არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხართ მზად იეჰოვას დღისთვის?

ხართ მზად იეჰოვას დღისთვის?

ხართ მზად იეჰოვას დღისთვის?

„ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე, ახლოს არის და ძლიერ ჩქარდება“ (სოფონია 1:14).

1—3. ა) რას ამბობს ბიბლია იეჰოვას დღის შესახებ? ბ) რომელ „იეჰოვას დღეს“ უნდა შევხვდეთ?

იეჰოვას დიდი დღე 24 საათიანი არ არის. ეს არის დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც ბოროტებისთვის ღვთის მიერ გამოტანილი განაჩენი სრულდება. მათ, ვინც ღმერთს არ ემსახურება, საფუძვლიანი მიზეზი აქვთ, ეშინოდეთ ამ ბნელი, რისხვის, მრისხანების, ტანჯვისა და გაპარტახების დღისა (ესაია 13:9; ამოსი 5:18—20; სოფონია 1:15). იოელის წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „ვაი, მოდის ის დღე! ახლოსაა იეჰოვას დღე და მოვა ის, როგორც განადგურება ყოვლისშემძლისგან!“ (იოელი 1:15). მაგრამ იმ დიდ დღეს ღმერთი გულმართალთა მხსნელი იქნება (ფსალმუნი 7:10).

2 გამოთქმა „იეჰოვას დღე“ სხვადასხვა დროს ღვთის განაჩენის შესრულებას ეხება. მაგალითად, „იეჰოვას დღე“ მაშინ დადგა, როდესაც ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის მკვიდრთათვის გამოტანილი განაჩენის შესასრულებლად ღმერთმა ბაბილონელები გამოიყენა (სოფონია 1:4—7). მსგავსი რამ მოხდა ახ. წ. 70 წელს, როდესაც ღმერთმა თავისი ძის უარმყოფელ იუდეველებზე გამოტანილი განაჩენის შესასრულებლად რომაელები გამოიყენა (დანიელი 9:24—27; იოანე 19:15). ბიბლია წინასწარმეტყველებს კიდევ ერთ „იეჰოვას დღეზე“, როდესაც ის ‘ყველა ხალხის წინააღმდეგ იბრძოლებს’ (ზაქარია 14:1—3). ღვთის შთაგონებით მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რომ ეს დღე ქრისტეს მეფობის დროს დადგებოდა, ქრისტე კი, როგორც ვიცით, 1914 წელს გამეფდა (2 თესალონიკელები 2:1, 2). მართლაც მართებულია იეჰოვას მოწმეთა 2007 წლის წლიური მუხლი, რადგან იეჰოვას დღე ძალიან სწრაფად ახლოვდება. ამ მუხლში, რომელიც სოფონიას 1:14-დან არის აღებული, ნათქვამია: „ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე“.

3 ამიტომ მზად უნდა ვიყოთ. პირადად თქვენ როგორ შეგიძლიათ მოემზადოთ ამ დღისთვის? რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგათ, რომ მზად დახვდეთ იეჰოვას დღეს?

მზად იყავით

4. რა დიდი გამოცდისთვის მოამზადა იესომ საკუთარი თავი?

4 ამ ქვეყნიერების აღსასრულის შესახებ წინასწარმეტყველებაში იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს უთხრა: „მზად იყავით“ (მათე 24:44). ამ სიტყვების წარმოთქმისას თვითონ იესო მზად იყო დიდი გამოცდისთვის — სიკვდილისთვის, რათა გამოსასყიდი მსხვერპლი გაეღო (მათე 20:28). როგორ მოემზადა იესო ამისთვის და ჩვენ როგორ მივბაძოთ მას?

5, 6. ა) როგორ გვეხმარება ღვთისა და ხალხის სიყვარული, რომ მზად ვიყოთ იეჰოვას დღისთვის? ბ) მოყვასის სიყვარულის რა მაგალითი მოგვცა იესომ?

