არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ერთიანობა მსოფლიოს ხალხებს შორის მიღწეულია — როგორ?

ერთიანობა მსოფლიოს ხალხებს შორის მიღწეულია — როგორ?

ერთიანობა მსოფლიოს ხალხებს შორის მიღწეულია — როგორ?

რას ნიშნავს ერთიანობა? ზოგის აზრით, ეს სიტყვა ნიშნავს უთანხმოების ან შუღლის არარსებობას. მაგალითად, თუ ორი ან მეტი ქვეყანა ხელს მოაწერს სამშვიდობო ხელშეკრულებას, შეიძლება ითქვას, რომ მათ შორის ერთიანობაა მიღწეული. მაგრამ ნამდვილად ასეა ეს? მაინცდამაინც არა.

ისტორიის განმავლობაში ათასობით ხელშეკრულება დადებულა და დარღვეულა. ხშირად მსოფლიო ლიდერებს საკუთარი სახელი და მდგომარეობა უფრო აღელვებთ, ვიდრე მშვიდობა და ერთიანობა. გარდა ამისა, ზოგი სახელმწიფო შიშობს, რომ თუ სხვა სახელმწიფო სამხედრო თვალსაზრისით მასზე ძლიერი იქნება, თავად შეიძლება სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.

თუ ორი სახელმწიფო ერთმანეთს არ ეომება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ შორის მშვიდობაა. მაგალითად, თუ ორი ადამიანი ერთმანეთს იარაღს უმიზნებს, მაგრამ სასხლეტისთვის ჯერ არ გამოუკრავთ თითი, შეიძლება ითქვას, რომ მათ შორის მშვიდობაა? გამორიცხულია! თუმცა ბევრ სახელმწიფოს ერთმანეთს შორის სწორედ ასეთი დამოკიდებულება აქვს. მათ შორის უნდობლობა ზრდის იმის საშიშროებას, რომ ერთ დღესაც ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღს გამოიყენებენ. რა ზომები იქნა მიღებული ასეთი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად?

ბირთვული იარაღი — ერთიანობის მტერი

ბევრი ქვეყანა იმედს ამყარებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებაზე. ეს ხელშეკრულება შეიმუშავეს და მოიწონეს 1968 წელს. ის ითვალისწინებდა იმას, რომ ბირთვული იარაღის არმქონე სახელმწიფოებს არ ეწარმოებინათ ბირთვული იარაღი, ხოლო ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებს არ გაევრცელებინათ. ამჟამად 180-ზე მეტი სახელმწიფოა ამ ხელშეკრულების მონაწილე, რომლის მიზანია, ერთხელ და სამუდამოდ იქნას მიღწეული სრული განიარაღება.

თუმცა ეს მიზანი კეთილშობილურია, კრიტიკოსების აზრით, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება მცდელობაა იმისა, რომ შემოიფარგლოს ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოთა წრე. მაგრამ იმ ქვეყნებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ ხელშეკრულებას, შეიძლება სულ სხვა აზრები უტრიალებდეთ თავში. ზოგი სახელმწიფო უსამართლობად მიიჩნევს იარაღის წარმოების აკრძალვას, რადგან ეს მათ თავდაცვის საშუალებას ართმევს.

მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ არც ერთ ქვეყანას არ ეკრძალება ბირთვული ენერგიის გამოყენება. იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ბირთვულ ენერგიას კეთილი მიზნებისთვის იყენებენ, თავისუფლად შეუძლიათ, ფარულად აწარმოონ ბირთვული იარაღი.

ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებმაც კი შეიძლება დაარღვიონ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება. კრიტიკოსების აზრით, გულუბრყვილობა იქნებოდა, თუ ვიფიქრებდით, რომ შეიარაღების თვალსაზრისით ძლიერი ქვეყნები შეამცირებენ ან საერთოდ გაანადგურებენ ბირთვული იარაღის მარაგს. ერთი ცნობის თანახმად, „ამისთვის საჭიროა  . . . მეგობრობა და ნდობა იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც დღესდღეობით დაძაბული ურთიერთობა აქვთ. მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ოდესმე მოხდეს“.

მსოფლიო ერთიანობის მიღწევის მცდელობა, რაც არ უნდა გულწრფელი იყოს, უშედეგოა. ეს არ უკვირთ მათ, ვინც ბიბლიას კარგად იცნობს. ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). ბიბლიაში აგრეთვე წერია: „არის გზა, რომელიც კაცს სწორი ჰგონია, მისი ბოლო კი სიკვდილია“ (იგავები 16:25). აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, რომ სახელმწიფოებმა ერთიანობას მიაღწიონ, მაგრამ იმედი მაინც არსებობს.

