არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბავშვს მშვიდობისმოყვარეობა ჩაუნერგეთ

ბავშვს მშვიდობისმოყვარეობა ჩაუნერგეთ

ბავშვს მშვიდობისმოყვარეობა ჩაუნერგეთ

რვა წლის ნიკოლი, რომლის ოჯახიც საცხოვრებლად სხვაგან უნდა გადასულიყო, ახლო მეგობარს, გაბრიელას ყველა წვრილმანს უყვებოდა. ერთ დღესაც გაბრიელამ განუცხადა: „სულ არ მაინტერესებს შენი ამბები“. გულმოსულმა ნიკოლმა დედას უთხრა: „გაბრიელას დანახვა აღარ მინდა!“

ბავშვებს შორის უთანხმოების დროს საჭიროა მშობლების ჩარევა; მათ გულნატკენი ბავშვი უნდა დაამშვიდონ და დაარიგონ კიდეც, თუ როგორ მოაგვარონ უთანხმოებები. ბავშვს „ყოველივე ბავშვური“ ახასიათებს და ხშირად ვერ ხვდება, სიტყვითა თუ საქმით როგორ ტკივილს აყენებს სხვებს (1 კორინთელები 13:11). მშობლების დახმარებით ბავშვებმა ისეთი თვისებები უნდა განავითარონ, რომლებიც ხელს შეუწყობს მშვიდობიან ურთიერთობას როგორც ოჯახის წევრებთან, ისე სხვებთან.

ქრისტიან მშობლებს დიდი სურვილი აქვთ, ასწავლონ ბავშვს, რომ „მშვიდობა ეძიოს და მისკენ ისწრაფოს“ (1 პეტრე 3:11). საერთოდ, ბედნიერება ბევრად არის დამოკიდებული მშვიდობისმოყვარეობაზე, ამისათვის კი საჭიროა გულგატეხილობის, ეჭვიანობისა და სიძულვილის დაძლევა, რაც ძალისხმევას მოითხოვს. როგორ ჩაუნერგონ მშობლებმა შვილებს მშვიდობისმოყვარეობა?

აღუძარით ბავშვს იმის სურვილი, რომ გული გაუხაროს „მშვიდობის ღმერთს“

ბიბლიაში ნათქვამია, რომ იეჰოვა „მშვიდობის ღმერთია“, „მშვიდობის მომცემი ღმერთი“ (ფილიპელები 4:9; რომაელები 15:33). ბრძენი მშობლები გონივრულად იყენებენ ღვთის სიტყვას, ბიბლიას, რომ ბავშვებს აღუძრან სურვილი, გული გაუხარონ ღმერთს და მას მიჰბაძონ. მაგალითად, დაეხმარე ბავშვს, წარმოისახოს მოციქულ იოანეს ხილვა, რომელმაც დაინახა, რომ იეჰოვას ტახტს გარს ერტყა ზურმუხტისფერი ცისარტყელა * (გამოცხადება 4:2, 3). შემდეგ აუხსენით, რომ ეს ცისარტყელა იეჰოვას მშვიდობას განასახიერებს და ასეთივე მშვიდობა ექნება ყველას, ვინც მას ემორჩილება.

აღსანიშნავია, რომ იეჰოვა ხელმძღვანელობას თავისი ძის, იესოს მეშვეობით გვიწევს, რომელსაც „მშვიდობის მთავარი“ ეწოდება (ესაია 9:6, 7). ამიტომ წაუკითხეთ თქვენს პატარებს ბიბლიიდან ის შემთხვევები, როცა იესო თავის მიმდევრებს ასწავლიდა, მორიდებოდნენ კამათსა და ჩხუბს (მათე 26:51—56; მარკოზი 9:33—35). აუხსენით ბავშვს, რომ მოციქული პავლე, რომელიც ერთ დროს სხვებს შეურაცხყოფას აყენებდა, შეიცვალა. მან დაწერა: „უფლის მონა კი არ უნდა დავობდეს, არამედ ყველასთან თავაზიანი უნდა იყოს . . . და თავშეკავებული იყოს, როცა ბოროტებას ხვდება“ (1 ტიმოთე 1:13; 2 ტიმოთე 2:24). ამან ბავშვზე შეიძლება იმდენად იმოქმედოს, რომ მისმა საქციელმა გაგაოცოთ კიდეც.

