არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხართ სხვებისთვის გამომაცოცხლებელი?

ხართ სხვებისთვის გამომაცოცხლებელი?

ხართ სხვებისთვის გამომაცოცხლებელი?

ანტილიბანის მთის მასივის სამხრეთ ბოლოში მდებარეობს მთა ხერმონი, რომლის დიდებული მწვერვალი ზღვის დონიდან 2 814 მეტრ სიმაღლეზეა აღმართული. წლის განმავლობაში უმეტესწილად ხერმონის მწვერვალი თოვლით არის დაფარული, რის გამოც თბილი ღამეების დროს აორთქლებული წყალი ამ მწვერვალამდე მიღწევისას კონდენსირდება და ნამი წარმოიქმნება. ნამი ედება მთის კალთებზე შეფენილ ნაძვის ხეებს, შედარებით დაბლა — ხეხილს, ხოლო ვაკეზე — ვენახს. ძველ ისრაელში გრძელი, მშრალი დღეების განმავლობაში ასეთი გამომაცოცხლებელი ნამი მცენარეებისთვის ტენის მიღების ძირითადი წყარო იყო.

ღვთის შთაგონებით დაწერილ სიმღერაში იეჰოვას თაყვანისმცემელთა შორის არსებული გამომაცოცხლებელი ერთიანობა ‘სიონის მთებზე დაშვებულ ნამთანაა’ შედარებული (ფსალმუნი 133:1, 3). როგორც ხერმონის მთაა მცენარეების მაცოცხლებელი ნამის წყარო, ისე ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ გამომაცოცხლებელი მათთვის, ვისთანაც გვიწევს ურთიერთობა. როგორ?

იესოს მაგალითი

იესო ქრისტე დიდ გავლენას ახდენდა სხვებზე. მასთან ხანმოკლე შეხვედრაც კი დიდად გამომაცოცხლებელი იყო. მაგალითად, მარკოზის სახარება მოგვითხრობს: „[იესო] მოეხვია ბავშვებს, ხელებს ადებდა და აკურთხებდა“ (მარკოზი 10:16). რა გამამხნევებელი იქნებოდა ეს პატარებისთვის!

დედამიწაზე ყოფნის უკანასკნელ ღამეს იესომ თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა. რა გულში ჩამწვდომი იქნებოდა თავმდაბლობის ამგვარი გამოვლენა მისი მოწაფეებისთვის! ფეხების დაბანის შემდეგ, იესომ მათ უთხრა: „მაგალითი მოგეცით, რათა, რაც მე გაგიკეთეთ, თქვენც იგივე აკეთოთ“ (იოანე 13:1—17). დიახ, მოწაფეებიც თავმდაბლები უნდა ყოფილიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ მოციქულები მაშინვე ვერ ჩასწვდნენ იესოს ნათქვამს და იმავე ღამეს, მოგვიანებით, ერთმანეთში დაიწყეს დავა იმის თაობაზე, თუ ვინ იყო მათ შორის უდიდესი, იესო არ გაღიზიანებულა. პირიქით, მან მოთმინებით შეუსწორა მათ თვალსაზრისი (ლუკა 22:24—27). იესო მაშინაც კი, „როცა ლანძღავდნენ, ლანძღვით არ პასუხობდა“. ის, „როცა იტანჯებოდა, არ იმუქრებოდა, არამედ იმას ჩააბარა თავი, ვინც სიმართლით ასამართლებს“. იესო სხვებისთვის გამომაცოცხლებელი იყო, რაშიც ნამდვილად ღირს მიბაძვა (1 პეტრე 2:21, 23).

იესომ თქვა: „დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდება თქვენი სული“ (მათე 11:29). წარმოიდგინეთ, თუ როგორია პირადად იესოსგან დარიგების მიღება. სინაგოგაში მისი ქადაგების მოსმენის შემდეგ ხალხი გაოცებული იყო; მათ თქვეს: „საიდან აქვს ამ კაცს ასეთი სიბრძნე და ასეთი სასწაულების მოხდენის უნარი?“ (მათე 13:54). ბიბლიის კითხვამ — იესოს ცხოვრებასა და მსახურებასთან გაცნობამ — შეიძლება ბევრი რამ გვასწავლოს იმის თაობაზე, თუ როგორ ვიყოთ სხვებისთვის გამომაცოცხლებელი. განვიხილოთ შესანიშნავი მაგალითი, რომელიც იესომ გამამხნევებელი საუბრებითა და დახმარებისთვის მზადყოფნით დაგვიტოვა.