5 იესოს მთელი გულით უყვარდა იეჰოვა და მისი სამართლიანი ნორმები. იესოს შესახებ ებრაელების 1:9-ში ნათქვამია: „შენ სიმართლე შეიყვარე და უკანონობა შეიძულე. ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, დიდი სიხარულის ზეთით შენს მოზიარეებზე მეტად“. ვინაიდან უყვარდა ზეციერი მამა, იესომ მისადმი ერთგულება შეინარჩუნა. თუ ჩვენც მსგავსად გვეყვარება ღმერთი და მისი მოთხოვნების შესაბამისად ვიცხოვრებთ, ის დაგვიცავს (ფსალმუნი 31:23). ამგვარი სიყვარული და მორჩილება დაგვეხმარება, მზად ვიყოთ იეჰოვას დღისთვის.

6 იესოს თვისებათა შორის შეიძლება განსაკუთრებით გამოიყოს ხალხის სიყვარული. მას „გული ეწვოდა მათ გამო, რადგან უმწყემსო ცხვარივით იყვნენ გასავათებული და დაფანტული“ (მათე 9:36). ამიტომ ამცნობდა იესო ხალხს სასიხარულო ცნობას, და ჩვენც სიყვარული აღგვძრავს, მოყვასს სამეფოს შესახებ ვუქადაგოთ. ღვთისა და მოყვასის სიყვარულის გამო განვაგრძობთ ქრისტიანულ მსახურებაში აქტიურად მონაწილეობას, რაც იეჰოვას დიდი დღისთვის გვამზადებს (მათე 22:37—39).

7. რატომ შეიძლება განვიცდიდეთ სიხარულს იეჰოვას დღის მოლოდინში?

7 იესოს ახარებდა იეჰოვას ნების შესრულება (ფსალმუნი 40:8). თუ ჩვენც მსგავსი განწყობა გვაქვს, ღვთისთვის წმინდა მსახურება სიხარულს მოგვანიჭებს. იესოსავით ჩვენც უხვად გამცემნი ვიქნებით, რაც ნამდვილ ბედნიერებას მოგვანიჭებს (საქმეები 20:35). დიახ, ‘იეჰოვას სიხარული ჩვენი სიმაგრეა’. ეს სიხარული უკეთესად მოგვამზადებს იეჰოვას დიდი დღისთვის (ნეემია 8:10).

8. რატომ უნდა დავუახლოვდეთ ლოცვით იეჰოვას?

8 იესო მხურვალედ ლოცულობდა, რომ მზად ყოფილიყო გამოცდისთვის. ის ლოცულობდა, როდესაც იოანემ მონათლა. მოციქულების არჩევამდე იესომ მთელი ღამე ლოცვაში გაატარა (ლუკა 6:12—16). ბიბლიის რომელ მკითხველს დატოვებს გულგრილს დედამიწაზე ცხოვრების უკანასკნელ ღამეს იესოს მიერ წარმოთქმული მხურვალე ლოცვა?! (მარკოზი 14:32—42; იოანე 17:1—26). იესოს მსგავსად ხშირად ლოცულობთ? ხშირად მიმართეთ ლოცვით იეჰოვას, საკმარისი დრო დაუთმეთ ლოცვას, ეძებეთ წმინდა სულის ხელმძღვანელობა და, როგორც კი ნათლად დაინახავთ ამ ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ იმოქმედეთ შესაბამისად. ამ კრიტიკულ ჟამს, როდესაც იეჰოვას დღე სწრაფად ახლოვდება, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ზეციერ მამასთან მტკიცე ურთიერთობა გვქონდეს. ამიტომ ლოცვით უფრო დაუახლოვდით იეჰოვას (იაკობი 4:8).

9. რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვას სახელის განწმენდაზე ზრუნვა?

