არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ყურადღება მიაქციეთ „სწავლების ხელოვნებას“

ყურადღება მიაქციეთ „სწავლების ხელოვნებას“

ყურადღება მიაქციეთ „სწავლების ხელოვნებას“

„იქადაგე სიტყვა, . . გაკიცხე, დაარიგე და შეაგონე მთელი სულგრძელობითა და სწავლების ხელოვნების გამოყენებით“ (2 ტიმ. 4:2).

1. რა დაავალა იესომ თავის მიმდევრებს და რა მაგალითი დაუტოვა მათ?

დედამიწაზე მსახურებისას იესო შესანიშნავ საქმეებს ასრულებდა — ის ავადმყოფებს კურნავდა. მიუხედავად ამისა, იესო ცნობილი იყო არა როგორც მკურნალი ან სასწაულმოქმედი, არამედ როგორც მოძღვარი (მარ. 12:19; 13:1). იესოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება იყო. ეს ასეა დღესაც მისი მსახურებისთვის. ქრისტიანებს დავალებული აქვთ, რომ განაგრძონ მოწაფეების მომზადება და ასწავლონ მათ ყველაფრის დაცვა, რაც ქრისტემ მცნებად დაუდო (მათ. 28:19, 20).

2. რა არის საჭირო ჩვენი დავალების შესასრულებლად?

2 იმისათვის, რომ შევასრულოთ ჩვენი დავალება და მოვამზადოთ მოწაფეები, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, გავიუმჯობესოთ „სწავლების ხელოვნება“. პავლე მოციქულმა ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ხელოვნება, როდესაც თავის თანამშრომელ ტიმოთეს მისწერა: „ყოველთვის დაუკვირდი როგორც შენს თავს, ისე იმას, რას და როგორ ასწავლი. ყოველთვის ასე მოიქეცი და შენს თავსაც იხსნი და მსმენელებსაც“ (1 ტიმ. 4:16). სწავლების ხელოვნებაში, რომელიც პავლეს მხედველობაში ჰქონდა, უბრალოდ ცოდნის გაზიარება არ იგულისხმება. ის ქრისტიანები, რომლებიც ეფექტურად მსახურობენ, ადამიანების გულამდე აღწევენ და აღძრავენ მათ, ცხოვრებაში ცვლილებები მოახდინონ. ეს ნამდვილი ხელოვნებაა. როგორ შეგვიძლია განვივითაროთ „სწავლების ხელოვნება“, როდესაც სხვებს ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას გადავცემთ? (2 ტიმ. 4:2).

განივითარეთ „სწავლების ხელოვნება“

3, 4. ა) როგორ შეგვიძლია „სწავლების ხელოვნების“ განვითარება? ბ) როგორ გვეხმარება თეოკრატიული მსახურების სკოლა, რომ უფრო ეფექტური მასწავლებლები გავხდეთ?

3 ერთი ლექსიკონის მიხედვით ხელოვნება არის „უნარი, რომლის გამომუშავებაც ხდება სწავლის, ვარჯიშისა და დაკვირვების მეშვეობით“. ჩვენ ამ სამივე მხარეს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რათა სასიხარულო ცნობის ეფექტური მასწავლებლები ვიყოთ. ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ საკითხების ნათლად გაგებას, თუ შესწავლამდე ლოცვით ვთხოვთ იეჰოვას დახმარებას (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:27, 34). თუ დავაკვირდებით, როგორ ასწავლიან ის ქრისტიანები, რომლებიც ეფექტურად ქადაგებენ, ეს დაგვეხმარება, მივბაძოთ მათ სწავლების მეთოდების გამოყენებაში. თუ სისტემატურად ვცდილობთ ნასწავლის გამოყენებას, უფრო გავიუმჯობესებთ სწავლების უნარს (ლუკ. 6:40; 1 ტიმ. 4:13—15).

