არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიჰბაძეთ დიდებულ მასწავლებელს მოწაფეების მომზადებაში

მიჰბაძეთ დიდებულ მასწავლებელს მოწაფეების მომზადებაში

მიჰბაძეთ დიდებულ მასწავლებელს მოწაფეების მომზადებაში

„დაუკვირდით, როგორ ისმენთ“ (ლუკა 8:18).

1, 2. რატომ უნდა მიაქციოთ ყურადღება იესოს მსახურების პერიოდში ხალხისადმი მის დამოკიდებულებას?

იესო ქრისტე მოქმედებდა, როგორც დიდებული მასწავლებელი, როდესაც თავის მიმდევრებს უთხრა: „დაუკვირდით, როგორ ისმენთ“ (ლუკა 8:16—18). ეს პრინციპი თქვენს ქრისტიანულ საქმიანობასაც ეხება. თუ სულიერ საკითხებთან დაკავშირებულ დარიგებებს ყურად იღებთ, მაშინ ამ დარიგებების შესაბამისად მოიქცევით და სამეფოს შესახებ ცნობის ეფექტური მაუწყებელი იქნებით. ცხადია, დღეს ვერ მოისმენთ იესოს ხმას, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ბიბლიაში წაიკითხოთ იმის შესახებ, რას ამბობდა და რას აკეთებდა ის. რას ვკითხულობთ იესოს მსახურების პერიოდში ხალხისადმი მისი დამოკიდებულების შესახებ?

2 იესო სასიხარულო ცნობის ჩინებული მქადაგებელი და ბიბლიური ჭეშმარიტების საუცხოო მასწავლებელი იყო (ლუკა 8:1; იოანე 8:28). მოწაფეების მოსამზადებლად საჭიროა როგორც ქადაგება, ისე სწავლება, მაგრამ ზოგი წარმატებული მქადაგებლისთვის რთულია, იყოს წარმატებული მასწავლებელი. სასიხარულო ცნობის გაცხადებისას თუ მხოლოდ ქადაგებაა საჭირო, სხვებისთვის იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ სწავლებისას, ჩვეულებრივ, მოწაფეებთან ურთიერთობის განვითარებაა საჭირო (მათე 28:19, 20). ამ მიზნის მიღწევა იესო ქრისტეს, დიდებული მასწავლებლის მიბაძვით არის შესაძლებელი (იოანე 13:13).

3. როგორ დაგეხმარებათ იესოს მიბაძვა მოწაფეების მომზადებაში?

3 თუ სწავლებისას ისეთივე მეთოდებს იყენებთ, როგორსაც იესო იყენებდა, ითვალისწინებთ მოციქულ პავლეს რჩევას: „გარეშეებს ბრძნულად მოექეცით და გამოისყიდეთ ხელსაყრელი დრო თქვენთვის. თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის როგორი პასუხი გასცეთ“ (კოლოსელები 4:5, 6). მართალია, ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ მოწაფეების მომზადების საქმეში იესოს მიჰბაძოთ, მაგრამ ეს დაგეხმარებათ, იყოთ წარმატებული მასწავლებელი, ვინაიდან გეცოდინებათ „ვის როგორი პასუხი გასცეთ“.

იესო სხვებს აღძრავდა, ესაუბრათ

4. რატომ შეიძლება ითქვას, რომ იესო კარგი მსმენელი იყო?

4 ბავშვობიდან იესოს ჩვევად ჰქონდა, ყურადღებით მოესმინა ხალხისთვის და ისინი სასაუბროდ განეწყო. მაგალითად, მშობლებმა თორმეტი წლის იესო იპოვეს ტაძარში, სადაც ის მასწავლებლებს შორის იჯდა, „უსმენდა მათ და კითხვებს უსვამდა“ (ლუკა 2:46). იესო იქ იმ მიზნით არ მისულა, რომ თავისი ცოდნით მასწავლებლები უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყარა. ის ტაძარში მოსასმენად მივიდა, თუმცა კითხვებსაც სვამდა. ერთ-ერთ მიზეზად, რის გამოც იესო ღვთისა და ადამიანთა თვალში კეთილგანწყობას იხვეჭდა, შეიძლება ის დასახელდეს, რომ იესო კარგი მსმენელი იყო (ლუკა 2:52).

