არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გყავთ სანდო მრჩეველი?

გყავთ სანდო მრჩეველი?

გყავთ სანდო მრჩეველი?

თექვსმეტი წლის იყო უზია, როდესაც იუდას სამხრეთ სამეფოს მეფე გახდა. ის ძვ. წ. IX—VIII საუკუნეების მიჯნაზე 50-ზე მეტი წლის განმავლობაში მეფობდა. ბავშვობიდან „სწორად იქცეოდა უზია იეჰოვას თვალში“. ვინ იქონია მასზე გავლენა? მატიანეში ნათქვამია: „ეძებდა ის [უზია] ღმერთს, ვიდრე ცოცხალი იყო ზაქარია, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის შიშს უნერგავდა. სანამ იეჰოვას ეძებდა, ჭეშმარიტი ღმერთიც ხელს უმართავდა“ (2 მატიანე 26:1, 4, 5).

ბიბლიის ამ ცნობის გარდა ზაქარიაზე, მეფის მრჩეველზე, სხვაგან არსად არის საუბარი. მაგრამ ზაქარია „ჭეშმარიტი ღვთის შიშს უნერგავდა“ ახალგაზრდა მეფეს, ამით მასზე სასიკეთო გავლენას ახდენდა, რის შედეგადაც მეფე სწორად მოქმედებდა. ერთ-ერთ ნაშრომში აღნიშნულია, რომ ზაქარია „წმინდა წერილებში ჩახედული და გამოცდილი კაცი იყო; მას იმის უნარიც ჰქონდა, რომ თავისი ცოდნა სხვებისთვის გაეზიარებინა“ (The Expositor’s Bible). ერთი ბიბლეისტი ზაქარიას შესახებ ამბობს: „მან კარგად იცოდა ბიბლიური წინასწარმეტყველებები  . . . იყო განათლებული, ღვთისმოშიში და მართალი კაცი; როგორც ჩანს, მან დიდი გავლენა იქონია უზიაზე“.

ერთგულების გამო უზია ღმერთმა უხვად აკურთხა და ის „დიდად გაძლიერდა“, ვინაიდან „ჭეშმარიტი ღმერთი ეხმარებოდა“. „ვიდრე ცოცხალი იყო ზაქარია“, უზია წარმატებული იყო როგორც საერო, ისე სასულიერო საქმეებში (2 მატიანე 26:6—8). წარმატების მიღწევის შემდეგ უზია ყურს აღარ უგდებდა თავის სანდო მრჩეველს, ზაქარიას: „გადიდგულდა თავისდა დასაღუპავად; უორგულა იეჰოვას, თავის ღმერთს“. ამ კადნიერებისთვის მას კანის საშინელი დაავადება შეეყარა, რის შედეგადაც აღარ შეეძლო მეფობა (2 მატიანე 26:16—21).

გყავთ გვერდში სანდო მრჩეველი, რომელიც აღგძრავთ, ‘ეძებოთ ღმერთი’? ახალგაზრდა ხართ თუ უკვე გადააბიჯეთ ახალგაზრდობის წლებს, ქალი ხართ თუ კაცი, თქვენ შეგიძლიათ გყავდეთ ასეთი მრჩეველი. დააფასეთ ისინი, ვინაიდან მათი რჩევები კვლავაც დაგეხმარებათ, იეჰოვას მოსაწონად იმოქმედოთ. უსმინეთ ამ მოწიფულ ქრისტიანებს და სერიოზულად მოეკიდეთ მათ რჩევებს. ნურასოდეს უგულებელყოფთ იმ ადამიანთა გონივრულ სიტყვებს, რომლებიც „ჭეშმარიტი ღვთის შიშს“ გინერგავენ (იგავები 1:5; 12:15; 19:20).