4 იეჰოვა ჩვენი დიდებული მოძღვარია. თავისი ორგანიზაციის მიწიერი ნაწილის საშუალებით ის ხელმძღვანელობას უწევს თავის მსახურებს დედამიწაზე და ასწავლის მათ, როგორ შეასრულონ სამქადაგებლო საქმიანობა (ეს. 30:20, 21). ამ მიზნის მისაღწევად ყველა კრებაში ყოველკვირეულად ტარდება თეოკრატიული მსახურების სკოლის შეხვედრა, რომელიც განკუთვნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს ღვთის მსახურებს, სამეფოს ცნობის უფრო ეფექტური მქადაგებლები გახდნენ. ამ სკოლის მთავარი სახელმძღვანელო ბიბლიაა. იეჰოვას შთაგონებით დაწერილი სიტყვიდან ვიგებთ, რა უნდა ვასწავლოთ ადამიანებს და სწავლების რომელი მეთოდებია უფრო ეფექტური და შესაფერისი. თეოკრატიული მსახურების სკოლა რეგულარულად შეგვახსენებს, რომ უფრო დახელოვნებული მასწავლებლები გავხდებით, თუ სწავლებისას მივმართავთ ღვთის სიტყვას, დავსვამთ ეფექტურ კითხვებს, მარტივი ენით გადავცემთ მასალას და სხვებისადმი გულწრფელ ინტერესს გამოვავლენთ. მოდი ცალ-ცალკე განვიხილოთ თითოეული მხარე, შემდეგ კი ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შევეხოთ შემსწავლელის გულს.

სწავლებისას გამოიყენეთ ღვთის სიტყვა

5. რას უნდა ვიყენებდეთ სწავლებისას და რატომ?

5 იესო, ადამიანთა შორის ყველაზე დიდებული მასწავლებელი, სწავლებისას წმინდა წერილებს იყენებდა (მათ. 21:13; იოან. 6:45; 8:17). ის საკუთარი სახელით კი არ ლაპარაკობდა, არამედ თავისი გამომგზავნელის სახელით (იოან. 7:16—18). ჩვენ მის მაგალითს უნდა მივყვეთ. ამგვარად, კარდაკარ ქადაგებისას თუ ბიბლიის შესწავლების ჩატარებისას ჩვენ ძირითად ყურადღებას ღვთის სიტყვაზე უნდა ვამახვილებდეთ (2 ტიმ. 3:16, 17). რა გონივრულადაც არ უნდა ვმსჯელობდეთ, ეს ვერასოდეს იმოქმედებს ადამიანზე ისე ძლიერ, როგორც ღვთის მიერ შთაგონებული სიტყვა. ბიბლიას დიდი ძალა აქვს. რის ახსნასაც არ უნდა ვცდილობდეთ შემსწავლელისთვის, საუკეთესო შედეგს იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ მას განსახილველ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირ ბიბლიიდან წავაკითხებთ მუხლებს (წაიკითხეთ ებრაელების 4:12).

6. როგორ შეუძლია მასწავლებელს უკეთ გააგებინოს შემსწავლელს განსახილველი მასალა?

6 რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტიანი მასწავლებელი არ უნდა ემზადებოდეს ბიბლიის შესწავლისთვის. პირიქით, ის წინასწარ საგულდაგულოდ უნდა მოემზადოს, რათა შეარჩიოს ის მუხლები, რომლებსაც წაიკითხავს შემსწავლელთან ერთად. ჩვეულებრივ, შესწავლისას ის მუხლები უნდა იქნეს წაკითხული, რომლებზეც დაფუძნებულია ჩვენი სწავლებები. ასევე აუცილებელია, დავეხმაროთ შემსწავლელს, ჩასწვდეს თითოეულ წაკითხულ მუხლს (1 კორ. 14:8, 9).

ეფექტურად გამოიყენეთ კითხვები

7. რატომ არის კითხვების გამოყენება სწავლების ეფექტური მეთოდი?

