არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ჩემია ვერცხლი და ჩემია ოქრო“

„ჩემია ვერცხლი და ჩემია ოქრო“

„ჩემია ვერცხლი და ჩემია ოქრო“

ძველი წელთაღრიცხვით მეექვსე საუკუნეში სპარსეთის მეფე კიროსმა ღვთის ხალხი ბაბილონის ტყვეობიდან გაათავისუფლა. ათასობით მათგანი დაბრუნდა იერუსალიმში ტაძრის აღსადგენად, რომელიც იმ დროისთვის ნანგრევებად იყო ქცეული. სამშობლოში დაბრუნებულთა ეკონომიკური მდგომარეობა არასტაბილური იყო, მტრულად განწყობილი მეზობლებიც ხელს უშლიდნენ ტაძრის აღდგენას. ამიტომ მშენებლებიდან ზოგი ეჭვობდა კიდეც, საერთოდ თუ შეძლებდნენ ამ უმნიშვნელოვანესი საქმის ბოლომდე მიყვანას.

წინასწარმეტყველ ანგიას მეშვეობით იეჰოვამ დაარწმუნა მშენებლები, რომ ის მათთან იყო. „შევძრავ ხალხებს და მოვა ხალხთა საუნჯე; დიდებით ავავსებ ამ სახლს“, — თქვა ღმერთმა. მშენებლებს, რომლებსაც ისიც აღელვებდათ, ეყოფოდათ თუ არა სახსრები ტაძრის აღსადგენად, ანგიამ უთხრა: „ჩემია ვერცხლი და ჩემია ოქრო, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა“ (ანგია 2:7—9). ანგიას მიერ ამ გამამხნევებელი სიტყვების წარმოთქმიდან ხუთ წელიწადში საქმე წარმატებით დაგვირგვინდა (ეზრა 6:13—15).

ანგიას სიტყვები ჩვენს დროშიც ამხნევებს ღვთის მსახურებს, რომლებიც იეჰოვას თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ დიდ პროექტებს ახორციელებენ. 1879 წელს ერთგული და გონიერი მონის კლასმა დაიწყო ამ ჟურნალის გამოცემა, რომელსაც მაშინ „სიონის საგუშაგო კოშკი და ქრისტეს მოსვლის მაცნე“ ეწოდებოდა. ამ წლით დათარიღებულ ჟურნალში ნათქვამი იყო: «ჩვენ გვჯერა, რომ იეჰოვა უჭერს მხარს „სიონის საგუშაგო კოშკის“ გამოცემას. ამიტომ არასოდეს ვთხოვთ ადამიანებს ფინანსურ დახმარებას. თუ ის, რომელმაც თქვა: „ჩემია ვერცხლი და ჩემია ოქრო“, აღარ უზრუნველგვყოფს საჭირო სახსრებით, მაშინ მივხვდებით, რომ დროა შევწყვიტოთ ჟურნალის გამოცემა».

„საგუშაგო კოშკის“ გამოცემა არასოდეს შეწყვეტილა. ჟურნალის პირველი ნომერი ინგლისურ ენაზე 6 000 ეგზემპლარად დაიბეჭდა. დღეს კი ჟურნალი 161 ენაზე გამოიცემა *; თითოეული ნომრის საშუალო ტირაჟია 28 578 000. ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, რომელიც „საგუშაგო კოშკთან“ ერთად გამოდის, გამოიცემა 80 ენაზე და მისი საშუალო ტირაჟია 34 267 000.

იეჰოვას მოწმეები მრავალ საქმეს ასრულებენ, რომლებიც, ისევე როგორც „საგუშაგო კოშკი“, ერთ მიზანს ემსახურება — იეჰოვას, როგორც სამყაროს უზენაესი უფლის განდიდებას და მისი სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გაცხადებას (მათე 24:14; გამოცხადება 4:11). იეჰოვას მოწმეები დღესაც ღრმად არიან დარწმუნებულნი იმ სიტყვების ჭეშმარიტებაში, რომლებიც 1879 წელს „სიონის საგუშაგო კოშკში“ დაიბეჭდა. მოწმეებს სწამთ, რომ ღმერთი მხარს უჭერს მათ საქმიანობას და სახსრებითაც უზრუნველყოფს მათ მიერ წამოწყებულ ნებისმიერ საქმეს, რაც მის ნებასთან არის შეთანხმებული. მაგრამ, როგორ ფინანსდება იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა და რა პროექტებს ახორციელებენ ისინი, რომ მხარი დაუჭირონ მსოფლიოში სასიხარულო ცნობის ქადაგებას?

