აზრიანად ცხოვრება შესაძლებელია!
აზრიანად ცხოვრება შესაძლებელია!
მრავალი დღეს იმისთვის ცხოვრობს, რომ ფული იშოვოს და შეიძინოს ყველაფერი, რაც ფულზე იყიდება. ზოგი სახელისთვის ცხოვრობს, ზოგიც — ხელოვნების სრულყოფისთვის, სხვათა მიზანი კი სხვებისთვის დახმარების გაწევაა. მაგრამ, ბევრმა არ იცის, რისთვის ცხოვრობს და რა აზრი აქვს მის ცხოვრებას.
რა შეიძლება ითქვას თქვენზე? გიფიქრიათ სერიოზულად იმაზე, რა აზრი აქვს ცხოვრებას? ხომ არ განგვეხილა ზოგი იმ მიზანთაგანი, რომელთაც, ჩვეულებრივ, ადამიანები ისახავენ, და გვენახა, მოაქვს თუ არა მათ განხორციელებას კმაყოფილება? რა ხდის ცხოვრებას აზრიანს?
ფულსა და სიამოვნებას თავისი დანიშნულება აქვს
ბიბლიაში, კერძოდ, ეკლესიასტეს 7:12-ში ნათქვამია: „სიბრძნეც იცავს კაცს და ფულიც; ცოდნა იმით უპირატესობს, რომ სიბრძნესთან ერთად სიცოცხლეს უნარჩუნებს მის მქონეთ“. დიახ, ფული საჭიროა. მის გარეშე ვერ იცხოვრებთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა გაკისრიათ (1 ტიმოთე 5:8).
როგორი იქნებოდა ცხოვრება იმ მრავალგვარი სიამოვნების გარეშე, რომელიც ფულით მიიღწევა? ქრისტიანობის ფუძემდებელი იესო ქრისტე ამბობდა, მათე 8:20; იოანე 2:1—11; 19:23, 24).
რომ „თავის დასადები ადგილი“ არ ჰქონდა, თუმცა დროდადრო დიდი სიამოვნებით მიირთმევდა საუკეთესო საკვებსა და ღვინოს; ის არც ძვირფასი ტანსაცმლის ტარებაზე ამბობდა უარს (მაგრამ იესოს მთავარი მიზანი სიამოვნების ძიება არ ყოფილა. მას ცხოვრებაში პრიორიტეტები მკაფიოდ ჰქონდა დადგენილი. იესომ თქვა: „ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“. შემდეგ მოჰყვა იგავს ერთ მდიდარ კაცზე, რომელსაც კარგი მოსავალი მოუვიდა და, რომელიც თავისთვის ფიქრობდა: «„რა ვქნა, ადგილი არა მაქვს მოსავლის დასაბინავებლად?“ . . . „ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ დავაბინავებ მთელ ჩემს ხორბალსა და დოვლათს. შემდეგ ვეტყვი ჩემს სულს: სულო, ბევრი დოვლათი გაქვს დაგროვებული, მრავალი წლის სამყოფი, დაისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე“». რატომ იყო არასწორი ამგვარად ფიქრი? იგავში შემდეგ ნათქვამია: «ღმერთმა უთხრა მას [მდიდარ კაცს]: „უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ და ვიღას დარჩება, რაც მოაგროვე?“». მდიდარმა კაცმა მოსავალი კი დააბინავა, მაგრამ მოკვდა და დაგროვებული სიმდიდრით ვერ ისარგებლა. ბოლოს იესომ თავის მსმენელებს უთხრა: „ასე ემართება კაცს, რომელიც თავისთვის აგროვებს განძს და ღვთის თვალში არ არის მდიდარი“ (ლუკა 12:13—21).
რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ფული და ჩვენს ცხოვრებაში სიამოვნებასაც თავისი ადგილი აქვს. მაგრამ ჩვენთვის უმთავრესი არც ერთია და არც მეორე; უმნიშვნელოვანესი ღვთის თვალში გამდიდრება ანუ ღვთის მოსაწონად ცხოვრებაა.
