არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ისინი ღირსად ითვლებიან, რომ კრავი სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ წაუძღვეს

ისინი ღირსად ითვლებიან, რომ კრავი სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ წაუძღვეს

ისინი ღირსად ითვლებიან, რომ კრავი სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ წაუძღვეს

„კრავი დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ წაუძღვება მათ“ (გამოცხ. 7:17).

1. რას უწოდებს ღვთის სიტყვა ცხებულ ქრისტიანებს და რა პასუხისმგებლობა მიანდო იესომ მათ?

ცხებულ ქრისტიანებს, რომლებიც დედამიწაზე ქრისტეს ინტერესებზე ზრუნავენ, ღვთის სიტყვა „ერთგულ და გონიერ მონას“ უწოდებს. როდესაც 1918 წელს ქრისტემ შეამოწმა „მონა“, მან დაინახა, რომ დედამიწაზე მყოფი ცხებულები ერთგულად გასცემდნენ ‘დროულ [სულიერ] საზრდოს’. ამიტომ იესომ, ანუ ბატონმა, სიამოვნებით ჩააბარა მათ „მთელი თავისი ქონება“ (წაიკითხეთ მათეს 24:45—47). ამგვარად, ზეციერი მემკვიდრეობის მიღებამდე ცხებული ქრისტიანები აქ, დედამიწაზე, იეჰოვას სხვა თაყვანისმცემლებს ემსახურებიან.

2. რა შედის იესოს ქონებაში?

2 ბატონს სრული უფლება აქვს, ისე განკარგოს თავისი ქონება, ანუ საკუთრება, როგორც სურს. იეჰოვას მიერ ტახტზე აყვანილი მეფის, იესო ქრისტეს ქონება მოიცავს იმ ყოველივეს, რაც დედამიწაზე სამეფოს ინტერესებს უკავშირდება. ამაში შედის ის „უამრავი ხალხიც“, რომელიც იოანე მოციქულმა ხილვაში იხილა. იოანე ასე აღწერს უამრავ ხალხს: „აი, უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან, იდგნენ ტახტისა და კრავის წინ თეთრი გრძელი სამოსლით შემოსილნი, ხელში პალმის ტოტები ეჭირათ“ (გამოცხ. 7:9).

3, 4. რა შესანიშნავი იმედი აქვს უამრავ ხალხს?

3 უამრავი ხალხი შედის იესოს მიერ მოხსენიებული „სხვა ცხვრის“ შემადგენლობაში (იოან. 10:16). მათ დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრების იმედი აქვთ. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ იესო „სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ წაუძღვება მათ“ და „მოსწმენდს მათ ღმერთი ყოველ ცრემლს თვალებიდან“. ვინაიდან მათ ამის იმედი აქვთ, ისინი ‘ირეცხავენ თავიანთ გრძელ სამოსელს და ათეთრებენ კრავის სისხლით’ (გამოცხ. 7:14, 17). ისინი რწმენას ავლენენ იესოს მსხვერპლისადმი და სწორედ ამიტომ ღვთის თვალში მათ ‘თეთრი სამოსელი’ აქვთ. ისინი ღვთის მეგობრის, აბრაამის, მსგავსად მართლებად არიან აღიარებულნი.

4 გარდა ამისა, რამდენადაც სხვა ცხვრისგან შემდგარ უამრავ ხალხს, რომლის რიცხვიც განუწყვეტლივ იზრდება, ღმერთი მართლებად თვლის, მათ იმის იმედი აქვთ, რომ დიდ გასაჭირში ქვეყნიერების განადგურებას გადაურჩებიან (იაკ. 2:23—26). ისინი უახლოვდებიან იეჰოვას და როგორც ჯგუფს, იმის ბრწყინვალე იმედი აქვთ, რომ არმაგედონს გადაიტანენ (იაკ. 4:8; გამოცხ. 7:15). ისინი დამოუკიდებლად კი არ ემსახურებიან ღმერთს, არამედ მზადყოფნით მიჰყვებიან ზეციერი მეფისა და დედამიწაზე მყოფი მისი ცხებული ძმების ხელმძღვანელობას.

5. როგორ უჭერენ მხარს ცხებულებს ის ძმები, რომლებიც უამრავ ხალხს მიეკუთვნებიან?