როგორ ფინანსდება იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა?

როდესაც იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ, მათ ხშირად უსვამენ კითხვას: „გიხდიან რამეს?“ ისინი პასუხობენ: „არაფერს“. მოწმეები უანგაროდ უძღვნიან თავიანთ დროს ამ საქმიანობას. ისინი მრავალ საათს უთმობენ სხვებთან იეჰოვას შესახებ ქადაგებას და ხალხს ბედნიერი მომავლის შესახებ ბიბლიურ იმედს უზიარებენ. ამისკენ მათ ღვთისადმი მადლიერება აღძრავთ. მოწმეები აფასებენ იმას, რასაც ღმერთი აკეთებს მათთვის და იმასაც, რამდენად გააუმჯობესა სასიხარულო ცნობამ მათი ცხოვრება და შეცვალა მათი აზროვნება. სწორედ ამიტომ ქადაგებენ ისინი და სურთ, რომ სხვების ცხოვრებაზეც დადებითი გავლენა მოახდინოს ღვთის სიტყვამ. ამგვარად, ისინი მიჰყვებიან იესოს მიერ მოცემულ პრინციპს: „უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით“ (მათე 10:8). იმის სურვილი, რომ იყვნენ იეჰოვასა და იესოს მოწმეები, აღძრავს მათ, საკუთარი სახსრები იმისთვის გამოიყენონ, რომ თავიანთ რწმენაზე ისაუბრონ სხვებთან, მათთანაც კი, რომლებიც მათგან საკმაოდ შორს ცხოვრობენ (ესაია 43:10; საქმეები 1:8).

სამქადაგებლო საქმიანობა დიდ მასშტაბებს აღწევს. ამ საქმის მხარდასაჭერად მრავალი საშუალება გამოიყენება, მაგალითად, სტამბები, ოფისები, საკონგრესო დარბაზები, მისიონერთა სახლები და სხვა მრავალი რამ. ეს ყოველივე კი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. როგორ ხდება ამ ხარჯების დაფარვა? ყველა ხარჯი იფარება ნებაყოფლობითი შესაწირავებით. ორგანიზაციის საქმიანობის მხარდასაჭერად იეჰოვას მოწმეები არც კრების წევრებისგან ითხოვენ ფულს და არც იმ ლიტერატურას ყიდიან, რომელსაც ავრცელებენ. თუ ვინმეს სურს მსოფლიო საგანმანათლებლო საქმის მხარდასაჭერად შესაწირავის გაკეთება, იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით იღებენ ასეთ შესაწირავს. მოდი განვიხილოთ ერთ-ერთი სფერო, რომელიც მხარს უჭერს მსოფლიოში სასიხარულო ცნობის ქადაგებას — ეს არის ბიბლიისა და ბიბლიური ლიტერატურის თარგმნა.

პუბლიკაციები 437 ენაზე ითარგმნება

ათწლეულებია, რაც იეჰოვას მოწმეთა ლიტერატურა მსოფლიოში გავრცელებულ იმ პუბლიკაციების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ყველაზე მეტ ენაზე ითარგმნება. ტრაქტატები, ბროშურები, ჟურნალები და წიგნები 437 ენაზე ითარგმნება. თარგმნა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა საქმიანობა, რომელიც მხარს უჭერს სასიხარულო ცნობის ქადაგებას, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მაგრამ როგორ ითარგმნება ლიტერატურა?

როდესაც იეჰოვას მოწმეთა პუბლიკაციების გამომცემლები საბოლოო სახეს აძლევენ ინგლისურ ტექსტს, მას ელექტრონული სახით უგზავნიან გამოცდილ მთარგმნელთა ჯგუფებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იმყოფებიან. თითოეული მთარგმნელობითი ჯგუფი პუბლიკაციებს თავის ენაზე თარგმნის. გამომდინარე იქიდან, თუ რამდენ პროექტზე მუშაობენ მთარგმნელები და რამდენად რთულია ის ენა, რომელზეც ისინი თარგმნიან, მთარგმნელობითი ჯგუფები შეიძლება 5—25 წევრისგან შედგებოდეს.

