არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიჰბაძეთ უდიდეს მისიონერს

მიჰბაძეთ უდიდეს მისიონერს

მიჰბაძეთ უდიდეს მისიონერს

„მომბაძეთ მე, როგორც მე — ქრისტეს“ (1 კორ. 11:1).

1. რატომ უნდა მივბაძოთ იესო ქრისტეს?

პავლე მოციქული უდიდეს მისიონერს, იესო ქრისტეს ჰბაძავდა. ის თანამორწმუნეებს მოუწოდებდა: „მომბაძეთ მე, როგორც მე — ქრისტეს“ (1 კორ. 11:1). როდესაც იესომ მოციქულებს ფეხები დაბანა, ამით თავმდაბლობის მაგალითი დაუტოვა. მან უთხრა: „მაგალითი მოგეცით, რათა, რაც მე გაგიკეთეთ, თქვენც იგივე აკეთოთ“ (იოან. 13:12—15). ჩვენ, ქრისტიანები, ვალდებულები ვართ, მივბაძოთ იესოს სიტყვითა და საქმით და ისეთივე თვისებები გამოვავლინოთ, როგორსაც ის ავლენდა (1 პეტ. 2:21).

2. შესაძლებელია თუ არა, რომ მახარობლის სულისკვეთება გქონდეთ?

2 წინა სტატიიდან გავიგეთ, რომ მისიონერი არის ის, ვინც მახარობლად, ანუ სასიხარულო ცნობის საქადაგებლად იგზავნება. ამასთან დაკავშირებით პავლემ რამდენიმე საინტერესო კითხვა დასვა (წაიკითხეთ რომაელების 10:11—15). მან იკითხა: „როგორ მოისმინონ, თუ არავინ უქადაგა?“ შემდეგ ციტატა მოიყვანა ესაიას წინასწარმეტყველებიდან: „რა მშვენიერია კარგის მახარობელთა ფეხები!“ (ეს. 52:7). შეიძლება მისიონერად არ მსახურობდეთ, მაგრამ გქონდეთ მახარობლის სულისკვეთება. ამისათვის კი უნდა მიჰბაძოთ იესო ქრისტეს და გულმოდგინედ იქადაგოთ სასიხარულო ცნობა. გასულ წელს 236 ქვეყანაში 6 957 852 მაუწყებელი ‘ასრულებდა მახარობლის საქმეს’ (2 ტიმ. 4:5).

„ჩვენ ყველაფერი დავტოვეთ და შენ გამოგყევით“

3, 4. რა დატოვა იესომ ზეცაში და რა არის საჭირო იმისათვის, რომ ყოველთვის მას მივყვებოდეთ?

3 დედამიწაზე თავისი მისიის შესასრულებლად იესომ „ყველაფერზე უარი თქვა, მონის სახე მიიღო“, რაც იმას ნიშნავს, რომ დატოვა ზეციერი ცხოვრება და დიდება (ფილ. 2:7). რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ჩვენ მიერ გაღებული მსხვერპლი ვერ შეედრება იესოს მიერ გაღებულ მსხვერპლს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ბოლომდე მტკიცენი დავრჩეთ და არ დაგვწყდეს გული იმაზე, რაც სატანის ქვეყნიერებაში გვქონდა (1 იოან. 5:19).

4 ერთხელ მოციქულმა პეტრემ იესოს უთხრა: „ჩვენ ყველაფერი დავტოვეთ და შენ გამოგყევით“ (მათ. 19:27). როდესაც იესომ უთხრა, რომ გაჰყოლოდნენ, პეტრემ, ანდრიამ, იაკობმა და იოანემ მაშინვე დატოვეს ბადეები და გაჰყვნენ. მათ მეთევზეობას ქადაგება ამჯობინეს. ჩვენგან უმეტესობას არ მოგვიწია ყველაფრის დატოვება იმისათვის, რომ იესოს მიმდევრები გავმხდარიყავით, თუმცა ‘უარვყავით საკუთარი თავი’ და მთელი გულით ვემსახურებით იეჰოვას (მათ. 16:24). ამ არჩევანმა არაერთი კურთხევა მოგვიტანა (წაიკითხეთ მათეს 19:29). თუ მახარობლის სულისკვეთება გვექნება, ეს ბედნიერებას მოგვიტანს. ამას განსაკუთრებით მაშინ ვიგრძნობთ, როდესაც სხვებს ღმერთთან და მის საყვარელ ძესთან დაახლოებაში დავეხმარებით.