7 კითხვების დახელოვნებულად გამოყენება შემსწავლელს ფიქრისკენ აღძრავს, მასწავლებელს კი ეხმარება, შეეხოს შემსწავლელის გულს. ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ მუხლები თქვენ აუხსნათ შემსწავლელს, სთხოვეთ მას, რომ თავად აგიხსნათ ისინი. ზოგჯერ შეიძლება დამატებითი კითხვის ან კითხვების დასმაც კი გახდეს საჭირო, რომ შემსწავლელმა კარგად გაიგოს მასალა. როდესაც კითხვების გამოყენებით შემსწავლელს სწავლების პროცესში რთავთ, თქვენ მას არა მხოლოდ იმ მხრივ ეხმარებით, რომ გაიგოს ამა თუ იმ სწავლების საფუძველი, არამედ იმ მხრივაც, რომ თავადაც გააზრებულად დაეთანხმოს ამ სწავლებას (მათ. 17:24—26; ლუკ. 10:36, 37).

8. როგორ გავიგოთ, რას ფიქრობს შემსწავლელი სინამდვილეში?

8 სწავლებისთვის სწორედ რომ კითხვა-პასუხების მეთოდია გამოყენებული ჩვენს პუბლიკაციებში. ცხადია, უმრავლესობა, ვისთანაც ბიბლიას სწავლობთ, ადვილად გიპასუხებთ შესასწავლ პუბლიკაციაში დასმულ კითხვებზე იმ ინფორმაციის გამოყენებით, რომელიც შესაბამის აბზაცში განიხილებოდა. და მაინც, გამჭრიახი მასწავლებელი მხოლოდ იმით არ დაკმაყოფილდება, რომ შემსწავლელმა სწორი პასუხები გასცეს. მაგალითად, შემსწავლელმა შეიძლება სწორად ახსნას, რას ამბობს ბიბლია სიძვის შესახებ (1 კორ. 6:18). მაგრამ, ტაქტიანად დასმული კითხვები მასწავლებელს დაანახვებს, სინამდვილეში რას ფიქრობს შემსწავლელი ამ საკითხზე. ამიტომ, მასწავლებელმა მას შეიძლება ასეთი კითხვები დაუსვას: „რატომ კრძალავს ბიბლია სქესობრივ კავშირს ქორწინების გარეშე? თქვენ რას ფიქრობთ ასეთ აკრძალვაზე? როგორ ფიქრობთ, სარგებლობის მომტანია ღვთის ზნეობრივი ნორმების თანახმად ცხოვრება?“ ასეთ კითხვებზე გაცემულმა პასუხებმა შეიძლება დაგანახვოთ, რას ფიქრობს შემსწავლელი სინამდვილეში (წაიკითხეთ მათეს 16:13—17).

ასწავლეთ მარტივი ენით

9. რა უნდა გვახსოვდეს, როდესაც ბიბლიას ვასწავლით ვინმეს?

9 ბიბლიური სწავლებების უმეტესობა შედარებით ადვილი გასაგებია. თუმცა, ის ადამიანები, ვისაც ბიბლიას ვასწავლით, შეიძლება დაბნეულობაში იყვნენ შესული ცრუ რელიგიური სწავლებების გამო. ჩვენი, როგორც მასწავლებლების, მოვალეობაა, ბიბლია მათთვის ადვილი გასაგები გავხადოთ. კარგი მასწავლებელი ინფორმაციას მარტივად, გასაგებად და ზუსტად გადასცემს. თუ ჩვენც ასე მოვიქცევით, ვეცდებით, რომ შემსწავლელს ჭეშმარიტება რთული ენით არ ავუხსნათ. მოერიდეთ ზედმეტი დეტალების ახსნას. საჭირო არ არის, რომ წაკითხული მუხლის ყველა მხარეზე გაამახვილოთ ყურადღება. მუხლის მხოლოდ ის ნაწილი ახსენით, რომელიც განსახილველ თემას უკავშირდება. დროის სვლასთან ერთად შემსწავლელი უფრო უკეთესად ჩასწვდება ღრმა ბიბლიურ სწავლებებს (ებრ. 5:13, 14).