5, 6. საიდან ვიცით, რომ იესო უსმენდა მათ, ვისაც ასწავლიდა?

5 მონათვლისა და მესიად ცხების შემდეგ იესოს ხალხისადმი ინტერესი არ განელებია და ყურადღებით უსმენდა მათ. ის იმდენად კონცენტრირებული არ ყოფილა იმაზე, რასაც ასწავლიდა, რომ მსმენელი დავიწყებოდა. იესო ხშირად ჩერდებოდა, იმით ინტერესდებოდა, რას ფიქრობდა ხალხი, და ყურადღებით ისმენდა მათ პასუხებს (მათე 16:13—15). მაგალითად, ლაზარეს სიკვდილის შემდეგ იესომ მის დას, მართას უთხრა: „ყოველი, ვინც ცოცხლობს და ვისაც ვწამვარ, არასოდეს მოკვდება“. შემდეგ ჰკითხა: „გწამს ეს?“ და იესომ ყურადღებით მოისმინა მართას პასუხი: „დიახ, უფალო, ვირწმუნე, რომ ქრისტე ხარ, ღვთის ძე“ (იოანე 11:26, 27). რა სასიამოვნო იქნებოდა იესოსთვის იმის დანახვა, რომ მართამ ამგვარად გამოხატა რწმენა!

6 როდესაც იესო მრავალმა მოწაფემ დატოვა, ის დაინტერესდა თავისი მოციქულების თვალსაზრისით. ამიტომ იკითხა მან: «„თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?“ სიმონ-პეტრემ უპასუხა: „უფალო, ვისთან წავიდეთ? შენა გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები. ჩვენ ვირწმუნეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ღვთის წმინდა“» (იოანე 6:66—69). როგორ ესიამოვნებოდა იესოს ამ სიტყვების მოსმენა! თქვენც გესიამოვნებოდათ, თუ ბიბლიის შემსწავლელი მსგავსი სახით გამოავლენდა რწმენას.

იესო სხვებს პატივისცემით უსმენდა

7. რატომ ირწმუნა ბევრმა სამარიელმა იესო?

7 იესო კიდევ იმიტომ იყო ეფექტური მასწავლებელი, რომ ხალხზე ზრუნავდა და პატივისცემით უსმენდა მათ. მაგალითად, ერთხელ სიქარში იაკობის ჭასთან იესომ სამარიელ ქალს უქადაგა. ამ დროს მარტო იესო არ ლაპარაკობდა, ის უსმენდა კიდეც მოსაუბრეს. მოსმენისას იესომ შენიშნა, რომ ქალი თაყვანისმცემლობისადმი ინტერესს ავლენდა, და უთხრა, რომ ღმერთი ეძებდა მათ, ვინც სულითა და ჭეშმარიტებით სცემდა თაყვანს. იესომ ამ ქალისადმი პატივისცემა და მზრუნველობა გამოავლინა. შედეგად ქალმა იესოს შესახებ სხვებს მოუთხრო და „ქალაქში მცხოვრებმა ბევრმა სამარიელმა ირწმუნა იგი იმ ქალის სიტყვით“ (იოანე 4:5—29, 39—42).

8. როგორ შეიძლება მსახურებაში საუბრის დასაწყებად გამოიყენოთ ის, რომ ხალხს უყვარს საკუთარი აზრის გამოხატვა?