9 იესო იეჰოვას წმინდა სახელის განწმენდაზე ზრუნავდა, რაც აგრეთვე დაეხმარა მომზადებული შეხვედროდა განსაცდელებს. ის თავის მიმდევრებს ასწავლიდა, რომ ლოცვაში ღვთისთვის ეთხოვათ: „განიწმინდოს შენი სახელი“ (მათე 6:9). თუ იმის დიდი სურვილი გვაქვს, რომ იეჰოვას სახელი განიწმინდოს, ანუ წმინდა იყოს, მაქსიმალურად ვეცდებით მოვერიდოთ ყველაფერს, რაც შეარცხვენდა მის სახელს. შედეგად, იეჰოვას დიდი დღისთვის უკეთესად მომზადებული ვიქნებით.

საჭიროა ცვლილებების მოხდენა?

10. რატომ არის მართებული, გამოვიკვლიოთ საკუთარი ცხოვრება?

10 იეჰოვას დღე რომ ხვალ დამდგარიყო, იქნებოდით მზად? თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გამოიკვლიოს საკუთარი ცხოვრება, რათა დაინახოს, რაში მართებს გამოსწორება. ადამიანის სიცოცხლე ხანმოკლე და მოულოდნელობებით სავსეა, რის გამოც სულიერი სიფხიზლის შენარჩუნება ყოველდღიურადაა საჭირო (ეკლესიასტე 9:11, 12; იაკობი 4:13—15). ამიტომ განვიხილოთ რამდენიმე ფაქტორი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ.

11. რა უნდა დაისახოთ მიზნად?

11 ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ‘ერთგული მონის’ რჩევა, ყოველდღიურად ვიკითხოთ ბიბლია (მათე 24:45). კარგი იქნება, თუ მიზნად დაისახავთ წელიწადში ერთხელ ბიბლიის „დაბადებიდან“ „გამოცხადებამდე“ წაკითხვას და წაკითხულზე დაფიქრებას. თუ ყოველდღიურად დაახლოებით ოთხ თავს წაიკითხავთ, ერთ წელიწადში შეძლებთ ბიბლიის 1 189 თავის წაკითხვას. ისრაელის მეფეებს ევალებოდათ, „მთელი სიცოცხლე“ ეკითხათ იეჰოვას კანონი. როგორც ჩანს, იესო ნავეს ძე ასეც იქცეოდა (კანონი 17:14—20; იესო ნავეს ძე 1:7, 8). მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, სულიერმა მწყემსებმა ყოველდღიურად იკითხონ ღვთის სიტყვა, რადგან ეს მათ სხვებისთვის „ჯანსაღი სწავლების“ გადაცემას შეაძლებინებს (ტიტე 2:1).

12. რისკენ უნდა აღგძრათ იეჰოვას დღის სიახლოვემ?

12 იეჰოვას დღის სიახლოვემ უნდა აღგძრათ, რეგულარულად დაესწროთ ქრისტიანულ შეხვედრებს და შეძლებისდაგვარად სრულად მიიღოთ მონაწილეობა მათში (ებრაელები 10:24, 25). ამგვარი მოქმედება დაგეხმარებათ, უკეთესი მქადაგებლები იყოთ, და ეძებოთ და დაეხმაროთ ‘მარადიული სიცოცხლისთვის განწყობილებს’ (საქმეები 13:48). შეგეძლოთ, კრებას იმითაც დახმარებოდით, რომ მხარში ამოდგომოდით ხანდაზმულებს და გაგემხნევებინათ ახალგაზრდები. ამგვარი მოქმედება დიდ კმაყოფილებას მოგანიჭებდათ.

თქვენი ურთიერთობა სხვებთან

13. რა კითხვები უნდა დაუსვათ საკუთარ თავს ახალი პიროვნებით შემოსვასთან დაკავშირებით?