10. რა განსაზღვრავს, რა ოდენობის მასალის გავლა შეგვიძლია ერთ ჯერზე?

10 შესწავლისას რა რაოდენობის მასალა უნდა განვიხილოთ ერთ ჯერზე? ამის დასადგენად გამჭრიახობაა საჭირო. ფაქტია, რომ შემსწავლელისა და მასწავლებლის შესაძლებლობა და მდგომარეობა ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ჩვენი, როგორც მასწავლებლების მიზანი ერთია — შემსწავლელს ძლიერი რწმენა განვუვითაროთ. ამიტომ ჩვენ მას საკმარისი დრო უნდა მივცეთ იმისთვის, რომ წაიკითხოს ბიბლიური მუხლები, ჩასწვდეს მათ და მიიღოს ღვთის სიტყვის სწავლებები. ჩვენ მხოლოდ იმდენ მასალას გავივლით მასთან, რამდენის გაგებასაც შეძლებს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზომაზე მეტ დროს დავუთმობთ ამა თუ იმ საკითხის განხილვას. მას შემდეგ, რაც შემსწავლელი გაიგებს განსახილველ საკითხს, ჩვენ შემდეგზე გადავალთ (კოლ. 2:6, 7).

11. სწავლების რა მაგალითი დაგვიტოვა პავლე მოციქულმა?

11 პავლე მოციქული მარტივი ენით გადასცემდა სასიხარულო ცნობას ახალ მოწაფეებს. მართალია, ის ძალიან განათლებული იყო, მაგრამ ერიდებოდა მაღალფარდოვანი ენით ლაპარაკს (წაიკითხეთ 1 კორინთელების 2:1, 2). ბიბლიური ჭეშმარიტება ადვილი გასაგებია, ამიტომაც ის იზიდავს და კმაყოფილებას ჰგვრის გულწრფელ ადამიანებს. მის გასაგებად განსაკუთრებული განათლების მიღება არ არის საჭირო (მათ. 11:25; საქ. 4:13; 1 კორ. 1:26, 27).

დაეხმარეთ შემსწავლელს, დააფასოს ნასწავლი

12, 13. რამ უნდა აღძრას შემსწავლელი იმისკენ, რომ ნასწავლის შესაბამისად იმოქმედოს? ახსენით.

12 ეფექტური მასწავლებლები რომ ვიყოთ, ინფორმაცია შემსწავლელის გულამდე უნდა მივიტანოთ. შემსწავლელმა უნდა გაიგოს, როგორ ეხება ნასწავლი პირადად მას, რა დადებით შედეგებს მოუტანს ის და როგორ გაუმჯობესდება მისი ცხოვრება, თუ ის მიჰყვება ბიბლიის ხელმძღვანელობას (ეს. 48:17, 18).

13 დავუშვათ, შემსწავლელთან განვიხილავთ ებრაელების 10:24, 25 მუხლებს, რომლებიც ქრისტიანებს მოუწოდებს, რომ სულიერი გამხნევებისა და ურთიერთობისთვის ერთად შეიკრიბონ. თუ შემსწავლელი ჯერ არ ესწრება კრების შეხვედრებს, შეგვეძლო მოკლედ აგვეხსნა, როგორ ტარდება ეს შეხვედრები და რა განიხილება მათზე. შეგვეძლო გვეთქვა, რომ კრების შეხვედრები ჩვენი თაყვანისმცემლობის ნაწილია, და დაგვენახვებინა, რით არის ისინი სასარგებლო თითოეული ჩვენგანისთვის. ამის შემდეგ კი კარგი იქნებოდა, თუ შემსწავლელს შეხვედრაზე დავპატიჟებდით. ბიბლიური მითითებების დაცვისკენ შემსწავლელი უნდა აღძრას იეჰოვას მორჩილების სურვილმა და არა იმ ადამიანის ხათრმა, ვინც მას ბიბლიას ასწავლის (გალ. 6:4, 5).

