არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

განივითარეთ თვისებები, რომლებიც მოწაფეების მომზადებაში დაგეხმარებათ

განივითარეთ თვისებები, რომლებიც მოწაფეების მომზადებაში დაგეხმარებათ

განივითარეთ თვისებები, რომლებიც მოწაფეების მომზადებაში დაგეხმარებათ

„წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“ (მათე 28:19).

1. რა საქმის ცოდნა და როგორი აზროვნების განვითარება სჭირდებოდათ ძველ დროს მცხოვრებ ღვთის მსახურებს?

იეჰოვას მსახურები ზოგჯერ ბევრ რამეში უნდა დახელოვდნენ და ისეთი აზროვნება უნდა განივითარონ, რაც ღვთის ნების შესრულებაში დაეხმარებათ. მაგალითად, ღვთის მითითების მიღების შემდეგ აბრაამმა და სარამ დატოვეს კეთილმოწყობილი ქალაქი ური და ისეთი თვისებებისა და უნარის გამომუშავება დასჭირდათ, რაც კარვებში ცხოვრებისას გამოადგებოდათ (ებრაელები 11:8, 9, 15). ისრაელები აღთქმულ ქვეყანაში რომ შეეყვანა, იესო ნავეს ძეს გამბედაობა, იეჰოვასადმი მინდობა და იეჰოვას კანონების ცოდნა სჭირდებოდა (იესო ნავეს ძე 1:7—9). მიუხედავად იმისა, რომ ბეცალელი და ოჰოლიაბი დახელოვნებული ოსტატები იყვნენ, ღვთის წმინდა სულის ზემოქმედებით ისინი კიდევ უფრო დაოსტატდნენ და დაიხვეწნენ, რის შედეგადაც ამ მამაკაცებმა წარმატებით შეძლეს კარვის მშენებლობასა და მასთან დაკავშირებულ სამუშაოებში მონაწილეობის მიღება და ამ მშენებლობისთვის ხელმძღვანელობის გაწევა (გამოსვლა 31:1—11).

2. მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებით, რომელ კითხვებს გაეცემა პასუხები?

2 საუკუნეების შემდეგ იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს დაავალა: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან . . . ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათე 28:19, 20). ხალხს მსგავსი შესაძლებლობა ადრე არასდროს ჰქონია. რა თვისებებია საჭირო იმისათვის, რომ ხალხი მოწაფეებად მოვამზადოთ? როგორ შეგვიძლია ამ თვისებების განვითარება?

გამოავლინეთ ღვთისადმი დიდი სიყვარული

3. რის შესაძლებლობას გვაძლევს მოწაფეების მომზადების შესახებ მითითება?

3 ძალიან უნდა გვიყვარდეს იეჰოვა იმისათვის, ხალხთან რომ მივიდეთ და შევეცადოთ მათ დარწმუნებას, თაყვანი სცენ ჭეშმარიტ ღმერთს. ისრაელებს ღვთისადმი თავიანთი სიყვარულის დამტკიცება მისი მცნებების დაცვით, მისაღები მსხვერპლის შეწირვითა და სიმღერებში მისი განდიდებით შეეძლოთ (კანონი 10:12, 13; 30:19, 20; ფსალმუნი 21:13; 96:1, 2; 138:5). ჩვენ, როგორც მასწავლებლები, ვიცავთ ღვთის კანონებს და სხვებთან იეჰოვას თვისებებისა და განზრახვების შესახებ საუბრით იეჰოვას მიმართ სიყვარულს ვავლენთ. საჭიროა, დამაჯერებლად ვისაუბროთ და სათანადო სიტყვები შევარჩიოთ, რათა ხალხს გულწრფელად მოვუთხროთ ღვთის მიერ მოცემული იმედის შესახებ (1 თესალონიკელები 1:5; 1 პეტრე 3:15).

4. რატომ სიამოვნებდა იესოს იეჰოვას შესახებ ლაპარაკი?