8 ხალხს მოსწონს საკუთარი შეხედულებების გამოთქმა. მაგალითად, ძველი ათენის მკვიდრთ უყვარდათ საკუთარი აზრის გამოხატვა და ახალი ამბების მოსმენა. ამის შედეგად, მოციქულმა პავლემ იმ ქალაქის არეოპაგში შთამბეჭდავად ილაპარაკა (საქმეები 17:18—34). დღეს მობინადრესთან საუბრის დასაწყებად შეიძლებოდა გეთქვათ: „ჩემი მოსვლის მიზანი ის არის, რომ გავიგო, რას ფიქრობთ [კონკრეტულ საკითხზე]“. მოუსმინეთ, რას გეტყვით მობინადრე, თქვენც უთხარით ორიოდე სიტყვა ამ თემაზე ან ამ თემის გარშემო კითხვა დაუსვით, შემდეგ კი ტაქტიანად აჩვენეთ ამ საკითხზე ბიბლიის თვალსაზრისი.

იესომ იცოდა, რა უნდა ეთქვა

9. რა გააკეთა იესომ მანამ, სანამ კლეოპასა და მის თანამგზავრს ‘წმინდა წერილებს აუხსნიდა’?

9 იესო არასდროს ეძებდა სიტყვებს. გარდა იმისა, რომ კარგი მსმენელი იყო, ხშირად იესომ იცოდა, რას ფიქრობდა ხალხი და ისიც, რა უნდა ეთქვა მათთვის (მათე 9:4; 12:22—30; ლუკა 9:46, 47). მოვიყვანოთ მაგალითი: იესოს მკვდრეთით აღდგომიდან ცოტა ხნის შემდეგ, მისი ორი მოწაფე იერუსალიმიდან ემაუსში მიდიოდა. სახარებაში ნათქვამია: «როცა ამაზე ლაპარაკობდნენ და მსჯელობდნენ, იესო მივიდა მათთან და დაემგზავრა. მაგრამ თვალები დაბინდული ჰქონდათ და ვერ იცნეს იგი. იესომ ჰკითხა: „რაზე კამათობთ?“ ისინი დაღვრემილები შეჩერდნენ. ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ, მიუგო: „ნუთუ შენთვის ცხოვრობ უცხოელივით იერუსალიმში? არ იცი, რა მოხდა იქ ამ დღეებში?“ მან ჰკითხა: „რა მოხდა?“». დიდებული მასწავლებელი უსმენდა მათ; ისინი უხსნიდნენ, როგორ ასწავლიდა ხალხს იესო ნაზარეთელი, რა სასწაულებს ახდენდა და როგორ მოკლეს ის, ახლა კი ზოგი ამბობდა რომ ის მკვდრეთით აღდგა. იესომ კლეოპასა და მის თანამგზავრს ბოლომდე მოუსმინა. შემდეგ კი უთხრა ის, რაც მათ უნდა სცოდნოდათ — ‘წმინდა წერილები აუხსნა’ (ლუკა 24:13—27, 32).

10. როგორ შეგეძლოთ გაგეგოთ იმ ადამიანის რელიგიური შეხედულება, რომელსაც მსახურებისას ხვდებით?

10 თქვენ შეიძლება არაფერი იცოდეთ მობინადრის რელიგიური შეხედულების შესახებ. ამის გასაგებად შეგიძლიათ მას უთხრათ, რომ გაინტერესებთ, თუ რას ფიქრობს ხალხი ლოცვაზე. შემდეგ შეგეძლოთ გეკითხათ: „როგორ ფიქრობთ, ვინმე ისმენს ლოცვებს?“ პასუხიდან შეიძლება ბევრი რამ გაიგოთ ამ ადამიანის შეხედულებასა და რელიგიურობაზე. თუ მობინადრე მორწმუნეა, მისი თვალსაზრისის უკეთ გასაგებად შეგეძლოთ გეკითხათ: „როგორ ფიქრობთ, ღმერთი ყველა ლოცვას ისმენს თუ არა?“ ასეთი კითხვების შემდეგ თქვენ შორის საუბარი ბუნებრივად წარიმართება. თუ მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, მობინადრეს ამ საკითხთან დაკავშირებით ბიბლიის თვალსაზრისი გაუზიარეთ, მაგრამ ეს ტაქტიანად გააკეთეთ, და ნუ ეცდებით, დაუმტკიცოთ, რომ რაც სწამს, არასწორია. თუ მობინადრე სიამოვნებით გისმენთ, ხელმეორედ მისვლაზე უარს არ გეტყოდათ. მაგრამ დავუშვათ, ის გისვამთ კითხვას, რომელზეც პასუხი არ გაქვთ. კარგი იქნებოდა, გამოგეკვლიათ ეს საკითხი, რათა ‘აგეხსნათ და განგემარტათ თქვენი იმედი, ოღონდ ეს რბილად და ღრმა პატივისცემით’ უნდა გააკეთოთ (1 პეტრე 3:15).

