანს. მისი დიდი ძლიერებისა და ძლევამოსილების გამო არც ერთი მათგანი არ აკლდება მას“ (ესაია 40:26).
იეჰოვა ღმერთი ყოვლისშემძლეა, მაგრამ ის, ამავე დროს, თავმდაბალიცაა. მეფე დავითი მას ლოცვით მიმართავდა: „შენ მომცემ შენი ხსნის ფარს, შენი თავმდაბლობა განმადიდებს“ (2 სამუელი 22:36). ღმერთი იმ გაგებით არის თავმდაბალი, რომ ის ზრუნავს თავმდაბალ ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენ ასიამოვნონ მას, და მათ მიმართ წყალობას ავლენს. იეჰოვა, ასე ვთქვათ, ზეციდან დაბლა იხრება, რათა სიკეთე უყოს თავის მოშიშებს (ფსალმუნი 113:5—7).
გარდა ამისა, იეჰოვა დიდად აფასებს, როცა მისი მსახურები თავმდაბლობას ავლენენ. პეტრე მოციქულმა დაწერა: „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებისადმი კი წყალობას ავლენს“ (1 პეტრე 5:5). ის, თუ როგორ უყურებს ღმერთი სიამაყეს, კარგად ჩანს ბიბლიის ერთ-ერთი დამწერის სიტყვებიდან: „ყველა გულით ამაყი სისაძაგლეა იეჰოვასთვის“ (იგავები 16:5). მაგრამ, როგორ შეიძლება თავმდაბლობა სიმტკიცის მაჩვენებელი იყოს?
რას არ ნიშნავს თავმდაბლობა?
თავმდაბლობა დამცირებას არ ნიშნავს. ზოგ ძველ კულტურაში თავმდაბლები ძირითადად იყვნენ მონები — საცოდავი, ბეჩავი ადამიანები. ამის საპირისპიროდ ბიბლია ხაზს უსვამს იმას, რომ ადამიანი, რომელიც თავმდაბლობას ავლენს, პატივისცემას იმსახურებს. მაგალითად, ერთმა ბრძენმა კაცმა დაწერა: „თავმდაბლობასა და იეჰოვას შიშს სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლე მოაქვს“ (იგავები 22:4). ფსალმუნის 138:6-ში ვკითხულობთ: „მაღალია იეჰოვა, მაგრამ ხედავს თავმდაბლებს; მედიდურებს კი მხოლოდ შორიდან იცნობს“.
მარკოზი 14:61, 62; იოანე 6:51). მაგრამ, იესო თავმდაბლობას ავლენდა, როდესაც თავისი მიღწევებისთვის მამას განადიდებდა და საკუთარ ძალას იმისთვის კი არ იყენებდა, რომ სხვები დაეჩაგრა ან ებატონა მათზე, არამედ იმისთვის, რომ სხვებს დახმარებოდა და მომსახურებოდა.
თუ ადამიანი თავმდაბალია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას არა აქვს უნარი, რაიმეს მიაღწიოს. მაგალითად, იესოს არასოდეს უთქვამს, რომ ის არ იყო იეჰოვას მხოლოდშობილი ძე; მას არც თავისი მიწიერი მსახურება ჩაუთვლია უმნიშვნელოდ (სიმტკიცის მაჩვენებელი
იესო ქრისტეს მისი თანამედროვენი იმით იცნობდნენ, რომ „სასწაულებს“ ახდენდა (საქმეები 2:22). და მაინც, ზოგის თვალში ის „ადამიანთაგან ყველაზე მდაბიო“ იყო (დანიელი 4:17). ის არა მარტო მოკრძალებულად ცხოვრობდა, არამედ ასწავლიდა კიდეც, თუ რამდენად ძვირფასი თვისება იყო თავმდაბლობა (ლუკა 9:48; იოანე 13:2—16). მართალია იესო თავმდაბალი იყო, მაგრამ ის სულაც არ იყო სუსტი. ის გაბედულად იცავდა მამის სახელს და ასრულებდა მის ნებას (ფილიპელები 2:6—8). ბიბლიაში ის აღწერილია, როგორც უშიშარი ლომი (გამოცხადება 5:5). იესოს მაგალითი გვიჩვენებს, რომ თავმდაბლობა შინაგან სიმტკიცესა და მტკიცე ხასიათს არ გამორიცხავს.
