არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მათ გაამდიდრეს თავიანთი ცხოვრება შეგიძლიათ, თქვენც ასე მოიქცეთ?

მათ გაამდიდრეს თავიანთი ცხოვრება შეგიძლიათ, თქვენც ასე მოიქცეთ?

მათ გაამდიდრეს თავიანთი ცხოვრება შეგიძლიათ, თქვენც ასე მოიქცეთ?

კანადაში მცხოვრები ძმა მარკი მუშაობდა ერთ ფირმაში, რომელიც კოსმოსური ცენტრებისთვის რთული მოწყობილობის რობოტებს ამზადებს. ის არასრულ განაკვეთზე მუშაობდა და პიონერად მსახურობდა. ერთხელაც ცენტრის ხელმძღვანელმა მარკს უფრო მაღალი თანამდებობა შესთავაზა — მას მაღალი ანაზღაურება ექნებოდა, ოღონდ სრულ განაკვეთზე უნდა ემუშავა. როგორ მოიქცა მარკი?

ერთი ფილიპინელი და, ემი, სკოლის დამთავრებამდე პიონერად მსახურობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მას შესთავაზეს სრულგანაკვეთიანი მაღალანაზღაურებადი სამსახური, რომელიც მისგან დიდ დროს მოითხოვდა. რა არჩევანი გააკეთა ემიმ?

მარკმა და ემიმ სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღეს. ის შედეგები, რაც მათ არჩევანს მოჰყვა, ცხადყოფს, თუ რამდენად ბრძნულია ძველ კორინთში მცხოვრები ქრისტიანებისთვის პავლეს მიერ მიცემული რჩევა. ის წერდა: „ქვეყნიერებით მოსარგებლენი — [იყვნენ], როგორც მისით არასრულად მოსარგებლენი“ (1 კორ. 7:29—31).

ისარგებლეთ ქვეყნიერებით, მაგრამ არასრულად

ვიდრე გავიგებდეთ, როგორ განვითარდა მოვლენები მარკისა და ემის შემთხვევაში, მოდი დავფიქრდეთ სიტყვა „ქვეყნიერების“ (ბერძნულად „კოსმოს“) მნიშვნელობაზე, რომელიც პავლემ კორინთელების მიმართ მიწერილ წერილში გამოიყენა. ბიბლიის ამ მონაკვეთში სიტყვა „კოსმოს“ მიუთითებს ქვეყნიერებაზე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ანუ ერთად აღებულ ადამიანთა საზოგადოებაზე, და მასში იგულისხმება ისეთი საქმეები, რითაც ყოველდღიურად ვართ დაკავებული, იქნება ეს საკვებზე, ჩასაცმელსა თუ საცხოვრებელზე ზრუნვა *. ამ ყოველივეზე რომ ვიზრუნოთ, უმრავლესობამ უნდა ვიმუშაოთ. სწორედ ამის გამო ჩვენ გვიწევს ქვეყნიერებით სარგებლობა, რომ შევასრულოთ ჩვენი ბიბლიური ვალდებულება და ვიზრუნოთ როგორც საკუთარ თავზე, ისე ოჯახის წევრებზე (1 ტიმ. 5:8). ამავე დროს ჩვენ ისიც გვესმის, რომ „გადადის ქვეყნიერება“ (1 იოან. 2:17). მართალია ჩვენ იმ ზომით ვსარგებლობთ ქვეყნიერებით, რამდენიც ჩვენთვის აუცილებელია, მაგრამ „მისით არასრულად მოსარგებლენი“ ვართ (1 კორ. 7:31).

მრავალმა და-ძმამ, რომლებიც აღძრა ბიბლიურმა რჩევამ, რომ არასრულად ესარგებლათ ქვეყნიერებით, აწონ-დაწონა თავისი მდგომარეობა, ნაკლები დრო დაუთმო სამუშაოს და ცხოვრება გაიმარტივა. ამის შედეგად ისინი მალევე მიხვდნენ, რომ ნამდვილად გაამდიდრეს თავიანთი ცხოვრება, რადგან მეტი დრო დარჩათ ოჯახთან ურთიერთობისა და იეჰოვას მსახურებისთვის. გარდა ამისა, ცხოვრების გამარტივების შედეგად ისინი იეჰოვაზე უფრო გახდნენ დამოკიდებულნი, ვიდრე ქვეყნიერებაზე. შეგიძლიათ, თქვენც ასე მოიქცეთ და გაიმარტივოთ ცხოვრება სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად? (მათ. 6:19—24, 33)