4 იესოს ძალიან უყვარდა იეჰოვა, რის გამოც ის დიდი სიამოვნებით ლაპარაკობდა ღვთის განზრახვის, სამეფოს და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის შესახებ (ლუკა 8:1; იოანე 4:23, 24, 31). იესომ თქვა: „ჩემი საჭმელი ის არის, რომ ჩემი გამომგზავნელის ნება შევასრულო და მისი საქმე დავასრულო“ (იოანე 4:34). ფსალმუნმომღერლის შემდეგი სიტყვები იესოს უკავშირდება: „შენი ნების შესრულება მახარებს, ჩემო ღმერთო, და ჩემშია შენი კანონი. დიდ კრებულში ვაცხადებ სასიხარულო ცნობას სიმართლეზე. არ ვაკავებ ბაგეებს. იეჰოვა, შენ კარგად იცი ეს“ (ფსალმუნი 40:8, 9; ებრაელები 10:7—10).

5, 6. რომელი ძირითადი თვისებაა საჭირო მოწაფეების მოსამზადებლად?

5 ღვთის სიყვარულით აღძრული ადამიანები, რომლებმაც ახლახან გაიგეს ბიბლიური ჭეშმარიტება, ზოგჯერ იეჰოვასა და სამეფოს შესახებ ისეთი დამაჯერებლობით ლაპარაკობენ, რომ დიდი წარმატებით არწმუნებენ ხალხს, ბიბლია გამოიკვლიონ (იოანე 1:41). ღვთისადმი სიყვარული ძირითადი აღმძვრელი ძალაა მოწაფეების მოსამზადებლად. ამიტომ, მოდი, ღვთის სიტყვის რეგულარული კითხვით და მასზე ფიქრით შევინარჩუნოთ ეს სიყვარული (1 ტიმოთე 4:6, 15; გამოცხადება 2:4).

6 უდავოა, რომ იეჰოვას მიმართ სიყვარული დაეხმარა იესო ქრისტეს, გამხდარიყო თავდაუზოგავი მასწავლებელი. მაგრამ არა მარტო ამ მიზეზით იყო იესო სამეფოს შესახებ ეფექტური მქადაგებელი. მაშ, კიდევ რომელმა თვისებამ გახადა იესო ეფექტური მასწავლებელი?

სიყვარულით იზრუნეთ ხალხზე

7, 8. როგორ უყურებდა იესო ხალხს?

7 იესო ზრუნავდა ხალხზე და მათ მიმართ დიდ ინტერესს ავლენდა. როდესაც იესო ღმერთთან იყო როგორც ოსტატი, მაშინაც კი ხარობდა დედამიწის შემყურე (იგავები 8:30, 31). დედამიწაზე ყოფნისას იესო თანაგრძნობით ეკიდებოდა ხალხს და ის გამომაცოცხლებელი იყო ყველასთვის, ვინც მასთან მივიდოდა (მათე 11:28—30). იესო ირეკლავდა იეჰოვას თვისებებს, სიყვარულსა და თანაგრძნობას, რაც ადამიანებს აღძრავდა ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთისთვის ეცათ თაყვანი. იესოს ყველანაირი ადამიანი უსმენდა, რადგან ის ხალხის მიმართ სიყვარულსა და თანაგრძნობას ავლენდა (ლუკა 7:36—50; 18:15—17; 19:1—10).

8 როდესაც ერთმა კაცმა ჰკითხა, რა იყო საჭირო მარადიული სიცოცხლის დასამკვიდრებლად „იესომ შეხედა, [და] სიყვარულით აღიძრა მისდამი“ (მარკოზი 10:17—21). მათ შესახებ, ვისაც იესო ბეთანიაში ასწავლიდა, ვკითხულობთ: „იესოს მართაც უყვარდა, მისი დაც და ლაზარეც“ (იოანე 11:1, 5). იესო იმდენად ზრუნავდა ადამიანებზე, რომ უარს ამბობდა დასვენებაზე, რათა ხალხისთვის ესწავლებინა (მარკოზი 6:30—34). ამგვარი ზრუნვითა და სიყვარულით იესომ ყველაზე მეტად შეაყვარა ადამიანებს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა.

9. რა განწყობა ჰქონდა პავლეს, როგორც მასწავლებელს?

