არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალი ქვეყნიერებისკენ

ახალი ქვეყნიერებისკენ

ბიოგრაფია

ახალი ქვეყნიერებისკენ

მოგვითხრო ჯეკ პრამბერგმა

ცენტრალური შვედეთის პატარა ლამაზი ქალაქის, არბუგას მახლობლად მდებარეობს იეჰოვას მოწმეების ფილიალი, სადაც 80-ზე მეტი მოხალისე მსახურობს. მე და ჩემი მეუღლე კარინაც იქ ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. როგორ მოვხვდით იეჰოვას მოწმეების ფილიალში?

ერთი 15 წლის შვედი გოგონა XIX საუკუნის მიწურულს საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდა. ნიუ-იორკის ლტოლვილთა ბანაკში მან გაიცნო შვედი მეზღვაური. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი და დაქორწინდნენ. მალე მეც გავჩნდი. ეს მოხდა ბრონქსში (ნიუ-იორკი) 1916 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს.

ჩვენ მალე გადავედით ბრუკლინში, რამდენიმე კვარტლის მოშორებით ბრუკლინ-ჰაიტსიდან, სადაც ბრუკლინის ბეთელი მდებარეობს. ერთხელ მამაჩემმა გამახსენა, რომ პატარა ნავით სწორედ ბრუკლინის ხიდთან ახლოს დავცურავდით, საიდანაც კარგად მოჩანს იეჰოვას მოწმეების მთავარი სამმართველო. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ რაც იქ კეთდებოდა, ჩემს ცხოვრებაზე დიდ გავლენას მოახდენდა.

1918 წელს პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ევროპაში უაზრო ხოცვა-ჟლეტა დასრულდა. ჯარისკაცები სამშობლოში დაბრუნდნენ, მაგრამ იქ ახალი პრობლემის — უმუშევრობისა და სიღარიბის წინაშე აღმოჩნდნენ. მამაჩემის აზრით, ჯობდა, შვედეთში დავბრუნებულიყავით, სადაც 1923 წელს ჩავედით. დავსახლდით რკინიგზის სადგურთან ახლოს, პატარა სოფელ ერიკსტადში, დალსლანდის ოლქში. მამაჩემმა იქ ტექნიკური მომსახურების სახელოსნო გახსნა. მეც იქ გავიზარდე და სკოლაშიც იქ დავდიოდი.

ითესება ჭეშმარიტების მარცვალი

მამაჩემის სამუშაომ ვერ გაამართლა. ამიტომ 30-იანი წლების დასაწყისში ის კვლავ მეზღვაურობას დაუბრუნდა. დავრჩით მე და დედა, რომელსაც ათასი სადარდებელი ჰქონდა, სახელოსნოს საქმე კი მე უნდა მეთავა. ერთ დღეს დედამ ბიძაჩემი იოჰანი მოინახულა. მსოფლიო მდგომარეობით შეშფოთებულმა დედამ მას ჰკითხა: „იოჰან, სულ ასე იქნება?!“

„არა, რუთ“, — უპასუხა მან. შემდეგ ღვთის განზრახვაზე დაიწყო საუბარი, რომ მალე ბოროტებას ბოლო მოეღებოდა და დედამიწას სამეფო უხელმძღვანელებდა, რომელის მეფეც იესო ქრისტეა (ესაია 9:6, 7; დანიელი 2:44). მან აუხსნა, რომ ეს სამეფო, რომელზე ლოცვასაც იესო თავის მოწაფეებს ასწავლიდა, იყო სამართლიანი მთავრობა; სწორედ ეს სამეფო დაამყარებდა დედამიწაზე სამოთხეს (მათე 6:9, 10; გამოცხადება 21:3, 4).

ღვთის დაპირებებმა დედაჩემზე ძალიან იმოქმედა. სახლში რომ ბრუნდებოდა, მთელი გზა ღმერთს მადლობას უხდიდა. თუმცა არც მე და არც მამას არ მოგვწონდა, რომ დედა რელიგიით ინტერესდებოდა. იმ დროს გადავედი ტროლჰეტანში (დასავლეთი შვედეთი), სადაც დიდ საამქროში დავიწყე მუშაობა. მალე იქ ჩემი მშობლებიც გადმოვიდნენ; მამაჩემს მეზღვარობისთვის თავი ახალი დანებებული ჰქონდა.

