არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მტკიცედ იდექით და იხილავთ იეჰოვასგან ხსნას“

„მტკიცედ იდექით და იხილავთ იეჰოვასგან ხსნას“

„მტკიცედ იდექით და იხილავთ იეჰოვასგან ხსნას“

„იეჰოვაა ჩემ გვერდით, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?“ (ფსალმუნი 118:6).

1. რა მნიშვნელოვანი მოვლენების მოწმე გახდება კაცობრიობა?

ძალიან მალე კაცობრიობა ისეთი მოვლენების მოწმე გახდება, როგორიც არასდროს უნახავს. იესომ ეს ჩვენი დღეების შესახებ იწინასწარმეტყველა და თავისი მოწაფეები გააფრთხილა: „მაშინ იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან დღემდე და აღარც იქნება. ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერავითარი ხორციელი ვერ გადარჩებოდა, მაგრამ რჩეულთა გულისთვის შემოკლდება ის დღეები“ (მათე 24:21, 22).

2. რატომ „აკავებენ“ ანგელოზები დიდ გასაჭირს?

2 დღეს ანგელოზები „აკავებენ“ დიდ გასაჭირს, თუმცა ეს ადამიანის თვალისთვის უხილავია. მოციქულ იოანეს წილად ხვდა პატივი, იესოს გამოცხადებაში ეხილა დიდი გასაჭირის „შეკავების“ მიზეზი, რაც ხანდაზმულმა იოანემ ასე აღწერა: «ვიხილე დედამიწის ოთხ კუთხეში მდგომი ოთხი ანგელოზი, რომლებსაც მაგრად ეჭირათ დედამიწის ოთხი ქარი  . . . ვიხილე სხვა ანგელოზი, მზის ამოსავლიდან ამომავალი, რომელსაც ცოცხალი ღვთის ბეჭედი ჰქონდა. მან ხმამაღლა მიმართა ოთხ ანგელოზს  . . . „ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას და ნურც ხეებს, სანამ ბეჭედს არ დავასვამთ შუბლზე ჩვენი ღვთის მონებს“» (გამოცხადება 7:1—3).

3. რით დაიწყება დიდი გასაჭირი?

3 „ღვთის მონებისთვის“ საბოლოოდ ბეჭდის დასმა დასასრულს უახლოვდება. ოთხი ანგელოზი მზად არის გამანადგურებელი ქარების გასათავისუფლებლად. რა მოხდება პირველად ამ ქარების გათავისუფლების შემდეგ? ამ კითხვაზე პასუხს ანგელოზი გვაძლევს: „ასეთი სისწრაფით დაეცემა დიდი ქალაქი ბაბილონი და ვეღარასოდეს იპოვიან მას“ (გამოცხადება 18:21). რა სიხარული იქნება ცაში, როდესაც ეს მოხდება და ცრუ რელიგიური სამყარო განადგურდება! (გამოცხადება 19:1, 2).

4. რა მოვლენები გველის წინ?

4 დედამიწაზე მცხოვრები ყველა ერი იეჰოვას ხალხის წინააღმდეგ გაერთიანდება. შეძლებენ ისინი ერთგულ ქრისტიანთა მოსპობას? შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ შეძლებენ. მაგრამ შეხედეთ! ზეციერი ლაშქარი, რომელიც ქრისტე იესოს მიჰყვება, იზრუნებს იმაზე, რომ ეს ერები განადგურდეს (გამოცხადება 19:19—21). ბოლოს ეშმაკი და მისი ანგელოზები უფსკრულში ჩაიყრებიან და მოქმედების საშუალება აღარ ექნებათ. ისინი შეცდომაში ვეღარ შეიყვანენ ადამიანებს, ვინაიდან ათასი წლით შეიბორკებიან. რა შვებას იგრძნობს მაშინ გადარჩენილი უამრავი ხალხი! (გამოცხადება 7:9, 10, 14; 20:1—3).

5. რა სიხარული ელოდებათ მათ, ვინც იეჰოვას ერთგულებას შეინარჩუნებს?

5 მალე ამ შესანიშნავი და მოწიწების შთამნერგავი მოვლენების მოწმე გავხდებით. ეს მოვლენები ნათელყოფს, რომ მხოლოდ იეჰოვას აქვს მმართველობის უფლება, ის არის უზენაესი მმართველი. წარმოიდგინეთ, თუ იეჰოვას ერთგულებას შევინარჩუნებთ და მის უზენაეს მმართველობას მტკიცედ დავუჭერთ მხარს, შესაძლებლობა გვექნება, საკუთარი წვლილი შევიტანოთ იეჰოვას სახელის განწმენდასა და მისი განზრახვის შესრულებაში. რა დიდ სიხარულს მოგვანიჭებს ეს!