მნიშვნელოვანია სახელის მოხვეჭა?
მრავალი სახელის მოსახვეჭად ცხოვრობს. ცუდი არ არის იმის სურვილი, რომ კარგი სახელი გქონდეს. ბიბლიაში ნათქვამია: „კარგი სახელი სჯობია კარგ ზეთს, სიკვდილის დღე — დაბადების დღეს“ (ეკლესიასტე 7:1).
სიკვდილის დღეს, ასე ვთქვათ, ადამიანის ცხოვრების ისტორია უკვე დაწერილია. თუ ადამიანმა სიკვდილამდე კარგი საქმეები აკეთა, მაშინ მისი სიკვდილის დღე ბევრად უკეთესია, ვიდრე დაბადების დღე, როცა სრულიად გაურკვეველი იყო, თუ როგორ იცხოვრებდა.
ბიბლიის წიგნი „ეკლესიასტე“ მეფე სოლომონმა დაწერა. სოლომონის უფროს ნახევარძმას აბესალომს სურდა, მისი სახელი თაობებს ხსომებოდა; მაგრამ სამი ვაჟი, რომელთა საშუალებითაც მისი სახელი მომდევნო თაობებს გადაეცემოდა, როგორც ჩანს, პატარაობისას დაეღუპა. რა გააკეთა აბესალომმა? ბიბლიაში ნათქვამია: „მეფის ველზე სვეტი აღიმართა აბესალომმა და ამბობდა, ვაჟი არა მყავს, რომ ჩემი სახელი იხსენიებოდესო. [ამ] სვეტს თავისი სახელი უწოდა“ (2 სამუელი 14:27; 18:18). ეს სვეტი დღემდე არ არის ნაპოვნი. რაც შეეხება აბესალომს, ბიბლიის მკვლევართათვის ის ცნობილია, როგორც მეამბოხე, რომელმაც საკუთარი მამის, დავითის, ტახტის ხელში ჩასაგდებად შეთქმულება მოაწყო.
დღეს ბევრი ცდილობს, თავისი მიღწევებით უკვდავყოს საკუთარი სახელი. ისინი ცდილობენ განდიდდნენ იმ ხალხის თვალში, რომელთა გემოვნებაც ძალიან სწრაფად იცვლება. მაგრამ რა მოსდის ასეთ დიდებას? ერთ-ერთ წიგნში კრისტოფერ ლაში წერს: „ჩვენს დროში, როდესაც წარმატება დიდად არის დამოკიდებული ახალგაზრდობაზე, მომხიბვლელობასა და ორიგინალურობაზე, დიდება უფრო სწრაფად წარმავალია, ვიდრე ოდესმე,
ამიტომ ცნობილ ადამიანებს გამუდმებით აწუხებთ იმაზე ფიქრი, რომ დიდებას დაკარგავენ“ (The Culture of Narcissism). შედეგად, მრავალი სახელგანთქმული ადამიანი ნარკოტიკებს იღებს და ალკოჰოლს ეძალება, რაც ხშირად მათ უდროო სიკვდილს იწვევს. მართლაც, რომ ამაოა დიდების ძიება.მაშ, ვის თვალში უნდა გვქონდეს კარგი სახელი? იეჰოვამ წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით თავისი კანონის დამცველ ხალხზე თქვა: „მივცემ მათ ჩემს სახლში და ჩემს კედლებს შორის ძეგლს და სახელს . . . მივცემ მათ მარადიულ სახელს, რომელიც არ მოისპობა“ (ესაია 56:4, 5). ღვთის მოსაწონ მორჩილ ადამიანებს ექნებათ „ძეგლი და სახელი“. ღმერთს „მარადიულად“ ეხსომება მათი სახელები, რომლებიც „არ მოისპობა“. ბიბლია ჩვენი შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის თვალში სწორედ ასეთი კარგი სახელის მოპოვებისკენ მოგვიწოდებს.