ნათარგმნი ტექსტი მოწმდება და მას უკეთდება კორექტურა. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ დედანში მოცემული აზრები რაც შეიძლება ზუსტად და ნათლად იყოს გადმოცემული. ეს სხვადასხვა სირთულესთან არის დაკავშირებული. ისეთ ტექსტზე მუშაობის დროს, რომელშიც სპეციფიკური ტერმინოლოგია გამოიყენება, სიზუსტის დასაცავად მთარგმნელებმა და კორექტორებმა საფუძვლიანი გამოკვლევა უნდა ჩაატარონ როგორც მშობლიურ ენაზე, ისე იმ ენაზე, საიდანაც ტექსტს თარგმნიან (ძირითადად პუბლიკაციები ითარგმნება ინგლისურიდან; თარგმანი ზოგჯერ ფრანგულად, რუსულად ან ესპანურად ნათარგმნი ტექსტიდანაც კეთდება). მაგალითად, „გამოიღვიძეთ!“-ის სტატიის თარგმნა, რომელიც ტექნიკური ან ისტორიული ხასიათისაა, ძალიან დიდ გამოკვლევას მოითხოვს.

ბევრი მთარგმნელი მსახურობს იეჰოვას მოწმეთა ფილიალებში სრული დროით ან დროდადრო. სხვები მთარგმნელობით საქმეს ასრულებენ იქ, სადაც იმ ენაზე საუბრობენ, რომელზეც თარგმნიან. მთარგმნელებს თავიანთი საქმის შესრულებისთვის ხელფასს არ უხდიან. მთარგმნელებს, რომლებიც სრული დროით მსახურობენ, უზრუნველყოფენ საცხოვრებლითა და საკვებით; ასევე მათ ეძლევათ ჯიბის ფული წვრილმანი ხარჯებისთვის. მთელ მსოფლიოში დაახლოებით 2 800 მოწმე მსახურობს მთარგმნელად. ამჟამად იეჰოვას მოწმეთა 98 ფილიალი ზედამხედველობს მთარგმნელობით ჯგუფებს, რომლებიც უშუალოდ ფილიალებში ან სხვა ადგილას თარგმნიან პუბლიკაციებს. მაგალითად, მხოლოდ რუსეთის ფილიალი ხელმძღვანელობას უწევს 230-ზე მეტ მთარგმნელს. მათგან ზოგი სრული დროით მსახურობს როგორც მთარგმნელი, ზოგი კი დროდადრო ეხმარება მთარგმნელობით განყოფილებას. ამ ფილიალის ზედამხედველობით პუბლიკაციები ითარგმნება 30-ზე მეტ ენაზე, მათ შორის ზოგ ნაკლებად ცნობილ ენაზე — მაგალითად, ჩუვაშურზე, ოსურსა თუ უიღურულზე.

თარგმანის ხარისხის გაუმჯობესება

ვისაც უცდია უცხო ენის სწავლა, ალბათ იცის, რომ ადვილი არ არის რთული აზრების ზუსტად თარგმნა. თარგმნის დროს მთავარი მიზანი ის არის, რომ პირველწყაროში მოცემული ინფორმაცია ზუსტად იყოს გადმოცემული და ამავე დროს თარგმანი იკითხებოდეს ბუნებრივად, თითქოს ტექსტი ამ ენაზე ყოფილიყოს დაწერილი. ასეთი თარგმანის გაკეთება კი ნამდვილი ხელოვნებაა! ახალბედა მთარგმნელებს წლები სჭირდებათ იმისთვის, რომ დახელოვნდნენ თარგმნაში. მთარგმნელების დასახმარებლად იეჰოვას მოწმეებს სწავლების სხვადასხვა პროგრამა აქვთ შემუშავებული. დროდადრო გამოცდილი ძმები ინახულებენ მთარგმნელობით ჯგუფებს, რათა დაეხმარონ მათ თარგმნის მეთოდების გაუმჯობესებასა და სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამის გამოყენებაში.

სწავლების ასეთი პროგრამის წყალობით შესანიშნავი შედეგები მიიღწევა. მაგალითად, ნიკარაგუაში არსებული იეჰოვას მოწმეთა ფილიალიდან იტყობინებიან: „ჩვენს მთარგმნელებს, რომლებიც მისკიტო ენაზე თარგმნიან, მექსიკის ფილიალიდან ჩამოსულმა ძმამ თარგმნის მეთოდები და ტექნიკა შეასწავლა. ამან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მთარგმნელების მუშაობა. თარგმნის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა“.