6. რას განვიხილავთ?

6 ვართ მზად ამ მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის? გვაქვს იმის რწმენა, რომ იეჰოვას შეუძლია გვიხსნას? გვჯერა, რომ სათანადო დროს ის საუკეთესო სახით დაგვეხმარება? ასეთ კითხვებზე დაფიქრებისას კარგია, გვახსოვდეს რომაელი თანაქრისტიანებისთვის მოციქულ პავლეს მიერ მიწერილი სიტყვები: „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომაელები 15:4). ჩვენს სასწავლებლად, სანუგეშებლად და დასაიმედებლად ჩაწერილ ცნობათა შორის არის ცნობა ეგვიპტის ბორკილებისგან ისრაელის გათავისუფლების შესახებ. იეჰოვას მიერ ისრაელის ძეთა გათავისუფლების შესახებ ცნობის ყურადღებით გამოკვლევა ძალას შეგვმატებს დიდი გასაჭირის მოლოდინში, რომელიც სწრაფად ახლოვდება.

იეჰოვა შველის თავის ხალხს

7. ძვ. წ. 1513 წელს რა მოვლენები ვითარდება ეგვიპტეში?

7 ძვ. წ. 1513 წელია. იეჰოვამ ეგვიპტეს უკვე დაატეხა თავს ცხრა სასჯელი. მეცხრე სასჯელის შემდეგ ფარაონი მოსეს ასეთი სიტყვებით ისტუმრებს: „გაეთრიე აქედან! მიფრთხილდი! მეტად აღარ იხილო ჩემი სახე, რადგან რა დღესაც იხილავ ჩემს სახეს, მოკვდები“. მოსე პასუხობს: „ისე იქნება, როგორც ამბობ. მეტად აღარ ვიხილავ შენს სახეს“ (გამოსვლა 10:28, 29).

8. რა მითითებები ეძლევა ისრაელებს და რა შედეგი მოაქვს ამ მითითებების შესრულებას?

8 იეჰოვა მოსეს ეუბნება, რომ ფარაონსა და ყველა ეგვიპტელს კიდევ ერთი, უკანასკნელი სასჯელი დაატყდებათ თავს. 14 აბიბს (ნისანი) ეგვიპტეში ადამიანისა თუ ცხოველის ყოველი პირმშო მოკვდება. მაგრამ ეს არ შეეხება ისრაელთა ოჯახებს, თუ საგულდაგულოდ დაიცავენ მოსეს პირით გადაცემულ ღვთის მითითებებს. მათ მამალი ცხვრის სისხლი კარის ორივე წირთხლსა და კარის თავს უნდა აპკურონ და შინ უნდა დარჩნენ. რა ხდება იმ ღამეს? მოსე გვეუბნება: „შუაღამისას დაჰკრა იეჰოვამ ეგვიპტის მიწაზე ყველა პირმშოს“. ფარაონი დაუყოვნებლივ იხმობს მოსესა და აარონს და ეუბნება: „ადექით, მოშორდით ჩემს ხალხს  . . . წადით და ემსახურეთ იეჰოვას, როგორც თქვით“. ისრაელები მაშინვე მიდიან; მათი რიცხვი სამ მილიონს აღემატება და მათ თან „უამრავი ჭრელი [არაისრაელი] ხალხი“ მიჰყვება (გამოსვლა 12:1—7, 29, 31, 37, 38).

9. რომელი გზით მიჰყავს იეჰოვას ეგვიპტიდან გამოყვანილი ისრაელები და რატომ?

9 ისრაელებისთვის უმოკლესი გზა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გასწვრივ ფილისტიმელების ქვეყანაზე გადის. მაგრამ იქ მტრულად განწყობილი ხალხი ცხოვრობს. ამიტომ თავისი ხალხი ომს რომ მოარიდოს, იეჰოვას ისინი წითელი ზღვის გასწვრივ უდაბნოს გავლით მიჰყავს. თუმცა გზას მილიონობით ადამიანი მიუყვება, ისინი მოუწესრიგებლად კი არ მიდიან, არამედ მოწესრიგებულად. ბიბლიაში ნათქვამია: „რაზმებად გამოვიდნენ ისრაელის ძეები ეგვიპტის მიწიდან“ (გამოსვლა 13:17, 18).

