არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თანაგრძნობა სასტიკ ქვეყნიერებაში

თანაგრძნობა სასტიკ ქვეყნიერებაში

თანაგრძნობა სასტიკ ქვეყნიერებაში

ერთ ბურუნდელ მამაკაცს მალარია შეეყარა და სერიოზულად დაავადდა. აუცილებელი გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა, რაც უმანქანობის გამო ვერ ხერხდებოდა. ამ დროს დახმარების ხელი მისმა ორმა მეგობარმა გაუწოდა; ველოსიპედზე დასვეს ავადმყოფი და ხუთი საათის განმავლობაში მთაგორიან ადგილებში მიუყვებოდნენ გზას. შემდეგ ავტობუსში ჩასხდნენ და უახლოეს საავადმყოფოში მივიდნენ. რამდენიმე დღეში ავადმყოფის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

დედამიწის მეორე მხარეს 2005 წლის აგვისტოში, როდესაც ქარიშხალმა „კატრინამ“ შეერთებულ შტატებში დიდი ზიანი მიაყენა მექსიკის ყურის სანაპიროს, დახმარების აღმოსაჩენად იქ ჩასულ მოხალისეთა ჯგუფი შემთხვევით წააწყდა მოგლეჯილ ხეებქვეშ მოყოლილ სახლს. მოხალისეებმა, ამ სახლის პატრონისთვის სრულიად უცხო ადამიანებმა, მთელი დღე ჯაჭვური ხერხით იმუშავეს, რათა სახლისთვის მოგლეჯილი ხეები და სხვა შენობების ნანგრევები მოეშორებინათ. „სიტყვებს ვერ ვპოულობ [ამ ხალხის მიმართ] მადლიერების გამოსახატავად“, — თქვა სახლის პატრონმა.

ახალ ამბებში უმეტესწილად უბედურებასა და სისასტიკეს გადმოსცემენ, რითაც ხშირად თანაგრძნობისა და სიკეთის გამოვლენის შემთხვევები იჩრდილება. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება — ადამიანებს სჭირდებათ სიყვარული და თანაგრძნობა. მათ სწყურიათ თანაგრძნობა! ეს განსაკუთრებით იგრძნობა შობა-ახალი წლის პერიოდში, როდესაც ბევრს ლაპარაკობენ ან მღერიან: „მშვიდობა  . . . და სათნოება კაცთა შორის“ (ლუკა 2:14, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

თანაგრძნობის გამოვლენა შეიძლება ადვილი არ იყოს ამ სასტიკ და ცივ ქვეყნიერებაში. ხალხში გავრცელებულია შეხედულება, რომ, თუ სასტიკი და ულმობელი არა ხარ, წარმატებას ვერ მიაღწევ. ამბობენ, რომ უფრო გონივრულია, იყო სასტიკი, ვიდრე თანამგრძნობი და, როგორც ჩანს, ამ შეხედულებას მრავალი იზიარებს. სიხარბე და ეგოიზმი თანაგრძნობას ადვილად ახშობს.

შედეგად, პირველობისთვის მრავალი ადვილად წირავს ხალხთა გრძნობებსა და ინტერესებს. სპორტისა თუ შოუბიზნესის ვარსკვლავები ხშირად წარმოდგენილი არიან „ნამდვილ მამაკაცებად“ (დაკუნთულ აგრესიულ მამაკაცებად), რომლებიც ყოველგვარ თბილ გრძნობებს არიან მოკლებული. მათ მსგავსად იქცევა ზოგი პოლიტიკური მმართველიც.

ამიტომ კარგი იქნებოდა საკუთარი თავისთვის დაგვესვა კითხვები: „რატომ უნდა ვიყოთ თანამგრძნობნი? დადებითად მოქმედებს სხვებზე თანაგრძნობა? რა დაგვეხმარება თანაგრძნობის გამოვლენაში?“ ამ კითხვებზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.

[ჩარჩო 3 გვერდზე]

• არის თუ არა თანაგრძნობის გამოვლენა სისუსტის ნიშანი?

• აქვს თანაგრძნობას სხვებზე სასიკეთო გავლენა?

• როგორ შეგიძლიათ თანაგრძნობის გამოვლენა?