ევანს ახსოვს, შვიდი წლის რომ იყო, როგორ დასცინოდა თანაკლასელი სკოლის ავტობუსში. ის ამბობს: «ისე გავბრაზდი, რომ სურვილი გამიჩნდა, სამაგიერო გადამეხადა! შემდეგ გამახსენდა ის, რაც სახლში მასწავლეს, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი, როცა ვინმე ჩემს გამოწვევას ეცდებოდა. ვიცოდი იეჰოვას თვალსაზრისი, რომ ‘არავისთვის არ უნდა გადამეხადა სამაგიერო და მშვიდობიანად უნდა ვყოფილიყავი ყველასთან’» (რომაელები 12:17, 18). ამის შემდეგ ევანმა შეძლო თავის მოთოკვა და მშვიდი პასუხით განმუხტა დაძაბული სიტუაცია. მას სურდა, გული გაეხარებინა მშვიდობის ღმერთისთვის.

თავად იყავი მშვიდობისმოყვარე

თუ თქვენს ოჯახში მშვიდობიანი ატმოსფეროა, ბავშვები ადვილად ისწავლიან მშვიდობისმოყვარეობას. ბავშვებს რომ მშვიდობისმოყვარეობა ჩაუნერგო, თავად უნდა ჰბაძავდე ღმერთსა და ქრისტეს და მშვიდობისმოყვარე უნდა იყო (რომაელები 2:21).

რასი და სინდი ძალ-ღონეს არ იშურებენ იმისთვის, რომ მათმა ვაჟებმა სიყვარულით უპასუხონ მათ, ვინც გააღიზიანებთ. სინდი ამბობს: „წამოჭრილი უთანხმოების დროს მე და რასი შვილებსა თუ გარშემომყოფთ ისე ვექცევით, რომ შვილებმა დაინახონ, როგორ უნდა მოიქცნენ მსგავს სიტუაციებში“.

როდესაც შეცდომას უშვებთ, რაც ბუნებრივია, მაშინაც კი შეგიძლიათ შვილს რაღაც ასწავლოთ. სტივენი გულახდილად ამბობს: „ზოგჯერ მე და ჩემი ცოლი ტერი მდგომარეობიდან გამოვსულვართ და დაგვისჯია ბავშვები მანამ, სანამ ბოლომდე გავერკვეოდით, თუ რა მოხდა. ასეთ შემთხვევაში ბოდიშს ვიხდიდით“. ტერი კი გვიზიარებს: „ბავშვები ხედავდნენ, რომ ჩვენც არასრულყოფილები ვართ და ვუშვებთ შეცდომებს. ეს არა მხოლოდ ხელს უწყობს მშვიდობას ოჯახში, არამედ ბავშვებიც სწავლობენ, იყვნენ მშვიდობისმოყვარეები“.

ასწავლით თქვენი მოქმედებით შვილებს, რომ მშვიდობისმოყვარეები იყვნენ? იესო ასეთ რჩევას გვაძლევს: „ამიტომ ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12). თუმცა შეცდომებს უშვებთ, გჯეროდეთ, რომ ბავშვების მიმართ გამოვლენილი სითბო და სიყვარული უშედეგოდ არ ჩაივლის. ბავშვები უფრო დაგემორჩილებიან, თუ სიყვარულით დაარიგებთ.

იყავით რისხვაში ნელი

იგავების 19:11-ში ნათქვამია: „წვდომის უნარი ადამიანში რისხვას ანელებს“. როგორ დაეხმარებით ბავშვებს, რომ ჰქონდეთ წვდომის უნარი? ვნახოთ, პრაქტიკულად როგორ ეხმარებიან დეივიდი და მისი ცოლი, მარიანი თავიანთ შვილებს. დეივიდი აღნიშნავს: „როცა ვიღაცის სიტყვებსა თუ საქციელზე ნაწყენდებიან, ვასწავლით, რომ ლმობიერები იყვნენ. ჩვენ მათ ასეთ მარტივ კითხვებს ვუსვამთ: იქნებ დღეს რაღაც პრობლემას შეხვდა? ხომ არ შეშურდა და იმიტომ ხომ არ მოიქცა ასე? იქნებ ვინმემ აწყენინა?“. მარიანი დასძენს: „ასეთი მიდგომა ეხმარება ბავშვებს, დამშვიდნენ, ნაცვლად იმისა, რომ წყენა ჩაიტოვონ გულში და თავის მართლება დაიწყონ“.

