არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეიძლება წარმართული დღესასწაული გახდეს ქრისტიანული?

შეიძლება წარმართული დღესასწაული გახდეს ქრისტიანული?

შეიძლება წარმართული დღესასწაული გახდეს ქრისტიანული?

იტალიაში 2004 წლის დეკემბერში ცხარე დებატები გაიმართა. ზოგი საშუალო სკოლის დირექტორი და მასწავლებლები მხარს უჭერდნენ შეხედულებას, მინიმუმამდე დაეყვანათ ან სრულიად შეეწყვიტათ საშობაო ტრადიციების დაცვა; ისინი ამ დასკვნამდე იმიტომ მივიდნენ, რომ იზრდებოდა იმ მოსწავლეთა რიცხვი, რომლებიც არც კათოლიკები იყვნენ და არც პროტესტანტები. ზოგი მასწავლებელი და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები კი მოითხოვდნენ, დაეფასებინათ საშობაო ტრადიციები და სრულად შეენარჩუნებინათ ისინი.

რადგან ამ საკითხზე ბევრს კამათობენ, ვნახოთ, საიდან იღებს სათავეს მრავალი საშობაო ტრადიცია. როდესაც დებატებმა კულმინაციას მიაღწია, ვატიკანის გაზეთმა „ოსსერვატორე რომანომ“  რამდენიმე საინტერესო ფაქტი აღნიშნა.

შობის აღნიშვნის თარიღთან დაკავშირებით ამ კათოლიკურ გაზეთში ნათქვამი იყო: „ისტორიულიად იესოს დაბადების ნამდვილი თარიღი უცნობია, რადგან იმ პერიოდის რომის ისტორიის და რომის იმპერიის მიერ წარმოებული მოსახლეობის აღწერის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს; არც მომდევნო საუკუნეების ისტორიული გამოკვლევები იძლევა ზუსტ ინფორმაციას  . . . როგორც საყოველთაოდ ცნობილია, 25 დეკემბერს [იესოს დაბადების დღის აღნიშვნა] რომის კათოლიკურმა ეკლესიამ მეოთხე საუკუნეში დაიწყო. წარმართულ რომში ეს დღე მზის ღმერთის [დაბადების] დღე იყო  . . . თუმცა, კონსტანტინეს ედიქტით რომში ქრისტიანობა უკვე სახელმწიფო რელიგია იყო, მითი მითრას — მზის ღმერთის შესახებ, ფართოდ იყო გავრცელებული, განსაკუთრებით კი ჯარისკაცებს შორის. მრავალ წარმართულ დღესასწაულს, რომლებიც სათავეს პოპულარული ტრადიციებიდან იღებს, 25 დეკემბერს აღნიშნავდნენ. შედეგად, რომის ეკლესიას გაუჩნდა იდეა იმის შესახებ, რომ ეს დღე მნიშვნელოვანი გაეხადა ქრისტიანებისთვისაც — ეკლესიამ მზის ღმერთი შეცვალა ჭეშმარიტი სამართლიანობის მზით, იესო ქრისტეთი, და 25 დეკემბერი იესოს დაბადების დღედ გამოაცხადა“.

რა შეიძლება ითქვას საშობაო ნაძვის ხეზე, რომელიც დღეს კათოლიკური ტრადიციის ნაწილად არის ქცეული?

კათოლიკურ გაზეთში მოცემულ ამ სტატიაში აღნიშნული იყო, რომ ძველად მრავალ მარადმწვანე მცენარეს, მაგალითად, „დაფნას, ფიჭვისა და ნაძვის ტოტებს სასწაულმოქმედ ძალას მიაწერდნენ და თვლიდნენ, რომ ეს მცენარეები ავადმყოფობისგან იცავდა ადამიანს“. სტატიაში შემდეგ ნათქვამი იყო: „შობის წინა დღეს, 24 დეკემბერს, აწყობდნენ სცენას, სადაც ადამი და ევა დედამიწაზე სამოთხეში ყველასთვის ცნობილ ხესთან იყვნენ  . . . ეს ხე ვაშლის ხე უნდა ყოფილიყო, მაგრამ რადგან საამისოდ ზამთარში ვაშლის ხე არ გამოდგებოდა, სცენაზე ნაძვს დგამდნენ და ტოტებზე ჰკიდებდნენ: ვაშლებს (რომლებსაც მომავალი ხსნის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ), დაფხვნილი უსაფუვრო ნამცხვრისგან სპეციალური ფორმის ყალიბში გაკეთებულ კვერებს (რომლებსაც იესოს იქ ყოფნის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ), ტკბილეულობასა და ბავშვებისთვის საჩუქრებს“. რა შეიძლება ითქვას შემდგომ პერიოდზე?

გაზეთი „ოსსერვატორე რომანო“ მოიხსენიებს, რომ საშობაო ნაძვის ხის გამოყენება პირველად XVI საუკუნეში გერმანიაში დაიწყეს, და აღნიშნავს: „იტალია ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა იყო, სადაც საშობაო ნაძვის ხის დადგმის ტრადიცია დამკვიდრდა; ამის მიზეზი კი ნაწილობრივ ის იყო, რომ საშობაო ნაძვის ხის დადგმას პროტესტანტულ ტრადიციად მიიჩნევდნენ. ამიტომ საჭიროდ თვლიდნენ, რომ ნაძვის ხის დადგმის ნაცვლად [საშობაო სცენა] მოეწყოთ“. პაპმა პავლე VI-მ „საფუძველი ჩაუყარა საშობაო ნაძვის ხის დადგმას და [რომში წმინდა პეტრეს მოედანზე] დიდი ნაძვის ხე“ საშობაო სცენის გვერდით დადგა.

მისაღებია თქვენთვის, როდესაც რელიგიური წინამძღოლი ქრისტიანულ იერს აძლევს იმ მოვლენებსა თუ სიმბოლოებს, რომლებიც ძველი წარმართული ტრადიციებიდან იღებს სათავეს? ბიბლია ჭეშმარიტ ქრისტიანებს მიმართავს: „რა კავშირი აქვს სიმართლეს უკანონობასთან? ან რა საერთო აქვს სინათლეს სიბნელესთან?“ (2 კორინთელები 6:14—17).

[სურათები 8, 9 გვერდებზე]

საშობაო ნაძვის ხე (წინა გვერდზე) და საშობაო სცენა ვატიკანთან

[საავტორო უფლება]

© 2003 BiblePlaces.com

[სურათი 9 გვერდზე]

მითრა (მზის ღმერთი)

[საავტორო უფლება]

Museum Wiesbaden