არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესო ქრისტე — უდიდესი მისიონერი

იესო ქრისტე — უდიდესი მისიონერი

იესო ქრისტე — უდიდესი მისიონერი

„მისგან ვარ და მან გამომგზავნა“ (იოან. 7:29).

1, 2. ვინ არიან მისიონერები, და ვის შეიძლება ეწოდოს უდიდესი მისიონერი?

ვინ გახსენდებათ, როდესაც გესმით სიტყვა მისიონერი? ზოგს ახსენდება ქრისტიანული სამყაროს მისიონერები, რომელთაგან ბევრი ერევა იმ ქვეყნის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საკითხებში, სადაც მსახურობენ. მაგრამ თქვენ, როგორც იეჰოვას მოწმეს, ალბათ გახსენდებათ ის მისიონერები, რომლებსაც ხელმძღვანელი საბჭო დედამიწის სხვადასხვა კუთხეში გზავნის სასიხარულო ცნობის საქადაგებლად (მათ. 24:14). ეს მისიონერები არ იშურებენ თავიანთ დროსა და ენერგიას, რათა ხალხმა იეჰოვა ღმერთი გაიცნოს და მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდეს (იაკ. 4:8).

2 „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ სიტყვები მისიონერი და მისიონერები არ გვხვდება. მაგრამ ეფესოელების 4:11-ში მოხსენიებული ბერძნული სიტყვა, რომელიც ქართულად „მახარობლად“ ითარგმნა, მისიონერსაც ნიშნავს. უდიდესი მახარობელი არის იეჰოვა, მაგრამ მას ვერ ვუწოდებთ უდიდეს მისიონერს, რადგან შეუძლებელია, ვინმეს იეჰოვა გაეგზავნა. იესომ თავისი ზეციერი მამის შესახებ თქვა: „მისგან ვარ და მან გამომგზავნა“ (იოან. 7:29). იეჰოვამ თავისი მხოლოდშობილი ძე დედამიწაზე იმიტომ გამოგზავნა, რომ ძალიან უყვარს ადამიანები (იოან. 3:16). უდიდესი მისიონერი შეიძლება ვუწოდოთ იესოს, რადგან დედამიწაზე მისი მოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ‘ჭეშმარიტების შესახებ დამოწმება’ იყო (იოან. 18:37). იესომ უნაკლოდ შეასრულა თავისი მისია. მისი მსახურებიდან ჩვენ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. მნიშვნელობა არა აქვს, მისიონერებად ვმსახურობთ თუ არა, ყველას შეგვიძლია იმ მეთოდებით ქადაგება, რომლებსაც იესო იყენებდა.

3. რა კითხვებს განვიხილავთ?

3 როდესაც ვეცნობით იესოს მსახურებას, კითხვები გვებადება. მაგალითად, რა პირობებში უწევდა იესოს მსახურება? რატომ იყო იესოს სწავლების მეთოდები ეფექტური? რატომ გამოჰქონდა ნაყოფი მის მსახურებას?

იესოს სულისკვეთება სრულიად ახალ გარემოში

4—6. როგორ შეიცვალა იესოს მდგომარეობა დედამიწაზე მოსვლის შემდეგ?

4 მისიონერებსა და იმ ქრისტიანებს, რომლებიც საქადაგებლად სხვაგან გადადიან, შეიძლება იქ მოუწიოთ მსახურება, სადაც ცხოვრების დაბალი დონეა. მაგრამ ის პირობები, რომელშიც იესო ცხოვრობდა დედამიწაზე, ვერც კი შეედრება იმ მდგომარეობას, რომელიც მას ზეცაში ეკავა. იესო იქ თავისი მამის, იეჰოვას გვერდით იყო, რომელსაც ანგელოზები წრფელი მოტივებით ემსახურებოდნენ (იობ. 38:7). წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა ბოროტ ქვეყნიერებაში ცოდვილ ადამიანებთან ცხოვრება (მარ. 7:20—23). იესოს თავის საყვარელ მოწაფეებს შორის არსებული მეტოქეობის ატანაც კი უწევდა (ლუკ. 20:46; 22:24). ყველაფრის მიუხედავად, იესოს ვერაფერმა შეუშალა ხელი, რომ წარმატებით შეესრულებინა თავისი მისია დედამიწაზე.