„იეჰოვას უფრო დავუახლოვდით“

დასაწყისში მოხსენიებულმა მარკმა გაითვალისწინა ბიბლიური რჩევა იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულად ესარგებლა ქვეყნიერებით. მან უარი თქვა მისთვის შეთავაზებულ სარფიან წინადადებაზე. რამდენიმე დღის შემდეგ ცენტრის ხელმძღვანელმა მას უფრო მაღალი ანაზღაურება შესთავაზა, რათა ის ახალი თანამდებობის მიღებაზე დაეთანხმებინა. „გამოცდის წინაშე დავდექი, — ამბობს მარკი, — მაგრამ ისევ უარი ვუთხარი“. ის ხსნის, თუ რატომ მოიქცა ასე: „მე და ჩემს მეუღლეს, პაულას, გვინდოდა, რომ რაც შეიძლება მეტი დრო დაგვეთმო იეჰოვას მსახურებისთვის. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გაგვემარტივებინა ჩვენი ცხოვრება. ჩვენ დასახული მიზნის მისაღწევად ლოცვით მივმართეთ იეჰოვას, რომ სიბრძნე მოეცა, და კონკრეტული თარიღი დავადგინეთ, როდიდანაც გავაფართოებდით მსახურებას“.

პაულა იხსენებს: „ერთ საავადმყოფოში მდივნად ვმუშაობდი და კარგი შემოსავალიც მქონდა. მუშაობა კვირაში სამ დღეს მიწევდა. გარდა ამისა, პიონერადაც ვმსახურობდი. მაგრამ მარკის მსგავსად მეც მსურდა, იეჰოვასთვის მემსახურა იქ, სადაც მაუწყებლებზე უფრო მეტი მოთხოვნილება იყო. ზუსტად მაშინ, როცა სამსახურიდან წასვლის თაობაზე ჩემს უფროსთან განცხადება შევიტანე, მან მითხრა, რომ სწორედ იმ დროისთვის გათავისუფლდა აღმასრულებელი მდივნის ადგილი და ეს თანამდებობა მე შემომთავაზა. ეს იყო მდივნის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ადგილი საავადმყოფოში, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება არ შემიცვლია. როდესაც უფროსს ავუხსენი მიზეზი, თუ რატომ ვამბობდი უარს მის წინადადებაზე, მან ჩემი რწმენისთვის შემაქო“.

ამის შემდეგ, მალევე მარკი და პაულა დანიშნეს სპეციალურ პიონერებად კანადის ერთ-ერთ დაშორებულ ადგილას არსებულ პატარა კრებაში. რა შედეგი მოუტანა მათ სხვაგან გადასვლამ? მარკი ამბობს: „მას შემდეგ, რაც დავტოვე ფინანსურად სტაბილური სამსახური, სადაც თითქმის ნახევარი ცხოვრება გავატარე, ცოტა არ იყოს შიშმა შემიპყრო, მაგრამ იეჰოვამ აკურთხა ჩვენი მსახურება. უდიდესი სიხარული მოგვიტანა სხვებისთვის სულიერი ძღვენის გაზიარებამ. სრული დროით მსახურებამ ასევე გაამდიდრა ჩვენი ქორწინება. ჩვენი საუბრები სულიერი საკითხების ირგვლივ ტრიალებს, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. ჩვენ უფრო დავუახლოვდით იეჰოვას“ (საქ. 20:35). პაულა ამბობს: „როდესაც ტოვებ სამსახურს და კეთილმოწყობილ სახლს, ყველანაირად იეჰოვას უნდა მიენდო. ჩვენ ასეც მოვიქეცით და იეჰოვამაც კურთხევები არ მოგვაკლო. ახალ კრებაში ჩვენმა ძვირფასმა და-ძმებმა სიყვარული გამოავლინეს ჩვენ მიმართ და გვაგრძნობინეს, რომ მათ ვჭირდებოდით. ახლა იმ ენერგიას, რასაც ადრე სამსახურისთვის ვხარჯავდი, ვიყენებ იმისთვის, რომ ადამიანებს სულიერად დავეხმარო. ძალიან მიხარია, რომ მონაწილეობას ვიღებ ასეთი სახის მსახურებაში“.