5 ცხებული ქრისტიანები ყოველთვის ხვდებოდნენ და კვლავაც შეხვდებიან სასტიკ წინააღმდეგობას სატანის ქვეყნიერების მხრიდან. მიუხედავად ამისა, ცხებულებს შეუძლიათ ჰქონდეთ უამრავი ხალხის იმედი, რომელიც მხარს უჭერს მათ. მაშინ როცა ცხებული ქრისტიანების რაოდენობა დღეს მცირეა, უამრავ ხალხს ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანი ემატება. შეუძლებელია, რომ ცხებულებმა მსოფლიოში არსებული დაახლოებით 100 000 კრებიდან თითოეულს პირადად გაუწიონ მეთვალყურეობა. ამიტომ, ერთ-ერთი მხარე, რაშიც ცხებულები სხვა ცხვრისგან მხარდაჭერას გრძნობენ, ისაა, რომ უამრავ ხალხში შემავალი გამოცდილი ძმები კრებებში უხუცესებად მსახურობენ. ისინი იმ მხრივ ეხმარებიან ცხებულებს, რომ ზრუნავენ „ერთგული და გონიერი მონისთვის“ ჩაბარებულ მილიონობით ქრისტიანზე.

6. როგორ იყო ნაწინასწარმეტყველები ცხებული ქრისტიანებისა და სხვა ცხვრის თანამშრომლობა?

6 ესაიას ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ ცხებულ ქრისტიანებს სხვა ცხვარი მზადყოფნით ამოუდგებოდა მხარში. მან დაწერა: «აი რას ამბობს იეჰოვა: „ეგვიპტეში გასამრჯელოს გარეშე მომუშავენი, ეთიოპიის ვაჭრები და სებელები, მაღალი კაცები, მოვლენ შენთან და შენი გახდებიან. შენ უკან ივლიან“» (ეს. 45:14). მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანები დღეს, გადატანითი მნიშვნელობით, ცხებული მონის კლასისა და ხელმძღვანელი საბჭოს უკან დადიან და მათ ხელმძღვანელობას მიჰყვებიან. „გასამრჯელოს გარეშე მომუშავე“ სხვა ცხვარი ძალ-ღონეს და სახსრებს არ იშურებს იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობას, რომელიც ქრისტემ დედამიწაზე მყოფ თავის ცხებულ მიმდევრებს მიანდო (საქ. 1:8; გამოცხ. 12:17).

7. რისთვის იღებს დარიგებას უამრავი ხალხი?

7 ვინაიდან უამრავი ხალხი მხარს უჭერს ცხებულ ძმებს და ახლო ურთიერთობა აქვს მათთან, შესაბამისად, ცხებულებისგან ისინი იღებენ საჭირო დარიგებას. ეს ამზადებს მათ იმისთვის, რომ შექმნან ბირთვი ახალი საზოგადოებისა, რომელიც იარსებებს არმაგედონის შემდეგ. ეს უნდა იყოს მტკიცე ბირთვი, ხოლო მასში შემავალი ადამიანები მზადყოფნით უნდა მიჰყვებოდნენ თავიანთი ბატონის ხელმძღვანელობას. ახლა ყველა ქრისტიანს ეძლევა შესაძლებლობა, მეფეს, ქრისტე იესოს, უჩვენოს, რომ მზადაა შეასრულოს მისი ნება-სურვილი. ქრისტიანი, რომელიც დღეს რწმენას ავლენს და ერთგულებას ინარჩუნებს, ცხადყოფს, რომ ის მომავალშიც მიჰყვება მეფის იმ მითითებებს, რომლებსაც ახალ ქვეყნიერებაში მიიღებს.

უამრავი ხალხი რწმენას ავლენს

8, 9. როგორ ავლენს რწმენას უამრავი ხალხი?

8 ცხებული ქრისტიანების თანამსახური სხვა ცხვარი მრავალმხრივ ავლენს რწმენას. პირველი, უამრავი ხალხი ცხებულებს ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებაში უჭერს მხარს (მათ. 24:14; 28:19, 20). მეორე, ისინი მზადყოფნით ემორჩილებიან ხელმძღვანელი საბჭოს მითითებებს (ებრ. 13:17; წაიკითხეთ ზაქარიას 8:23).

