არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქრისტიანები ხორბალივით იცხრილებიან

ქრისტიანები ხორბალივით იცხრილებიან

ქრისტიანები ხორბალივით იცხრილებიან

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ გააფრთხილა თავისი მოწაფეები: „აი, სატანამ მოითხოვა, რომ ხორბალივით გაგცხრილოთ“ (ლუკ. 22:31). რას გულისხმობდა იესო?

იესოს დროს ხორბლის მკა და დაბინავება დიდ დროსა და შრომას მოითხოვდა. თავდაპირველად გლეხი მომკილ ხორბალს ერთად აგროვებდა. შემდეგ ის ხორბალს კალოზე ცეხვავდა ან კევრში შებმული პირუტყვით ლეწავდა. ამ დროს მარცვალი თავთავსა და ჩენჩოს შორდებოდა. ამის შემდეგ გლეხი მარცვალს ანიავებდა. განიავებისას მარცვალი კალოზე ეცემოდა, ხოლო ბზე ნიავს მიჰქონდა. საბოლოოდ, მარცვალს საგულდაგულოდ ცხრილავდნენ ნარჩენების მოსაშორებლად.

როგორც იესომ თქვა, იმ დროიდან მოყოლებული დღემდე სატანა უმოწყალოდ ესხმის თავს მის მოწაფეებს (ეფეს. 6:11). მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სირთულე, რასაც ცხოვრებაში ვხვდებით, უშუალოდ სატანის მიერ არ არის გამოწვეული (ეკლ. 9:11). და მაინც, სატანა ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ ღვთისადმი ერთგულება დაგვაკარგვინოს. მაგალითად, მან შეიძლება მატერიალიზმისა თუ არაჯანსაღი გართობისკენ გვიბიძგოს ან სექსუალური უზნეობის ჩადენის ცდუნების წინაშე დაგვაყენოს. გარდა ამისა, მისი გავლენით თანაკლასელებმა, თანამშრომლებმა და ნათესავებმა შეიძლება იმისკენ მოგვიწოდონ, რომ უფრო მეტი განათლების მიღებისკენ ვისწრაფოთ და კარიერა შევიქმნათ. ამასთანავე, სატანამ შეიძლება დევნასაც მიმართოს, რათა ჭეშმარიტება მიგვატოვებინოს. ცხადია, სატანა კიდევ მრავალ მეთოდს იყენებს, რომ „გაგვცხრილოს“.

როგორ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ ძლიერ მტერს? მხოლოდ ჩვენი ძალებით მასთან ვერაფერს გავხდებით. მართალია, სატანა ჩვენზე ძლიერია, მაგრამ ვიცით, რომ ის იეჰოვას ვერ გაუტოლდება, რადგან იეჰოვას განუზომელი ძალა აქვს. თუ სრულად ვენდობით იეჰოვას, გამუდმებით ვლოცულობთ, რომ მან სიბრძნე და გაბედულება მოგვცეს განსაცდელების ასატანად, და ზუსტად მივყვებით მის ხელმძღვანელობას, ის გაგვაძლიერებს, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ სატანის თავდასხმებს (ფსალმ. 25:4, 5).

განსაცდელების დროს ჩვენ უნდა შეგვეძლოს „კარგისა და ცუდის გარჩევა“, რათა სატანამ შეცდომაში არ შეგვიყვანოს (ებრ. 5:13, 14). იეჰოვა დაგვეხმარება ამ უნარის განვითარებაში. შემდეგ კი ჩვენ — რა პრობლემის წინაშეც არ უნდა ვიდგეთ — მტკიცედ უნდა მივყვეთ სწორ კურსს. თუ ვემორჩილებით იეჰოვას ხელმძღვანელობას, ის აუცილებლად დაგვიჭერს მხარს, რომ ვიმოქმედოთ ჩვენი გადაწყვეტილების თანახმად და გაბედულად ვაკეთოთ ის, რაც სწორია (ეფეს. 6:10).

სატანა ეცდება, რომ ხორბალივით გაგვცხრილოს, მაგრამ იეჰოვას ძალით ჩვენ შევძლებთ, წინ აღვუდგეთ მას მტკიცე რწმენით (1 პეტ. 5:9). იეჰოვას სიტყვა გვარწმუნებს: „წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“ (იაკ. 4:7).