მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მარკოზი“
იეჰოვას სიტყვა ცოცხალია
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მარკოზი“
ოთხი სახარებიდან მოცულობით ყველაზე პატარა მარკოზის სახარებაა. ეს სახარება მარკოზად წოდებულმა იოანემ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომიდან დაახლოებით 30 წლის შემდეგ დაწერა. ეს წიგნი სავსეა იმ მოვლენებით, რომლებიც იესოს სამწელიწად-ნახევრიანი მსახურების განმავლობაში ხდებოდა. ამავე დროს, ეს მოვლენები სწრაფად იცვლება.
როგორც ჩანს, ეს წიგნი არაიუდეველებისთვის დაიწერა, კერძოდ, რომაელებისთვის. ამიტომ მარკოზის წიგნი იესოს წარმოგვიდგენს ღვთის სასწაულმოქმედ ძედ, რომელიც აქტიურად ეწეოდა ფართომასშტაბიან მსახურებას. წიგნში ძირითადი ყურადღება მახვილდება იესოს სასწაულებზე და არა სწავლებებზე. მარკოზის სახარება რწმენას განგვიმტკიცებს მესიისადმი და აღგვძრავს, რომ გულმოდგინედ ვიქადაგოთ ღვთის ცნობა (ებრ. 4:12).
ფართომასშტაბიანი ქადაგება გალილეაში
პირველ თოთხმეტ მუხლში მარკოზი აღწერს იოანე ნათლისმცემლის საქმეებს და ორმოცი დღის განმავლობაში იესოს უდაბნოში ყოფნას. ამის შემდეგ იწყება თხრობა გალილეაში იესოს მსახურების შესახებ. წიგნში ხშირად არის გამოყენებული სიტყვა „მაშინვე“, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ერთი მოვლენა სწრაფად ცვლის მეორეს (მარ. 1:10, 12).
იესომ სამჯერ იმსახურა გალილეაში, რასაც სამ წელიწადზე ნაკლები დრო მოანდომა. მარკოზი თავის სახარებაში მოვლენებს, ძირითადად, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აღწერს. მასში არც მთაზე ქადაგებაა მოთხრობილი და არც იესოს სხვა რომელიმე ქადაგება.
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
1:15. რომელი „დანიშნული დროის“ ამოწურვაზეა საუბარი? იესო გულისხმობდა იმ დროს, როცა მას მსახურება უნდა დაეწყო. ამ მუხლში იესო ამბობს, რომ მოახლოებული იყო ღვთის სამეფო. ეს სამეფო იმ გაგებით იყო მოახლოებული, რომ იესო, როგორც მომავალი მეფე, უკვე დედამიწაზე მსახურობდა. გულმართალ ადამიანებს შესაძლებლობა მიეცათ, გამოხმაურებოდნენ იესოს ქადაგებას და ისე მოქცეულიყვნენ, რომ ღვთის კეთილგანწყობა მოეპოვებინათ.
1:44; 3:12; 7:36. რატომ არ უნდოდა იესოს, რომ მისი სასწაულები გახმაურებულიყო? იესოს არ უნდოდა, რომ მისი სასწაულები სენსაციად ქცეულიყო ან ფაქტები დამახინჯებულიყო. მას სურდა, ხალხი თავად დარწმუნებულიყო იმაში, რომ ის ქრისტე იყო, და ნანახის საფუძველზე სწორი არჩევანი გაეკეთებინათ (ეს. 42:1—4; მათ. 8:4; 9:30; 12:15—21; 16:20; ლუკ. 5:14). გამონაკლისი მხოლოდ ის შემთხვევაა, როდესაც იესომ გერასელთა მხარეში დემონებით შეპყრობილი ადამიანი განკურნა. იესომ მას უთხრა, რომ სახლში წასულიყო და ამის შესახებ ნათესავებისთვის მოეყოლა. იესოს სთხოვეს, რომ დაეტოვებინა იქაურობა, რის გამოც ის შეიძლება ვეღარ შეხვედროდა იქ მცხოვრებ ხალხს. ღორების გაწყვეტის შემდეგ ხალხი, ალბათ, უარყოფითად დაიწყებდა იესოზე ლაპარაკს, მაგრამ, როდესაც განკურნებული კაცი მოუყვებოდა მათ, თუ რა გაუკეთა იესომ, შეიძლება უარყოფითი თვალსაზრისი შეეცვალათ (მარ. 5:1—20; ლუკ. 8:26—39).
