არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნუ გაიმეორებთ ისრაელების შეცდომებს

ნუ გაიმეორებთ ისრაელების შეცდომებს

ნუ გაიმეორებთ ისრაელების შეცდომებს

აღთქმულ მიწაზე შესულმა ისრაელმა იცოდა, რას მოითხოვდა მათგან იეჰოვა. ღმერთმა მათ მოსეს პირით უბრძანა: „განდევნეთ იმ მიწის ყველა მკვიდრი თქვენგან და გაანადგურეთ მათი ქვის გამოსახულებები, გაანადგურეთ მათი ლითონის ქანდაკებები და მოსპეთ მათი წმინდა მაღლობები“ (რიცხ. 33:52).

ისრაელებს იმ მიწის მკვიდრებთან არანაირი შეთანხმება არ უნდა დაედოთ და არც მათზე უნდა დაქორწინებულიყვნენ (კან. 7:2, 3). ღმერთს თავისი ხალხი გაფრთხილებული ჰყავდა: „იფრთხილე, რომ არ დადო შეთანხმება იმ მიწის მკვიდრებთან, სადაც მიდიხარ, რათა ეს მახედ არ გექცეთ“ (გამ. 34:12). მაგრამ ისრაელები არ დაემორჩილნენ ღმერთს და მახეში გაებნენ. რა იყო ამის მიზეზი? რა შეიძლება ვისწავლოთ იქიდან, რაც მათ დაემართათ? (1 კორ. 10:11).

ახლო ურთიერთობა კერპთაყვანისმცემლობის მიზეზი ხდება

ისრაელებმა აღთქმულ მიწაზე შესვლისთანავე დაამარცხეს იქ მცხოვრები ხალხი. მაგრამ მათ ღვთის ყველა მითითება არ შეასრულეს. ისრაელებს არ განუდევნიათ ეს ხალხი აღთქმული მიწიდან (მსაჯ. 1:1—2:10). უფრო მეტიც, როდესაც „შვიდ ერს“ შორის დასახლდნენ, ხშირი ურთიერთობის შედეგად დაუმეგობრდნენ მათ (კან. 7:1). როგორ იმოქმედა ამან ისრაელებზე? ბიბლიაში წერია: „ირთავდნენ მათ ასულებს, თავიანთ ასულებს მათ ვაჟებზე ათხოვებდნენ და მათ ღმერთებს ემსახურებოდნენ. ბოროტებას სჩადიოდნენ ისრაელის ძეები იეჰოვას თვალში, დაივიწყეს იეჰოვა, თავიანთი ღმერთი, და ბაალებსა და წმინდა ბოძებს ემსახურებოდნენ“ (მსაჯ. 3:5—7). როგორც ვხედავთ, იმ ხალხებთან ახლო ურთიერთობას მოჰყვა ის, რომ ისრაელებმა მათზე დაქორწინება დაიწყეს და კერპთაყვანისმცემლობაში ჩაებნენ. ერთმანეთთან დანათესავების შემდეგ ნაკლებად მოსალოდნელი იყო, რომ ისრაელებს ეს წარმართი ერები იქიდან განედევნათ. ისრაელებმა ცრუ ღმერთებს დაუწყეს მსახურება, რითაც წმინდა თაყვანისმცემლობა შებღალეს.

აღთქმულ მიწაზე მცხოვრებ ერებთან მეგობრობა ისრაელებს სერიოზული სულიერი საფრთხის წინაშე აყენებდა. ეს ბევრად უფრო დიდ საშიშროებას უქმნიდა ისრაელებს, ვიდრე მათთან ომი. განვიხილოთ, კიდევ რით შებღალეს ისრაელებმა წმინდა თაყვანისმცემლობა?

მიწის დამუშავება და ბაალის თაყვანისცემა

აღთქმულ მიწაზე შესვლის შემდეგ ისრაელები აღარ ეწეოდნენ მომთაბარე ცხოვრებას. ბევრმა მათგანმა მიწის დამუშავება დაიწყო. ისრაელებმა ეს, შესაძლოა, ქანაანელებისგან ისწავლეს. მაგრამ, როგორც ჩანს, ისრაელებს მათგან მხოლოდ მიწის დამუშავება არ უსწავლიათ. მათ ის ადათ-წესებიც შეითვისეს, რომლებიც სამიწათმოქმედო საქმეს უკავშირდებოდა.

