ლუკა საყვარელი თანამსახური
ლუკა საყვარელი თანამსახური
იდგა ახ. წ. 65 წელი. აღწერილი მოვლენა რომში მოხდა. ლუკამ იცოდა, რამდენად საშიში იყო, სხვების წინაშე მეგობრად ეღიარებინა პავლე, რომელიც რწმენის გამო სასამართლოს წინაშე წარდგა; არავის გაუკვირდებოდა, პავლესთვის სასიკვდილო განაჩენი რომ გამოეტანათ. ასეთ კრიტიკულ დროს მოციქულის გვერდით მხოლოდ და მხოლოდ ლუკა იყო (2 ტიმოთე 4:6, 11).
ბიბლიის მკითხველებისთვის ლუკას სახელი ცნობილია, რადგან მისი დაწერილი სახარება მის სახელს ატარებს. ლუკას არაერთი კილომეტრი გაუვლია პავლესთან ერთად, რომელიც მას „საყვარელ ექიმსა“ და ‘თანამსახურს’ უწოდებს (კოლოსელები 4:14; ფილიმონი 24). მართალია, ბიბლიაში ლუკას შესახებ მწირი ინფორმაციაა (მისი სახელი ამ წიგნში სულ სამჯერ მოიხსენიება), მაგრამ, როცა მეტს გაიგებთ ლუკას შესახებ, თქვენც მოციქულ პავლესავით დააფასებთ ამ ერთგულ ქრისტიანს.
მწერალი და მისიონერი
ლუკას სახარება და წიგნი „მოციქულთა საქმეები“ თეოფილესთვის არის მიწერილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს წიგნები ლუკამ დაწერა ღვთის შთაგონებით (ლუკა 1:3; საქმეები 1:1). ლუკა არ ამბობს, რომ იესო ქრისტეს მსახურების მომსწრეა. ის აღნიშნავს, რომ იესოს შესახებ ინფორმაცია თვითმხილველებმა გადასცეს და მანაც „ყველაფერი თავიდანვე ზედმიწევნით“ გამოიკვლია (ლუკა 1:1—3). როგორც ჩანს, ლუკა ქრისტეს მიმდევარი ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ გახდა.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ლუკა სირიის ანტიოქიიდან იყო. ისინი აღნიშნავენ, რომ წიგნ „საქმეებში“ დაწვრილებით არის მოთხრობილი ამ ქალაქში მომხდარი მოვლენები. აგრეთვე ამ წიგნში მოხსენიებული „შვიდი სანდო კაციდან“ ერთის შესახებ ნათქვამია, რომ „ანტიოქიელი პროზელიტია“, მაგრამ, რაც შეეხება სხვებს, დაკონკრეტებული არ არის, თუ რომელი ქალაქებიდან იყვნენ ისინი; თუმცა ეს მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ ლუკას მშობლიური ქალაქისადმი, ანტიოქიისადმი, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა (საქმეები 6:3—6).
წიგნ „საქმეებში“ ლუკას სახელი მოხსენიებული არ არის, მაგრამ გარკვეულ მონაკვეთებში გამოყენებულია ნაცვალსახელები „ჩვენ“ და „ჩვენი“, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ლუკა ამ წიგნში აღწერილ მოვლენებში იღებდა მონაწილეობას. როდესაც ლუკა პავლესა და მისი თანამსახურების მცირე აზიაში მოგზაურობას აღწერს, ამბობს: „მისია გაიარეს და [ისინი] ტროაში ჩავიდნენ“. სწორედ ტროაში ნახა პავლემ ხილვა იმის შესახებ, თუ როგორ ეხვეწებოდა ერთი მაკედონელი კაცი, „ჩამოდი მაკედონიაში და დაგვეხმარეო“. ლუკა დასძენს: „როგორც კი ეს ხილვა იხილა, [ჩვენ] მაკედონიაში გადავწყვიტეთ წასვლა“ (საქმეები 16:8—10). თუ წინა მუხლში ლუკა მესამე პირში საუბრობდა, აქ უკვე პირველ პირში საუბრობს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის პავლესა და სხვებს ტროაში შეუერთდა. შემდეგ ლუკა ფილიპეში მსახურებას აღწერს და პირველი პირის მრავლობით რიცხვს იყენებს, საიდანაც ვიგებთ, რომ ისიც იღებდა იქ მსახურებაში მონაწილეობას. „შაბათს კარიბჭის გარეთ გავედით, მდინარის პირას, სადაც სამლოცველო ადგილი გვეგულებოდა, — წერს ლუკა. — დავსხედით და შეკრებილ ქალებს დავუწყეთ ლაპარაკი“. შედეგად, ლიდია და მისი შინაურები დადებითად გამოეხმაურნენ სასიხარულო ცნობას და მოინათლნენ (საქმეები 16:11—15).