9 მესამე, უამრავი ხალხი ცხებული ძმების მსგავსად იეჰოვას სამართლიანი ნორმების თანახმად ცხოვრობს. ისინი ცდილობენ, განავითარონ „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, ყოველივე კარგი, რწმენა, რბილი ხასიათი, თავშეკავება“ (გალ. 5:22, 23). ქვეყნიერებაში დღეს ასეთი თვისებების გამოვლენის ნაცვლად შესაძლოა „ხორცის საქმეების“ კეთებას უფრო იწონებდნენ. მიუხედავად ამისა, უამრავ ხალხს გადაწყვეტილი აქვს, მოერიდოს „სიძვას, უწმინდურებას, თავაშვებულობას, კერპთაყვანისმცემლობას, სპირიტიზმს, მტრობას, დავას, ეჭვიანობას, განრისხებას, შუღლს, განხეთქილებას, სექტანტობას, შურს, გადამეტებულ სმას, ღრეობასა და მსგავს საქმეებს“ (გალ. 5:19—21).

10. რა აქვს გადაწყვეტილი უამრავ ხალხს?

10 არასრულყოფილების გამო ჩვენ შეიძლება გვიჭირს სულის ნაყოფის გამოვლენა, ხორცის საქმეებისთვის თავის არიდება და სატანის ქვეყნიერების ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ საკუთარი სისუსტეებით, შიგადაშიგ დაშვებული შეცდომებითა თუ სუსტი ჯანმრთელობით გამოწვეულმა გულგატეხილობამ იეჰოვასადმი რწმენა და სიყვარული არ შეგვისუსტოს. ჩვენ ვიცით, რომ იეჰოვა შეასრულებს დანაპირებს — უამრავი ხალხი ცოცხლად გადაიტანს დიდ გასაჭირს.

11. რა ტაქტიკას მიმართავს სატანა ქრისტიანების რწმენის შესასუსტებლად?

11 და მაინც, ჩვენ მუდამ ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან ვიცით, რომ ჩვენი მტერი, ეშმაკი, ადვილად არ მოგვეშვება (წაიკითხე 1 პეტრეს 5:8). ის განდგომილებსა და სხვა ადამიანებს იყენებს იმისთვის, რომ დაგვაჯეროს, თითქოს ჩვენი სწავლებები მცდარია. მაგრამ მისი ასეთი ტაქტიკა, როგორც წესი, არ ჭრის. მსგავსადვე, დევნაც ვერ აღწევს დიდ შედეგებს. მართალია, დევნა ზოგჯერ ქადაგების ტემპს ანელებს, მაგრამ ხშირად ის რწმენას უმტკიცებს მათ, ვინც დევნილია. ამიტომ, სატანა ყველაზე ხშირად მიმართავს იმ მეთოდს, რომლის გამოყენებითაც, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ ადვილად მიაღწევს თავის საწადელს და რწმენას შეგვისუსტებს. ის ცდილობს, გული გაგვიტეხოს. პირველი საუკუნის ქრისტიანები პავლე მოციქულმა შემდეგი სიტყვებით გააფრთხილა ამ საშიშროების შესახებ: „დაფიქრდით მასზე [ქრისტეზე], ვინც სიტყვიერი შეურაცხყოფა მოითმინა ცოდვილთაგან, რომლებიც ამით თავიანთივე თავს აყენებდნენ ზიანს“. რატომ უნდა დაფიქრებულიყვნენ ისინი ქრისტეზე? ‘რომ არ დაღლილიყვნენ და არ დაეკარგათ სულის სიმხნევე’ (ებრ. 12:3).

12. როგორ აძლიერებს ბიბლიაში ჩაწერილი რჩევა გულგატეხილებს?

12 დაგიკარგავთ ოდესმე იეჰოვას მსახურების ხალისი? ზოგჯერ ხომ არ ფიქრობთ, რომ არაფერი არ გამოგდით? თუ ასეთი გრძნობები თქვენთვის უცხო არ არის, არ მისცეთ სატანას იმის უფლება, რომ ხელი შეგიშალოთ იეჰოვას მსახურებაში. ბიბლიის საფუძვლიანი შესწავლა, მხურვალე ლოცვა, კრების შეხვედრებზე რეგულარული დასწრება და თანამორწმუნეებთან ურთიერთობა გაგაძლიერებთ და დაგიცავთ, რომ „არ დაკარგოთ სულის სიმხნევე“. იეჰოვა ჰპირდება თავის მსახურებს, რომ განუახლებს ძალებს, და ჩვენ შეგვიძლია აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყოთ ამაში (წაიკითხეთ ესაიას 40:30, 31). მთელი ყურადღება სამეფოს ინტერესებზე გადაიტანეთ. მოერიდეთ ყოველივე იმას, რაც დროს ტყუილუბრალოდ დაგაკარგვინებდათ, და მთელი აქცენტი სხვების დახმარებაზე გადაიტანეთ. ეს ყოველივე ძალებს შეგმატებთ და შეგაძლებინებთ, რომ გულგატეხილობის მიუხედავად მტკიცედ იდგეთ (გალ. 6:1, 2).