14, 15. ა) რას იგებს ბიბლიის შემსწავლელი იეჰოვას შესახებ? ბ) რატომ იქნება ბიბლიის შემსწავლელისთვის სასარგებლო ღვთის გაცნობა?

14 ყველაზე დიდი სარგებლობა, რაც შემსწავლელისთვის შესწავლასა და ბიბლიური პრინციპების გამოყენებას მოაქვს, არის ის, რომ ეცნობა იეჰოვას, როგორც პიროვნებას, და აფასებს მასთან ურთიერთობას (ეს. 42:8). იეჰოვა ღმერთი, რომელიც მოსიყვარულე მამა, შემოქმედი და სამყაროს უზენაესი მმართველია, თავის პიროვნებას აცნობს მათ, ვისაც უყვართ ის და ემსახურებიან მას (წაიკითხეთ გამოსვლის 34:6, 7). როდესაც მოსეს ისრაელი ერი ეგვიპტის მონობიდან უნდა გამოეყვანა, იეჰოვამ საკუთარ თავზე მას შემდეგი რამ უთხრა: „მე ვიქცევი იმად, რადაც ვიქცევი“ (გამ. 3:13—15). ამაში იგულისხმებოდა ის, რომ იეჰოვა იქცეოდა იმად, რაც საჭირო იქნებოდა იმისთვის, რომ შეესრულებინა თავის რჩეულ ხალხთან დაკავშირებული განზრახვები. ეს ასეც მოხდა. ისრაელმა ეს მრავალმხრივ დაინახა. მაგალითად, იეჰოვა მათთვის იქცა მხსნელ, მებრძოლ, მზრუნველ და თავისი აღთქმების შემსრულებელ ღმერთად (გამ. 15:2, 3; 16:2—5; იესო. 23:14).

15 ბიბლიის შემსწავლელებმა შეიძლება ისე აშკარად ვერ იგრძნონ თავიანთ ცხოვრებაში იეჰოვას ჩარევა, როგორც მოსემ, მაგრამ რაც უფრო მოემატებათ რწმენა და რაც უფრო დააფასებენ და გამოიყენებენ ნასწავლს, მით უფრო კარგად დაინახავენ იმის აუცილებლობას, რომ მიენდონ იეჰოვას გაბედულების, სიბრძნისა და ხელმძღვანელობის მისაღებად. ამგვარად, ისინიც გაიცნობენ იეჰოვას, როგორც ბრძენ და სანდო მრჩეველს, დამცველსა და გულუხვ ღმერთს, რომელიც ზრუნავს მათზე (ფსალმ. 55:22; 63:7; იგავ. 3:5, 6).

გამოავლინეთ გულწრფელი ინტერესი

16. მხოლოდ დახელოვნებული სწავლება რატომ არ არის საკმარისი საუკეთესო შედეგის მისაღწევად?

16 თუ გრძნობთ, რომ ისეთი დახელოვნებული მასწავლებელი არა ხართ, როგორიც გსურთ, რომ იყოთ, გული არ გაიტეხოთ. იეჰოვა და იესო ხელმძღვანელობას უწევენ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში ხორციელდება (საქ. 1:7, 8; გამოცხ. 14:6). მათ შეუძლიათ აკურთხონ ჩვენი ძალისხმევა, რათა ჩვენი სიტყვები გულწრფელი ადამიანების გულს შეეხოს (იოან. 6:44). შემსწავლელისადმი მასწავლებლის სიყვარულსა და ინტერესს უფრო უკეთესი შედეგის მოტანა შეუძლია, ვიდრე მხოლოდ მისი სწავლების უნარს. პავლე მოციქულს კარგად ესმოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო, სიყვარული გამოევლინა მათდამი, ვისაც ასწავლიდა (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 2:7, 8).