სულიერი შიმშილი რომ დაეკმაყოფილებინა, დედამ იეჰოვას მოწმეების ძებნა დაიწყო. იეჰოვას მოწმეები იმ დროს პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად ერთმანეთის სახლებში იკრიბებოდნენ (ფილიმონი 1, 2). ერთ დღეს დედას რიგიც დადგა. დედამ მამას ჰკითხა, შეიძლება ჩემი მეგობრები დავპატიჟოო. მან მიუგო, შენი მეგობრები ჩემი მეგობრები არიანო.

მას შემდეგ ჩვენი სახლის კარი მათთვის ყოველთვის ღია იყო. როცა იეჰოვას მოწმეები მოდიოდნენ, მე სახლიდან გავდიოდი. ერთხელაც დავრჩი. მათმა სითბომ და უბრალო, ლოგიკურმა საუბარმა გამათავისუფლა ყოველგვარი წინასწარაკვიატებული აზრისგან. ჩემში ჭეშმარიტების მარცვალმა დაიწყო გაღვივება, მომავლის იმედი ჩამესახა.

მეზღვაურობის პერიოდში

მეზღვაურობა მეც დავიწყე. ეტყობა, მამისგან ზღვის სიყვარული მემკვიდრეობით გადმომეცა. ამავე დროს დიდი სულიერი მოთხოვნილება მქონდა. როდესაც გემი პორტში ჩერდებოდა, ყოველთვის ვცდილობდი, იეჰოვას მოწმეები მეპოვა. ერთხელ ამსტერდამის (ნიდერლანდები) ფოსტაში მივედი, რომ გამეგო იეჰოვას მოწმეების მისამართი. ცოტა ხნის შემდეგ მისამართი მომცეს და მეც დაუყოვნებლივ წავედი. კარი ათი წლის მომღიმარმა გოგონამ გამიღო. თუმცა პირველად ვნახე, ძალიან თბილად განვეწყე იმ გოგონასა და მისი ოჯახის მიმართ. მაშინ დავინახე, თუ როგორი სიყვარულით გამოირჩევა საერთაშორისო საძმო.

როდესაც მათ კალენდარი და მატარებლების განრიგი აიღეს და რუკის დახაზვა დაიწყეს, თუმცა სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობდით, მივხვდი, რომ მალე ახლო მდებარე ქალაქ ჰარლემში კონგრესი უნდა ჩატარებულიყო. მეც წავედი კონგრესზე. მიუხედავად იმისა, რომ ერთი სიტყვაც არ გამიგია, ძალზე კმაყოფილი დავრჩი. კვირა დღის საჯარო მოხსენებისთვის იეჰოვას მოწმეები მოსაწვევებს არიგებდნენ. მათ შემხედვარეს მეც გამიჩნდა მოსაწვევების დარიგების სურვილი. გადაყრილ მოსაწვევებს ვკრეფდი და ხელმეორედ ვავრცელებდი.

ერთხელ ბუენოს-აირესის (არგენტინა) პორტში გავჩერდით; იქ იეჰოვას მოწმეების ფილიალი ვიპოვე. ღამე იყო. შიგნით რომ შევედი, დავინახე ოფისი, საწყობი და მაგიდასთან მჯდომი ქალი, რომელიც ქსოვდა, და პატარა გოგონა, ალბათ მისი შვილი, რომელიც თოჯინით თამაშობდა. ერთი კაცი თაროდან წიგნებს იღებდა; თვალი მოვკარი შვედურ ენაზე წიგნს „შემოქმედება“. ვხედავდი მათ მომღიმარ, ბედნიერ სახეებს და ძალიან მომინდა, მეც იეჰოვას მოწმე ვყოფილიყავი.

შვედეთში რომ ვბრუნდებოდით, გემზე კანადელი ჯარისკაცები ამოვიყვანეთ, რომელთა თვითმფრინავმაც ნიუფაუნდლენდის სანაპიროსთან კატასტროფა განიცადა. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა შოტლანდიის სანაპიროს მივადექით, ინგლისელების სამხედრო გემმა დაგვაკავა და შესამოწმებლად ორკნის კუნძულებზე, ქალაქ კერკუოლში გადაგვიყვანა. იმ დროისთვის მეორე მსოფლიო ომი უკვე დაწყებული იყო; ჰიტლერის ნაცისტურმა ჯარებმა 1939 წლის სექტემბერში პოლონეთი დაიპყრეს. რამდენიმე დღის შემდეგ გაგვათავისუფლეს და უპრობლემოდ ჩავედით შვედეთში.