დიდი გასაჭირიდან ახალ ქვეყნიერებაში

13. რა საქმე ელით წინ არმაგედონგადატანილებს?

13 არმაგედონის შემდეგ მკვდრეთით აღდგენილ მრავალ უმართლო ადამიანს იეჰოვას გზების სწავლა დასჭირდება (საქ. 24:15). მათ უნდა გაიგონ, თუ რა გამოსასყიდი გაიღო იესომ; გარდა ამისა, ისიც უნდა ისწავლონ, რომ გამოავლინონ რწმენა ამ მსხვერპლისადმი, რათა მან სარგებლობა მოუტანოს მათ. აღდგენილებმა უნდა უარყონ ადრინდელი ცრუ რელიგიური შეხედულებები და მიატოვონ ძველი ცხოვრების გზა. ამასთანავე, მათ უნდა ისწავლონ, როგორ შეიმოსონ ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის დამახასიათებელ ახალ პიროვნებად (ეფეს. 4:22—24; კოლ. 3:9, 10). სხვა ცხვარს, რომელიც არმაგედონს გადაიტანს, ბევრი საქმე ექნება გასაკეთებელი. ჩვენ მართლაც უზომო სიხარულს მოგვანიჭებს იეჰოვასთვის ასეთი სახით მსახურება, რაშიც ხელს ვეღარ შეგვიშლის ახლანდელი ბოროტი ქვეყნიერება, რომელიც დღეს ჩვენზე ზეწოლას ახდენს და ცდილობს, ყურადღება გაგვიფანტოს!

14, 15. რას ისწავლიან ერთმანეთისგან არმაგედონგადატანილები და აღდგენილი მართლები?

14 ბევრის სწავლა მოუწევთ იეჰოვას იმ ერთგულ მსახურებსაც, რომლებიც იესოს დედამიწაზე მოსვლამდე მოკვდნენ. იმ დროს ისინი გაიგებენ, ვინ იყო აღთქმული მესია, რომლის მოსვლის იმედიც ჰქონდათ, მაგრამ არასოდეს უნახავთ. წარსულში მათ უკვე დაამტკიცეს, რომ სურდათ იეჰოვას ხელმძღვანელობის თანახმად ცხოვრება. წარმოიდგინეთ, რა პატივი გვხვდება წილად და რა სასიხარულო იქნება, რომ მათ ბევრი რამის გაგებაში დავეხმარებით — მაგალითად, შეგვეძლება დანიელს ავუხსნათ, თუ როგორ შესრულდა მის მიერ ჩაწერილი წინასწარმეტყველებები, რომლებიც თავად მას არ ესმოდა! (დან. 12:8, 9).

15 მართალია, მკვდრეთით აღდგენილები ბევრ რამეს ისწავლიან ჩვენგან, მაგრამ, ცხადია, ჩვენც მრავალი კითხვა გვექნება მათთან. ისინი დაწვრილებით მოგვიყვებიან იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ბიბლიაში დეტალურად არ არის აღწერილი. მხოლოდ დაფიქრდით, რა ამაღელვებელი იქნება, როდესაც იესოს ნათესავი, იოანე ნათლისმცემელი, დაწვრილებით მოგვიყვება იესოს შესახებ! ის, რასაც ამ ერთგული მოწმეებისგან გავიგებთ, დღევანდელთან შედარებით, უთუოდ, ბევრად უკეთ ჩაგვახედებს ღვთის სიტყვაში. იეჰოვას ერთგული მსახურები, რომლებიც დღეს ცოცხლები აღარ არიან — მათ შორის უამრავი ხალხის წევრები, რომლებიც ამ ბოლო დღეებში კვდებიან — „უკეთეს აღდგომას“ მიიღებენ. იეჰოვას მსახურება მათ სატანის ქვეყნიერებაში დაიწყეს. რა სასიხარულო იქნება მათთვის, როდესაც ახალ ქვეყნიერებაში გაცილებით უკეთეს პირობებში განაგრძობენ თავიანთ მსახურებას! (ებრ. 11:35; 1 იოან. 5:19).