13 ვინაიდან იეჰოვას დღე გარდაუვალია, საჭიროა ძალ-ღონე არ დაიშუროთ, რათა „შეიმოსოთ ახალი პიროვნება, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით“ (ეფესოელები 4:20—24). თუ ღვთის მოსაწონ თვისებებს განივითარებთ, სხვები დაინახავენ, რომ ‘სულით დადიხართ’ და სულის ნაყოფს ავლენთ (გალატელები 5:16, 22—25). გადადგით კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები „ახალი პიროვნებით“ შემოსილიყავით? (კოლოსელები 3:9, 10). მაგალითად, გიცნობენ სხვები ისეთ ადამიანად, რომელიც თანამორწმუნეებსა და სხვებს სიკეთეს უკეთებს? (გალატელები 6:10). ბიბლიის რეგულარული შესწავლა ღვთისმოსაწონი თვისებების განვითარებაში დაგეხმარებათ; ეს კი იეჰოვას დღისთვის მოგამზადებთ.

14. რატომ უნდა სთხოვოს ქრისტიანმა ღმერთს წმინდა სული მაშინ, როდესაც თავშეკავების გამომუშავებას ცდილობს?

14 რა უნდა გააკეთოთ, როდესაც ხედავთ, რომ ადვილად ღიზიანდებით და გესმით, რომ მეტი თავშეკავების გამოვლენა გმართებთ? თავშეკავება ღვთის სულის ნაყოფია, და ამ თვისების გამომუშავებაში სწორედ ღვთის სული დაგეხმარებათ. ამიტომ იესოს მითითებისამებრ, ილოცეთ იმისათვის, რომ წმინდა სული მოგცეთ ღმერთმა: „ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ  . . . თუკი თქვენ, ბოროტები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს“ (ლუკა 11:9—13).

15. რა უნდა გააკეთოთ, თუ თანამორწმუნესთან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ?

15 დავუშვათ, თანამორწმუნესთან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ. ამ შემთხვევაში ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ნორმალური ურთიერთობა აღადგინოთ და ამგვარად ხელი შეუწყოთ კრებაში მშვიდობასა და ერთიანობას (ფსალმუნი 133:1—3). გამოიყენეთ იესოს მიერ მოცემული რჩევები, რომლებიც მათეს 5:23, 24-ში ან მათეს 18:15—17-შია ჩაწერილი. თუ მზე ჩადის და თქვენ თანამორწმუნეზე ჯერ კიდევ გაბრაზებული ხართ, სწრაფად მოაგვარეთ პრობლემა. ამისათვის ხშირად, უბრალოდ, მზად უნდა იყოთ პატიებისთვის. პავლე წერდა: „კეთილად მოექეცით ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა გაპატიათ მთელი გულით ქრისტეს მეშვეობით“ (ეფესოელები 4:25, 26, 32).

16. რატომ უნდა გამოავლინონ მეუღლეებმა ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობა?

16 ცოლ-ქმარმა უნდა თანაუგრძნოს და ზოგჯერ აპატიოს ერთმანეთს. თუ მეუღლისადმი მეტი სიყვარულისა და თანაგრძნობის გამოვლენა გმართებთ, ეცადეთ ამ მიზანს ღვთისა და მისი სიტყვის დახმარებით მიაღწიოთ. მეუღლესთან უკეთესი ურთიერთობისთვის და ღალატის თავიდან ასარიდებლად თქვენი მხრიდან ცვლილებების მოხდენა ხომ არ არის საჭირო იმისათვის, რომ 1 კორინთელების 7:1—5-ში მოცემული პრინციპი გამოიყენოთ? ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში აუცილებელია თანაგრძნობის გამოვლენა.

17. რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქრისტიანმა, თუ სერიოზულად შესცოდა?

