არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ისინი სამეფოს მიღების ღირსად ითვლებიან

ისინი სამეფოს მიღების ღირსად ითვლებიან

ისინი სამეფოს მიღების ღირსად ითვლებიან

„ეს არის ღვთის სამართლიანი სასამართლოს დადასტურება, რასაც იქამდე მიჰყავხართ, რომ ღვთის სამეფოს ღირსად ჩაითვალოთ“ (2 თეს. 1:5).

1, 2. რა აქვს ღმერთს კაცობრიობის მიმართ განზრახული და ვის ექნება დავალებული გასამართლება?

ახალი წელთაღრიცხვით დაახლოებით 50 წელს პავლე მოციქული ათენში იმყოფებოდა. იქ გავრცელებულმა კერპთაყვანისმცემლობამ პავლე აღაშფოთა და აღძრა, საფუძვლიანად ექადაგა ათენელებისთვის. ქადაგება მან ისეთი სიტყვებით დაასრულა, რომლებსაც მისი წარმართი მსმენელების ყურადღება უნდა მიეპყრო. მან თქვა: „ახლა [ღმერთი] ყველას ყველგან ეუბნება, რომ მოინანიონ. ვინაიდან დანიშნა დღე, რომ თავისი განზრახვის თანახმად სიმართლით გაასამართლოს მსოფლიო თავის მიერ დანიშნული კაცის მეშვეობით და ამაში იმით დაარწმუნა ყველა, რომ მკვდრეთით აღადგინა იგი“ (საქ. 17:30, 31).

2 უაღრესად მნიშვნელოვანია, სერიოზულად დავფიქრდეთ იმაზე, რომ ღმერთს დანიშნული აქვს დღე, როდესაც კაცობრიობას გაასამართლებს! კაცობრიობას გაასამართლებს ის, ვისი სახელიც პავლეს ათენელებთან ქადაგებისას არ უხსენებია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს არის მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე. იესოს მიერ გასამართლება ზოგისთვის სიცოცხლის მომტანი იქნება, ზოგისთვის კი — სიკვდილის.

3. რატომ დადო იეჰოვამ აბრაამთან შეთანხმება და ვინ ასრულებს განსაკუთრებულ როლს ღვთის განზრახვის შესრულებაში?

3 სასამართლოს დღე 1 000 წელი გაგრძელდება. იესო, როგორც ღვთის სამეფოს მეფე, იეჰოვას ნების თანახმად გაასამართლებს ადამიანებს, მაგრამ ამ დავალებას ის მარტო არ შეასრულებს. იეჰოვა ირჩევს ადამიანებს იმისთვის, რომ იესოსთან ერთად იმეფონ და ათასწლიანი დღის განმავლობაში ადამიანები გაასამართლონ (შეადარეთ ლუკას 22:29, 30). იეჰოვამ თითქმის 4 000 წლის წინ ჩაუყარა საფუძველი ამ სასამართლოს დღეს, როდესაც თავის ერთგულ მსახურ აბრაამთან შეთანხმება დადო (წაიკითხეთ დაბადების 22:17, 18). როგორც ჩანს, ეს შეთანხმება ძალაში შევიდა ძვ. წ. 1943 წელს. ცხადია, აბრაამს სრულად არ ესმოდა, თუ რა მნიშვნელობა ექნებოდა ამ შეთანხმებას კაცობრიობისთვის. მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ამ შეთანხმების თანახმად აბრაამის შთამომავლობა განსაკუთრებულ როლს ასრულებს ღვთის იმ განზრახვის შესრულებაში, რომელიც კაცობრიობის გასამართლებას უკავშირდება.

4, 5. ა) ვინ არის აბრაამის შთამომავლობის მთავარი წარმომადგენელი და რა თქვა მან სამეფოზე? ბ) როდიდან გახდა მოწაფეებისთვის სამეფოს მემკვიდრედ გახდომის იმედი საბოლოოდ შესაძლებელი?

4 აბრაამის შთამომავლობის მთავარი წარმომადგენელი აღმოჩნდა იესო, რომელიც ახ. წ. 29 წელს წმინდა სულით იქნა ცხებული და გახდა აღთქმული მესია, ანუ ქრისტე (გალ. 3:16). ამ დროიდან მოყოლებული იესოს სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში უნდა ექადაგა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა ისრაელი ერისთვის. იოანე ნათლისმცემლის შეპყრობის შემდეგ იესომ შემდეგი სიტყვები წარმოთქვა, საიდანაც გამოჩნდა, რომ მის გარდა ამ სამეფოს სხვებიც მიიღებდნენ: „იოანე ნათლისმცემლის დროიდან აქამდე ზეციერი სამეფოსკენ მთელი ძალით ისწრაფვიან, და ვინც მთელი ძალით ისწრაფვის, ეუფლება მას“ (მათ. 11:12).