‘არაფერი მაკლდა, მაგრამ ამან ბედნიერება არ მომიტანა’

დასაწყისში მოხსენიებულმა ემიმ სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ის დათანხმდა სარფიან წინადადებას და სრული განაკვეთით დაიწყო მუშაობა. ემი იხსენებს: „პირველ წელს მაინც შევძელი მსახურებაში აქტიურობის შენარჩუნება, მაგრამ შევნიშნე, რომ თანდათანობით ჩემს ცხოვრებაში მთავარი ადგილი სამსახურმა დაიკავა, ხოლო სამეფოს ინტერესები მეორეხარისხოვანი გახდა. როდესაც დაწინაურებას მთავაზობდნენ, ვთანხმდებოდი ასეთ წინადადებებს და მთელ ენერგიას იმისთვის ვხარჯავდი, რომ კიდევ უფრო მაღალი თანამდებობისთვის მიმეღწია. რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვიღებდი, მით უფრო ნაკლებ დროს ვუთმობდი მსახურებას. ბოლოს კი საერთოდ შევწყვიტე ქადაგება“.

ემი იხსენებს: «ფინანსურად არაფერი მაკლდა. ბევრს ვმოგზაურობდი და სრულად ვსარგებლობდი ყველაფრით, რის საშუალებასაც ჩემი პრესტიჟული სამსახური მაძლევდა. მაგრამ ამან ბედნიერება არ მომიტანა. მართალია, ფული საკმაოდ მქონდა, მაგრამ პრობლემებიც არ მაკლდა. ვფიქრობდი, თუ რა იყო ამის მიზეზი. ბოლოს მივხვდი, რომ ამ ქვეყნიერებაში კარიერის შექმნამ კინაღამ ‘ჩამომაშორა რწმენას’. ამის შედეგად, ზუსტად ისე, როგორც ღვთის სიტყვაშია ნათქვამი, საკუთარ თავს ‘მრავალი ტკივილი მივაყენე’» (1 ტიმ. 6:10).

როგორ მოიქცა ემი? ის ამბობს: „უხუცესებს ვთხოვე, რომ დამხმარებოდნენ სულიერი ჯანმრთელობის აღდგენაში, და კრებებზე დასწრება დავიწყე. ერთხელ, სიმღერის დროს ცრემლები ვერ შევიკავე. გამახსენდა, რომ იმ ხუთი წლის განმავლობაში, როცა პიონერად ვმსახურობდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად უზრუნველყოფილი არ ვყოფილვარ. მივხვდი, რომ უნდა შემეწყვიტა ფულის შოვნისთვის დროის ფუჭად ხარჯვა და სამეფოს ინტერესები პირველ ადგილზე უნდა დამეყენებინა. უარი ვთქვი მაღალ თანამდებობაზე. უფრო დაბალ თანამდებობას და განახევრებულ შემოსავალს დავჯერდი და ქადაგება განვაახლე“. ემი ამბობს: „მას შემდეგ რამდენიმე წელი პიონერად ვიმსახურე, რამაც უდიდესი სიხარული მომანიჭა. დღეს ისეთი კმაყოფილების გრძნობა მაქვს, რაც არ მქონია მაშინ, როცა მთელ ჩემს დროს ქვეყნიურ სამსახურს ვუთმობდი“.

შეგიძლიათ ცვლილებების მოხდენა და ცხოვრების გამარტივება? თუ ასე მოიქცევით და დროს სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად გამოიყენებთ, თქვენც გაამდიდრებთ თქვენს ცხოვრებას (იგავ. 10:22).

[სქოლიო]

^ აბზ. 6 იხილეთ „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტომი 2, გვერდები 1207, 1208 (ინგლ.).

[ჩანართი 19 გვერდზე]

შეგიძლიათ ცვლილებების მოხდენა და ცხოვრების გამარტივება?

[ჩარჩო⁄სურათი 19 გვერდზე]

„მე უკვე შემიყვარდა პიონერული მსახურება!“

დევიდს, რომელიც შეერთებული შტატების ერთ-ერთ კრებაში უხუცესად მსახურობს, სურდა, რომ მეუღლისა და შვილების მსგავსად სრული დროით ემსახურა. ის ნახევარგანაკვეთიან სამუშაოზე გადავიდა იმ კომპანიაში, სადაც მუშაობდა, და პიონერად დაიწყო მსახურება. გაამდიდრა მან ამით თავისი ცხოვრება? რამდენიმე თვის შემდეგ მან თავის მეგობარს მისწერა: „არაფერს მოაქვს იმაზე მეტი კმაყოფილება, ვიდრე იეჰოვას მსახურებაში ოჯახთან ერთად სრულ მონაწილეობას. ვფიქრობდი, პიონერობას რომ შევჩვეოდი, დრო დამჭირდებოდა, მაგრამ მე უკვე შემიყვარდა პიონერული მსახურება! ის ძალებს მმატებს და მახალისებს“.

[სურათი 18 გვერდზე]

მარკი და პაულა მსახურებაში