5. მოყევით შემთხვევა, საიდანაც ჩანს, თუ როგორ შეიძლება მოიქცეს ემიგრანტი, როდესაც ჭეშმარიტებას გაიგებს.

5 ერთი ბრაზილიელი კაცი, ვალმირი, რომელიც სურინამის ცენტრალურ ნაწილში ცხოვრობდა, ოქროს მომპოვებელ კომპანიას ხელმძღვანელობდა. ის ალკოჰოლიკი იყო და უზნეო ცხოვრებას ეწეოდა. ერთხელ იეჰოვას მოწმეებმა მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. ვალმირი გულმოდგინედ სწავლობდა, ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა და მალე მოინათლა კიდეც. მაგრამ სამსახური ხელს უშლიდა, რომ ბიბლიური ცოდნის თანახმად ეცხოვრა. ამიტომ გაყიდა თავისი კომპანია და ბრაზილიაში დაბრუნდა, რათა მისი ოჯახის წევრებსაც გაეგოთ ჭეშმარიტება. ვალმირის მსგავსად, ბევრმა ემიგრანტმა დატოვა სამსახური განვითარებულ ქვეყნებში და სამშობლოში დაბრუნდა, რომ როგორც თავისიანებს, ისე სხვებს, სულიერად დახმარებოდა. ეს მაუწყებლები მართლაც ავლენენ მახარობლის სულისკვეთებას.

6. რისი გაკეთება შეგვიძლია, თუ არა გვაქვს შესაძლებლობა, იქ გადავიდეთ, სადაც სამეფოს მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა?

6 ბევრი მოწმე გადადის იქ, სადაც სამეფოს მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. ამ მიზნით ზოგი საზღვარგარეთაც კი მიემგზავრება. შეიძლება პირადად ამის შესაძლებლობა არა გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საუკეთესოდ ვიმსახუროთ.

იეჰოვა გვამზადებს

7. რომელი სკოლები ამზადებს მათ, ვისაც უნდა, რომ უკეთესი მქადაგებელი იყოს?

7 იესო დედამიწაზე მსახურებისთვის იეჰოვამ მოამზადა. ის ჩვენც გვამზადებს. იესომ აღნიშნა: «წინასწარმეტყველთა წიგნებში წერია: „ყველა იეჰოვას მიერ განისწავლება“» (იოან. 6:45; ეს. 54:13). დღესდღეობით სამეფოს მაუწყებლების მოსამზადებლად რამდენიმე სკოლა არსებობს. ჩვენ ყველანი ბევრს ვსწავლობთ თეოკრატიული მსახურების სკოლიდან. პიონერებს შესაძლებლობა აქვთ, დაესწრონ პიონერული მსახურების სკოლას. ზოგიერთი გამოცდილი პიონერი უკვე მეორედ დაესწრო ამ სკოლას. უხუცესები და მომსახურეები ესწრებიან სამეფო მსახურების სკოლას, რათა გაიუმჯობესონ სწავლების უნარი და თანამორწმუნეებს უკეთესად დაეხმარონ. დაუქორწინებელი უხუცესები და მომსახურეები სწავლობენ მსახურებაში დახელოვნების სკოლაში, რათა და-ძმებს დაეხმარონ სამქადაგებლო მსახურებაში. ბევრი და-ძმა, რომლებიც სხვა ქვეყნებში მისიონერებად იგზავნებიან, „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიურ სკოლა „გალაადში“ გადიან მომზადებას.

8. რით აჩვენებენ ძმები, რომ აფასებენ მომზადებას, რომელსაც გადიან?

8 ამ სკოლებში რომ ესწავლათ, ბევრმა იეჰოვას მოწმემ ცხოვრებაში ცვლილებები მოახდინა. მაგალითად, ერთი ძმა იუგუ მსახურებაში დახელოვნების სკოლას რომ დასწრებოდა კანადაში, თავი დაანება სამუშაოს, რადგან უფროსმა შვებულების აღებაზე უარი უთხრა. იუგუ ამბობს: „არ ვნანობ, რომ სამუშაოს თავი დავანებე. დროებით წამოსვლის უფლება რომ მოეცათ, მერე შეიძლება მოეთხოვათ, სულ იქ მემუშავა. მაგრამ ახლა შემიძლია ნებისმიერი საქმე შევასრულო, რასაც იეჰოვა დამავალებს“. მომზადება რომ გაევლოთ, ბევრმა უარი თქვა იმაზე, რაც ერთ დროს მათთვის ძვირფასი იყო (ლუკ. 5:28).