5 გარდა ამისა, იესოს სასწაულებრივად არ დაუწყია ლაპარაკი. მან ენა სხვა ბავშვებივით ისწავლა. არადა მანამდე, ზეცაში, ანგელოზებს მითითებებს აძლევდა. დედამიწაზე იესომ, სულ ცოტა, ‘ადამიანთა ერთი ენა’ მაინც იცოდა. ეს ენა ბევრად განსხვავდებოდა „ანგელოზთა ენებისგან“ (1 კორ. 13:1). მაგრამ მადლიანი სიტყვის წარმოთქმაში იესოს ბადალი არ ჰყავდა (ლუკ. 4:22).

6 გავიგოთ, კიდევ როგორ შეიცვალა ღვთის ძის მდგომარეობა, როდესაც დედამიწაზე მოვიდა. მართალია, ადამისგან მემკვიდრეობით ცოდვა არ მიუღია, იესო განკაცდა და დაემსგავსა მათ, ვინც მოგვიანებით ‘მისი ძმები’, ცხებულები გახდებოდნენ (წაიკითხეთ ებრაელების 2:17, 18). დედამიწაზე ყოფნის უკანასკნელ ღამეს იესოს თავისი მამისთვის არ უთხოვია, რომ გამოეგზავნა მისთვის „ანგელოზთა თორმეტზე მეტი ლეგიონი“, თუმცა ის მიქაელ მთავარანგელოზი იყო და ეს ანგელოზები მის განკარგულებაში იყვნენ (მათ. 26:53; იუდ. 9). მართალია, იესო სასწაულებს ახდენდა დედამიწაზე, მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რასაც ზეცაში აკეთებდა.

7. როგორ იქცეოდნენ იუდეველი რელიგიური წინამძღოლები?

7 ბიბლიაში იესოს ეწოდება სიტყვა. შესაძლოა უდაბნოში სწორედ ის გადასცემდა ისრაელებს იეჰოვას მითითებებს (იოან. 1:1; გამ. 23:20—23). ‘ისრაელებმა კანონი ანგელოზებისგან მიიღეს, მაგრამ არ დაიცვეს’ (საქ. 7:53; ებრ. 2:2, 3). პირველ საუკუნეში მცხოვრები იუდეველი რელიგიური წინამძღოლები ვერ ჩასწვდნენ კანონის არსს. მაგალითად მოვიყვანოთ შაბათის კანონი (წაიკითხეთ მარკოზის 3:4—6). მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ‘დაივიწყეს უფრო მნიშვნელოვანი კანონში: სამართალი, გულმოწყალება და ერთგულება’ (მათ. 23:23). მიუხედავად ამისა, იესოს ხელი არ ჩაუქნევია და კვლავაც განაგრძობდა ჭეშმარიტების ქადაგებას.

8. რა გვარწმუნებს იმაში, რომ იესოს ნამდვილად შეუძლია ჩვენი დახმარება?

8 იესოს მზადყოფნის სული ჰქონდა. მას ხალხის სიყვარული აღძრავდა, რომ დახმარებოდა მათ. მას არასოდეს დაუკარგავს ქადაგების ხალისი. იესომ იეჰოვასადმი ერთგულება ბოლომდე შეინარჩუნა, რითაც „თავის მორჩილთა სამუდამო ხსნაზე გახდა პასუხისმგებელი“. უფრო მეტიც, „რაკი თვითონ იტანჯა, როცა იცდებოდა, შეუძლია დაეხმაროს მათაც, ვინც ახლა იცდება“ (ებრ. 2:18; 5:8, 9).