ნამდვილი ერთიანობის საფუძველი

ბიბლიაში ვკითხულობთ ღვთის დაპირების შესახებ, რომ მსოფლიო მიაღწევს ერთიანობას, ოღონდ არა ადამიანების ხელით. თავისი განზრახვის თანახმად, შემოქმედი მთელ მსოფლიოში დაამყარებს მშვიდობას, რაც ადამიანებმა დღემდე ვერ შეძლეს. ზოგს შეიძლება ეს არარეალურად ეჩვენებოდეს, მაგრამ ღმერთს თავიდანვე განზრახული ჰქონდა, რომ ადამიანებს მშვიდობიანად ეცხოვრათ *. ბევრი ბიბლიური მუხლი ადასტურებს იმას, რომ ღვთის განზრახვაა ადამიანებს შორის ერთიანობის მიღწევა. ვნახოთ რამდენიმე მაგალითი.

• „მოდით, იხილეთ იეჰოვას საქმეები! რა საოცრებები მოახდინა დედამიწაზე. ის წყვეტს ომებს დედამიწის კიდეებამდე, მშვილდს ლეწავს და შუბს ამტვრევს, ცეცხლში ბუგავს ეტლებს“ (ფსალმუნი 46:8, 9).

• „ზიანს აღარ მოიტანენ და აღარაფერს მოსპობენ მთელ ჩემს წმინდა მთაზე, რადგან დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება, როგორც ზღვაა წყლით სავსე“ (ესაია 11:9).

• „სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს და ყველა სახიდან მოსწმენდს ცრემლს უზენაესი უფალი იეჰოვა. წარხოცავს თავისი ხალხის სირცხვილს მთელი დედამიწიდან, რადგან იეჰოვა ამბობს ამას“ (ესაია 25:8).

• „ჩვენ მისი დაპირებისამებრ ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტრე 3:13).

• „მოსწმენდს მათ [ღმერთი] ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:4).

რატომაა ეს დაპირებები სანდო? იმიტომ რომ, შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს, შესწევს ერთიანობის დამყარების ძალა (ლუკა 18:27). მას ამის სურვილიც აქვს. როგორც ბიბლიაში წერია, ღვთისთვის „მოსაწონია  . . . მოუყაროს თავი ყველაფერს, რაც ზეცაშია და რაც დედამიწაზეა“ (ეფესოელები 1:8—10).

„ახალი დედამიწა“, სადაც „დამკვიდრებული იქნება სიმართლე“, ილუზია არ არის (2 პეტრე 3:13). იეჰოვა ღმერთი გვპირდება: „[ჩემი სიტყვა] უშედეგოდ არ დამიბრუნდება, შეასრულებს იმას, რაც მსურს, და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე“ (ესაია 55:11).

ერთიანობა ღვთის სიტყვის წყალობით

როგორც წინა სტატიაში აღინიშნა, ადამიანთა დაპირისპირებას ხშირად რელიგია იწვევს, ნაცვლად იმისა, რომ ერთიანობას შეუწყოს ხელი. განა ვინც ღმერთს სცემს თაყვანს, მათ შორის მშვიდობა და ერთიანობა არ უნდა იყოს?! რასაკვირველია.

ის, რომ რელიგია ადამიანთა დაპირისპირებას იწვევს, ეს არც იეჰოვა ღმერთის ბრალია და არც მისი სიტყვის. ამაში ბრალი იმ რელიგიებს მიუძღვით, რომლებიც ერთიანობის მისაღწევად ადამიანთა გეგმებს უჭერენ მხარს და არა ღვთის განზრახვას. იესომ თავის დროინდელ რელიგიურ წინამძღოლებს თვალთმაქცები უწოდა და გაკიცხა: «სწორად იწინასწარმეტყველა ესაიამ თქვენზე: „ეს ხალხი ბაგეებით მცემს პატივს, გული კი შორსა აქვთ ჩემგან. ტყუილუბრალოდ მცემენ თაყვანს, რადგან ადამიანთა მცნებებს ისე ასწავლიან როგორც სწავლებებს“» (მათე 15:7—9).

ერთიანობა მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წყალობით მიიღწევა. წინასწარმეტყველმა ესაიამ იწინასწარმეტყველა: „უკანასკნელ დღეებში იეჰოვას სახლის მთა განმტკიცდება მთების მწვერვალებს ზემოთ, გორებზე მაღლა აღიმართება და ყველა ერი მისკენ დაიწყებს დენას. ის სამართლიან განაჩენს გამოიტანს ერებს შორის და საქმეებს მოაგვარებს მრავალი ხალხისთვის. ისინი თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს. ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს“ (ესაია 2:2, 4).