5 საინტერესოა, რომ უშუალოდ მანამდე, სანამ იესო რამეს იტყოდა მათზე, ვინც ზეციერ სამეფოს ‘დაეუფლებოდა’, მან თქვა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ქალის მიერ ნაშობთა შორის არავინ ყოფილა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ის, ვინც მცირეა ზეციერ სამეფოში, მასზე დიდია“ (მათ. 11:11). რატომ თქვა ეს იესომ? იმიტომ, რომ ერთგული მოწაფეებისთვის სამეფოს მემკვიდრედ გახდომის იმედი საბოლოოდ შესაძლებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მათზე წმინდა სული გადავიდა. იმ დროისთვის იოანე ნათლისმცემელი უკვე მკვდარი იყო (საქ. 2:1—4).

აბრაამის შთამომავლები მართლებად არიან აღიარებულნი

6, 7. ა) რა გაგებით გახდებოდა აბრაამის შთამომავლობა „ცის ვარსკვლავებივით“? ბ) რა კურთხევა მიიღო აბრაამმა და რა მსგავს კურთხევას იღებს მისი შთამომავლობა?

6 ღმერთმა უთხრა აბრაამს, რომ მისი შთამომავლობა გამრავლდებოდა და „ცის ვარსკვლავებივითა და ზღვის ქვიშასავით“ გახდებოდა (დაბ. 13:16; 22:17). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აბრაამის დროს მცხოვრებთათვის შეუძლებელი იყო იმის დადგენა, თუ რამდენი ადამიანი შევიდოდა ამ შთამომავლობაში. მაგრამ, აბრაამის სულიერი შთამომავლობის ზუსტ რიცხვს საბოლოოდ ნათელი მოეფინა. იესოს გარდა ამ შთამომავლობაში 144 000 უნდა შესულიყო (გამოცხ. 7:4; 14:1).

7 აბრაამის რწმენის შესახებ ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „ერწმუნა [აბრაამი] იეჰოვას და მან სიმართლედ ჩაუთვალა ეს“ (დაბ. 15:5, 6). თავისთავად ცხადია, რომ არც ერთი ადამიანი არ არის აბსოლუტურად მართალი (იაკ. 3:2). მიუხედავად ამისა, აბრაამის განსაკუთრებული რწმენის გამო იეჰოვა ისე ეპყრობოდა მას, როგორც მართალს, და მას თავისი მეგობარიც კი უწოდა (ეს. 41:8). ისინიც, ვინც იესოსთან ერთად აბრაამის სულიერ შთამომავლობას შეადგენენ, მართლებად ცხადდებიან; ამას კი მათთვის იმ კურთხევებზე გაცილებით მეტი კურთხევები მოაქვს, ვიდრე აბრაამმა მიიღო.

8. რა კურთხევებს იღებს აბრაამის შთამომავლობა?

8 ცხებული ქრისტიანები მართლებად არიან აღიარებულნი, რადგან რწმენას ავლენენ იესოს გამოსასყიდისადმი (რომ. 3:24, 28). იეჰოვას თვალში მათ ცოდვა მოხსნილი აქვთ, რაც შესაძლებელს ხდის, რომ წმინდა სულით იყვნენ ცხებულნი და გახდნენ ღვთის სულიერი ძეები, იესო ქრისტეს ძმები (იოან. 1:12, 13). ისინი ახალი შეთანხმების მონაწილენი არიან და ქმნიან ახალ ერს, „ღვთის ისრაელს“ (გალ. 6:16; ლუკ. 22:20). ეს მართლაც რომ დიდი პატივია! იმ ყოველივეს შედეგად, რასაც ღმერთი მათთვის აკეთებს, ცხებულ ქრისტიანებს არა აქვთ დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი. ისინი მზად არიან, დათმონ ეს იმედი იმ ენით აუწერელი სიხარულისთვის, რასაც მათ სასამართლოს დღის განმავლობაში იესოსთან ყოფნა და ზეცაში მასთან ერთად მმართველობა მიანიჭებთ (წაიკითხეთ რომაელების 8:17).