ესაია წინასწარმეტყველებდა დროზე, როდესაც ერთგული ადამიანები დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად იცხოვრებდნენ. სამოთხეში „მარადიული სიცოცხლე“ არის „ჭეშმარიტი სიცოცხლე“ ანუ ისეთი სიცოცხლე, როგორიც ადამიანების შექმნისას ღმერთს მათთვის ჰქონდა განზრახული (1 ტიმოთე 6:12, 19). განა არ უნდა ვისწრაფოთ მარადიული სიცოცხლისკენ, ნაცვლად იმისა, რომ წარმავალი და ისეთი ცხოვრებით ვიცხოვროთ, რომელიც კმაყოფილებას არ მოგვიტანს?!
იყო ხელოვანი ან ქველმოქმედი საკმარისი არ არის
ბევრი მხატვარი ცდილობს, ისე დახვეწოს თავისი სტილი, რომ მაქსიმალურად მიუახლოოს შემოქმედებითი სრულყოფილების ინდივიდუალურ აღქმას. ამ მიზნის მისაღწევად სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა. წინა სტატიაში მოხსენიებული ჰიდეო 90 წელს გადაცილებული იყო, როდესაც ჯერ კიდევ სტილის დახვეწაზე მუშაობდა. მაშინაც კი, როდესაც ხელოვანი ისე ხვეწს სტილს, რომ თავისი ნამუშევრებით კმაყოფილია, იმდენის გაკეთება აღარ შეუძლია, რამდენსაც ახალგაზრდობაში გააკეთებდა. მაგრამ წარმოიდგინეთ რამდენს გააკეთებდა ის, მარადიულად რომ ეცხოვრა? რა დიდი შესაძლებლობები ექნებოდა მას, თავისი ნამუშევრების დასახვეწად!
რა შეიძლება ითქვას ქველმოქმედებაზე? ქებას იმსახურებს ადამიანი, რომელიც ღარიბებზე ფიქრობს და მათ დასახმარებლად სახსრებს არ იშურებს. ბიბლიაში ნათქვამია: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). სხვების კეთილდღეობაზე ზრუნვა, მართლაც დიდი კმაყოფილების მომგვრელია. მაგრამ რამდენის გაკეთებას შეძლებდა მხოლოდ ერთი ადამიანი, ქველმოქმედებისთვის მთელი სიცოცხლეც რომ მიეძღვნა? სხვებისთვის ტანჯვის შემსუბუქების როგორი ძლიერი სურვილიც უნდა გვქონდეს, ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია. ძალიან დიდი თანხაც ვერ დააკმაყოფილებს ადამიანთა ძირითად მოთხოვნილებას, რომელსაც უმრავლესობა უგულებელყოფს და მთელი ცხოვრების განმავლობაში არ იკმაყოფილებს. რა მოთხოვნილებაზეა აქ საუბარი?
თანდაყოლილი მოთხოვნილების დაკმაყოფილება აუცილებელია
მთაზე ქადაგებისას იესომ თანდაყოლილი ძირითადი მოთხოვნილება მოიხსენია, როდესაც თქვა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი, რადგან მათია ზეციერი სამეფო“ (მათე 5:3). მაშასადამე, ბიბლიის თანახმად, ჭეშმარიტი ბედნიერება სიმდიდრეზე, დიდებაზე, ხელოვნებაში მიღწეულ წარმატებებზე ან ქველმოქმედებაზე არ არის დამოკიდებული. ის დამოკიდებულია სულიერი — ღვთისადმი თაყვანისცემის — მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე.