ფილიპეში ისინი წინააღმდეგობას წააწყდნენ; პავლემ განკურნა მოახლე გოგონა, რომელიც დემონის ძალით მკითხაობდა. მისმა ბატონებმა როდესაც დაინახეს, რომ შემოსავლის წყარო ეკარგებოდათ, დაიჭირეს პავლე და სილა, სცემეს და საპყრობილეში ჩაყარეს. ლუკა, როგორც ჩანს, დაპატიმრებას გადაურჩა, რადგან თავისი მეგობრების გასაჭირზე მესამე პირში საუბრობს. მან აღნიშნა, რომ გათავისუფლების შემდეგ „[პავლემ და სილამ ძმები] გაამხნევეს და წავიდნენ“. ლუკამ პირველ პირში წერა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მოგვიანებით პავლე ფილიპეში დაბრუნდა (საქმეები 16:16—40; 20:5, 6). შესაძლოა, ლუკა ფილიპეში დარჩა, რათა სამქადაგებლო საქმიანობისთვის ხელმძღვანელობა გაეწია.
ინფორმაციის შეგროვება
როგორ მოაგროვა ლუკამ სახარებისა და წიგნ „საქმეების“ დასაწერად საჭირო მასალა? წიგნ „საქმეების“ ის ნაწილი, სადაც ლუკა პირველ პირში საუბრობს — ანუ აღწერს მოვლენებს, რომლებშიც თავად იღებდა მონაწილეობას — ცხადყოფს, რომ ლუკა პავლეს თან ახლდა ფილიპედან იერუსალიმში მოგზაურობისას; იერუსალიმში კი მოციქული კვლავ დააპატიმრეს. პავლემ გზად კესარიაში გაიარა, სადაც გარკვეული დროის განმავლობაში ფილიპე მახარობელთან დარჩა (საქმეები 20:6; 21:1—17). ლუკამ სამარიაში მისიონერების მსახურების შესახებ ინფორმაცია შეიძლება ფილიპესგან მიიღო, რომელიც იქ სამქადაგებლო საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდა (საქმეები 8:4—25). მაგრამ ვისგან მიიღო ლუკამ დანარჩენი ინფორმაცია?
შესაძლოა, კესარიაში პავლეს ორი წლით პატიმრობამ ლუკას საშუალება მისცა, სახარებისათვის საჭირო მასალები მოეძია. შორს არ იყო იერუსალიმი, სადაც მას შეეძლო დაეზუსტებინა იესოს გენეალოგია. ლუკამ იესოს ცხოვრებისა და მსახურების მრავალი ისეთი დეტალი ჩაწერა, რომლებიც მხოლოდ მის სახარებაში გვხვდება. ერთი მეცნიერის გამოთვლის თანახმად, ლუკას სახარებაში 82 ასეთი დეტალია.