ქანაანელები თაყვანს სცემდნენ ბაალებს, რომლებსაც მიწის ნაყოფიერების ღმერთებად თვლიდნენ. მიწის დამუშავებისა და მოსავლის აღების გარდა, ისრაელებმა თანდათანობით ქანაანელების ღმერთების თაყვანისცემა დაიწყეს. ბევრ ისრაელს თავი იეჰოვას თაყვანისმცემლად მოჰქონდა, სინამდვილეში კი განდგომილები იყვნენ.

კარგი გაკვეთილი

მეზობელ ხალხთან ურთიერთობის დასაწყისში ისრაელ ერს, ცხადია, არ ექნებოდა იმის სურვილი, რომ ბაალის თაყვანისმცემლები გამხდარიყვნენ და აღვირახსნილი ცხოვრება დაეწყოთ, მაგრამ მათთან ახლო ურთიერთობამ სწორედ ეს გამოიწვია. განა ჩვენც იგივე არ დაგვემართება, თუ ახლო ურთიერთობა გვექნება მასთან, ვინც შეიძლება ცუდი ადამიანი არ არის, მაგრამ ვისთვისაც უცხოა ქრისტიანული პრინციპები და ფასეულობები?! რასაკვირველია, ზოგჯერ ვერ გავექცევით სხვა რწმენის ადამიანებთან ურთიერთობას, მაგალითად, სამსახურში, სკოლაში და თქვენ წარმოიდგინეთ, სახლშიც კი. მაგრამ, როგორც ისრაელების მაგალითი გვიჩვენებს, თუ ასეთ ადამიანებთან დაახლოებას ვეცდებით, პრობლემებს ვერ ავიცილებთ. ამას ბიბლიაც ადასტურებს: „ნუ შეცდებით. ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორ. 15:33).

დღეს ჩვენც ვხვდებით ისეთ სირთულეებს, როგორსაც ისრაელები ხვდებოდნენ. თანამედროვე საზოგადოებასაც ჰყავს თავისი ღმერთები. ესენია: ფული, შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები, გამოჩენილი სპორტსმენები, პოლიტიკური მიმდინარეობები, რელიგიური წინამძღოლები და თვით ოჯახის წევრებიც კი. აქედან ადამიანმა შეიძლება ნებისმიერი რამ გააკერპოს. მათთან ახლო ურთიერთობამ, ვისაც არ უყვარს იეჰოვა, შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ჩვენს სულიერ ჯანმრთელობას.

უკანონო სქესობრივი კავშირი ბაალის თაყვანისმცემლობის განუყოფელი ნაწილი იყო, რაც ისრაელების ცდუნების მიზეზი გახდა. ამავე მიზეზით ღვთის ზოგიერთი მსახური დღესაც ებმება მახეში. საკმარისია, ცნობისმოყვარე და წინდაუხედავმა ადამიანმა კომპიუტერის მაუსს თითი დააჭიროს და სუფთა სინდისი შეებღალება. რა სამწუხარო იქნება, თუ ქრისტიანი ინტერნეტით პორნოგრაფიის ყურებას დაიწყებს.

„ბედნიერნი არიან მისი შეხსენებების დამცველნი“

ყველა ქრისტიანის პირადი გადასაწყვეტია, მეგობრების არჩევისას გაითვალისწინებს იეჰოვას თვალსაზრისს თუ არა (კან. 30:19, 20). მაგრამ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: „ვისთან ვატარებ თავისუფალ დროს?“, „როგორია მათი ფასეულობები და ზნეობრივი ნორმები?“, „არიან ისინი იეჰოვას თაყვანისმცემლები?“, „დამეხმარება მათთან ურთიერთობა ქრისტიანული თვისებების განვითარებაში?“

ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „ბედნიერნი არიან თავიანთ გზაზე უბიწოდ მავალნი, იეჰოვას კანონით მოსიარულენი. ბედნიერნი არიან მისი შეხსენებების დამცველნი; ისინი მთელი გულით ეძებენ მას“ (ფსალმ. 119:1 2). მართლაც რომ „ბედნიერია ყველა, ვისაც იეჰოვას შიში აქვს და ვინც მისი გზით დადის“ (ფსალმ. 128:1). ასე რომ, ნუ გავიმეორებთ ისრაელების შეცდომებს და ბოლომდე დავემორჩილოთ იეჰოვას (იგავ. 13:20).

[სურათი 26 გვერდზე]

მათთან ახლო ურთიერთობამ, ვისაც არ უყვარს იეჰოვა, შეიძლება კერპთაყვანისმცემლებად გვაქციოს