არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

როგორია ქრისტიანული თვალსაზრისი ნადირობასა და თევზაობაზე?

ბიბლია არ განსჯის ნადირობას და თევზაობას (კანონი 14:4, 5, 9, 20; მათე 17:27; იოანე 21:6). მაგრამ იმ ქრისტიანებს, რომლებიც ნადირობენ ან თევზაობენ, მართებთ დაფიქრება რამდენიმე ბიბლიურ პრინციპზე.

ღმერთმა ნოეს უთხრა, რომ მას და მის შთამომავლობას შეეძლოთ ცხოველებზე ნადირობა და მათი ხორცის ჭამა, ოღონდ ჭამამდე ცხოველისგან სისხლი უნდა გამოეშვათ (დაბადება 9:3, 4). ამ მითითებიდან ჩანს, რომ ცხოველის სიცოცხლეს დაფასება სჭირდება, რადგან ღმერთმა მისცა დასაბამი. აქედან გამომდინარე, ქრისტიანები აფასებენ სიცოცხლეს და არ ხოცავენ ცხოველებს გართობისა თუ შეჯიბრების მიზნით (იგავები 12:10).

თუმცა გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი. მაგალითად, იმ მოციქულებს, რომლებიც მეთევზეები იყვნენ, ალბათ უხაროდათ, ბევრ თევზს რომ იჭერდნენ. თუმცა ბიბლიაში არსად წერია, რომ ისინი ტრაბახობდნენ თავიანთი ოსტატობით; არც ის წერია, რომ სათევზაოდ თუ სანადიროდ იმიტომ დადიოდნენ, რომ ერთმანეთს გაჯიბრებოდნენ, ვაჟკაცობით თავი გამოეჩინათ ან ჟინი მოეკლათ (ფსალმუნი 11:5; გალატელები 5:26).

ამიტომ უნდა დავუსვათ თავს ასეთი კითხვები: „ვიზიარებ იეჰოვას თვალსაზრისს და ვაფასებ სიცოცხლეს? ხშირად ხომ არ ვფიქრობ და ვლაპარაკობ ნადირობასა და თევზაობაზე? ხომ არ აჩვენებს ჩემი ცხოვრება, რომ ჩემთვის ღვთის მსახურებაზე მნიშვნელოვანი ნადირობაა? ნადირობის ან თევზაობის გამო ახლო ურთიერთობა ხომ არა მაქვს სხვა რწმენის ხალხთან ან ამის გამო ოჯახს ყურადღებას ხომ არ ვაკლებ?“ (ლუკა 6:45)

ზოგმა მონადირემ ან მეთევზემ, რომელიც სეზონის გახსნის დროს თავს ანებებს სულიერ საქმეებს, შეიძლება თავის მოქმედებას იმით მოუძებნოს გამართლება, რომ თავი აქვს სარჩენი. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღვთისადმი ჩვენს რწმენას და ნდობას აჩვენებს ის, თუ პირველ რიგში ღვთის ნებას ვასრულებთ (მათე 6:33). გარდა ამისა, ქრისტიანები ემორჩილებიან „კეისრის“ ყველა კანონს, რომელიც ნადირობასა და თევზაობას ეხება, მაშინაც კი, თუ დასჯის საშიშროება არ ემუქრებათ (მათე 22:21; რომაელები 13:1).

ზოგიერთს შეიძლება ნადირობისა და თევზაობისადმი დამოკიდებულების შეცვლა მოუწიოს, რომ ისეთივე თვალსაზრისი ჰქონდეს, როგორიც იეჰოვას აქვს (ეფესოელები 4:22—24). თუმცა, ამავე დროს, უნდა დავაფასოთ სხვების გადაწყვეტილებაც, რომელსაც თავიანთი სინდისის გათვალისწინებით იღებენ. პავლე მოციქულმა ასეთი რჩევა მოგვცა: „ამიტომ ნუღარ გავასამართლებთ ერთმანეთს, არამედ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ძმას არ დავუდოთ დაბრკოლების ლოდი“ (რომაელები 14:13). სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლენა ხელს უწყობს მშვიდობას კრებაში და რაც მთავარია, გულს უხარებს ჩვენს შემოქმედს, სიცოცხლის შემქმნელს (1 კორინთელები 8:13) *.

[სქოლიო]

^ აბზ. 8 იხილეთ „მკითხველთა შეკითხვები“ 1993 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოკში“ (რუს.).