დახელოვნებული მასწავლებელი

9, 10. რა მომზადება გაიარა იესომ, ვიდრე დედამიწაზე მოვიდოდა?

9 ვიდრე გაიგზავნებიან, მისიონერები ხელმძღვანელი საბჭოს ზედამხედველობით სპეციალურ მომზადებას გადიან. მომზადება იესომაც გაიარა, სანამ ცხებული, ანუ მესია გახდებოდა, ოღონდ არა რაბინების სკოლებში. მას არც რელიგიური წინამძღოლებისგან მიუღია განათლება (იოან. 7:15; შეადარეთ საქმეების 22:3). მაშ, ვინ მოამზადა იესო?

10 მართალია, მარიამმა და იოსებმა ბევრი რამ ასწავლეს, მაგრამ იესო მსახურებისთვის ყველაზე დიდებულმა მოძღვარმა, იეჰოვამ მოამზადა. იესომ თქვა: „ჩემით კი არ ვილაპარაკე, არამედ თვითონ მამამ, რომელმაც გამომგზავნა, მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო“ (იოან. 12:49). როგორც ვხედავთ, იესომ ზუსტი მითითებები მიიღო იეჰოვასგან, თუ რა უნდა ესწავლებინა. ამისათვის მცირე ხანი ნამდვილად არ იქნებოდა საკმარისი. სად გაივლიდა იესო ამაზე უკეთეს მომზადებას?

11. როგორ იმოქმედა იესოზე ადამიანებისადმი ღვთის სიყვარულმა?

11 შექმნის დღიდან იესოს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მამასთან. ის აკვირდებოდა, როგორ ეპყრობოდა იეჰოვა ადამიანებს. მათდამი ღვთის სიყვარულმა იმდენად იმოქმედა იესოზე, რომ მას, როგორც გაპიროვნებულ სიბრძნეს, შეეძლო ეთქვა: „მიყვარდა ადამიანის მოდგმა“ (იგავ. 8:22, 31).

12, 13. ა) რა ისწავლა იესომ იმაზე დაკვირვებით, თუ როგორ ეპყრობოდა იეჰოვა ისრაელებს? ბ) როგორ იყენებდა იესო იმას, რაც მამისგან ისწავლა?

12 იესო იმასაც აკვირდებოდა, თუ როგორ წყვეტდა იეჰოვა ძნელად მოსაგვარებელ საკითხებს. მაგალითად, გავიხსენოთ, როგორ ექცეოდა იეჰოვა ქედმოუხრელ ისრაელებს. ნეემიას 9:28-ში ვკითხულობთ: „მაგრამ, როგორც კი სულს მოითქვამდნენ, ისევ ბოროტებას სჩადიოდნენ შენ წინაშე [იეჰოვა] და შენც ტოვებდი მათ მტრების ხელში, რომლებიც ჩაგრავდნენ მათ. გიბრუნდებოდნენ ისინი და შველას გთხოვდნენ, შენც უსმენდი ზეციდან და მრავალჯერ შველოდი შენი უხვი წყალობით“. მამის გვერდით ყოფნა და მის საქმეებზე დაკვირვება დაეხმარა იესოს, რომ თვითონაც გამოევლინა თანაგრძნობა იმ ხალხის მიმართ, ვისაც უქადაგებდა (იოან. 5:19).