ასეთ აღზრდას კარგი შედეგები მოაქვს. ვნახოთ, როგორ დაეხმარა სტატიის დასაწყისში მოხსენიებულ ნიკოლს დედამისი, მიშელი. მან არა მარტო აღძრა თავისი შვილი გაბრიელასთან ურთიერთობის აღსადგენად, არამედ უფრო მეტი რამ ასწავლა. მიშელი ამბობს: «მე და ნიკოლმა ერთად წავიკითხეთ წიგნის „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ * მე-14 თავი. შემდეგ ავუხსენი, რას გულისხმობდა იესო, როდესაც ამბობდა, რომ სხვებს „სამოცდაჩვიდმეტჯერ“ უნდა ვაპატიოთ. ყურადღებით მოვუსმინე ნიკოლს და დავეხმარე, თანაეგრძნო გაბრიელასთვის, რომელიც დამწუხრებული და გულგატეხილი იქნებოდა საუკეთესო მეგობართან განშორების გამო» (მათე 18:21, 22).

ნიკოლმა დაინახა გაბრიელას გაღიზიანების ნამდვილი მიზეზი, რამაც აღძრა, თანაეგრძნო მისთვის და დაერეკა ბოდიშის მოსახდელად. მიშელი განაგრძობს: „მას შემდეგ ნიკოლი სიხარულს განიცდის, როდესაც სხვის გრძნობებს ითვალისწინებს, და ცდილობს, ასიამოვნოს მათ“ (ფილიპელები 2:3, 4).

ასწავლეთ შვილებს, რომ არ გაღიზიანდნენ გაუგებრობებისა თუ სხვების შეცდომების გამო. შედეგად დაინახავთ, რომ თქვენი შვილები თბილად და თანაგრძნობით მოექცევიან სხვებს, და ეს სიამოვნებას მოგანიჭებთ (რომაელები 12:10; 1 კორინთელები 12:25).

ასწავლეთ ბავშვებს, რომ პატიება „მშვენებაა“

„სხვისი დანაშაულისთვის გვერდის ავლა მშვენებაა“, — ნათქვამია იგავების 19:11-ში. იესომ უმძიმეს წუთებშიც კი მიჰბაძა ზეციერ მამას და აპატია მათ, ვინც უსამართლოდ მოექცა (ლუკა 23:34). თუ ბავშვს აპატიებთ, ის დაინახავს, რომ პატიება მართლაც „მშვენებაა“, რადგან პატიების შემდეგ თავს მშვიდად იგრძნობს.

ხუთი წლის ვილის უყვარს სურათების გაფერადება ბებიასთან ერთად. ერთხელ ბებიამ მოულოდნელად მკაცრი შენიშვნა მისცა ვილის, წამოდგა და წავიდა. ვილი დაღონდა. ვილის მამა სემი ჰყვება: „ჩემი სიდედრი ალცჰეიმერით არის დაავადებული. ჩვენ ეს ვილის ბავშვური ენით ავუხსენით“. მას შემდეგ, რაც მამამ ვილის შეახსენა, რომ მისთვის ბევრჯერ უპატიებიათ და მასაც უნდა ეპატიებინა, სემი გაოცებული დარჩა შვილის საქციელით. „წარმოიდგინეთ, რას ვიგრძნობდით მე და ჩემი მეუღლე, როდესაც ჩვენი ბიჭი 80 წლის ბებიასთან მივიდა, მოუბოდიშა, ხელი ჩასჭიდა და ისევ მაგიდასთან მიიყვანა“.

მართლაც „მშვენებაა“ ის, როდესაც ბავშვები უთმენენ სხვებს და პატიობენ (კოლოსელები 3:13). დაანახვეთ ბავშვებს, რომ სიმშვიდის შენარჩუნებას მაშინაც კი მოაქვს კარგი შედეგები, როდესაც ვინმე განზრახ გვექცევა ცუდად, რადგან „თუ იეჰოვას კაცის გზა მოსწონს, მტერსაც კი მშვიდობიანად განაწყობს მისდამი“ (იგავები 16:7).