2:28. რატომ ეწოდება იესოს „შაბათის უფალიც“? მოციქულმა პავლემ დაწერა, რომ „კანონი მომავალ კურთხევათა ჩრდილია“ (ებრ. 10:1). როგორც კანონში იყო ნათქვამი, შაბათი ექვსი სამუშაო დღის შემდეგ დგებოდა. იესო ამ დღეს მრავალს კურნავდა. ეს მიუთითებს იმ დროზე, როდესაც დედამიწაზე დაისადგურებს მშვიდობა და კაცობრიობა კურთხევებს მიიღებს. ეს მოხდება მას შემდეგ, რაც სატანის მმართველობას ქრისტეს ათასწლიანი მმართველობა შეცვლის. ამიტომ ეწოდება სამეფოს მეფეს „შაბათის უფალიც“ (მათ. 12:8; ლუკ. 6:5).
3:5; 7:34; 8:12. საიდან იცოდა მარკოზმა, რას გრძნობდა იესო? მარკოზი არც მოციქული იყო და არც იესოს მეგობარი. ძველი გადმოცემის თანახმად, მარკოზი პეტრე მოციქულის ახლო მეგობარი იყო, და იესოს შესახებ სწორედ ის უყვებოდა მარკოზს (1 პეტ. 5:13).
6:51, 52. რა იყო „პურების მნიშვნელობა“, რისი გაგებაც იესოს მოწაფეებს გაუჭირდათ? იესომ ხუთი პურითა და ორი თევზით ბავშვებისა და ქალების გარდა, 5 000 კაცი დააპურა. „პურების მნიშვნელობა“, რასაც მოწაფეები ამ სასწაულის შემდეგ უნდა მიმხვდარიყვნენ, ის იყო, რომ იესოს სასწაულების მოსახდენად ძალა იეჰოვა ღმერთისგან ჰქონდა მიცემული (მარ. 6:41—44). მაშინ მათ აღარ გაუკვირდებოდათ, რომ იესომ წყალზე გაიარა.
8:22—26. რატომ აღუდგინა იესომ უსინათლო კაცს მხედველობა თანდათანობით? ალბათ, იესომ ამ კაცის მდგომარეობა გაითვალისწინა. ეს კაცი სინათლეს მიუჩვეველი იყო, ამიტომ მხედველობის თანდათანობით აღდგენა საშუალებას მისცემდა, რომ მისი თვალი ნელ-ნელა შეჩვეოდა დღის სინათლეს.
რას ვსწავლობთ:
2:18; 7:11;12:18; 13:3. მარკოზი თავის სახარებაში ხსნის არაიუდეველებისთვის უცნობი წეს-ჩვეულებების მნიშვნელობას, შეხედულებებსა და გეოგრაფიულ ადგილმდებარეობებს. მარკოზი წერს, რომ ფარისევლები „მარხულობდნენ ხოლმე“, კორბანი „ღვთისთვის განკუთვნილი ძღვენი“ იყო, სადუკეველების თქმით, „მკვდრეთით აღდგომა“ არ არსებობდა და ზეთისხილის მთა „ტაძარს გადაჰყურებდა“. მარკოზი საერთოდ არაფერს ამბობს მესიის გენეალოგიაზე, რადგან ეს მხოლოდ იუდეველებს აინტერესებდათ. აქედან ჩვენ ვსწავლობთ, რომ ვქადაგებთ თუ კრებაზე მოხსენებით გამოვდივართ, უნდა გავითვალისწინოთ მსმენელთა ინტერესები.
3:21. იესოს ნათესავები არ იყვნენ იესოს მიმდევრები. ამიტომ მას კარგად ესმის იმ ადამიანების, ვისაც ოჯახის წევრები ეწინააღმდეგებიან ან დასცინიან.
3:31—35. მონათვლის შემდეგ იესო ღვთის სულიერი ძე გახდა, „ზედა იერუსალიმი“ კი მისი დედა (გალ. 4:26). ამის შემდეგ იესოს მიმდევრები მისთვის უფრო ძვირფასნი გახდნენ, ვიდრე ნათესავები. აქედან ვსწავლობთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში სულიერი პირველ ადგილზე დავაყენოთ (მათ. 12:46—50; ლუკ. 8:19—21).
8:32—34. შეიძლება ვინმემ რაღაცა კეთილი გულით გვირჩიოს, მაგრამ უნდა შეგვეძლოს იმის დანახვა, ეს ჩვენთვის სულიერად საზიანო ხომ არ იქნება. ქრისტეს მიმდევარი მზად უნდა იყოს, „უარყოს საკუთარი თავი“, ანუ არ აჰყვეს თავის გულისთქმასა და ამბიციებს. მან უნდა „აიღოს თავის წამების ბოძი“, ანუ თუ საჭირო იქნება, იტანჯოს, აიტანოს დამცირება, დევნა, და სიკვდილისთვისაც კი მზად იყოს. ქრისტიანი ყოველთვის უნდა მიჰყვებოდეს იესოს და ყველაფერში მას ჰბაძავდეს. როგორც ქრისტეს მოწაფეებმა, ჩვენ უნდა განვივითაროთ და შევინარჩუნოთ ისეთივე თავგანწირვის სულისკვეთება, როგორიც ქრისტეს ჰქონდა (მათ. 16:21—25; ლუკ. 9:22, 23).