სიტყვები, რომლებიც გულამდე აღწევს

ორგანიზაცია დიდ ძალისხმევას ახმარს იმას, რომ ბიბლია და ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურა ითარგმნოს ხალხის მშობლიურ ენაზე, რადგან საკუთარ ენაზე წაკითხული უფრო მეტად სწვდება ადამიანის გულს. 2006 წელს ბულგარეთში მცხოვრებმა იეჰოვას მოწმეებმა დიდად გაიხარეს, როდესაც გაიგეს, რომ ბულგარულ ენაზე გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. ბულგარეთის ფილიალმა მადლიერების გამომხატველი მრავალი წერილი მიიღო. კრების წევრები ამბობენ, რომ „ბიბლია ახლა არა მხოლოდ მათ გონებას, არამედ მათ გულსაც ეხება“. სოფიაში მცხოვრებმა ერთმა ხანდაზმულმა მამაკაცმა ასეთი სიტყვები თქვა: „წლებია, რაც ბიბლიას ვკითხულობ, მაგრამ ეს თარგმანი ყველაზე ადვილი გასაგებია. ის პირდაპირ გულამდე აღწევს“. მსგავსადვე, ალბანეთში მთლიანი ბიბლიის, „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“, გამოცემის შემდეგ ერთმა ადგილობრივმა მოწმემ თქვა: „რა ლამაზად ჟღერს ღვთის სიტყვა ალბანურად! ჩვენთვის დიდი პატივია, რომ იეჰოვა ჩვენს მშობლიურ ენაზე გველაპარაკება!“

მთარგმნელობითი ჯგუფი მთლიანი ბიბლიის თარგმანზე შეიძლება რამდენიმე წელი მუშაობდეს. მაგრამ, განა არ ღირს ძალისხმევად, როდესაც მილიონობით ადამიანი პირველივე წაკითხვისთანავე იგებს ღვთის სიტყვას?!

„ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ“

თარგმნა, რასაკვირველია, მხოლოდ ერთია იმ მრავალი სფეროდან, რომელიც ხელს უწყობს სასიხარულო ცნობის ქადაგებას. ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების წერა, ბეჭდვა, ტრანსპორტირება, აგრეთვე სხვა მრავალი საქმიანობა, რომელსაც ეწევიან იეჰოვას მოწმეთა ფილიალებში, რაიონებსა და კრებებში, დიდ ძალისხმევასა და ხარჯებს მოითხოვს. მიუხედავად ამისა, ღვთის ხალხი ‘მზადყოფნით გამოდის’ ამ საქმის შესასრულებლად (ფსალმუნი 110:3). ისინი დიდ პატივად მიიჩნევენ იმას, რომ შეუძლიათ საკუთარი წვლილი შეიტანონ ღვთის საქმეში, რის გამოც იეჰოვა მათ თავის „თანამშრომლებად“ თვლის (1 კორინთელები 3:5—9).

თავისთავად ცხადია, რომ ის, ვინც ამბობს „ჩემია ვერცხლი და ჩემია ოქრო“, არ არის დამოკიდებული ჩვენს ფინანსურ მხარდაჭერაზე, რომ თავისი საქმე შეასრულოს. მაგრამ იეჰოვამ თავის მსახურებს დიდი პატივი არგუნა წილად — ის საშუალებას აძლევს მათ, მონაწილეობა მიიღონ მისი სახელის განწმენდაში იმით, რომ ფულადი შესაწირავებით მხარი დაუჭირონ „ყველა ხალხისთვის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტების ქადაგებას (მათე 24:14; 28:19, 20). განა თქვენც არა ხართ აღძრული, მხარი დაუჭიროთ საქმეს, რომელიც აღარასოდეს განმეორდება?!

[სქოლიო]

^ აბზ. 5 იმ ენების ჩამონათვალი, რომლებზეც გამოიცემა „საგუშაგო კოშკი“, შეგიძლიათ იხილოთ ჟურნალის მე-2 გვერდზე.

[ჩარჩო 18 გვერდზე]

„ისინი სერიოზულ საკითხებზე გვაფიქრებს“

14 წლის გოგონამ კამერუნში იეჰოვას მოწმეთა ფილიალს მისწერა: «მას შემდეგ, რაც მომავალი წლისთვის საჭირო სასკოლო ნივთები შევიძინე, ორი შარშანდელი სახელმძღვანელო გავყიდე 2 500 ფრანკად [5 ამერიკული დოლარი]. მე ვწირავ ამ თანხას და თან ვუმატებ 910 ფრანკს [1,82 დოლარი] ჩემი დანაზოგიდან. გთხოვთ, კვლავაც განაგრძოთ შესანიშნავი საქმის კეთება. გმადლობთ ჟურნალებისთვის „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ ისინი სერიოზულ საკითხებზე გვაფიქრებს».