ხელს ნუ ჩაიქნევთ

თუ მშობლები „მშვიდობისმყოფელები“ არიან და ბავშვებს ღვთის სიტყვას „მშვიდობიან პირობებში“ ასწავლიან, ისინი შვილებს დიდ დახმარებას გაუწევენ (იაკობი 3:18). ასეთი მშობლები ბავშვებს ასწავლიან, რომ მშვიდობისმოყვარეები იყვნენ და მოაგვარონ უთანხმოებები. ეს კი მათ ბედნიერებას შეუწყობს ხელს.

დენსა და ქეთის სამი მოზარდი ჰყავთ. თეოკრატიულ საქმეებში სამივენი აქტიურად მონაწილეობენ. დენი ჰყვება: „თუმცა ადვილი არ იყო მათი აღზრდა, გვიხარია, რომ შედეგს ვხედავთ. სხვებთან კარგი ურთიერთობა აქვთ და, როცა ხედავენ, რომ მშვიდობიან ურთიერთობას საფრთხე ემუქრება, მთელი გულით პატიობენ“. ქეთი ამბობს: „ეს განსაკუთრებით გვამხნევებს, რადგან მშვიდობა ღვთის სულის ნაყოფია“ (გალატელები 5:22, 23).

როგორც დავინახეთ, ქრისტიან მშობლებს საკმარისი საფუძველი აქვთ იმისა, რომ ‘არ მოიშალონ კარგის კეთება’ და არ დაიღალონ მაშინაც კი, როდესაც ბავშვი ცვლილებებს არც ისე სწრაფად ახდენს. კვლავაც ასწავლეთ ბავშვებს, რომ მშვიდობისმოყვარეები იყვნენ. დარწმუნებულნი იყავით, რომ ასეთ შემთხვევაში „სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი თქვენთან იქნება“ (გალატელები 6:9; 2 კორინთელები 13:11).

[სქოლიოები]

^ აბზ. 6 იხილეთ სურათი იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ წიგნში „გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა“, გვერდი 75.

^ აბზ. 16 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩარჩო/სურათი 20 გვერდზე]

დადებითია გავლენა?

„მედია ევეარნეს ნეტვორკის“ ვებ-გვერდის ერთ-ერთ სტატიაში „ძალადობა სატელევიზიო გადაცემებში“ აღნიშნული იყო: „ის მოსაზრება, რომ ძალადობა პრობლემის გადაჭრის საშუალებაა, წინა პლანზეა წამოწეული სატელევიზიო გადაცემებში, როდესაც გამარჯვებულიც და დამარცხებულიც ყოველთვის ძალადობას მიმართავს“. ერთ-ერთი გამოკვლევის თანახმად, სატელევიზიო შოუების, ფილმებისა და მუსიკალური კლიპების მხოლოდ ათ პროცენტში იყო ნაჩვენები, რომ ძალადობას ცუდი შედეგები მოჰყვება. სტატიაში აგრეთვე აღნიშნული იყო: „ძალადობა ძირითადად წარმოდგენილი იყო, როგორც ბუნებრივი, გარდაუვალი და გამართლებული მოქმედება — პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალება“.

ხომ არ ხედავთ თქვენს ოჯახში სატელევიზიო გადაცემების გაკონტროლების აუცილებლობას? ნუ დაუშვებთ, რომ სატელევიზიო გადაცემებმა წყალში ჩაგიყაროთ მთელი შრომა, რომელსაც იმისათვის ეწევით, რომ ბავშვებს მშვიდობისმოყვარეობა ჩაუნერგოთ.

[სურათი 17 გვერდზე]

აღუძარით ბავშვს იმის სურვილი, რომ გული გაუხაროს „მშვიდობის ღმერთს“

[სურათი 18 გვერდზე]

ასწავლეთ ბავშვებს, რომ სიტყვითა თუ საქციელით გული არავის ატკინონ

[სურათი 19 გვერდზე]

ბავშვებმა უნდა ისწავლონ ბოდიშის მოხდა და პატიება