დღეს 230-ზე მეტ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეები ღვთის პრინციპების თანახმად ცხოვრობენ და ამიტომაც აქვთ ერთიანობა. რა არის მათი ერთიანობის საფუძველი? მოციქულმა პავლემ დაწერა: „შეიმოსეთ სიყვარულით, რადგან ის გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლოსელები 3:14). „კავშირად“ თარგმნილი ბერძნული სიტყვა ნიშნავს აგრეთვე იოგებს. იოგები მკვრივი ბოჭკოებისგან შედგება და ორ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, შინაგანი ორგანოების დამაფიქსირებელია და ჩონჩხის ცალკეულ ნაწილებს აერთიანებს.

იგივე შეიძლება ითქვას სიყვარულზე. სიყვარულს უფრო მეტის ძალა შესწევს, ვიდრე მხოლოდ ის, რომ ადამიანები ერთმანეთის ხოცვისგან შეაკავოს. ქრისტიანული სიყვარული აერთიანებს სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანებს. სწორედ სიყვარული აღძრავს ადამიანებს, რომ ოქროს წესით იცხოვრონ, რაც მათეს 7:12-შია ჩაწერილი. იესო ქრისტე ამბობს: „ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“. ეს პრინციპი ბევრს დაეხმარა, რომ აღმოეფხვრათ სხვების მიმართ სიძულვილი.

სიყვარული ურთიერთშორის

იეჰოვას მოწმეები ყველანაირად ცდილობენ იესო ქრისტეს სიტყვების თანახმად იცხოვრონ, რითაც ცხადყოფენ, რომ ქრისტეს მოწაფეები არიან: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:35). ასეთი სიყვარული არაერთხელ გამოუვლენიათ პოლიტიკური კონფლიქტებისა თუ რასობრივი სიძულვილით გამოწვეული არეულობების დროს. მაგალითად, 1994 წელს რუანდაში მომხდარი გენოციდის დროს იეჰოვას მოწმეებმა ერთმანეთის მიმართ თავგანწირული სიყვარული გამოავლინეს. იეჰოვას მოწმეები ხუტუს ტომიდან საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდნენ, რათა გადაერჩინათ მოწმეები ტუტსის ტომიდან.

ცხადია, არ არის რეალური, მოველოდეთ, რომ სახელმწიფოებმა თავიანთ მოსახლეობას მოყვასის მიმართ ისეთი სიყვარული ჩაუნერგონ, რომ შესაძლებელი გახდეს მსოფლიო ერთიანობის მიღწევა. ბიბლიის თანახმად, ღმერთი თავის დროზე თავად დაამყარებს ერთიანობას. თუმცა დღესვე შესაძლებელია „სიყვარულით შემოსვა“ და ერთიანობის მიღწევა.

გასულ წელს იეჰოვას მოწმეებმა ერთ მილიარდზე მეტი საათი დაუთმეს ხალხთან მისვლასა და მათთან საუბარს ბიბლიისა და მისი პრაქტიკულობის შესახებ. ღვთის სიტყვის საფუძვლიანმა ცოდნამ ერთმანეთის მოძულე მილიონობით ადამიანი გააერთიანა, მაგალითად, არაბები და ებრაელები, სომხები და თურქები, გერმანელები და რუსები, და სხვები.

თუ გსურთ, მეტი გაიგოთ, როგორ მიიღწევა ღვთის სიტყვის წყალობით ერთიანობა, დაუკავშირდით იეჰოვას მოწმეებს ან მისწერეთ მე-2 გვერდზე მოცემულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

[სქოლიო]

^ აბზ. 12 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 3, გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩანართი 4 გვერდზე]

ათასობით სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო და დაირღვა

[ჩანართი 7 გვერდზე]

ბიბლიური პრინციპების გამოყენებამ შესაძლებელი გახადა ის, რაც ვერ შეძლეს სახელმწიფოებმა

[სურათი 5 გვერდზე]

ღვთის სიტყვიდან ჩანს, თუ რა არის ნამდვილი ერთიანობის საფუძველი

[სურათი 7 გვერდზე]

იეჰოვას მოწმეები, როგორც ხუტუს, ისე ტუტსის ტომიდან ერთად აგებენ შენობას თაყვანისმცებლობისთვის