9, 10. ა) როდის მოხდა პირველად ქრისტიანების წმინდა სულით ცხება და რისი გადატანა მოუწევდათ მათ? ბ) რისი საშუალებით ეხმარებოდა ღმერთი ცხებულებს?

9 ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ერთგული მოწაფეების ჯგუფს შესაძლებლობა მიეცა, ყოფილიყვნენ მათ შორის, ვინც სასამართლოს დღის განმავლობაში იესოსთან ერთად იმმართველებდა. ამ დღესასწაულზე დაახლოებით 120 მოწაფეზე წმინდა სული გადავიდა და, ამგვარად, ისინი პირველი ცხებული ქრისტიანები გახდნენ. მაგრამ, ეს მათთვის მხოლოდ დასაწყისი იყო. იმ დროიდან მოყოლებული მათ ერთგულება უნდა დაემტკიცებინათ იეჰოვასთვის მიუხედავად იმისა, თუ რა სირთულეებს შეუქმნიდა მათ სატანა. ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდნენ ზეცაში ცხოვრების გვირგვინს, თუ სიკვდილამდე ერთგულები დარჩებოდნენ (გამოცხ. 2:10).

10 ამიტომ, იეჰოვა თავისი სიტყვითა და ქრისტიანული კრების მეშვეობით არიგებდა და ამხნევებდა ცხებულ ქრისტიანებს, რაც მათთვის აუცილებელი იყო. მაგალითად, პავლე მოციქული თესალონიკეში მცხოვრებ ცხებულებს სწერდა: „როგორც მამა შვილებს, ისე შეგაგონებდით თითოეულ თქვენგანს, განუგეშებდით და დამოწმებითაც გიმოწმებდით, რათა კვლავაც იაროთ ღვთის ღირსად, რომელიც თავისი სამეფოსა და დიდებისკენ მოგიწოდებთ“ (1 თეს. 2:11, 12).

11. რა წერილებით უზრუნველყო ღმერთმა „ღვთის ისრაელი“?

11 იეჰოვამ საჭიროდ ჩათვალა, რომ ცხებულ ქრისტიანთა კრების ჩამოყალიბების შემდეგ, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, გაკეთებულიყო ჩანაწერები იესოს მიწიერი მსახურებისა და იმის შესახებ, თუ როგორ ეპყრობოდა ღმერთი პირველი საუკუნის ცხებულ ქრისტიანებს და რა რჩევებს აძლევდა მათ. ამგვარად, იეჰოვამ უკვე არსებულ, ღვთის შთაგონებით დაწერილ ებრაულ წერილებს ქრისტიანულ-ბერძნული წერილები დაუმატა. ებრაული წერილები, უპირველეს ყოვლისა, ხორციელი ისრაელისთვის იყო განკუთვნილი და იმ დროს დაიწერა, როცა ერს ღმერთთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. ხოლო ქრისტიანულ-ბერძნული წერილები, პირველ რიგში, „ღვთის ისრაელისთვის“ — ქრისტეს ცხებული ძმების, ღვთის სულიერი ძეებისთვის დაიწერა. ცხადია, ის ფაქტი, რომ ებრაული წერილები ხორციელი ისრაელისთვის იყო დაწერილი, არანაირად არ ნიშნავდა იმას, რომ მათი შესწავლა სარგებლობას არ მოუტანდა სხვა ერის ადამიანებს. მსგავსადვე, ქრისტიანები, რომლებიც არ არიან წმინდა სულით ცხებულები, დიდ სარგებლობას იღებენ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების შესწავლითა და მათში ჩაწერილი რჩევების გათვალისწინებით (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 3:15—17).

12. რა შეახსენა პავლემ ცხებულ ქრისტიანებს?

12 პირველი საუკუნის ქრისტიანები მართლებად იყვნენ აღიარებულნი და წმინდა სულით იყვნენ ცხებულნი, რათა შეძლებოდათ ზეციერი მემკვიდრეობის მიღება. მართალია, ეს ქრისტიანები ცხებულები იყვნენ, მაგრამ ეს არ აძლევდა მათ იმის უფლებას, რომ დედამიწაზე ყოფნისას სხვა ცხებულებზე ემეფათ. როგორც ჩანს, პირველი ქრისტიანებიდან ზოგიერთს ეს მხედველობიდან გამორჩა და ძმებს შორის დიდების მოპოვების სურვილი გაუჩნდა. სწორედ ამიტომ დაწერა პავლემ: „უკვე გაძეხით? უკვე გამდიდრდით? ჩვენ გარეშე გამეფდით? ნეტავ მართლა გამეფებულიყავით, რომ ჩვენც გვემეფა თქვენთან ერთად“ (1 კორ. 4:8). ამიტომ, პავლემ იმ პერიოდში მცხოვრებ ცხებულებს შეახსენა: „ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენს რწმენაზე ვბატონობთ, არამედ გეხმარებით, რომ სიხარული გქონდეთ“ (2 კორ. 1:24).