9. მოყევით შემთხვევა იმის საჩვენებლად, რომ ბიბლიურ სწავლებებსა და სხვების დასახმარებლად ჩვენს გულწრფელ მცდელობას კარგი შედეგები მოაქვს.

9 ბიბლიურ სწავლებებსა და სხვების დასახმარებლად ჩვენს გულწრფელ მცდელობას კარგი შედეგები მოაქვს (2 ტიმ. 3:16, 17). განვიხილოთ ერთი შემთხვევა. გვატემალელი საულო დაბადებიდან გონებაშეზღუდული იყო. მასწავლებელმა საულოს დედას უთხრა, რომ თუ ბავშვს დააძალებდა კითხვის სწავლას, ამით მხოლოდ გააღიზიანებდა. დედამ საულო სკოლიდან გამოიყვანა. მაგრამ საულოს ერთმა მოწმემ ასწავლა კითხვა ბროშურით „ისწავლეთ წერა-კითხვა“. საულომ ისე კარგად ისწავლა კითხვა, რომ თეოკრატიული მსახურების სკოლაში დავალებებით გამოსვლა შეძლო. ერთხელაც საულოს დედა კარდაკარ მსახურების დროს მის მასწავლებელს შეხვდა. როდესაც გაიგო, რომ საულომ კითხვა ისწავლა, მასწავლებელმა საულოს დედას სთხოვა, რომ მომდევნო კვირას მასთან მიეყვანა. ასეც მოხდა. მასწავლებელმა საულოს ჰკითხა: „რა უნდა მასწავლო?“ საულომ წაუკითხა ერთი აბზაცი წიგნიდან „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. მასწავლებელმა უთხრა: „ვერ ვიჯერებ, რომ ახლა შენ მე მასწავლი“. მან ცრემლები ვერ შეიკავა და საულოს მოეხვია.

სწავლება, რომელიც ცვლის ადამიანს

10. რომელი პუბლიკაციით შეგვიძლია ბიბლიიდან ჭეშმარიტების სწავლება?

10 იესო იმას ასწავლიდა, რაც უშუალოდ იეჰოვამ ასწავლა და რაც ღვთის სიტყვაში ეწერა (ლუკ. 4:16—21; იოან. 8:28). როდესაც ვითვალისწინებთ იესოს რჩევებს და იმას ვასწავლით, რაც ბიბლიაშია ჩაწერილი, ამით იესოს ვბაძავთ. ამგვარად, ჩვენ ყველანი ‘ერთსა და იმავეს ვლაპარაკობთ’, რაც ხელს უწყობს ჩვენს ერთიანობას (1 კორ. 1:10). მადლიერები ვართ, რომ „ერთგული და გონიერი მონა“ გვაწვდის ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს. ეს პუბლიკაციები გვეხმარება, რომ ერთსა და იმავეს ვასწავლიდეთ და როგორც მახარობლებმა, დაკისრებული საქმე შევასრულოთ (მათ. 24:45; 28:19, 20). ერთ-ერთი ასეთი პუბლიკაციაა „რას გვასწავლის ბიბლია?“, რომელიც დღეისათვის 179 ენაზეა ხელმისაწვდომი.

11. როგორ გაუმკლავდა წინააღმდეგობას ერთი ეთიოპიელი და წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია“?

11 ამ წიგნმა მოწინააღმდეგეებს შეიძლება აზრიც კი შეაცვლევინოს. ერთი ეთიოპიელი პიონერი და, ლულა, ბიბლიის შესწავლას ატარებდა. მოულოდნელად ოთახში შემსწავლელის ნათესავი შევარდა და გაბრაზებულმა თქვა, რომ არ სჭირდებოდათ ბიბლიის შესწავლა. ლულა მშვიდად დაელაპარაკა შემსწავლელის ნათესავს და წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია?“ მე-15 თავიდან ყალბი ფულის მაგალითი მოუყვანა. ქალი დამშვიდდა და მათ შესწავლის გაგრძელების საშუალება მისცა. ის მომდევნო შესწავლასაც დაესწრო. მან თქვა, რომ მზად იყო ფულიც კი გადაეხადა, ოღონდ ლულას მასთან ბიბლიის შესწავლა დაეწყო. ლულა კვირაში სამჯერ უტარებდა მას ბიბლიის შესწავლას. ის სულიერად გაიზარდა.