ისაუბრეთ დადებითზე

გაცილებით ადვილია შენობის დანგრევა, ვიდრე აშენება. იმავეს თქმა შეიძლება ჩვენს საუბრებზეც. ჩვენ, არასრულყოფილი ადამიანები, ვუშვებთ შეცდომებს. მეფე სოლომონმა თქვა: „არ არსებობს მართალი კაცი დედამიწაზე, რომელიც კარგს აკეთებდეს და არ სცოდავდეს“ (ეკლესიასტე 7:20). რთული არ არის სხვისი შეცდომის დანახვა, სხვისი გაკრიტიკება და ამგვარად ადამიანის განადგურება (ფსალმუნი 64:2—4). მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენი საუბრები გამამხნევებელი იყოს, დაფიქრება და ძალისხმევაა საჭირო.

იესო ენას ხალხის აღსაშენებლად იყენებდა. მისი საუბრები სულიერად გამომაცოცხლებელი იყო, რადგან სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ქადაგებდა (ლუკა 8:1). იესო თავისი მოწაფეებისთვის იმითაც იყო გამომაცოცხლებელი, რომ მათ თავის ზეციერ მამას აცნობდა (მათე 11:25—27). ცხადია, ხალხს სურდა ასეთ პიროვნებასთან დაახლოება.

იესოსგან განსხვავებით მწიგნობრები და ფარისევლები სხვების მოთხოვნილებებს უგულებელყოფდნენ. „უყვართ საპატიო ადგილები ვახშმებზე და წინა ადგილები სინაგოგებში,“ — თქვა იესომ (მათე 23:6). ისინი ზემოდან დაჰყურებდნენ უბრალო ხალხს და მათ შესახებ ამბობდნენ: „დაწყევლილია ეს კანონის უცოდინარი ხალხი“ (იოანე 7:49). აშკარაა, ასეთ დამოკიდებულებაში არაფერია გამომაცოცხლებელი.

ჩვენს საუბრებში ხშირად ჩანს ჩვენი შინაგანი ბუნება და ის, თუ რა შეხედულება გვაქვს სხვებზე. იესომ თქვა: „კარგ კაცს თავისი გულის კარგი განძიდან კარგი გამოაქვს, ბოროტს კი თავისი ბოროტი განძიდან ბოროტი გამოაქვს, რადგან გულში მოჭარბებულს პირი ლაპარაკობს“ (ლუკა 6:45). რის გაკეთება შეგვიძლია იმისათვის, რომ ჩვენი საუბრები სხვებისთვის გამომაცოცხლებელი იყოს?

პირველ რიგში, სანამ რამეს ვიტყოდეთ, საჭიროა დავფიქრდეთ. იგავების 15:28-ში ნათქვამია: „მართლის გული პასუხის გაცემამდე ფიქრობს“. ასეთი დაფიქრებისთვის დიდი დრო არ არის საჭირო. მალევე შეგვიძლია განვსაზღვროთ, თუ რა გავლენას მოახდენს სხვებზე ჩვენი სიტყვები. კარგია საკუთარ თავს ვკითხოთ: «აირეკლება სიყვარული ჩემს ნათქვამში? სიმართლეს ვამბობ თუ არასწორ ინფორმაციას ვავრცელებ? შეიძლება ითქვას ჩემს სიტყვებზე, რომ „დროულად ნათქვამია“? იქნება ჩემი სიტყვები გამომაცოცხლებელი და გამამხნევებელი?» (იგავები 15:23). თუ დავინახავთ, რომ ის, რის თქმასაც ვაპირებთ, უარყოფითი და მდგომარეობისთვის შეუფერებელია, ნუ ვიტყვით. განა უკეთესი არ არის, ვილაპარაკოთ იმაზე, რაც დადებითი და მდგომარეობისთვის შესაფერისია? „დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილივით ჭრის“ მაშინ, როცა „ბრძენის ენა . . . კურნავს“ (იგავები 12:18).

დადებითად საუბარში დაგვეხმარება ისიც, რომ ყურადღება გავამახვილოთ თანამორწმუნის იმ თვისებებზე, რის გამოც ის ღვთის თვალში ძვირფასია. იესომ თქვა: „ჩემთან ვერავინ მოვა, თუ მამამ, ჩემმა გამომგზავნელმა, არ მიიზიდა“ (იოანე 6:44). იეჰოვა თითოეულ ერთგულ მსახურში — მათშიც კი, ვიზეც ვფიქრობთ, რომ რთული ხასიათი აქვთ — ხედავს დადებით თვისებებს. როდესაც ძალისხმევას ვავლენთ და თანამორწმუნეში დადებითი თვისებების დანახვას ვცდილობთ, იმის საფუძველი გვექნება, რომ მათზე დადებითად ვისაუბროთ.

