არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„საგუშაგო კოშკის“ ახალი სასწავლო გამოცემა

„საგუშაგო კოშკის“ ახალი სასწავლო გამოცემა

„საგუშაგო კოშკის“ ახალი სასწავლო გამოცემა

ჟურნალი, რომელსაც ახლა თქვენ კითხულობთ, „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო გამოცემის პირველი ნომერია. გვინდა ორიოდე სიტყვით შევეხოთ იმ ზოგიერთ თავისებურებას, რაც ამ ჟურნალის ახალ ფორმატს ექნება.

სასწავლო გამოცემა განკუთვნილია იეჰოვას მოწმეებისთვის და ბიბლიის იმ შემსწავლელებისთვის, რომლებიც სულიერად წინ მიიწევენ. ეს გამოცემა თვეში ერთხელ გამოვა და მასში შესული იქნება ოთხი ან ხუთი სასწავლო სტატია, რომელთა შესწავლის გეგმაც დაიბეჭდება ჟურნალის გარეკანზე. „საგუშაგო კოშკის“ იმ გამოცემისგან განსხვავებით, რომელიც ფართო მკითხველისთვისაა განკუთვნილი, სასწავლო გამოცემის ყველა ნომერს ერთნაირი ყდა ექნება, რადგან ამ ჟურნალს მსახურებაში არ გავავრცელებთ.

ამ ჟურნალის მე-2 გვერდზე მოკლედ იქნება ახსნილი თითოეული სასწავლო სტატიისა თუ სტატიათა სერიის მიზანი. ამავე გვერდზე თქვენ სხვა სტატიების სათაურებსაც იხილავთ. ძმებს, რომლებიც „საგუშაგო კოშკის“ შესწავლას ატარებენ, მომზადების დროს მეორე გვერდზე მოცემული ინფორმაცია დაეხმარება, რომ კრების შეხვედრაზე შესწავლა იმ კუთხით წარმართონ, რისთვისაც სტატია არის გათვალისწინებული.

თქვენ შეამჩნევთ, რომ სასწავლო სტატიები ადრინდელთან შედარებით უფრო მცირე მოცულობისაა. ამიტომ, შესწავლის დროს უფრო მეტი დრო დაეთმობა ძირითადი მუხლების განხილვას. ჩვენ მოგიწოდებთ, რომ ნახოთ ყველა მითითებული მუხლი. ის მუხლები, რომლებსაც ექნება მითითება „წაიკითხეთ“, „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის დროს უნდა წაიკითხოთ და განიხილოთ. შეგიძლიათ სხვა მითითებული მუხლებიც წაიკითხოთ, თუ დრო ამის საშუალებას მოგცემთ. ზოგ სტატიაში შესაძლოა შეხვდეთ მუხლებს, რომლებსაც მიწერილი ექნება სიტყვა „შეადარეთ“. რადგანაც ეს მუხლები პირდაპირ არ უკავშირდება აბზაცის მთავარ აზრებს, მათ, როგორც წესი, არ წავიკითხავთ კრებაზე განხილვის დროს. და მაინც, ეს მუხლები საინტერესო დამატებით ინფორმაციას შეიცავს და ამა თუ იმ სახით განამტკიცებს მთავარ აზრებს. მოგიწოდებთ, რომ წაიკითხოთ ეს მუხლები, როდესაც „საგუშაგო კოშკის“ შესწავლისთვის ემზადებით. ეს შესაძლებლობას მოგცემთ, რომ კომენტარის გაკეთებისას საჭიროების შემთხვევაში შეეხოთ ამ მუხლებში მოცემულ აზრებს.

„საგუშაგო კოშკში“ აღარ დაიბეჭდება სამქადაგებლო მსახურების წლიური ანგარიში. 2008 წლიდან დაწყებული ეს ანგარიში მოცემული იქნება „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართსა და „წელიწდეულში“. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სასწავლო სტატიების გარდა ამ გამოცემაში სხვა სტატიებიც იქნება შესული. გულდასმით წაიკითხეთ ისინიც მიუხედავად იმისა, რომ ეს თემები არ იქნება განხილული კრების შეხვედრებზე. ამ სტატიებშიც „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწოდებული სულიერი საზრდოა მოცემული (მათე 24:45—47).

ბოლოს გვინდა აღვნიშნოთ, რომ „საგუშაგო კოშკის“ ორივე გამოცემა — როგორც სასწავლო, ისე ფართო მკითხველისთვის განკუთვნილი — არ არის ორი სხვადასხვა ჟურნალი. ორივე წარმოადგენს ერთ ჟურნალს, რომლის სახელწოდებაა „საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ“. ორივე გამოცემის მეორე გვერდზე ახსნილი იქნება „საგუშაგო კოშკის“ გამოცემის მიზანი, რასაც ერთი აბზაცი დაეთმობა. ყოველი წლის ორივე გამოცემა ერთ ტომად აიკინძება. რუბრიკაში „გახსოვთ თუ არა?“, რომელიც დაიბეჭდება სასწავლო გამოცემაში, მასალა ორივე გამოცემიდან შევა.

1879 წლიდან მოყოლებული, ომების, ეკონომიკური სიდუხჭირისა თუ დევნების მიუხედავად, „საგუშაგო კოშკი“ განუწყვეტლივ აცხადებდა ჭეშმარიტებას ღვთის სამეფოს შესახებ. ვლოცულობთ, რომ იეჰოვას კურთხევით ამ ჟურნალის ახალი ფორმატი კვლავაც ამ მიზანს მოემსახუროს. ჩვენ იმაზეც ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ გაკურთხოთ, რათა თითოეულმა საუკეთესოდ გამოიყენოთ „საგუშაგო კოშკის“ ეს ახალი სასწავლო გამოცემა.