9:24. ჩვენ არ უნდა გვრცხვენოდეს ჩვენი რწმენის შესახებ სხვებთან საუბრის, და ღმერთს უნდა ვთხოვოთ, რომ რწმენა განგვიმტკიცოს (ლუკ. 17:5).
მსახურების ბოლო თვე
ახ. წ. 32 წლის მიწურულს იესო „წავიდა იუდეის საზღვრებთან და იორდანის გაღმა გავიდა“ (მარ. 10:1). იქ ქადაგების შემდეგ კი იერუსალიმში გაემგზავრა.
8 ნისანს იესო ბეთანიაში ჩავიდა. სუფრას რომ მიუჯდა, მივიდა ერთი ქალი და თავზე ნელსაცხებელი სცხო. მარკოზმა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აღწერა ის მოვლენები, რომლებიც დაიწყო იერუსალიმში იესოს საზეიმო შესვლით და დამთავრდა მისი მკვდრეთით აღდგომით.
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
10:17, 18. რატომ მისცა იესომ შენიშვნა იმ კაცს, რომელმაც იესოს „კარგი მოძღვარი“ უწოდა? იესომ არ შეიფერა ეს სიტყვები, რადგან იეჰოვას მიაგებდა დიდებას. ამით მან აგრეთვე ცხადყო, რომ ყველაფერი კარგი იეჰოვასგან მომდინარეობს. გარდა ამისა, იესომ ხაზი გაუსვა იმ ჭეშმარიტებას, რომ მხოლოდ ყოველივეს შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს აქვს იმის უფლება, რომ დაადგინოს, რა არის კარგი და რა — ცუდი (მათ. 19:16, 17; ლუკ. 18:18, 19).
14:25. რას გულისხმობდა იესო, როდესაც თავის მოციქულებს უთხრა: „აღარ დავლევ ვაზის ნაყოფისგან იმ დღემდე, სანამ თქვენთან არ დავლევ ახალს ღვთის სამეფოში“? იესო არ გულისხმობდა იმას, რომ ზეცაშიც არის ღვინო. ბიბლიაში ღვინო ზოგჯერ მხიარულების სიმბოლოდ არის გამოყენებული. იესოს ის სიხარული ჰქონდა მხედველობაში, რომელსაც მას ზეციერ სამეფოში მკვდრეთით აღმდგარ ცხებულებთან ყოფნა მოუტანდა (ფსალმ. 104:15; მათ. 26:29).
14:51, 52. ვინ იყო ის ახალგაზრდა, რომელიც „შიშველი გაიქცა“? ამ შემთხვევას მხოლოდ მარკოზი მოიხსენიებს. ამიტომ ლოგიკურია, დავასკვნათ, რომ მარკოზი თავის თავს გულისხმობდა.
15:34. „ჩემო ღმერთო, ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე“ — ხომ არ მიუთითებს ეს სიტყვები იმაზე, რომ იესოს საკმარისი რწმენა არ ჰქონდა? არა. ჩვენ ზუსტად ვერ ვიტყვით, რატომ თქვა იესომ ეს. მას შესაძლოა მხედველობაში ის ჰქონდა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში იეჰოვამ იესო აღარ დაიცვა, რათა მისი ერთგულება დამტკიცებულიყო. შეიძლება იმიტომაც თქვა ეს სიტყვები, რომ შესრულებულიყო ფსალმუნის 22:1-ში მის შესახებ ჩაწერილი წინასწარმეტყველება (მათ. 27:46).
რას ვსწავლობთ:
10:6—9. ღმერთს სურს, რომ ცოლ-ქმარი ბოლომდე ერთმანეთის ერთგული დარჩეს. ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ განქორწინდნენ, ცოლებმაც და ქმრებმაც ერთმანეთს შორის უთანხმოებები ბიბლიური პრინციპების საფუძველზე უნდა მოაგვარონ (მათ. 19:4—6).
12:41—44. ღარიბი ქვრივის მაგალითიდან ვსწავლობთ, რომ მთელი გულით უნდა დავუჭიროთ მხარი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას.
[სურათი 29 გვერდზე]
რატომ უთხრა იესომ ამ კაცს, რომ ყველაფერი მოეყოლა ნათესავებისთვის?