9 მოციქული პავლეც ავლენდა გულწრფელ ინტერესს იმ ადამიანების მიმართ, ვისაც უქადაგებდა. მაგალითად, თესალონიკელ ქრისტიანებს მან უთხრა: „სათუთი გრძნობები გვაქვს თქვენ მიმართ და ამიტომ დიდი სიამოვნებით გადმოგეცით არა მხოლოდ ღვთის სასიხარულო ცნობა, არამედ საკუთარი სულებიც, რადგან შეგვიყვარდით“. პავლეს მიერ სიყვარულით გამოვლენილი მზრუნველობის შედეგად ზოგი თესალონიკელი ‘კერპებისგან ღვთისკენ შემობრუნდა, რათა ცოცხალი ღვთის მონა გამხდარიყო’ (1 თესალონიკელები 1:9; 2:8). თუ იესოსა და პავლეს მსგავსად ხალხის მიმართ გულწრფელ ინტერესს გამოვავლენთ, ჩვენც გავიხარებთ იმის დანახვით, რომ სასიხარულო ცნობა გავლენას ახდენს ‘მარადიული სიცოცხლისთვის განწყობილთა’ გულებზე (საქმეები 13:48).

გამოავლინეთ თავგანწირვის სულისკვეთება

10, 11. რატომ არის საჭირო თავგანწირვის სულისკვეთება, როდესაც ხალხის მოწაფეებად მომზადებას ვცდილობთ?

10 ქრისტიანმა მოწაფეების მომზადების საქმეში წარმატებას რომ მიაღწიოს, თავგანწირვის სულისკვეთება უნდა გამოავლინოს. ქრისტიანისთვის ცხოვრებაში უმთავრესი ქონების დაგროვება არ არის. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „რა ძნელი იქნება ღვთის სამეფოში შესვლა მათთვის, ვისაც ფული აქვს!“ მისმა სიტყვებმა მოწაფეები გააკვირვა, მაგრამ იესომ დასძინა: „შვილებო, რა ძნელია ღვთის სამეფოში შესვლა! აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სამეფოში“ (მარკოზი 10:23—25). იესო თავის მიმდევრებს ურჩევდა, გაემარტივებინათ ცხოვრება, რათა ყურადღება მოწაფეების მომზადებაზე გადაეტანათ (მათე 6:22—24, 33). როგორ გვეხმარება თავგანწირვის სულისკვეთება მოწაფეების მომზადებაში?

11 დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ სხვებს ვასწავლოთ ყველაფერი, რაც იესომ მცნებად დაგვიდო. ქრისტიანი, რომელსაც მოწაფეების მომზადება სურს, ცდილობს, დაინტერესებულს ყოველკვირა ჩაუტაროს ბიბლიის შესწავლა. იმისათვის, რომ ბიბლიური ჭეშმარიტების გაგების მსურველთა პოვნის მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ, სამეფოს შესახებ ზოგმა მქადაგებელმა სრულ განაკვეთზე მუშაობა შეწყვიტა და ნახევარგანაკვეთიან სამუშაოზე მოეწყო. ათასობით ქრისტიანმა ისწავლა უცხო ენა, რათა თავის ქვეყანაში მცხოვრები სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებისთვის ექადაგა. სხვები სხვა ტერიტორიაზე ან სხვა ქვეყანაში გადავიდნენ, რათა უფრო სრულად მიეღოთ მკის საქმეში მონაწილეობა (მათე 9:37, 38). ყოველივე ეს თავგანწირვის სულისკვეთებას მოითხოვს. მაგრამ მეტია საჭირო იმისათვის, რომ წარმატებული ვიყოთ მოწაფეების მომზადების საქმეში.

იყავით მომთმენნი, მაგრამ დროს ფუჭად ნუ დაკარგავთ

12, 13. რატომ არის მოთმინება მოწაფეების მომზადების საქმეში ასე მნიშვნელოვანი?