12. მოყევით შემთხვევა, საიდანაც ჩანს, რომ ბავშვებსაც შეუძლიათ ეფექტურად ქადაგება.

12 ბავშვებსაც შეუძლიათ თანატოლების დახმარება ამ წიგნის გამოყენებით. ერთხელ, 11 წლის ჰავაელი კიანუ სკოლაში ამ წიგნს კითხულობდა. ერთმა თანაკლასელმა ჰკითხა, რატომ არ აღნიშნავდნენ დღესასწაულებს. კიანუმ პირდაპირ წაუკითხა წიგნის დანართის ერთ-ერთი ნაწილი, სათაურით „უნდა აღვნიშნავდეთ დღესასწაულებს?“. შემდეგ წიგნის სარჩევი აჩვენა და ჰკითხა, ყველაზე მეტად რომელი თემა აინტერესებდა. კიანუს კლასელმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ სამსახურებრივ წელს იეჰოვას მოწმეები ძირითადად ამ წიგნით 6 561 426 შესწავლას ატარებდნენ. თქვენც ამ წიგნით ატარებთ ბიბლიის შესწავლებს?

13. მოიყვანეთ მაგალითი, თუ რამდენად ძლიერი გავლენის მოხდენა შეუძლია ბიბლიის შესწავლას?

13 ამ წიგნმა შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს მათზე, ვისაც ღვთის ნების შესრულება უნდა. ცოლ-ქმარმა, რომლებიც სპეციალურ პიონერებად მსახურობენ ნორვეგიაში, ერთ ზამბიელ ოჯახთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. დაინტერესებულ ცოლ-ქმარს სამი გოგონა ჰყავდა და მეტი შვილი აღარ უნდოდათ. ამიტომ, როდესაც ცოლი დაფეხმძიმდა, მათ აბორტის გაკეთება გადაწყვიტეს. ექიმთან კონსულტაციამდე რამდენიმე დღით ადრე მათ შეისწავლეს მე-13 თავი სათაურით „ღვთის თვალსაზრისი სიცოცხლეზე“. მათზე ძლიერ იმოქმედა იმავე თავში მოცემულმა არდაბადებული ბავშვის სურათმა. ამიტომ გადაწყვიტეს, ცოლს აღარ გაეკეთებინა აბორტი. მათ ვაჟი შეეძინათ და შესწავლის ჩამტარებლის სახელი დაარქვეს. ისინი სულიერად გაიზარდნენ.

14. მოყევით შემთხვევა, რომელიც ცხადყოფს, რომ თუ იმის მიხედვით ვცხოვრობთ, რასაც ვასწავლით, ამას კარგი ნაყოფი გამოაქვს.

14 როგორც აღვნიშნეთ, იესო რასაც ასწავლიდა, იმასვე აკეთებდა. იეჰოვას მოწმეები ამ მხრივ იესოს ჰბაძავენ. მათი სამაგალითო საქციელი მრავალ ადამიანს ანცვიფრებს. მოვიყვანოთ შემთხვევა. ახალ ზელანდიაში ერთი ბიზნესმენის მანქანა გატეხეს და მისი პორტფელი წაიღეს. მან მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. პოლიციელმა უთხრა: „პორტფელს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიბრუნებ, თუ იეჰოვას მოწმე იპოვის“. პორტფელი მართლაც იეჰოვას მოწმემ იპოვა, რომელიც ფოსტალიონად მუშაობდა. ბიზნესმენმა შეიტყო ამის შესახებ და დას სახლში მიაკითხა. როდესაც ნახა, რომ მნიშვნელოვანი დოკუმენტი არ იყო დაკარგული, შვებით ამოისუნთქა. დამ უთხრა მას: „სხვაგვარად ვერც მოვიქცეოდი, რადგან იეჰოვას მოწმე ვარ“. ბიზნესმენს გაახსენდა იმ დილით პოლიციელის ნათქვამი. ეს შემთხვევა აჩვენებს, რომ იეჰოვას მოწმეები იესოს ჰბაძავენ და ბიბლიური სწავლებების თანახმად ცხოვრობენ (ებრ. 13:18).

