რა აძლევს აზრს თქვენს ცხოვრებას?
რა აძლევს აზრს თქვენს ცხოვრებას?
კენი წარმატებულ ბროკერულ ფირმაში მუშაობდა, ძვირადღირებული უცხოური მანქანით დადიოდა და დიდი ქალაქის მდიდრულ უბანში ფეშენებელურ სახლში ცხოვრობდა. მას, როგორც მძაფრი შეგრძნებების მოყვარულ დახელოვნებულ პარაშუტისტს, დიდ სიამოვნებას ანიჭებდა ათასობით მეტრი სიმაღლიდან ხტომა. მოუტანა ყოველივე ამან კმაყოფილება? „უოლ-სტრიტ ჯორნელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კენიმ თქვა: „აი, უკვე 45 წლის ვარ და უმიზნოდ ვცხოვრობ . . . ჩემი ცხოვრება აზრს მოკლებულია“.
ელინი ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისათვის, რომ კარგი მოციგურავე გამხდარიყო. დროთა განმავლობაში მან მიზანს მიაღწია და მოიპოვა დიდება, რომელიც ასე სწყუროდა. „ნუთუ სულ ეს იყო, რასაც ვესწრაფოდი?! — თქვა იმედგაცრუებულმა ელინმა. — საშინელ მარტოობას ვგრძნობდი. დრო გავიდოდა და სიბერეც მომიკაკუნებდა კარზე; თუ მხოლოდ ამისთვის ვიცხოვრებდი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფული მქონდა, ჩემს ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა“.
ჰიდეო ფერების შეხამების დიდოსტატი იყო და ხელოვნებისთვის ცხოვრობდა. ის არ ყიდდა თავის ნამუშევრებს; მისთვის ეს ღალატის ტოლფასი იყო. სიცოცხლის ბოლოს, 98 წლის ასაკში, მან თავისი ნამუშევრების უმეტესობა მუზეუმს გადასცა. ჰიდეომ მთელი ცხოვრება ხელოვნებას მიუძღვნა. მიუხედავად ამისა, მას დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ჰქონდა, რადგან ფიქრობდა, რომ ვერასდროს შეძლებდა თავისი ხელოვნების სრულყოფას.
ზოგი სხვების დასახმარებლად დროს, ენერგიასა და სახსრებს არ იშურებს. განვიხილოთ ჰოლივუდის კინოინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის შემთხვევა. მას, შეერთებული შტატების უდიდესი კინოკომპანიის ვიცე-პრეზიდენტს, სახელგანთქმულ ადამიანებთან ჰქონდა ურთიერთობა და მდიდრულ უბანში ცხოვრობდა ფუფუნებაში. ერთხელ, როდესაც კამბოჯაში ისვენებდა, ერთ-ერთ კაფეში სადილობისას მასთან ფულის სათხოვნელად გოგონა მივიდა. მან გოგონას ერთი დოლარი და გამაგრილებელი სასმელი მისცა. მათხოვარი მადლიერი დარჩა. მაგრამ მეორე საღამოს ამ კაცმა დაინახა, რომ ის გოგონა ისევ მათხოვრობდა. ის მიხვდა, რომ გაწეული დახმარება საკმარისი არ იყო.
ერთი წლის შემდეგ ვიცე-პრეზიდენტმა სამუშაოს შეცვლა გადაწყვიტა — გართობის ინდუსტრია დატოვა და კამბოჯაში ღარიბთა დახმარებას შეუდგა. მან დააფუძნა დაწესებულება, რომელიც ღარიბთათვის თავშესაფრის, საკვებისა და განათლების მიცემაზე იზრუნებდა. მიუხედავად ამისა, ამ კაცს გამუდმებით ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები ეუფლებოდა — ერთი მხრივ, გაწეული დახმარებისთვის სიამოვნება და კმაყოფილება, და მეორე მხრივ, მზარდი პრობლემებით გამოწვეული იმედგაცრუება და გულგატეხილობა.
აქ მოხსენიებულმა ოთხივე ადამიანმა იცოდა, რისი მიღწევა სურდათ ცხოვრებაში. მაგრამ მათ იმედი გაუცრუვდათ, როდესაც დიდი ძალისხმევის შედეგად დასახულ მიზანს მიაღწიეს. თქვენ რისთვის ცხოვრობთ? რას აყენებთ ცხოვრებაში პირველ ადგილზე? დარწმუნებული ხართ, რომ მოგვიანებით არ ინანებთ?