იესო ღირსეულებს ასწავლიდა

11. რა დაგეხმარებათ ღირსეულების მოძებნაში?

11 სრულყოფილ იესოს შეეძლო, ამოეცნო, ვინ იყო ღირსეული, რათა ესწავლებინა მათთვის. ჩვენთვის უფრო რთულია იმ ხალხის მოძებნა, რომელიც ‘მარადიული სიცოცხლისთვის არის განწყობილი’ (საქმეები 13:48). ეს რთული იყო მოციქულებისთვისაც, რომლებსაც იესომ უთხრა: „რომელ ქალაქში ან სოფელშიც არ უნდა შეხვიდეთ, მოძებნეთ ღირსეული“ (მათე 10:11). იესოს მოციქულების მსგავსად თქვენც უნდა მოძებნოთ ისინი, ვისაც ჭეშმარიტების მოსმენა და შესწავლა სურს. თქვენ შეძლებთ ღირსეულების მოძებნას, თუ ყურადღებით მოუსმენთ ყველას და ჩაიწერთ, ვინ როგორ გამოგეხმაურათ.

12. როგორ შეგიძლიათ განაგრძოთ დაინტერესებულის დახმარება?

12 იმ ადამიანთან დამშვიდობების შემდეგ, ვინც სამეფოს შესახებ ცნობის მიმართ ინტერესი გამოავლინა, კარგი იქნებოდა მის სულიერ მოთხოვნილებებზე გაგეგრძელებინათ ფიქრი. თუ ჩაიწერთ, რასაც იმ ადამიანის შესახებ გაიგებთ, რომელსაც სასიხარულო ცნობა გადაეცით, მათთვის სულიერი დახმარების შესაძლებლობა მოგეცემათ. განმეორებითი მონახულებისას ყურადღებით მოსმენაა საჭირო იმისათვის, რომ უკეთ გაიგოთ მობინადრის მრწამსი, შეხედულებები და მისი მდგომარეობა.

13. რა შეიძლება დაგვეხმაროს იმის დანახვაში, თუ რა დამოკიდებულება აქვს მობინადრეს ბიბლიისადმი?

13 როგორ შეგიძლიათ, აღძრათ ხალხი, გაგიზიარონ ღვთის სიტყვისადმი თავიანთი დამოკიდებულება? ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა, შეეკითხოთ: „გიძნელდებათ ბიბლიის გაგება?“ ამ შეკითხვაზე პასუხი ხშირად სულიერი საკითხებისადმი მათ დამოკიდებულებას გიჩვენებთ. კიდევ ერთი საშუალება ისაა, რომ ამოუკითხოთ ბიბლიური მუხლი და ჰკითხოთ: „როგორ გესმით ეს მუხლი?“ იესოს მსგავსად სათანადო შეკითხვების დასმით თქვენც შეგიძლიათ უფრო მეტს მიაღწიოთ მსახურებაში, თუმცა სიფრთხილეა საჭირო.

იესო კითხვებს ეფექტურად იყენებდა

14. როგორ შეგიძლიათ ადამიანის თვალსაზრისის გაგება ისე, რომ მას თავი დაკითხვაზე არ ეგონოს?