ნაწინასწარმეტყველები რიცხვის შევსება

13. როგორ მიმდინარეობდა ცხებულების არჩევა ახ. წ. 33 წლის შემდეგ?

13 ას ორმოცდაოთხი ათასი ცხებული ქრისტიანის შეკრება პირველ საუკუნეში არ დასრულებულა. მათი არჩევა მოციქულების დროს დაიწყო და მთელი პირველი საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა, მოციქულთა სიკვდილის შემდეგ კი ეს პროცესი, როგორც ჩანს, შენელდა. თუმცა, ის მაინც გრძელდებოდა მომდევნო საუკუნეებში (მათ. 28:20). საბოლოოდ კი, მას შემდეგ, რაც 1914 წელს იესო გამეფდა, ცხებულების არჩევა სწრაფი ტემპით გაგრძელდა.

14, 15. რა ხდება ჩვენს დროში ცხებულების შეკრებასთან დაკავშირებით?

14 პირველ რიგში იესომ ზეცა განწმინდა ყოველივე იმისგან, რაც ღვთის მმართველობას ეწინააღმდეგებოდა (წაიკითხეთ გამოცხადების 12:10, 12). შემდეგ კი მან დაიწყო მათი შეკრება, ვინც მის ზეციერ სამეფოში იმმართველებდა, რათა სრულად შევსებულიყო რიცხვი 144 000. როგორც ჩანს, მე-20 საუკუნის 30-იანი წლების შუა პერიოდისთვის ცხებულების არჩევა დასასრულს უახლოვდებოდა, რადგან ბევრ მათგანს, ვინც დადებითად ეხმაურებოდა ქადაგებას, ზეცაში წასვლის სურვილი არ ჰქონია. სული არ უმოწმებდა მათ, რომ ღვთის ძეები იყვნენ (შეადარეთ რომაელების 8:16). პირიქით, ისინი თვლიდნენ, რომ მიეკუთვნებოდნენ „სხვა ცხვარს“, რომელსაც დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრების იმედი ჰქონდა (იოან. 10:16). ამიტომ, 1935 წლიდან ქადაგებისას აქცენტი ძირითადად კეთდებოდა „უამრავი ხალხის“ შეკრებაზე, რომელიც მოციქულმა იოანემ ხილვაში იხილა და რომელიც „დიდ გასაჭირს“ გადაიტანდა (გამოცხ. 7:9, 10, 14).

15 მიუხედავად ამისა, 30-იანი წლების შემდეგ ზოგს კვლავ ზეციერი იმედი ეძლეოდა. რატომ? ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება იმიტომ ხდებოდა, რომ ისინი ცვლიდნენ იმ ცხებულებს, რომლებიც ერთგულებას არ ინარჩუნებდნენ (შეადარეთ გამოცხადების 3:16). პავლე პირადადაც კი იცნობდა მათ, ვინც ჭეშმარიტება დატოვა (ფილ. 3:17—19). ვის ირჩევს იეჰოვა მათ ნაცვლად? ცხადია, ამას ღმერთი თავად წყვეტს. გონივრული იქნება დავასკვნათ, რომ ის აირჩევს არა ახლად მოქცეულებს, არამედ ისეთებს, რომლებმაც — იმ მოწაფეების მსგავსად, ვისაც იესო გახსენების საღამოს დაწესებისას ელაპარაკებოდა — გარკვეული დროის განმავლობაში ღვთისადმი ერთგულება დაამტკიცეს * (ლუკ. 22:28).

16. რატომ ვართ მადლიერნი, რომ ცხებულების არჩევა ჩვენს დროშიც გაგრძელდა, და რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი?