დასაშვებია, რომ იოანეს დაბადების შესახებ ინფორმაცია ლუკამ ელისაბედისგან, იოანე ნათლისმცემლის დედისგან, მიიღო, იესოს დაბადებისა და ბავშვობის შესახებ ინფორმაცია კი — იესოს დედისგან, მარიამისგან (ლუკა 1:5—2:52). თევზის სასწაულებრივად დაჭერის შესახებ ლუკას შესაძლოა პეტრემ, იაკობმა ან იოანემ მოუთხრო (ლუკა 5:4—10). მხოლოდ ლუკას სახარებაშია მოცემული იესოს ისეთი იგავები, როგორიცაა კეთილ სამარიელზე, ვიწრო კარზე, დაკარგულ დრაქმაზე, გზასაცდენილ შვილსა და მდიდარსა და ლაზარეზე (ლუკა 10:29—37; 13:23, 24; 15:8—32; 16:19—31).
ლუკა ადამიანების მიმართ დიდ ინტერესს ავლენდა. მან ჩაწერა მარიამის მიერ აღვლენილი განსაწმენდი შესაწირავის, ქვრივის ვაჟის მკვდრეთით აღდგომისა და იმის შესახებ, თუ როგორ სცხო ზეთი იესოს ფეხებზე ერთმა ქალმა. ლუკა მოიხსენიებს ქალს, რომელიც იესოს მოემსახურა და მოგვითხრობს მართასა და მარიამის მიერ გამოვლენილი სტუმართმოყვარეობის შესახებ. ლუკას სახარება მოგვითხრობს წელში მოხრილი ქალის, წყალმანკით დაავადებული კაცისა და ათი კეთროვნის განკურნების შესახებ. ლუკა ჰყვება დაბალ ზაქეზე, რომელიც იესოს დანახვის მიზნით ხეზე აძვრა, და იესოს გვერდზე ძელზე გაკრული ერთ-ერთი ბოროტმოქმედის მონანიებაზე (ლუკა 2:24; 7:11—17, 36—50; 8:2, 3; 10:38—42; 13:10—17; 14:1—6; 17:11—19; 19:1—10; 23:39—43).
აღსანიშნავია, რომ კეთილ სამარიელზე იესოს იგავში ლუკა მოიხსენიებს იმ ფაქტს, რომ სამარიელმა დაშავებულს ჭრილობა დაუმუშავა. რადგანაც ლუკა ექიმი იყო, ალბათ ამიტომ აღნიშნავს, თუ როგორ აღწერა იესომ დაშავებულისთვის გაწეული დახმარება, და მოიხსენიებს ღვინოს (ანტისეპტიკურ საშუალებას), ზეთს (დამარბილებელ საშუალებას) და ჭრილობის შეხვევას (ლუკა 10:30—37).
პატიმარზე მზრუნველი
ლუკა ზრუნავდა მოციქულ პავლეზე. როდესაც პავლე კესარიაში ციხეში იჯდა, რომის გამგებელმა ფელიქსმა ბრძანა: „არავისთვის აეკრძალათ მისი [პავლეს] მომსახურება“ (საქმეები 24:23). ლუკა, როგორც ჩანს, მათ შორის იყო, ვინც მოციქულს ემსახურებოდა. ვინაიდან პავლე დროდადრო ავადმყოფობდა, მასზე „საყვარელი ექიმი“ ზრუნავდა (კოლოსელები 4:14; გალატელები 4:13).
პავლემ კეისრის სასამართლოს წინაშე წარდგომა მოითხოვა, რის გამოც ფესტუსმა მოციქული რომში გაგზავნა. ლუკა ერთგულად მიჰყვებოდა პატიმარს იტალიისკენ მიმავალ გრძელ გზაზე და აღწერა, როგორ გადაიტანეს გემის მსხვრევა (საქმეები 24:27; 25:9—12; 27:1, 9—44). რომში შინაპატიმრობაში მყოფმა პავლემ ღვთის შთაგონებით რამდენიმე წერილი დაწერა; ორ მათგანში ის ლუკას მოიხსენიებს (საქმეები 28:30; კოლოსელები 4:14; ფილიმონი 24). როგორც ჩანს, ლუკამ წიგნი „მოციქულთა საქმეები“ ამ ორი წლის განმავლობაში დაწერა.