14 დაინტერესდით სხვების შეხედულებებით, მაგრამ ისე, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაყაროთ ისინი. მიჰბაძეთ იესოს. ის დაკითხვას კი არ უწყობდა ადამიანს, არამედ ისეთ კითხვებს უსვამდა, რომ დაფიქრებისკენ აღძრავდა. იესო აგრეთვე გულისხმიერი მსმენელი იყო; მასთან ურთიერთობა გულწრფელი ადამიანებისთვის გამომაცოცხლებელი იყო და თავს მასთან თავისუფლად გრძნობდნენ (მათე 11:28). ყველანაირი ადამიანი თავისუფლად უზიარებდა თავის პრობლემას (მარკოზი 1:40; 5:35, 36; 10:13, 17, 46, 47). თუ გინდათ ადამიანმა თქვენთან თავისუფლად იგრძნოს თავი და გითხრათ, რას ფიქრობს ბიბლიასა და ბიბლიის სწავლებაზე, თავი დაკითხვაზე არ უნდა იგრძნოს.

15, 16. როგორ შეგიძლიათ ჩააბათ ხალხი რელიგიურ თემაზე საუბარში?

15 ეფექტური კითხვების დასმის გარდა, საუბარი შეიძლება იმით წამოიწყოთ, რომ თქვათ რაღაც საინტერესო, შემდეგ კი ამ საკითხთან დაკავშირებით მისი აზრი მოისმინოთ. მაგალითად, იესომ ნიკოდემოსს უთხრა: „თუ კაცი ხელახლა არ დაიბადება, ვერ იხილავს ღვთის სამეფოს“ (იოანე 3:3). ეს საკითხი იმდენად საინტერესო იყო, რომ ნიკოდემოსმა თავი ვერ შეიკავა თავისი აზრის გამოთქმისგან და დიდი ყურადღებით უსმენდა იესოს (იოანე 3:4—20). თქვენც შეგიძლიათ მსგავსი სახით ჩააბათ საუბარში მსმენელი.

16 დღეს მრავალი ახალი რელიგიური მიმდინარეობის გაჩენა სალაპარაკო თემაა აფრიკის, აღმოსავლეთ ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ამიტომ ამ ქვეყნებში ხშირად საუბარი შეიძლება ასე დაიწყოთ: „მართლაც ბევრი რელიგია არსებობს, მაგრამ მალე ყველა ხალხი ერთ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში გაერთიანდება. გსურთ, ამ მოვლენის თვითმხილველი იყოთ?“ როდესაც სხვას თქვენს იმედს უზიარებთ და მისთვის რაღაც საოცარს ეუბნებით, შეიძლება მსმენელი აღიძრას, საკუთარი აზრი გაგიზიაროთ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კითხვებზე პასუხების გაცემა უფრო ადვილია, როდესაც თქვენ თვითონ სთავაზობთ ორ სავარაუდო პასუხს (მათე 17:25). მობინადრის პასუხის შემდეგ, თქვენს კითხვას თავადვე უპასუხეთ ერთი ან ორი ბიბლიური მუხლით (ესაია 11:9; სოფონია 3:9). ყურადღებით მოსმენის შემდეგ შეძლებთ განსაზღვროთ, თუ რაზე ილაპარაკოთ მომავალი შეხვედრისას.

იესო უსმენდა ბავშვებს

17. რა ცხადყოფს, რომ იესო ბავშვებისადმი ინტერესს ავლენდა?

17 იესო არა მარტო უფროსების მიმართ ავლენდა ინტერესს, არამედ ბავშვების მიმართაც. მან იცოდა, რა თამაშებს თამაშობდნენ და რაზე ლაპარაკობდნენ ისინი. ზოგჯერ ის თავისთან იხმობდა ბავშვებს (ლუკა 7:31, 32; 18:15—17). იესოს მსმენელთა შორის ბევრი ბავშვი იყო. როდესაც ბიჭები მესიას ხმამაღლა განადიდებდნენ, იესოს ეს მხედველობიდან არ გამორჩენია და აღნიშნა, რომ ეს ბიბლიაში იყო ნაწინასწარმეტყველები (მათე 14:21; 15:38; 21:15, 16). დღეს მრავალი ბავშვი ხდება იესოს მოწაფე. როგორ შეგიძლიათ მათი დახმარება?