17 რა უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ სერიოზულად შესცოდეთ? მდგომარეობის გამოსასწორებლად რაც შეიძლება სწრაფად მიიღეთ ზომები. დახმარებისთვის მიმართეთ ქრისტიან უხუცესებს. მათი ლოცვები და რჩევები სულიერი ჯანმრთელობის აღდგენაში დაგეხმარებათ (იაკობი 5:13—16). ლოცვით მიმართეთ იეჰოვას და სინანული გამოხატეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დანაშაულის გრძნობა და სინდისის ქენჯნა შეგაწუხებთ. მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა დავითი, მაგრამ მან შვება იგრძნო, როდესაც დანაშაული იეჰოვას წინაშე აღიარა. დავითმა დაწერა: „ბედნიერია ის, ვისაც ეპატია ურჩობა და ვისი ცოდვაც დაიფარა. ბედნიერია კაცი, რომელსაც იეჰოვა ცოდვას არ ჩაუთვლის, და ვის სულშიც სიცრუე არ არის“ (ფსალმუნი 32:1—5). იეჰოვა პატიობს შემცოდველს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გულწრფელად ინანიებს (ფსალმუნი 103:8—14; იგავები 28:13).

დარჩით ქვეყნიერებისგან შორს

18. რა დამოკიდებულება უნდა გქონდეთ ქვეყნიერების მიმართ?

18 თქვენ, ალბათ, ელით ჩვენი ზეციერი მამის მიერ აღთქმულ საუცხოო ახალ ქვეყნიერებას. აქედან გამომდინარე, რა დამოკიდებულება გაქვთ ღვთისგან გაუცხოებულ უმართლოთა ქვეყნიერებასთან? სატანას, „ამ ქვეყნიერების მმართველს“, არანაირი ძალაუფლება არ ჰქონდა იესო ქრისტეზე (იოანე 12:31; 14:30). ცხადია, არც თქვენ გსურთ, რომ ეშმაკს ან მის ქვეყნიერებას ძალაუფლება ჰქონდეს თქვენზე; ამიტომაც ყურად იღეთ მოციქულ იოანეს რჩევა: „ნუ გეყვარებათ ქვეყნიერება და ნურც ის, რაც ქვეყნიერებაშია“. ამგვარად მოქმედება გონივრულია, რადგან „გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“ (1 იოანე 2:15—17).

19. რა მიზნების დასახვაში უნდა დაეხმარონ მშობლები ქრისტიან ახალგაზრდებს?

19 ეხმარებით შვილებს ‘უმანკოდ დაიცვან თავი ქვეყნიერებისგან’? (იაკობი 1:27). სატანას ისე სურს თქვენი შვილების თავის ანკესზე წამოგება, როგორც მეთევზეს — თევზის. სხვადასხვა კლუბები და ორგანიზაციები იმიტომ არსებობს, რომ ახალგაზრდები სატანის ქვეყნიერების ნაწილად აქციოს. მაგრამ იეჰოვას მსახურები უკვე არიან იმ ერთადერთი ორგანიზაციის ნაწილი, რომელიც ამ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულს გადაურჩება. ამიტომ ქრისტიანი ახალგაზრდები უფროსებმა უნდა წაახალისონ, ‘ბევრი იშრომონ უფლის საქმეში’ (1 კორინთელები 15:58). ღვთისმოშიში მშობლები შვილებს უნდა დაეხმარონ, დაისახონ ისეთი მიზნები, რომლებიც მათ ბედნიერებასა და კურთხევებს მოუტანთ; ეს კი ღმერთს განადიდებს და მათ იეჰოვას დღისთვის მომზადებაში დაეხმარებათ.

გაიხედეთ იეჰოვას დიდი დღის მიღმა

20. რატომ უნდა გქონდეთ გონებაში მარადიული სიცოცხლე?

20 იეჰოვას დღეს მშვიდად დაელოდებით, თუ ყოველთვის გონებაში გექნებათ მარადიული სიცოცხლე (იუდა 20, 21). დაელოდებით სამოთხეში მარადიულ ცხოვრებას და იმედი გექნებათ, რომ ახალგაზრდული ენერგია დაგიბრუნდებათ; აგრეთვე განუსაზღვრელი დრო გექნებათ იმისათვის, რომ მართებული მიზნები დაისახოთ და იეჰოვას შესახებ მეტი გაიგოთ. ფაქტობრივად, მთელი მარადიულობის განმავლობაში ისწავლით იეჰოვას შესახებ, რადგან ადამიანებმა დღეს მხოლოდ „მისი გზების კიდეები“ იციან (იობი 26:14). რა ჩინებული პერსპექტივაა!