რომში პავლეს სახლში, ალბათ, აქტიურად ეწეოდნენ სულიერ საქმიანობას. აქ შეხვდებოდა ლუკა პავლეს სხვა თანამსახურთ: ტიქიკეს, არისტარქოსს, მარკოზს, იუსტუსს, ეპაფრას, ონისიმეს და სხვებს (კოლოსელები 4:7—14).
როდესაც პავლე მეორეჯერ დააპატიმრეს და მოციქული გრძნობდა, რომ მალე მოკლავდნენ, ერთგული და გამბედავი ლუკა მის გვერდით იყო მაშინ, როცა სხვებმა მიატოვეს. ლუკა გვერდიდან არ მოშორებია პავლეს, თუმცა ამით საკუთარ თავისუფლებას უქმნიდა საფრთხეს. შესაძლოა, ლუკამ პავლეს თხოვნით დაწერა: „ლუკაღა დარჩა ჩემთან“. გადმოცემის თანახმად, ამ წერილის დაწერიდან მალევე მოჰკვეთეს პავლეს თავი (2 ტიმოთე 4:6—8, 11, 16).
ლუკა თავგანწირული და უბრალო კაცი იყო. ის არასდროს ახდენდა თავისი ცოდნის დემონსტრირებას და არასდროს ცდილობდა ყურადღების ცენტრში ყოფნას. ლუკას შეეძლო ცხოვრება მედიცინისთვის მიეძღვნა, მაგრამ მან პირველ ადგილზე სამეფოს ინტერესები დააყენა. ლუკას მსგავსად, დაე, ჩვენც უანგაროდ ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა და თავმდაბლად ვიღვაწოთ იმისათვის, რომ იეჰოვა განვადიდოთ! (ლუკა 12:31)
[ჩარჩო 19 გვერდზე]
ვინ იყო თეოფილე?
სახარებაშიც და „მოციქულთა საქმეებშიც“ ლუკა თეოფილეს მიმართავს. ეს კაცი ლუკას სახარებაში „ღრმად პატივცემულ თეოფილედ“ არის მოხსენიებული (ლუკა 1:3). მიმართვას „ღრმად პატივცემულო“, რომის იმპერიაში დიდი სიმდიდრისა და მაღალი თანამდებობის მქონე პირების მიმართ იყენებდნენ. მოციქული პავლე მსგავსად მიმართავდა ფესტუსს, რომის პროკურატორს იუდეაში (საქმეები 26:25).
როგორც ჩანს, თეოფილეს გაგონილი ჰქონდა იესოს შესახებ ცნობა და ამ ცნობისადმი ინტერესს ავლენდა. ლუკა იმედოვნებდა, რომ სახარება თეოფილეს ‘დაარწმუნებდა იმის უტყუარობაში, რაც ზეპირგადმოცემით ჰქონდა ნასწავლი’ (ლუკა 1:4).
ბერძენი მეცნიერის რიჩარდ ლენსკის აზრით, შეუძლებელია თეოფილე მორწმუნე ყოფილიყო მაშინ, როდესაც ლუკამ მას „ღრმად პატივცემული უწოდა“, რადგან „არც ერთ ქრისტიანულ ლიტერატურაში . . . არც ერთ ქრისტიან ძმას მსგავსად არ მიმართავდნენ“. მოგვიანებით წიგნ „საქმეების“ წერისას ლუკა აღარ იყენებს მიმართვას „ღრმად პატივცემულო“, არამედ უბრალოდ სახელით მიმართავს — „თეოფილე“ (საქმეები 1:1). ლენსკი დასკვნაში ამბობს: «როდესაც ლუკამ თეოფილეს სახარება მისწერა, ეს წარჩინებული კაცი ჯერ არ იყო ქრისტიანი, მაგრამ ქრისტიანობისადმი დიდ ინტერესს ავლენდა, ხოლო როდესაც მას „საქმეები“ მისწერა, თეოფილე უკვე ქრისტიანობაზე იყო მოქცეული».