13 იესო პრაქტიკულად იყენებდა იმას, რასაც მამისგან სწავლობდა. ის მოწაფეებს თანაგრძნობით ეპყრობოდა. სიკვდილამდე ერთი დღით ადრე მოციქულებმა, რომლებიც იესოს ძალიან უყვარდა, ‘მიატოვეს ის და გაიქცნენ’ (მათ. 26:56; იოან. 13:1). პეტრე მოციქულმა კი სამჯერ უარყო იესო. მაგრამ ამის გამო იესომ თავის მოციქულებს ზურგი არ აქცია. მან პეტრეს უთხრა: „მე ვილოცე შენთვის, რომ რწმენა არ გამოგელიოს, და როცა შემობრუნდები, განამტკიცო შენი ძმები“ (ლუკ. 22:32). სწორედ „მოციქულები და წინასწარმეტყველები“ გახდნენ სულიერი ისრაელის პირველი წევრები. ახალი იერუსალიმის გალავნის საძირკვლის ქვებს იესო ქრისტეს, კრავის 12 ერთგული მოციქულის სახელები აწერია. დღესაც, ძლევამოსილი ღვთისა და მისი ძის ხელმძღვანელობით ცხებული ქრისტიანები „სხვა ცხვართან“ ერთად წარმატებით ასრულებენ სამეფოს შესახებ ქადაგების საქმეს (ეფეს. 2:20; იოან. 10:16; გამოცხ. 21:14).

რა მეთოდებით ასწავლიდა იესო

14, 15. რით განსხვავდებოდა იესოს სწავლების მეთოდები მწიგნობრებისა და ფარისევლების მეთოდებისგან?

14 როგორ იყენებდა იესო თავისი მიმდევრების დასამოძღვრად იმას, რაც მამამ ასწავლა? თუ ერთმანეთს შევადარებთ იესოსა და იუდეველი რელიგიური წინამძღოლების სწავლების მეთოდებს, აშკარა სხვაობას დავინახავთ. მწიგნობრებმა და ფარისევლებმა თავიანთი „ადათ-წესებით ძალა დაუკარგეს ღვთის სიტყვას“. მათგან განსხვავებით, იესო თავის აზრებს კი არ ამბობდა, არამედ ყოველთვის ღვთის სიტყვის საფუძველზე ქადაგებდა (მათ. 15:6; იოან. 14:10). ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ.

15 ვნახოთ კიდევ ერთი მიზეზი, რითაც იესო რადიკალურად განსხვავდებოდა რელიგიური წინამძღოლებისგან. იესომ მწიგნობრებისა და ფარისევლების შესახებ თქვა: „რასაც ისინი გეტყვიან, ყველაფერი გააკეთეთ და დაიცავით, ოღონდ იმ საქმეებს ნუ გააკეთებთ, რასაც ისინი აკეთებენ, რადგან ისინი ამბობენ და არ აკეთებენ“ (მათ. 23:3). იესო რასაც ასწავლიდა, იმასვე აკეთებდა. გავიხსენოთ ამის დამადასტურებელი მაგალითი.

16. საიდან ვიცით, რომ იესო თავისივე მოწოდების თანახმად ცხოვრობდა?

16 იესომ მოუწოდა თავის მოწაფეებს, რომ ‘განძი ზეცაში მოეგროვებინათ’ (წაიკითხეთ მათეს 6:19—21). თვითონ თუ ცხოვრობდა იესო ამ მოწოდების თანახმად? მან თავის თავზე თქვა: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს — ბუდეები, კაცის ძეს კი თავის დასადები ადგილი არ გააჩნია“ (ლუკ. 9:58). იესო უბრალოდ ცხოვრობდა. ის, ძირითადად, სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებით იყო დაკავებული, რის გამოც თავისუფალი იყო იმ საზრუნავისგან, რაც თან სდევს განძის დედამიწაზე დაგროვებას. იესომ დაგვანახვა, თუ რამდენად უკეთესია განძის ზეცაში დაგროვება, „სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი ჭამს და არც ქურდები ტეხენ და იპარავენ“. ცხოვრობთ თქვენც იესოს მოწოდების თანახმად და აგროვებთ განძს ზეცაში?

რა თვისებებით იზიდავდა იესო ხალხს

17. რატომ იყო იესო დიდებული მახარობელი?

17 რატომ იყო იესო დიდებული მახარობელი? ერთ-ერთი მიზეზი იყო ხალხისადმი მისი დამოკიდებულება. მას ჰქონდა ისეთი თვისებები, როგორიც იეჰოვას აქვს — თავმდაბლობა, სიყვარული და თანაგრძნობა. ვნახოთ, როგორ იზიდავდა იესო ხალხს თავისი თვისებებით?