„იხილავთ იეჰოვასგან ხსნას“

10. რატომ ეუბნება იეჰოვა ისრაელებს, ფი-ჰახიროთთან დაბანაკდნენ?

10 შემდეგ მოვლენები საოცრად ვითარდება. იეჰოვა მოსეს ეუბნება: „უთხარი ისრაელის ძეებს, რომ მობრუნდნენ და დაბანაკდნენ ფი-ჰახიროთთან მიგდოლსა და ზღვას შორის, საიდანაც ბაალ-ცეფონი მოჩანს“. უამრავი ხალხი მიჰყვება ღვთის ამ მითითებას და მთებსა და წითელ ზღვას შორის გამომწყვდეული აღმოჩნდება. ერთი შეხედვით, გამოუვალი მდგომარეობა იქმნება. მაგრამ იეჰოვამ იცის, რას გააკეთებს. ის მოსეს ეუბნება: „დავუშვებ, რომ გაუჯიუტდეს ფარაონს გული და დაედევნება მათ, მე კი დავამარცხებ ფარაონსა და მთელ მის ჯარს და დიდებას მოვიხვეჭ; და გაიგებენ ეგვიპტელები, რომ მე ვარ იეჰოვა“ (გამოსვლა 14:1—4).

11. ა) რას აკეთებს ფარაონი და როგორია ამაზე ისრაელების რეაქცია? ბ) რას ეუბნება მოსე მდრტვინავ ისრაელებს?

11 ფარაონმა იფიქრა, რომ შეცდომა დაუშვა, როდესაც ისრაელები ეგვიპტიდან გაუშვა; ამიტომ 600 რჩეულ საომარ ეტლს ამზადებს და მათ გამოედევნება. ეგვიპტელთა ჯარის გამოჩენაზე ისრაელებს შიში იპყრობს და მოსეს ეუბნებიან: „განა არ იყო ეგვიპტეში დასამარხი ადგილები, უდაბნოში რომ წამოგვიყვანე დასახოცად?!“ მოსე დარწმუნებულია, რომ იეჰოვას ხსნის ძალა შესწევს, და ხალხს მიმართავს: „ნუ გეშინიათ. მტკიცედ იდექით და იხილავთ იეჰოვასგან ხსნას, რასაც ის დღეს მოიმოქმედებს თქვენთვის  . . . იეჰოვა იბრძოლებს თქვენთვის, თქვენ კი მშვიდად იქნებით“ (გამოსვლა 14:5—14).

12. როგორ შველის იეჰოვა თავის ხალხს?

12 მართლაც, მოსეს სიტყვისამებრ, იეჰოვა იბრძოლებდა ისრაელებისთვის და ბრძოლაში ზეადამიანური ძალები ჩაერეოდა. იეჰოვას ანგელოზი სასწაულებრივად უცვლის ადგილს ღრუბლის სვეტს, რომელიც ისრაელებს წინ მიუძღოდა. ეს სვეტი აბნელებს ეგვიპტელების მხარეს, ხოლო ისრაელებს ღამეს უნათებს (გამოსვლა 13:21, 22; 14:19, 20). ღვთის მითითებისამებრ, მოსე ხელს იწვდის. ბიბლია გვეუბნება: „აღმოსავლეთის ძლიერი ქარით იეჰოვა მთელი ღამე დევნიდა წყალს  . . . გაიარეს ისრაელის ძეებმა შუა ზღვაში ხმელეთზე, მარჯვნივ და მარცხნივ კედლებად აღმართულ წყლებს შორის“. ეგვიპტელები თან მიჰყვებიან, მაგრამ იეჰოვა თავის ხალხს მხარში უდგას. მას ეგვიპტელთა ბანაკში არეულობა შეაქვს, შემდეგ კი მოსეს ეუბნება: „გაიწოდე ხელი ზღვისკენ, რათა თავზე დაემხოთ წყალი ეგვიპტელებს, მათ საომარ ეტლებსა და მხედრებს“. ფარაონის ჯარიდან არც ერთი ჯარისკაცი არ რჩება ცოცხალი! (გამოსვლა 14:21—28; ფსალმუნი 136:15).

რას გვასწავლის ისრაელის ხსნის შესახებ ბიბლიური ცნობა

13. როგორ იმოქმედა ხსნამ ისრაელებზე?

13 რა გავლენა იქონია ამ სასწაულებრივმა ხსნამ ისრაელებზე? მოსემ და ისრაელის ძეებმა იეჰოვას სიმღერით შეასხეს ხოტბა: „ვუმღერებ იეჰოვას, რადგან დიდად განდიდდა  . . . სამუდამოდ იმეფებს იეჰოვა, მარადიულად“ (გამოსვლა 15:1, 18). დიახ, უპირველესად მათ იეჰოვა განადიდეს. ისრაელების ხსნამ იეჰოვას უზენაესობა გამოავლინა.