მოციქული პავლე მათ, ვინც შემოქმედს არ იცნობდა, მოუწოდებდა, გაეცნოთ ის. პავლემ თქვა: „[ღმერთმა] ერთი ადამიანიდან შექმნა ყველა ხალხი, რათა მთელი დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ, და დასასახლებლად დაუნიშნა დროები და დაუდო საზღვრები, რათა ეძებნათ ღმერთი, იქნებ როგორმე ეგრძნოთ იგი, და ეპოვათ, თუმცა ის შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან, რადგან მისით ვცოცხლობთ, ვმოძრაობთ და ვარსებობთ“ (საქმეები 17:26—28).
ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემის მოთხოვნილების დაკმაყოფილება ბედნიერების საწინდარია. სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება „ჭეშმარიტი სიცოცხლის“ მიღების შესაძლებლობასაც
გვაძლევს. განვიხილოთ ტერეზას შემთხვევა. თავის ქვეყანაში ტელეეკრანიდან ის ბევრმა გაიცნო. ის იყო პირველი შავკანიანი ქალი, რომელმაც სერიალში მთავარი როლი შეასრულა. მაგრამ მალე მან დატოვა კინოინდუსტრია. რატომ? ტერეზამ თქვა: „დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანი საუკეთესოდ მაშინ ცხოვრობს, როდესაც ღვთის სიტყვაში მოცემულ რჩევებს ითვალისწინებს“. ტერეზას არ სურდა, სექსისა და ძალადობის ამსახველ სერიალებში მონაწილეობით ღმერთთან თავისი ურთიერთობისთვის ზიანი მიეყენებინა. ის აღარ იყო ტელევარსკვლავი, მაგრამ არჩეული ცხოვრების გზა ნამდვილ კმაყოფილებას ანიჭებდა, რადგან ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას სრული დროით ქადაგებდა და ხალხს ღმერთთან კარგი ურთიერთობის განვითარებაში ეხმარებოდა.მისმა ყოფილმა თანამშრომელმა, მას შემდეგ, რაც ტერეზამ მსახიობობას თავი დაანება, თქვა: „ძალიან მეწყინა, რომ ტერეზამ თავის კარიერაზე ასე ხელაღებით თქვა უარი. მაგრამ აშკარაა, ის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და კმაყოფილების მომგვრელი საქმით დაკავდა“. მოგვიანებით ტერეზა დაიღუპა. მისი სიკვდილის შემდეგ ამ თანამშრომელმა აღნიშნა: „ის ბედნიერი იყო. ამ ცხოვრებისგან მეტი რაღა უნდა ადამიანს. რამდენ ჩვენგანზე შეიძლება იმის თქმა, რომ ბედნიერია?“ მათ, ვინც ღმერთთან ურთიერთობას ცხოვრებაში პირველ ადგილზე აყენებს, მაგრამ კვდება, მკვდრეთით აღდგომის შესანიშნავი პერსპექტივა აქვთ (იოანე 5:28, 29).
შემოქმედს დედამიწასა და ადამიანებთან დაკავშირებით კონკრეტული განზრახვა აქვს. მისი სურვილია, გაიგოთ, თუ რა აქვს მას განზრახული, და მარადიულად იცხოვროთ სამოთხეში დედამიწაზე (ფსალმუნი 37:10, 11, 29). სწორედ ახლაა იმის დრო, რომ მეტი გაიგოთ ცისა და დედამიწის შემოქმედის, იეჰოვას შესახებ, და იმის შესახებ, თუ რა განზრახვა აქვს მას თქვენ მიმართ. იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებოდნენ ამ ყოველივეს გაგებაში. გთხოვთ, დაუკავშირდეთ მათ ან მისწეროთ ამ ჟურნალის გამომცემლებს.
[სურათი 5 გვერდზე]
რატომ იყო არასწორი იესოს იგავში მოყვანილი მდიდრის აზროვნება?
[სურათი 7 გვერდზე]
გსურთ მარადიულად იცხოვროთ სამოთხეში დედამიწაზე?