18. საიდან ჩანს, რომ იესო თავმდაბალი იყო?

18 როდესაც დედამიწაზე მსახურების დავალება მიიღო, იესომ „ყველაფერზე უარი თქვა, მონის სახე მიიღო და ადამიანის მსგავსი გახდა“ (ფილ. 2:7). ეს თავმდაბლობის მაჩვენებელი იყო. გარდა ამისა, იესო ხალხს ზემოდან არ უყურებდა. ის არ ფიქრობდა, რომ რადგან ზეციდან დედამიწაზე ჩამოვიდა, ყველა ვალდებული იყო, მისთვის მოესმინა. თვითმარქვია მესიებისგან განსხვავებით, იესო არ ტრაბახობდა, რომ ნამდვილი მესია იყო. ზოგჯერ ხალხს იმასაც კი ეუბნებოდა, რომ არ გაემხილათ მისი ვინაობა და საქმეები (მათ. 12:15—21). იესოს უნდოდა, რომ ხალხს მის საქმეებზე დაკვირვების შედეგად გადაეწყვიტა, გაჰყვებოდნენ თუ არა მას. რა ბედნიერები იქნებოდნენ მისი მოწაფეები იმის გამო, რომ მათი უფალი არ ითხოვდა მათგან, იმ ანგელოზებივით სრულყოფილები ყოფილიყვნენ, ვისთანაც იესოს ზეცაში ურთიერთობა ჰქონდა.

19, 20. როგორ აღძრავდა სიყვარული და თანაგრძნობა იესოს ხალხის დასახმარებლად?

19 იესო ქრისტე სიყვარულსაც ავლენდა, რაც მისი ზეციერი მამის გამორჩეული თვისებაა (1 იოან. 4:8). იესო ხალხს სიყვარულით ასწავლიდა. გავიხსენოთ, რა გრძნობა დაეუფლა მას, როცა ერთ ახალგაზრდა მმართველს ესაუბრებოდა (წაიკითხეთ მარკოზის 10:17—22). იესო „სიყვარულით აღიძრა მისდამი“, უნდოდა დახმარებოდა მას, მაგრამ ეს მმართველი ვერ შეელია თავის დიდძალ ქონებას და უარი თქვა ქრისტეს მიმდევრობაზე.

20 იესო აგრეთვე თანამგრძნობი იყო. როგორც ყველა არასრულყოფილი ადამიანი, იესოს მსმენელებიც პრობლემებით იყვნენ გატანჯულები. მას ეცოდებოდა ისინი და თანაგრძნობით ეპყრობოდა მათ. ერთხელ, იესო და მისი მოწაფეები ისე იყვნენ დაკავებულნი, რომ ჭამის დროც კი არ ჰქონდათ. მაგრამ, როგორც კი დაინახა ერთად შეკრებილი ხალხი, „გული დაეწვა მათ გამო, რადგან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და ბევრ რამეს ასწავლიდა მათ“ (მარ. 6:34). იესო ხედავდა ხალხის სავალალო მდგომარეობას და ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ ესწავლებინა მათთვის და სასწაულები მოეხდინა. ზოგიერთზე იმდენად ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენდა იესოს თვისებები და სიტყვები, რომ მისი მოწაფეები ხდებოდნენ.

21. რა იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?

21 იესოს მსახურებიდან ბევრის სწავლა შეგვიძლია. შემდეგი სტატიიდან დავინახავთ, კიდევ რა მხრივ იყო იესო ქრისტე უდიდესი მისიონერი.

როგორ უპასუხებთ?

• რა მომზადება გაიარა იესომ დედამიწაზე მოსვლამდე?

• რით განსხვავდებოდა იესოს სწავლება მწიგნობრებისა და ფარისევლების სწავლებისგან?

• რომელი თვისებებით იზიდავდა იესო ხალხს?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 15 გვერდზე]

როგორ ასწავლიდა იესო ხალხს?