14. ა) რის სწავლა შეგვიძლია იეჰოვას შესახებ ეგვიპტიდან ისრაელების გათავისუფლებიდან? ბ) რა არის 2008 წლის წლიური მუხლი?

14 რას ვსწავლობთ ამ საოცარი მოვლენებიდან, როგორ გვანუგეშებს და როგორ გვაიმედებს ამ მოვლენებზე დაფიქრება? ცხადია, ვხედავთ, რომ იეჰოვას შეუძლია ნებისმიერი განსაცდელისგან იხსნას თავისი ხალხი. მას ნებისმიერი მდგომარეობიდან შეუძლია მათი გამოყვანა. ისრაელებისთვის წითელი ზღვა არ იყო გადაულახავი დაბრკოლება, რადგან იეჰოვამ აღმოსავლეთის ძლიერი ქარით უშველა მათ. მანვე აქცია წითელი ზღვის წყალი ფარაონის ჯარის სამარედ. ამაზე დაფიქრების შემდეგ ჩვენც გვიჩნდება სურვილი, გავიმეოროთ ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „იეჰოვაა ჩემ გვერდით, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?“ (ფსალმუნი 118:6). აგრეთვე გვანუგეშებს მოციქულ პავლეს სიტყვები, რომლებიც რომაელების 8:31-შია ჩაწერილი: „თუ ღმერთი ჩვენ მხარესაა, ვინ გამოვა ჩვენ წინააღმდეგ?“ რწმენას გვიმტკიცებს ღვთის შთაგონებით დაწერილი ეს სიტყვები! ისინი შიშს გვიქარწყლებს, ეჭვებს გვიფანტავს და იმედით გვავსებს. მართლაც, დროულია 2008 წლის წლიური მუხლი: „მტკიცედ იდექით და იხილავთ იეჰოვასგან ხსნას“! (გამოსვლა 14:13).

15. რამდენად მნიშვნელოვანი იყო მორჩილება ისრაელებისთვის ეგვიპტიდან გათავისუფლებისას და რამდენად მნიშვნელოვანია მორჩილება დღეს?

15 კიდევ რას ვსწავლობთ ეგვიპტიდან ისრაელების გამოსვლით? უნდა დავემორჩილოთ იეჰოვას მიუხედავად იმისა, თუ რას ითხოვს ის ჩვენგან. ისრაელებმა მორჩილად შეასრულეს პასექის მოსამზადებლად მიცემული ყველა მითითება: დაემორჩილნენ ღმერთს და შინ დარჩნენ 14 ნისანის ღამეს და ეგვიპტიდან „რაზმებად გამოვიდნენ“ (გამოსვლა 13:18). დღესაც ასევე მნიშვნელოვანია „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით მოცემული მითითებების შესრულება (მათე 24:45). ყურადღებით უნდა მოვისმინოთ ღვთის სიტყვა, რომელიც უკნიდან მოგვესმის: „თუ მარჯვნივ ან მარცხნივ წახვალთ  . . . ეს არის გზა, იარეთ მასზე“ (ესაია 30:21). სრულიად დასაშვებია, რომ დიდი გასაჭირის მოახლოებასთან ერთად კონკრეტული მითითებები მივიღოთ. ამ განსაცდელებით სავსე დღეების გადატანა იეჰოვას სხვა ერთგულ მსახურებთან თანამშრომლობაზეა დამოკიდებული.

16. რას ვსწავლობთ იეჰოვას მიერ ისრაელების გათავისუფლებიდან?

16 გაიხსენეთ, რომ იეჰოვამ ისრაელები ერთი შეხედვით გადაულახავ დაბრკოლებასთან მიიყვანა, და ისინი მთებსა და წითელ ზღვას შორის გამომწყვდეული აღმოჩნდნენ. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ისინი არასწორი მიმართულებით წავიდნენ. მაგრამ ყველაფერი იეჰოვას ხელში იყო და ყველაფერი მის განსადიდებლად და მისი ხალხის გადასარჩენად წარიმართა. დღეს ჩვენ შეიძლება აშკარად ვერ ვხედავდეთ, რატომ წყდება ზოგი ორგანიზაციული საკითხი ამა თუ იმ სახით, მაგრამ საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, მივენდოთ იეჰოვას ხელმძღვანელობას, რომელსაც ის თავისი ერთგული მონის საშუალებით გვიწევს. ზოგჯერ ისე ჩანს, რომ მტრები წარმატებას აღწევენ. ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეიძლება სრულ სურათს ვერ ვხედავდეთ. მაგრამ სათანადო დროს იეჰოვას შეუძლია ისე წარმართოს მოვლენები, როგორც ეს ადრე ისრაელის ძეთა შემთხვევაში გააკეთა (იგავები 3:5).