როდესაც ვცდილობთ ნამდვილი თავმდაბლობის განვითარებას, ვხედავთ, რომ ეს ჩვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამაში ის იგულისხმება, რომ ყოველთვის დავემორჩილოთ ღვთის ნებას ნაცვლად იმისა, რომ ვიაროთ ადვილი გზით ან ავყვეთ ხორციელ სურვილებს. თავმდაბლობის განვითარება შინაგან სიმტკიცეს მოითხოვს, რადგან ამისთვის საჭიროა, მთავარი ყურადღება იეჰოვას მსახურებაზე გადავიტანოთ და სხვების ინტერესები საკუთარზე წინ დავაყენოთ.
რატომ ღირს თავმდაბლობის განვითარება?
თავმდაბლობა გამორიცხავს სიამაყესა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ქონას. თავმდაბლობის განვითარებაში დაგვეხმარება ის, თუ რეალურად შევაფასებთ საკუთარ თავს — ჩვენს ძლიერ თუ სუსტ მხარეებს, ჩვენს წარმატებასა თუ წარუმატებლობას. ამასთან დაკავშირებით პავლე შესანიშნავ რჩევას გვაძლევს: „ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ ისე იფიქრეთ, რომ საღი აზროვნება გქონდეთ“ (რომაელები 12:3). ყველა, ვინც ამ რჩევას მიჰყვება, თავმდაბლობას ავლენს.
თავმდაბლობას მაშინაც ვავლენთ, როდესაც სხვების ინტერესებს საკუთარზე წინ ვაყენებთ. ღვთის შთაგონებით პავლე თანაქრისტიანებს მოუწოდებდა: „ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად“ (ფილიპელები 2:3). ეს სიტყვები ზუსტად შეესაბამება იმას, რაც იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „თქვენ შორის უდიდესი თქვენი მსახური იყოს; ვინც თავს იმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს იმდაბლებს, ამაღლდება“ (მათე 23:11, 12).
დიახ, თავმდაბლობა ღვთის თვალში გვამაღლებს. მოწაფე იაკობმა სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება: „დაიმდაბლეთ თავი იეჰოვას წინაშე და ის აგამაღლებთ“ (იაკობი 4:10). ვის არ სურს, რომ ის ღმერთმა აამაღლოს?
თავმდაბლობის ნაკლებობა ხშირად გამხდარა ადამიანთა შეხლა-შემოხლისა თუ კონფლიქტების მიზეზი. თავმდაბლობას კი ყოველთვის კარგი შედეგები მოაქვს. ჩვენ შეგვიძლია გავიხაროთ ღვთის კეთილგანწყობით (მიქა 6:8). ჩვენ გვექნება სულის სიმშვიდე, რადგან თავმდაბალი ადამიანი უფრო ბედნიერი და კმაყოფილია, ვიდრე ამაყი (ფსალმუნი 101:5). ჩვენთვის უფრო ადვილი და სასიამოვნო იქნება ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, თანამშრომლებთან თუ სხვებთან. თავმდაბალი ადამიანი მაქსიმალურად ერიდება იმას, რომ ვინმესთან უსიამოვნება მოუვიდეს და ზედმეტად მომთხოვნი იყოს, რათა არ გააღიზიანოს სხვები, მათთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს და სხვების გულისწყრომა არ გამოიწვიოს (იაკობი 3:14—16).
მართლაც, თავმდაბლობის განვითარება ხელს უწყობს სხვებთან კარგ ურთიერთობას. ეს თვისება დაგვეხმარება იმაში, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ ეგოიზმითა და მეტოქეობის სულით გაჟღენთილ ქვეყნიერებას. ღვთის დახმარებით პავლე მოციქულმა შეძლო, დაეძლია ქედმაღლობა და სიამაყე. პავლეს მსგავსად ჩვენც წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ სიამაყისკენ მიდრეკილებას და უნდა მოვიშოროთ ისეთი აზროვნება, თითქოს სხვებზე უკეთესები ვიყოთ. ბიბლია გვაფრთხილებს: „სიამაყე წინ უძღვის დაცემას, ამპარტავნობის სული — წაბორძიკებას“ (იგავები 16:18). თუ მივბაძავთ პავლეს და მივყვებით მის რჩევას, დავინახავთ, რამდენად ბრძნულია ‘თავმდაბლობით შემოსვა’ (კოლოსელები 3:12).
[სურათი 4 გვერდზე]
პავლემ შეძლო ქედმაღლობისა და სიამაყის დაძლევა
[სურათი 7 გვერდზე]
თავმდაბლობა გვეხმარება სხვებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაში
[სურათის საავტორო უფლება 5 გვერდზე]
Anglo-Australian Observatory/David Malin Images