სახლში დაბრუნებამ შესაძლებლობა მომცა სულიერი საკითხებისთვის მეტი დრო დამეთმო. მინდოდა, ღვთის ხალხთან ერთად ვყოფილიყავი და ყოველთვის მევლო მათ შეხვედრებზე (ებრაელები 10:24, 25). სიხარულით ვიხსენებ მეზღვაურობის პერიოდს, რადგან მეზღვაურებთან ყოველთვის ვქადაგებდი; ერთ-ერთი მათგანი იეჰოვას მოწმეც გახდა.

სპეციალური მსახურება

1940 წელს იეჰოვას მოწმეების ფილიალს ვესტუმრე სტოკჰოლმში. გავიცანი ძმა იოჰან ინეროუტი, რომელიც იმ დროს შვედეთში სამქადაგებლო საქმეს ხელმძღვანელობდა. მას ვუთხარი, რომ მინდოდა, სრული დროით მემსახურა. მან შემომხედა და მკითხა: „გჯერა, რომ ეს ღვთის ორგანიზაციაა?“

„რა თქმა უნდა“, — ვუპასუხე. 1940 წლის 22 ივნისს მოვინათლე და ფილიალში დავიწყე მსახურება სამაგალითო თანაქრისტიანების გვერდით. ყოველ შაბათ-კვირას საქადაგებლად მივდიოდით. ზაფხულობით ველოსიპედებით შორს დავდიოდით საქადაგებლად, ღამით თივაზე გვეძინა.

ძირითადად კარდაკარ ვქადაგებდით როგორც სტოკჰოლმში, ისე მის გარეუბნებში. ერთხელ დავინახე კაცი, რომელიც სარდაფში ბრაზმორეული აკეთებდა ბოილერს. სახელოები ავიკაპიწე და მივეხმარე. როცა წყალმა შეწყვიტა ჟონვა, მამაკაცმა შემომხედა და მადლიერმა მითხრა: „ალბათ, სხვა მიზნით ხარ მოსული. ავიდეთ, ხელები დავიბანოთ და ყავა დავლიოთ“. ყავას რომ ვსვამდით, ვუქადაგე. გარკვეული ხნის შემდეგ ის იეჰოვას მოწმე გახდა.

მიუხედავავად იმისა, რომ შვედეთს ნეიტრალური პოზიცია ეკავა, ხალხზე ომი მაინც ახდენდა გავლენას. მამაკაცები ჯარში გამოიძახეს, მათ შორის მეც. სამხედრო წვრთნაზე უარის თქმის გამო ცოტა ხნით დამაპატიმრეს, შემდეგ კი შრომა-გასწორების კოლონიაში გადამიყვანეს. იეჰოვას მოწმეებს ხშირად უწევდათ მოსამართლეების წინაშე დგომა, რაც მათ სამეფოს შესახებ ქადაგების შესაძლებლობას აძლევდა. სრულდებოდა იესოს წინასწარმეტყველება: „წაგიყვანენ გამგებლებთან და მეფეებთან ჩემ გამო, მათთვის და უცხოტომელებისთვის დასამოწმებლად“ (მათე 10:18).

ჩემი ცხოვრება იცვლება

1945 წელს კვლავ სიმშვიდემ დაისადგურა. იმავე წელს ნეითან ნორი, რომელიც მთელ მსოფლიოში ხელმძღვანელობდა სამქადაგებლო საქმიანობას, ბრუკლინიდან თავის მდივანთან, მილტონ ჰენშელთან ერთად ჩამოვიდა. მათ სამქადაგებლო საქმიანობის რეორგანიზაცია მოახდინეს. მათმა ჩამოსვლამ ჩემზეც დიდი გავლენა მოახდინა. მაშინ შევიტყვე, რომ შესაძლებელი იყო, გამევლო ბიბლიური სკოლა „გალაადი“, და დაუყოვნებლივ შევავსე ანკეტა.