21, 22. რა ინფორმაციას გაუზიარებთ ერთმანეთს თქვენ და მკვდრეთით აღდგენილები?

21 სამოთხეში მკვდრეთით აღდგენილი ადამიანები მოგვაწოდებენ წარსულის შესახებ ისეთ ცნობებს, რომლებიც დღეს ჩვენთვის უცნობია. ენოქი მოგვითხრობს, საიდან ჰქონდა ისეთი გაბედულება, რომ უღვთო ადამიანებისთვის იეჰოვას ცნობა გადაეცა (იუდა 14, 15). ნოე მოგვითხრობს, როგორ აშენებდა კიდობანს. აბრაამი და სარა გვეტყვიან, რას გრძნობდნენ, როდესაც ურში კეთილმოწყობილი საცხოვრებელი დატოვეს და კარვებში დაიწყეს ცხოვრება. წარმოიდგინეთ, რა საინტერესო იქნება ესთერისგან იმის მოსმენა, თუ როგორ გამოვიდა თავისი ხალხის დასაცავად და ჰამანს თავისდა საუბედუროდ როგორ შეუბრუნდა თავისი ბოროტი ზრახვები (ესთერი 7:1—6). იონაც მოგვიყვება, როგორ იჯდა სამი დღის განმავლობაში დიდი თევზის მუცელში. იოანე ნათლისმცემელიც გვეტყვის, რას გრძნობდა, როდესაც იესოს ნათლავდა (ლუკა 3:21, 22; 7:28). რამდენ საინტერესო რამეს გავიგებთ!

22 ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს გექნებათ შესაძლებლობა, მკვდრეთით აღდგენილებს ‘ღვთის შესახებ ცოდნის’ შეძენაში დაეხმაროთ (იგავები 2:1—6). რა სასიამოვნოა დღეს იმის დანახვა, რომ ხალხი იეჰოვა ღმერთის შესახებ ცოდნას იღებს და მიღებული ცოდნის შესაბამისად მოქმედებს! ახლა წარმოიდგინეთ, რა დიდ სიხარულს მოგანიჭებთ იმის დანახვა, რომ მომავალში იეჰოვა აკურთხებს თქვენს მცდელობას, ასწავლოთ საუკუნეებით ადრე მცხოვრებ ხალხს, რასაც დააფასებს ეს ხალხი!

23. რა უნდა გვქონდეს მტკიცედ გადაწყვეტილი?

23 შეუძლებელია ჩვენ, არასრულყოფილმა ადამიანებმა, დავითვალოთ ყველა კურთხევა, რომლებიც დღეს იეჰოვას მსახურებს გვაქვს (ფსალმუნი 40:5). იეჰოვას ხალხი განსაკუთრებით სულიერი ღონისძიებებისთვის ვართ მადლიერნი (ესაია 48:17, 18). ჩვენი მდგომარეობის მიუხედავად, მოდი, იეჰოვას დიდი დღის მოლოდინში მთელი გულით შევასრულოთ წმინდა მსახურება!

როგორ უპასუხებდით?

• რა არის „იეჰოვას დღე“?

• როგორ შეგვიძლია იეჰოვას დღისთვის მომზადება?

• ვინაიდან ღვთის დიდი დღე ახლოს არის, რა ცვლილების მოხდენა შეიძლება დაგვჭირდეს?

• რას მოელით იეჰოვას დღის დამთავრების შემდეგ?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 12 გვერდზე]

იესო მზად იყო განსაცდელებისთვის

[სურათი 15 გვერდზე]

რა დიდებული იქნება, როდესაც მკვდრეთით აღდგენილებისთვის იეჰოვას შესახებ ცოდნის გადაცემის შესაძლებლობა გვექნება!