მიენდეთ იეჰოვას

17. რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ ღმერთი ხელმძღვანელობას გაგვიწევს?

17 შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ღვთისადმი როგორი ნდობა ექნებოდათ ისრაელებს, თუ იმაზე იფიქრებდნენ, როგორ მიუძღოდა ის მათ დღისით ღრუბლის, ღამით კი — ცეცხლის სვეტით? ცხადი იყო, რომ ისრაელებს „ჭეშმარიტი ღვთის ანგელოზი“ მიუძღოდა (გამოსვლა 13:21, 22; 14:19). დღეს შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა ხელმძღვანელობს, იცავს და შველის თავის ხალხს. ყურადღება მივაქციოთ დანაპირებს: „[იეჰოვა] არ მიატოვებს თავის ერთგულებს. ისინი მარადიულად იქნებიან დაცულნი“ (ფსალმუნი 37:28). დაე, არასოდეს დაგვავიწყდეს, რომ დღეს ღვთის მსახურებს ძლიერი ანგელოზები გვეხმარებიან. მათი დახმარებით შეგვიძლია ‘მტკიცედ ვიდგეთ და ვიხილოთ იეჰოვასგან ხსნა’ (გამოსვლა 14:13).

18. რატომ უნდა ‘შევიმოსოთ ღვთის სრული საჭურვლით’?

18 რა მოგვცემს თითოეულ ჩვენგანს იმის საშუალებას, რომ ‘მტკიცედ ვიდგეთ’ ჭეშმარიტების გზაზე? ვატაროთ სულიერი საჭურველი, რომელიც პავლემ ეფესოელებისთვის მიწერილ წერილში აღწერა. ყურადღება მიაქციეთ, რომ მოციქული გვირჩევს, ‘შევიმოსოთ ღვთის სრული საჭურვლით’. სრულად ვატარებთ სულიერ საჭურველს? მომავალ კალენდარულ წელს კარგი იქნებოდა თითოეულს გამოგვეკვლია, ვატარებთ თუ არა სრულად სულიერ საჭურველს და გვაქვს თუ არა ის სათანადოდ მორგებული. ჩვენმა მტერმა სატანამ იცის ჩვენი სისუსტეები და ცდილობს, მოულოდნელად დაგვესხას თავს და ჩვენი სუსტი წერტილები გაიხადოს სამიზნედ. ჩვენ ბოროტ სულიერ ძალებს ვებრძვით. მაგრამ იეჰოვას დახმარებით შევძლებთ გამარჯვებას (ეფესოელები 6:11—18; იგავები 27:11).

19. რა უპირატესობით ვისარგებლებთ, თუ მოთმინებით ავიტანთ განსაცდელებს?

19 იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „მოთმინებით მოიპოვებთ თქვენს სულებს“ (ლუკა 21:19). დაე, ვიყოთ იმ ერთგულ ადამიანებს შორის, რომლებიც ნებისმიერ გასაჭირს იტანენ, და რომლებსაც ღვთის სიკეთის წყალობით ექნებათ უპირატესობა, ‘მტკიცეთ იდგნენ და იხილონ იეჰოვასგან ხსნა’!

როგორ უპასუხებდით?

• რა საოცარი მოვლენები გველოდება ახლო მომავალში?

• როგორ გამოავლინა იეჰოვამ ხსნის ძალა ძვ. წ.1513 წელს?

• რის გაკეთება გაქვთ გადაწყვეტილი მომავალში?

[სასწავლო კითხვები]

[ჩანართი 20 გვერდზე]

2008 წლის წლიური მუხლი იქნება: „მტკიცედ იდექით და იხილავთ იეჰოვასგან ხსნას“ (გამოსვლა 14:13).

[სურათი 17 გვერდზე]

„ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა“

[სურათი 18 გვერდზე]

ფარაონის სიჯიუტემ ეგვიპტეს უბედურება დაატეხა თავს

[სურათი 19 გვერდზე]

ისრაელები გადარჩნენ მაშინ, როდესაც იეჰოვას ყველა მითითება შეასრულეს