16. წინასწარმეტყველების თანახმად როგორ წარიმართება სასამართლოს დღე?

16 სასამართლოს დღის გარკვეულ პერიოდში გრაგნილები გაიშლება. ბიბლიასთან ერთად ეს გრაგნილები გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ მათი მიხედვით მოხდეს ყველა ადამიანის გასამართლება იმის დასადგენად, იქნებიან თუ არა ისინი მარადიული სიცოცხლის ღირსნი (წაიკითხეთ გამოცხადების 20:12, 13). სასამართლო დღის ბოლოს თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, აჩვენოს, თუ რომელ მხარეს იკავებს ღვთის უზენაეს ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საკამათო საკითხში. დაემორჩილება ის ღვთის სამეფოს და მისცემს კრავს იმის საშუალებას, რომ წაუძღვეს „სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ“? თუ ურჩობას გამოავლენს და ღვთის სამეფოს წინააღმდეგ წავა? (გამოცხ. 7:17; ეს. 65:20). იმ დროისთვის ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს პირადი გადაწყვეტილება, რომელზეც გავლენას ვეღარ მოახდენს თანდაყოლილი ცოდვა თუ ბოროტი ქვეყნიერება. იეჰოვას მიერ გამოტანილი საბოლოო განაჩენის სამართლიანობას ვერავინ დააყენებს ეჭვქვეშ. მხოლოდ ბოროტები განადგურდებიან სამუდამოდ (გამოცხ. 20:14, 15).

17, 18. რა სიხარულით ელიან სასამართლოს დღეს ცხებული ქრისტიანები და სხვა ცხვარი?

17 დღეს მცხოვრებ ცხებულ ქრისტიანებს, რომლებიც სამეფოს მიღების ღირსად ითვლებიან, ერთი სული აქვთ, როდის იმმართველებენ სასამართლოს დღის განმავლობაში. ეს მათთვის მართლაც რომ დიდი პატივია! ეს იმედი აღძრავს მათ, მიჰყვნენ იმ რჩევას, რომელიც პეტრემ პირველი საუკუნის ქრისტიანებს მისცა: „ეცადეთ, რომ განმტკიცდეთ თქვენს მოწოდებასა და რჩეულობაში, ვინაიდან, თუ ასე მოიქცევით, არასოდეს დაეცემით, და ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს მარადიულ სამეფოში შესასვლელი ფართოდ გაგეღებათ“ (2 პეტ. 1:10, 11).

18 ცხებულების გამო სხვა ცხვარიც ხარობს და გადაწყვეტილი აქვთ, მხარში ედგნენ მათ. მიწიერი იმედის მქონე ამ ქრისტიანებს, რომლებიც დღეს ღვთის მეგობრები არიან, სურთ, ყველაფერი გააკეთონ იეჰოვას მსახურებაში. სასამართლოს დღის განმავლობაში ისინი მთელი გულით დაემორჩილებიან ღვთის ხელმძღვანელობას, როდესაც იესო მათ სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ წაუძღვება. შემდეგ კი ისინი საბოლოოდ ჩაითვლებიან იმის ღირსად, რომ მთელი მარადიულობის განმავლობაში იეჰოვას მიწიერი მსახურები იყვნენ! (რომ. 8:20, 21; გამოცხ. 21:1—7).

შეგიძლიათ გაიხსენოთ?

• რა შედის იესოს ქონებაში?

• როგორ უჭერს მხარს უამრავი ხალხი ცხებულ ძმებს?

• რა პატივი ხვდა წილად უამრავ ხალხს და რა მომავალი ელის მას?

• პირადად თქვენ როგორ უყურებთ სასამართლოს დღეს?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 25 გვერდზე]

უამრავმა ხალხმა გაირეცხა თავისი გრძელი სამოსელი და გაათეთრა კრავის სისხლით

[სურათი 27 გვერდზე]

რისი სწავლა გსურთ ღვთის მკვდრეთით აღდგენილი მსახურებისგან?