18, 19. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ ბავშვებს იესოს მოწაფეებად გახდომაში?

18 ბავშვებს მოწაფეებად გახდომაში რომ დაეხმაროთ, საჭიროა მოუსმინოთ მათ. უნდა იცოდეთ, რაზე ფიქრობენ ისინი, რაც შეიძლება ღვთის მოსაწონი არ იყოს. ბავშვმა რაც უნდა თქვას, გონივრულია, თავიდან რაღაცისთვის შეაქოთ ის. შემდეგ გამოიყენეთ სათანადო ბიბლიური მუხლები იმისათვის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ბავშვს იეჰოვას თვალსაზრისი დაანახვოთ.

19 იმის გასაგებად, თუ რას ფიქრობენ ბავშვები, კარგია კითხვების დასმა. ისე როგორც უფროსებს, ბავშვებსაც არ უყვართ, როდესაც დაკითხვას უწყობენ. რთული კითხვების დასმით მათი უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენების ნაცვლად, უკეთესი იქნებოდა რაღაც გეთქვათ საკუთარ თავზე. საუბრის თემიდან გამომდინარე, შეიძლებოდა აღგენიშნათ, ზოგჯერ როგორ გრძნობდით თავს და რა იყო ამის მიზეზი; შემდეგ დაგესვათ კითხვა: „შენც ასე ხომ არ გრძნობ თავს?“ ბავშვის პასუხიდან გამომდინარე შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი ბიბლიურ თემაზე, რაც მისთვის დამხმარე და გამამხნევებელი იქნება.

განაგრძეთ დიდებული მასწავლებლის მიბაძვა

20, 21. რატომ უნდა იყოთ კარგი მსმენელი, როდესაც მოწაფეების მომზადებაში იღებთ მონაწილეობას?

20 ბავშვს ესაუბრებით თუ უფროსს, ყურადღებით მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია. ამგვარად სიყვარულს გამოავლენთ. მოსმენით ცხადყოფთ, რომ თავმდაბლად იქცევით და მოსაუბრისადმი პატივისცემასა და სიყვარულს ავლენთ. ადამიანს რომ მოუსმინო, საჭიროა ყურადღებით იყო.

21 ქრისტიანულ მსახურებაში ყოფნისას ყურადღებით უსმინეთ მობინადრეს. როდესაც ყურადღებით ისმენთ, თუ რას ამბობენ ისინი, ალბათ, განსაზღვრავთ, ბიბლიური ჭეშმარიტებიდან განსაკუთრებით რა მიიზიდავს მათ. შემდეგ ეცადეთ, გამოიყენოთ სწავლების სხვადასხვა მეთოდი, რომლებსაც იესო იყენებდა. ეს სიხარულსა და კმაყოფილებას მოგანიჭებთ, რადგან მსგავსი მოქმედებით დიდებულ მასწავლებელს ჰბაძავთ.

როგორ უპასუხებდით?

• როგორ აღძრავდა იესო სხვებს, გამოეხატათ საკუთარი აზრი?

• რატომ უსმენდა იესო მათ, ვისაც ასწავლიდა?

• როგორ შეგიძლიათ მსახურებისას კითხვების გამოყენება?

• როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ ბავშვებს მოწაფეებად გახდომაში?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 28 გვერდზე]

ქადაგებისას მოუსმინეთ მობინადრეს

[სურათი 30 გვერდზე]

როდესაც ბავშვებს მოწაფეებად ვამზადებთ, იესოს ვბაძავთ