დაეხმარეთ სხვებს

იესოს ბოლომდე ესმოდა ჩაგრულთა ტკივილი. „ხალხს რომ ხედავდა, გული ეწვოდა მათ გამო, რადგან უმწყემსო ცხვარივით იყვნენ გასავათებული და დაფანტული“ (მათე 9:36). მაგრამ იესო არა მარტო ხედავდა მათ საცოდავ მდგომარეობას, არამედ სათანადო დახმარებას უწევდა მათ. მან თქვა: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ“. შემდეგ მსმენელებს უთხრა: „ჩემი უღელი ადვილი სატარებელია და ჩემი ტვირთი მსუბუქია“ (მათე 11:28, 30).

დღეს „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1). მრავალი ადამიანი „ქვეყნიერების საზრუნავით“ არის დამძიმებული (მათე 13:22). სხვებს პირადი მდგომარება უქმნით პრობლემას (1 თესალონიკელები 5:14). როგორ შეგვიძლია ასეთებისთვის გამომაცოცხლებელი ვიყოთ? ქრისტეს მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია მათთვის დახმარების გაწევა და ტვირთის შემსუბუქება.

ზოგი შვებას გრძნობს, როდესაც საკუთარ პრობლემებზე სხვებს ესაუბრება. თუ ჩვენთან გულდამძიმებული ადამიანი მოვიდა, გამოვუყოფთ მას დროს და მოვუსმენთ ყურადღებით? საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ სხვებს თანაგრძნობით მოვუსმინოთ. საჭიროა, მთელი ყურადღება იმაზე გვქონდეს გადატანილი, რომ ვუსმინოთ ადამიანს და არა იმაზე, თუ რა ვუთხრათ მას ან რა ვურჩიოთ პრობლემის მოსაგვარებლად. ყურადღებით მოსმენით, თვალებში ყურებით და არაუადგილო ღიმილით ვაჩვენებთ, რომ ვზრუნავთ მათზე.

ქრისტიანულ კრებაში თანამორწმუნეების გასამხნევებლად მრავალი შესაძლებლობა არსებობს. მაგალითად, სამეფო დარბაზში კრების შეხვედრების დროს ჩვენ შეგვიძლია ყურადღება გამოვავლინოთ მათ მიმართ, ვისაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვთ. ზოგჯერ, შეხვედრის დაწყებამდე ან დასასრულს რამდენიმე წუთის გამოყოფა და წამახალისებელი სიტყვის თქმაც კი საკმარისია მათ აღსაშენებლად. აგრეთვე, უნდა შევნიშნოთ, თუ ვინ ვერ მოვიდა წიგნის შესწავლაზე. შეგვიძლია მათ ტელეფონით დავუკავშირდეთ, დახმარება შევთავაზოთ და ვაგრძნობინოთ, რომ დაინტერესებული ვართ მათი კეთილდღეობით (ფილიპელები 2:4).

უხუცესებს კრებაში დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. მათი ტვირთის შესამსუბუქებლად ჩვენ ბევრის გაკეთება შეგვიძლია, და ამას მათთან თანამშრომლობით და ნებისმიერი დაკისრებული დავალების შესრულებით შევძლებთ. ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს: „გაუგონეთ მათ, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია და დაემორჩილეთ, რადგან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც ანგარიშვალდებულნი, რათა ამას სიხარულით აკეთებდნენ და არა ოხვრით, ვინაიდან ეს საზიანო იქნებოდა თქვენთვის“ (ებრაელები 13:17). თუ ყოველთვის გამოვავლენთ მზადყოფნის სულისკვეთებას, გამოვაცოცხლებთ „ხელმძღვანელობის კარგად გამწევებს“ (1 ტიმოთე 5:17).

იუხვეთ დადებითი საუბრებითა და სარგებლობის მომტანი საქმეებით

გამომაცოცხლებელი ნამი წარმოიქმნება ათასობით პაწაწინა წყლის წვეთისგან და თითქოს არსაიდან ჩნდება. მსგავსად, სხვებისთვის გამომაცოცხლებელი რომ ვიყოთ, საკმარისი არ არის მხოლოთ ერთხელ გავაკეთოთ კარგი საქმე, არამედ საჭიროა, ყოველთვის გამოვავლინოთ ქრისტიანული თვისებები.

„ძმათმოყვარეობაში სათუთი გრძნობები გამოავლინეთ ერთმანეთის მიმართ, — წერდა მოციქული პავლე. — პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომაელები 12:10). მოდი, მივყვეთ პავლეს რჩევას და ჩვენი საუბრებითა თუ მოქმედებებით ყოველთვის გამომაცოცხლებელი ვიყოთ სხვებისთვის!

[სურათები 16 გვერდზე]

ხერმონის მთის ნამი მცენარეულობისთვის გამომაცოცხლებელი ტენის წყაროა

[სურათი 17 გვერდზე]

სხვებისთვის გამომაცოცხლებელია ის, ვინც თანაგრძნობით უსმენს მათ