12 მოთმინება არის კიდევ ერთი თვისება, რომელიც მოწაფეების მომზადებაში გვეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ დრო არ ითმენს, მოწაფეების მომზადებას დიდი დრო მიაქვს და მოთმინება სჭირდება (1 კორინთელები 7:29). იესო მოთმინებას ავლენდა თავისი ნახევარძმის, იაკობის მიმართ. იაკობმა, როგორც ჩანს, კარგად იცოდა რას ქადაგებდა იესო, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას რაღაც აკავებდა იმისგან, რომ მისი მოწაფე გამხდარიყო (იოანე 7:5). მიუხედავად ამისა, მოკლე დროში — იესოს სიკვდილიდან ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდე — იაკობი, როგორც  ჩანს, მოწაფე გახდა, რადგან ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ის დედასთან, ძმებთან და მოციქულებთან ერთად ლოცულობდა (საქმეები 1:13, 14). იაკობმა სულიერად წინ წაიწია და მოგვიანებით ქრისტიანულ კრებაში სერიოზული პასუხისმგებლობები დაეკისრა (საქმეები 15:13; 1 კორინთელები 15:7).

13 მიწათმოქმედის მსგავსად ქრისტიანებიც ისეთი ნაყოფის მოსამკელად იღვწიან, რომლის მომწიფებასაც ხშირად დრო სჭირდება; ეს ნაყოფია: ღვთის სიტყვის გაგება, იეჰოვას სიყვარული და ისეთივე სულისკვეთების განვითარება, როგორიც ქრისტეს ჰქონდა. ამისათვის მოთმინებაა საჭირო. იაკობმა დაწერა: „ძმებო . . . მოითმინეთ უფლის მოსვლამდე. აი, ელოდება მიწათმოქმედი ძვირფას ნაყოფს და მოთმინებით ელის საადრეო და საგვიანო წვიმას. თქვენც მოითმინეთ, განიმტკიცეთ გულები, რადგან მოახლოვდა უფლის მოსვლის დრო“ (იაკობი 5:7, 8). იაკობი თანამორწმუნეებს მოუწოდებდა, ‘მოეთმინათ უფლის მოსვლამდე’. თუ მოწაფეებს რაღაც არ ესმოდათ, იესო მოთმინებით უხსნიდა მათ ან თვალსაჩინო მაგალითები მოჰყავდა (მათე 13:10—23; ლუკა 19:11; 21:7; საქმეები 1:6—8). ახლა, როდესაც უფალი უკვე მოსულია, მოწაფეების მომზადების საქმეში მსგავსი მოთმინება გვმართებს. მათ, ვინც დღეს იესოს მიმდევარი ხდება, მოთმინებით უნდა ვასწავლოთ (იოანე 14:9).

14. როგორ შეგვიძლია დროის გონივრულად გამოყენება მიუხედავად იმისა, რომ მოთმინება გვმართებს მოწაფეების მომზადების საქმეში?

14 ჩვენი მოთმინების მიუხედავად, სიტყვას ნაყოფი არ გამოაქვს იმ ადამიანთა უმრავლესობის გულებში, რომლებთანაც ბიბლიის შესწავლას ვიწყებთ (მათე 13:18—23). ამიტომ სათანადო დახმარების გაწევის შემდეგ გონივრულია, ასეთ ადამიანებთან დრო ფუჭად აღარ დავკარგოთ და ვეძებოთ ისინი, ვინც უფრო დააფასებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას (ეკლესიასტე 3:1, 6). ცხადია, მათაც კი, ვინც ბიბლიურ ჭეშმარიტებას აფასებს, შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში დასჭირდეთ დახმარება, რათა შეცვალონ თავიანთი შეხედულებები, აზროვნება და პრიორიტეტები. ამგვარად, იესოს მსგავსად ჩვენც მოთმინება უნდა გამოვავლინოთ იმ მოწაფეების მიმართ, ვისაც მეტი დრო სჭირდება აზროვნებაში გარკვეული ცვლილებების შესატანად (მარკოზი 9:33—37; 10:35—45).

განავითარეთ სწავლების ხელოვნება

15, 16. მოწაფეების მომზადებისას რატომ არის მნიშვნელოვანი მარტივად გადასცეთ ჭეშმარიტება და საგულდაგულოდ მოემზადოთ?