16 თუმცა, როგორც ჩანს, ყველა, ვინც 30-იანი წლების შემდეგ მიიღო ზეციერი იმედი, სხვის მაგივრად არ ყოფილა არჩეული. ეს იმიტომ, რომ იეჰოვას ალბათ სურდა, ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში „დიდი ბაბილონის“ განადგურებამდე ცხებული ქრისტიანები ჩვენ გვერდით ყოფილიყვნენ * (გამოცხ. 17:5). შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ სრული რიცხვი, 144 000, იეჰოვას მიერ დანიშნული დროისთვის შევსებული იქნება და, საბოლოოდ, ყველა ცხებული დაიკავებს თავის ადგილს ღვთის სამეფოში. ჩვენ შეგვიძლია იმ წინასწარმეტყველებისაც გვჯეროდეს, რომლის თანახმადაც უამრავი ხალხი — რომელთა რიცხვიც განუწყვეტლივ იზრდება — როგორც ჯგუფი ყოველთვის ღვთის ერთგული იქნება. მალე ისინი ‘გამოვლენ დიდი გასაჭირიდან’, რომელიც სატანის ქვეყნიერებას დაატყდება თავს, და სიხარულით შევლენ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში.

ღვთის ზეციერი მთავრობა თითქმის შევსებულია!

17. 1 თესალონიკელების 4:15—17-სა და გამოცხადების 6:9—11-ის თანახმად რა ჯილდოს იღებენ ერთგული ცხებული ქრისტიანები სიკვდილის შემდეგ?

17 ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის შემდეგ ათობით ათასმა ცხებულმა ქრისტიანმა ძლიერი რწმენა გამოავლინა და სიკვდილამდე ღვთის ერთგული დარჩა. ისინი უკვე ჩაითვალნენ სამეფოს მიღების ღირსად და, როგორც ჩანს, იესოს მოსვლიდან მალევე, ზეციერი ჯილდო მიიღეს (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 4:15—17; გამოცხადების 6:9—11).

18. ა) რაში არიან დარწმუნებული დედამიწაზე დარჩენილი ცხებულები? ბ) როგორ უყურებს „სხვა ცხვარი“ თავიანთ ცხებულ ძმებს?

18 ის ცხებული ქრისტიანები, რომლებიც ჯერ კიდევ დედამიწაზე ცხოვრობენ, სრულიად დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ, თუ ერთგულები დარჩებიან, თავადაც მალე მიიღებენ ჯილდოს ერთგულებისთვის. როდესაც მილიონობით „სხვა ცხვარი“ თავიანთი ცხებული ძმების რწმენაზე ფიქრობს, ეთანხმება პავლე მოციქულის სიტყვებს, რომელმაც თესალონიკეში მცხოვრებ ცხებულ ძმებზე თქვა: „ვამაყობთ თქვენით ღვთის კრებებში, რომ მოთმინებითა და რწმენით იტანთ ყოველგვარ დევნასა და გასაჭირს. ეს არის ღვთის სამართლიანი სასამართლოს დადასტურება, რასაც იქამდე მიჰყავხართ, რომ ღვთის სამეფოს ღირსად ჩაითვალოთ, რომლისთვისაც იტანჯებით კიდეც“ (2 თეს. 1:3—5). როდესაც დედამიწაზე მყოფი ბოლო ცხებული მოკვდება, როცა არ უნდა მოხდეს ეს, ღვთის ზეციერი მთავრობა შეივსება. ეს მართლაც დიდი სიხარულის მიზეზი იქნება როგორც ცაში, ისე დედამიწაზე!

[სქოლიოები]

^ აბზ. 15 იხილეთ 1998 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 20, აბზაცი 10.

^ აბზ. 16 იხილეთ 2007 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკში“ რუბრიკა „მკითხველთა შეკითხვები“.

შეგიძლიათ ახსნათ?

• რა გაუმჟღავნა ღმერთმა აბრაამს და როგორ უკავშირდება ეს სასამართლოს დღეს?

• რატომ აღიარა ღმერთმა აბრაამი მართლად?

• რას მოუტანს აბრაამის შთამომავლობას ის, რომ მართლებად არიან აღიარებულნი?

• რაშია დარწმუნებული ყველა ქრისტიანი?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 20 გვერდზე]

იესომ მოუწოდა თავის მიმდევრებს, რომ სამეფოსკენ ესწრაფათ

[სურათი 21 გვერდზე]

ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იეჰოვამ აბრაამის შთამომავლობის სხვა წარმომადგენლების არჩევა დაიწყო

[სურათები 23 გვერდზე]

სხვა ცხვარი მადლიერია იმისთვის, რომ ამ ბოლო დღეებში ცხებული ქრისტიანები მათ გვერდით არიან