ისეთი დამოკიდებულება გქონდეთ ადამიანების მიმართ, როგორიც იესოს ჰქონდა

15, 16. რა თვისებები უნდა დაინახოს ჩვენში ხალხმა, ჭეშმარიტებით რომ დაინტერესდეს?

15 როდესაც ადამიანები ხედავდნენ, თუ როგორ ეპყრობოდა იესო მათ, ჭეშმარიტებით ინტერესდებოდნენ. ის იმდენად მოსიყვარულე და თავმდაბალი იყო, რომ იზიდავდა უბრალო ადამიანებს. იესო თანაუგრძნობდა მათ, თბილი სიტყვებით ანუგეშებდა და კურნავდა კიდეც (წაიკითხეთ მარკოზის 2:1—5). მართალია, ჩვენ სასწაულების მოხდენა არ შეგვიძლია, მაგრამ, თუ ადამიანები დაინახავენ, რომ სიყვარულით, თავმდაბლობითა და თანაგრძნობით ვეპყრობით, მეტად დაინტერესდებიან ჭეშმარიტებით.

16 სპეციალურმა პიონერმა, ტარიუამ, თანაგრძნობა გამოავლინა, როდესაც კარდაკარ ერთ ხანდაზმულ კაცს, ბეერეს შეხვდა, რომელიც წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში კირიბატის ერთ-ერთ შორეულ კუნძულზე ცხოვრობს. თავიდან კაცმა ანიშნა, რომ მოსმენა არ უნდოდა. ტარიუამ როცა დაინახა, რომ კაცი ნახევრად პარალიზებული იყო, ჰკითხა: „იცით, რას ჰპირდება ღმერთი ავადმყოფებსა და ხანდაზმულებს?“ შემდეგ ესაიას წიგნიდან ერთ-ერთი წინასწარმეტყველება წაუკითხა (წაიკითხეთ ესაიას 35:5, 6). გაოცებულმა კაცმა უთხრა: „წლებია, რაც ბიბლიას ვკითხულობ, მისიონერიც მაკითხავს, რომელიც ჩემი თანამორწმუნეა, მაგრამ არ ვიცოდი, ასეთი რამ თუ ეწერა ბიბლიაში“. ბეერემ ბიბლიის შესწავლა დაიწყო და სულიერად წინ წაიწია. ეს ხეიბარი კაცი, რომელიც მოინათლა, დღეს შედარებით უკეთ გრძნობს თავს და ერთ დამოუკიდებელ ჯგუფს ხელმძღვანელობს. ის მთელ კუნძულზე ქადაგებს სასიხარულო ცნობას.

კვლავაც მიჰბაძეთ იესოს

17, 18. ა) რა შემთხვევაში იქნება ჩვენი მსახურება ნაყოფიერი? ბ) როგორი მომავალი ელით მათ, ვინც გულმოდგინედ მსახურობს?

17 ასეთი შემთხვევები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თუ ისეთ თვისებებს გამოვავლენთ, როგორსაც იესო ავლენდა, ჩვენი მსახურება ნაყოფიერი იქნება. ამიტომ მივბაძოთ იესოს და გულმოდგინედ ვიქადაგოთ!

18 მას შემდეგ, რაც პეტრე და კიდევ რამდენიმე კაცი იესოს მიმდევრები გახდნენ, პეტრემ ჰკითხა მას: „ამისთვის რა გვექნება?“. იესომ მიუგო: „ყოველი, ვინც დატოვა სახლები ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ადგილ-მამული ჩემი სახელისთვის, ბევრად მეტს მიიღებს და მარადიულ სიცოცხლეს დაიმკვიდრებს“ (მათ. 19:27—29). ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცდით ამ სიტყვების ჭეშმარიტებას, თუ კვლავაც მივბაძავთ უდიდეს მისიონერს, იესო ქრისტეს.

როგორ უპასუხებთ?

• როგორ გვამზადებს იეჰოვა მქადაგებლებად?

• რატომაა წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ ეფექტური?

• იესოს მსგავსად, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ადამიანების მიმართ?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 17 გვერდზე]

პეტრე, ანდრია, იაკობი და იოანე იესოს მოწვევას მაშინვე გამოეხმაურნენ

[სურათი 19 გვერდზე]

ისეთი პუბლიკაციები, როგორიცაა „რას გვასწავლის ბიბლია?“, გვეხმარება, რომ ყველანი ერთსა და იმავეს ვასწავლიდეთ