15 ღვთის სიყვარული, ადამიანებზე ზრუნვა, თავგანწირვის სულისკვეთება და მოთმინება მნიშვნელოვანი ფაქტორებია მოწაფეების მომზადების საქმეში წარმატების მისაღწევად. აგრეთვე, აუცილებელია სწავლების უნარის გაუმჯობესება, რათა შევძლოთ რთული საკითხების მარტივად და გასაგებად ახსნა. დიდებული მასწავლებლის, იესო ქრისტეს მაგალითები განსაკუთრებით იმიტომ იყო ეფექტური, რომ მარტივად და გასაგებად გადასცემდა. ალბათ, გახსენდებათ იესოს სიტყვები: „მოაგროვეთ განძი ზეცაში“, „ნურასოდეს მისცემთ წმინდას ძაღლებს“, „სიბრძნის სიმართლეს კი მისი საქმეები ამტკიცებს“, „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“ (მათე 6:20; 7:6; 11:19; 22:21). ცხადია, იესო მხოლოდ მოკლე ფრაზებით არ ელაპარაკებოდა მსმენელებს. ის მათ გასაგებად ასწავლიდა და საჭიროების შემთხვევაში განუმარტავდა. როგორ შეგიძლიათ მიბაძოთ იესოს სწავლების მეთოდს?

16 საგულდაგულო მომზადება მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისათვის, რომ მარტივად და გასაგებად ვასწავლოთ. მოუმზადებელი მაუწყებელი, ჩვეულებრივ, ბევრს ლაპარაკობს. მან შეიძლება იმდენი ილაპარაკოს, რომ მთავარი აზრები ვერ გამოკვეთოს, და თქვას ყველაფერი, რაც ამ თემის შესახებ იცის. კარგად მომზადებული მაუწყებელი კი იფიქრებს შემსწავლელზე, განსახილველ თემაზე და მხოლოდ იმაზე ისაუბრებს, რაც საჭიროა (იგავები 15:28; 1 კორინთელები 2:1, 2). ის გაითვალისწინებს იმას, რა იცის შემსწავლელმა და შესწავლის დროს რა საკითხებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. მაუწყებელს შეიძლება ამ თემასთან დაკავშირებით მრავალი საინტერესო ინფორმაცია ჰქონდეს, მაგრამ თემა მაშინ იქნება გასაგები მსმენელისთვის, თუ ზედმეტ ინფორმაციას არ მიაწვდის.

17. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მსმენელებს დაფიქრდნენ ბიბლიურ საკითხებზე?

17 ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ ფაქტები გადაეცა, იესო ხალხს ეხმარებოდა, დაფიქრებულიყვნენ. მაგალითად, ერთხელ მან სიმონ-პეტრეს ჰკითხა: „როგორ ფიქრობ, სიმონ, ვისგან იღებენ მიწიერი მეფეები ბაჟს ან სულადობრივ გადასახადს, თავიანთი ვაჟებისგან თუ უცხოებისგან?“ (მათე 17:25). შეიძლება იმდენად გვსიამოვნებს ბიბლიური საკითხების ახსნა, რომ თავის შეკავებაც კი დაგვჭირდეს, რათა შემსწავლელმა საკუთარი აზრი გამოთქვას ან გვითხრას, რა ძირითადი აზრები იყო განხილული. რასაკვირველია, მსმენელს ბევრი კითხვა არ უნდა დავუსვათ. ნაცვლად ამისა, ტაქტიანად, კარგი მაგალითებით და დამაფიქრებელი კითხვებით დავეხმარებით მათ, ჩასწვდნენ ბიბლიის ძირითად სწავლებებს, რომლებიც ბიბლიაზე დაფუძნებულ ჩვენს პუბლიკაციებშია მოცემული.

18. რას ნიშნავს, განავითარო ‘სწავლების ხელოვნება’?