[ჩარჩო/სურათი 18 გვერდზე]

განსაკუთრებული შესაწირავი

იეჰოვას მოწმეთა მექსიკის ფილიალმა შემდეგი შინაარსის წერილი მიიღო მანუელისგან, ექვსი წლის მადლიერი ბიჭუნასგან, რომელიც ჩიაპასის შტატში ცხოვრობს. რამდენადაც მანუელმა ჯერ წერა არ იცის, მისი სახელით მისმა მეგობარმა დაწერა წერილი. მანუელი ამბობს: „ბებიაჩემმა დედალი ღორი მაჩუქა. როდესაც ღორმა გოჭები დაყარა, მათგან ყველაზე უკეთესი გამოვარჩიე და კრების წევრების დახმარებით გავზარდე. დიდი სიყვარულით გიგზავნით იმ ფულს, რომელიც ღორის გაყიდვით ავიღე. ღორი იწონიდა 100 კილოგრამს. მე ის 1 250 პესოდ [110 ამერიკული დოლარი] გავყიდე. გთხოვთ, ეს ფული იეჰოვასთვის გამოიყენოთ“.

[ჩარჩო 19 გვერდზე]

‘ეს თანხა ბიბლიის სათარგმნად გამოიყენეთ’

უკრაინაში 2005 წელს ჩატარებულ საოლქო კონგრესზე გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ უკრაინულ ენაზე. მეორე დღეს კონგრესზე შესაწირავების ყუთში ასეთი წერილი ნახეს: «მე ცხრა წლის ვარ. დიდი მადლობა „ბერძნული წერილებისთვის“. მე და ჩემს უმცროს ძმას დედიკო გვაძლევდა ფულს, რომ სკოლაში ავტობუსით წავსულიყავით. როდესაც არ წვიმდა, სკოლაში ფეხით მივდიოდით და 50 გრივნა [10 ამერიკული დოლარი] დავზოგეთ. მე და ჩემს ძმას გვინდა, რომ ეს თანხა უკრაინულ ენაზე მთელი ბიბლიის სათარგმნად გამოიყენოთ».

[ჩარჩო 20, 21 გვერდებზე]

როგორ შეგვიძლია შესაწირავების გაღება?

შესაწირავები მსოფლიო საქმისთვის

ბევრი გადადებს ხოლმე ანუ წინასწარ გამოყოფს გარკვეულ თანხას, რომელსაც აგდებს შესაწირავების ყუთში წარწერით „შესაწირავები სამეფო საქმისთვის (მათე 24:14)“.

ამ თანხას კრებები ყოველთვიურად აგზავნიან საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების ადგილობრივ ფილიალში. ნებაყოფლობითი ფულადი შესაწირავები შეიძლება პირადადაც გაგზავნოთ საზოგადოების იმ ფილიალში ან ოფისში, რომელიც თქვენს ქვეყანას ემსახურება. ამ შესაწირავებს თან უნდა ახლდეს მოკლე წერილი, სადაც აღნიშნული იქნება, რომ ეს ძღვენს წარმოადგენს.

წინასწარ გათვალისწინებული შესაწირავები

პირდაპირი ფულადი შესაწირავების გარდა, მსოფლიო მასშტაბით სამეფო საქმის მხარდასაჭერად სხვა მეთოდებიც არსებობს. მაგალითად:

უძრავი ქონება: გასაყიდად ვარგისი უძრავი ქონება შეიძლება შეწირულ იქნეს საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების ფილიალისთვის პირდაპირ ან შემწირველის უფლების დაცვით, რომ ისარგებლოს თავისი ქონებით სიცოცხლის ბოლომდე. შემწირველი უნდა დაუკავშირდეს საზოგადოებას, სანამ გააფორმებს საზოგადოებისთვის უძრავი ქონების გადაცემის აქტს.

ანდერძი: ქონება ან ფულადი სახსრები შეიძლება ანდერძით გადაეცეს საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოებას კანონით დადგენილი წესების მიხედვით. საზოგადოებას უნდა გაეგზავნოს ანდერძის ასლი.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საზოგადოების ადგილობრივ ფილიალს ან ოფისს, რომელიც თქვენს ქვეყანას ემსახურება.

[სურათები 19 გვერდზე]

მთარგმნელები, რომლებიც მისკიტო ენაზე თარგმნიან (ნიკარაგუას ფილიალი)