17. როგორ შეგვიძლია ბიბლიის შემსწავლელისადმი გულწრფელი ინტერესის გამოვლენა?

17 მსგავსადვე, ჩვენც გულწრფელი ინტერესი უნდა გამოვავლინოთ შემსწავლელის მიმართ და უფრო ახლოს უნდა გავიცნოთ ის. შესწავლის პროცესში ბიბლიური პრინციპების განხილვით ჩვენ ალბათ ბევრ რამეს გავიგებთ მისი მდგომარეობის შესახებ. ჩვენ შეიძლება დავინახოთ, რომ ზოგ საკითხში ის უკვე ითვალისწინებს ბიბლიურ პრინციპებს, მაგრამ ზოგში ჯერ კიდევ სჭირდება ცვლილებების მოხდენა. თუ შემსწავლელს დავანახვებთ, პირადად მას როგორ ეხება შესწავლისას განხილული საკითხები, დავეხმარებით, ქრისტეს ნამდვილი მოწაფე გახდეს.

18. რატომ არის მნიშვნელოვანი შემსწავლელისთვის ვილოცოთ შესწავლაზე?

18 რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ შემსწავლელთან ერთად უნდა ვილოცოთ და ლოცვაში ის მოვიხსენიოთ. მან უნდა დაინახოს, რომ ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ მას, დაუახლოვდეს შემოქმედს და ცხოვრებაში მის ხელმძღვანელობას მიჰყვეს, რაც მას უხვ კურთხევებს მოუტანს (წაიკითხეთ ფსალმუნის 25:4, 5). როდესაც ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ აკურთხოს ბიბლიის შემსწავლელის ძალისხმევა, იცხოვროს ნასწავლის თანახმად, შემსწავლელი დაინახავს, რამდენად მნიშვნელოვანია გახდეს „სიტყვის შემსრულებელი“ (იაკ. 1:22). გარდა ამისა, როდესაც შემსწავლელი ისმენს ჩვენს გულწრფელ ლოცვებს, ის იმასაც სწავლობს, თუ როგორ ილოცოს. მართლაც რა სასიხარულოა, როდესაც ბიბლიის შემსწავლელებს იეჰოვასთან პირადი ურთიერთობის განვითარებაში ვეხმარებით!

19. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

19 ჩვენ გვამხნევებს იმის ცოდნა, რომ მთელ მსოფლიოში ექვს მილიონ-ნახევარზე მეტი მოწმე განუწყვეტლივ ავითარებს „სწავლების ხელოვნებას“, რათა გულწრფელ ადამიანებს დაეხმარონ იმ ყოველივეს დაცვაში, რაც იესომ მცნებად დაგვიდო. რა შედეგებს ვაღწევთ ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობით? ამ კითხვას მომდევნო სტატიაში გაეცემა პასუხი.

შეგიძლიათ გაიხსენოთ?

• რატომ უნდა განავითარონ ქრისტიანებმა „სწავლების ხელოვნება“?

• რა მეთოდების გამოყენებით გავხდებით უფრო ეფექტური მასწავლებლები?

• რა დაგვეხმარება კარგი შედეგების მიღწევაში მაშინაც კი, თუ დახელოვნებული მასწავლებლები არა ვართ?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 9 გვერდზე]

ხართ ჩაწერილი თეოკრატიული მსახურების სკოლაში?

[სურათი 10 გვერდზე]

რატომ არის მნიშვნელოვანი, ბიბლიის შემსწავლელს თავად წააკითხოთ ბიბლიური მუხლები?

[სურათი 12 გვერდზე]

ილოცეთ შემსწავლელისთვის მასთან ერთად