18 ბიბლია ლაპარაკობს ‘სწავლების ხელოვნებაზე’ (2 ტიმოთე 4:2; ტიტე 1:9). ამგვარი სწავლება უფრო მეტს მოიცავს ვიდრე ის, რომ მსმენელს ფაქტების დამახსოვრებაში დავეხმაროთ. ჩვენ უნდა ვეცადოთ, დავეხმაროთ ბიბლიის შემსწავლელებს, დაინახონ განსხვავება ჭეშმარიტებასა და სიცრუეს, კარგსა და ცუდს, სიბრძნესა და უგუნურებას შორის. თუ ასე ვიქცევით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მათ გულებში იეჰოვასადმი სიყვარული განვითარდეს, შემსწავლელები მიხვდებიან, რატომ უნდა დაემორჩილონ ღმერთს.

აქტიურად მიიღეთ მონაწილეობა მოწაფეების მომზადებაში

19. როგორ შეაქვს ყველა ქრისტიანს თავისი წვლილი მოწაფეების მომზადებაში?

19 ქრისტიანული კრება მოწაფეების მომზადებას ემსახურება. როდესაც ვინმე მოწაფე ხდება, მარტო ის მოწმე არ ხარობს, რომელმაც იპოვა ეს ადამიანი და ბიბლიის შესწავლაში დაეხმარა. მაგალითად, დაკარგული ბავშვის პოვნისას ხარობს არა მარტო ერთი ადამიანი, რომელმაც იპოვა ის, არამედ ყველა, ვინც ბავშვის ძებნაში იღებდა მონაწილეობას (ლუკა 15:6, 7). მსგავსად ამისა, მოწაფის მომზადებაშიც მთელი კრება იღებს მონაწილეობას. ყველა ქრისტიანი ეძებს იმ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება იესოს მოწაფეები გახდნენ. როდესაც, ვინმე სამეფო დარბაზში შეხვედრებზე დასწრებას იწყებს, კრების თითოეული წევრი ეხმარება მას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის დაფასებაში (1 კორინთელები 14:24, 25). ამგვარად, ყველა ქრისტიანს შეუძლია გაიხაროს იმით, რომ ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანი ხდება მოწაფე.

20. რა უნდა გააკეთოთ, თუ სხვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლების დიდი სურვილი გაქვთ?

20 მრავალი ერთგული ქრისტიანი სიამოვნებით შეასწავლიდა სხვას იეჰოვასა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის შესახებ, მაგრამ ძალისხმევის მიუხედავად, ბევრს არ ეძლევა ამის შესაძლებლობა. თუ თქვენც მსგავს მდგომარეობაში ხართ, განაგრძეთ იეჰოვასადმი სიყვარულის გაღრმავება, იზრუნეთ ხალხზე, გამოავლინეთ თავგანწირვის სულისკვეთება, იყავით მომთმენნი და ეცადეთ, დაიხვეწოთ, როგორც მასწავლებელი. და რაც მთავარია, ლოცვისას უთხარით ღმერთს, რომ სხვებისთვის ჭეშმარიტების სწავლების დიდი სურვილი გაქვთ (ეკლესიასტე 11:1). გახსოვდეთ, რომ ყველაფერი, რასაც იეჰოვას მსახურებისას აკეთებთ, ხელს უწყობს მოწაფეების მომზადების საქმეს და ღმერთს განადიდებს.

შეგიძლიათ ახსნათ?

• რატომ შეიძლება ითქვას, რომ მოწაფეების მომზადებით ღვთის მიმართ ჩვენი სიყვარული იცდება?

• რა თვისებები უნდა ჰქონდეთ ქრისტიან მასწავლებლებს?

• რა შედის „სწავლების ხელოვნებაში“?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 21 გვერდზე]

მოწაფეების მომზადებით ქრისტიანები ცხადყოფენ, რომ ძალიან უყვართ ღმერთი

[სურათი 23 გვერდზე]

რატომ უნდა ავლენდნენ სხვებისადმი ინტერესს ქრისტიანები, რომლებიც მოწაფეების მომზადებაში იღებენ მონაწილეობას?

[სურათი 24 გვერდზე]

რა თვისებებია საჭირო ხალხის მოწაფეებად მოსამზადებლად?

[სურათი 25 გვერდზე]

ყველა ქრისტიანი ხარობს მოწაფეების მომზადებისას მიღწეული კარგი შედეგებით