მომდევნო წელს მიმიწვიეს „გალაადში“, რომელიც საუთ-ლანსინგის (ნიუ-იორკი) მახლობლად მდებარეობდა. სწავლების ხუთთვიანი კურსის გავლის შემდეგ უფრო მეტად დავაფასე ბიბლია და ღვთის ორგანიზაცია. დავინახე, როგორი მეგობრულები და ყურადღებიანები იყვნენ ის ძმები, რომლებიც სამქადაგებლო საქმეს უწევდნენ ორგანიზებას. ისინი ჩვენთან ერთად ბევრს შრომობდნენ (მათე 24:14). თუმცა არ გამკვირვებია, უბრალოდ გამიხარდა, რომ ჩემი თვალით ვნახე ეს ყველაფერი.

დრო სწრაფად გავიდა, 1947 წლის 9 თებერვალს „გალაადის“ მერვე კლასი დავამთავრე. გამოსაშვებ საღამოზე ძმა ნორმა გამოაცხადა, თუ რომელ ქვეყნებში გაიგზავნებოდნენ კურსდამთავრებულები. ჩემი ჯერი რომ დადგა, ძმა ნორმა გამოაცხადა: „ძმა პრამბერგი შვედეთში დაბრუნდება, რომ თავის ძმებს მოემსახუროს“. უნდა ვაღიარო, რომ მაინცდამაინც არ აღვფრთოვანებულვარ ასეთი გადაწყვეტილებით.

რთული დავალება

როდესაც შვედეთში დავბრუნდი, იმ დროისთვის მთელ მსოფლიოში საფუძველი ეყრებოდა საოლქო მსახურებას. შვედეთის საოლქო ზედამხედველად მე დამნიშნეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა მემსახურა. ორგანიზებას ვუწევდი და ვზედამხედველობდი სარაიონო კონგრესებს, რომლებიც მთელი შვედეთის დიდსა თუ პატარა ქალაქებში ტარდებოდა. გამოცდილება არ მქონდა, რადგან ეს ახალი ფორმის მსახურება იყო. მე და ძმა ინეროუტი დავსხედით და შეძლებისდაგვარად ერთად შევადგინეთ პროგრამა. ამ დავალების მიღების შემდეგ იეჰოვასთვის არაერთხელ მითხოვია დახმარება. ძალიან ვაფასებ იმას, რომ 15 წლის განმავლობაში ვმსახურობდი საოლქო ზედამხედველად.

იმ დროს ადვილი არ იყო შეხვედრებისთვის შესაფერისი შენობების მოძებნა. შეგვეძლო მხოლოდ ძველი საცეკვაო დარბაზების დაქირავება, რომლებიც ცუდად თბებოდა. ერთ-ერთ ასეთ დარბაზში ჩატარდა სარაიონო კონგრესი როკიოში (ფინეთი). ეს იყო ძველი, მიტოვებული კლუბის შენობა. იმ დღეს გარეთ ქარბუქი იყო და ტემპერატურა - 20 გრადუსამდე დაეცა. გავახურეთ ორი უშველებელი ნავთის ღუმელი. თუმცა რას წარმოვიდგენდით, რომ საკვამურებში ჩიტებს ბუდეები ჰქონდათ გაკეთებული. შენობა კვამლით გაივსო. თავები პალტოებში გვქონდა ჩაყოფილი, თვალები გვეწვოდა, მაგრამ დარბაზი არავის დაუტოვებია. ეს კონგრესი განსაკუნთრებულად დაგვამახსოვრდა.

სამდღიანი სარაინო კონგრესების დროს დამსწრეები საკვებითაც უნდა მოგვემარაგებინა. თავიდან არც არანაირი მოწყობილობა გვქონდა და არც საამისო გამოცდილება. მაგრამ გვყავდა ძვირფასი და-ძმები, რომლებიც სირთულეებს არ შეუშინდნენ. კონგრესის წინა დღეს ისინი ერთ დიდ კასრში თლიდნენ კარტოფილს და თან ერთმანეთს გამამხნევებელ შემთხვევებს უყვებოდნენ. ასეთმა შემთხვევებმა და მხარდამხარ შრომამ და-ძმები ერთმანეთთან დაახლოვა.

ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ნაწილი პლაკატების ტარება იყო, რომ სარაიონო კონგრესებზე ხალხი მოგვეპატიჟებინა. სოფლებსა თუ ქალაქებში ჯგუფ-ჯგუფად დავდიოდით და ხალხს საჯარო მოხსენებებზე ვიწვევდით. უმეტესობა პატივისცემით გვეპყრობოდა. ერთხელ ქალაქ ფინსპონგის ერთ-ერთი ქუჩა გადავსებული დაგვხვდა ფაბრიკიდან გამოსული მუშებით. უცბად ერთმა მათგანმა დაიძახა: „ბიჭებო, ეს ის ხალხია, ჰიტლერმა რომ ვერაფერი დააკლო“.

მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩემს ცხოვრებაში

ჩემი, როგორც მიმოსვლელი მსახურის ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, რაც მომხიბვლელ დას, კარინს შევხვდი. ორივენი მიწვეულნი ვიყავით საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც 1953 წლის ივლისში, ნიუ-იორკში იანკის სტადიონზე ტარდებოდა. ორშაბათს, 20 ივლისს, შესვენების დროს სწორედ იქ წაიკითხა ჩვენთვის საქორწინო მოხსენება ძმა მილტონ ჰენშელმა. ბეისბოლის უზარმაზარ სტადიონზე ეს მართლაც უჩვეულო შემთხვევა იყო. მე და კარინი მიმოსვლით საქმიანობას 1962 წლამდე ვეწეოდით, შემდეგ კი შვედეთის ბეთელის ოჯახში მიგვიწვიეს. თავდაპირველად, ჟურნალების განყოფილებაში ვმუშაობდი. შემდეგ, რადგან მექანიკოსის გამოცდილება მქონდა, დამავალეს საბეჭდი მანქანებისა და სხვა მოწყობილობების მოვლა. კარინი წლების მანძილზე მუშაობდა სამრეცხაოში. ახლა კი, დიდი ხანია, რაც ტექნიკურ კორექტორად მუშაობს.

მართლაც საინტერესო ცხოვრება გამოვიარეთ მე და ჩემმა მეუღლემ. ბედნიერები ვართ, რადგან 54 წელზე მეტია, რაც იეჰოვას ერთად ვემსახურებით. იეჰოვა კურთხევას არ აკლებს თავის ერთგულ მსახურთა ორგანიზაციას. 1940 წელს, როდესაც ფილიალში დავიწყე მსახურება, შვედეთში 1500 მოწმე იყო, დღეს კი მათი რიცხვი 22 000-ს აჭარბებს. მსოფლიოს ზოგ ქვეყანაში მოწმეთა რიცხვი გაცილებით სწრაფად გაიზარდა და დღეს მთელ დედამიწაზე ექვს მილიონ ნახევარზე მეტს ითვლის.

როგორც ქარს მიჰყავს იალქნიანი ნავი, ისე იეჰოვას სული წარმართავს ჩვენ საქმეს. რწმენის თვალით ვაკვირდებით ქვეყნიერებას, როგორც აბობოქრებულ ზღვას, მაგრამ ეს არ გვაშინებს. ჩვენ განვაგრძობთ სვლას და მკაფიოდ ვხედავთ ღვთის ახალ ქვეყნიერებას. მე და კარინი მადლობას ვუხდით ღმერთს ყველაფრისთვის, და ყოველდღე ვლოცულობთ, რომ გაგვაძლიეროს, შევინარჩუნოთ ერთგულება და მივაღწიოთ ჩვენს საბოლოო მიზანს — ღვთის თვალში ბოლომდე კარგი სახელი შევინარჩუნოთ და მარადიულად ვიცხოვროთ (მათე 24:13).

[სურათი 12 გვერდზე]

დედაჩემის კალთაში

[სურათი 13 გვერდზე]

20-იან წლებში აქ გავცურეთ მე და მამამ პატარა ნავით

[სურათი 15 გვერდზე]

მილტონის მამასთან, ჰერმან ჰენშელთან ერთად სკოლა „გალაადში“, 1946 წელი

[სურათები 16 გვერდზე]

ჩვენ დავქორწინდით იანკის სტადიონზე 1953 წლის 20 ივლისს