არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ნიშნავს ქრისტეს მოსვლა?

რას ნიშნავს ქრისტეს მოსვლა?

რას ნიშნავს ქრისტეს მოსვლა?

„რა იქნება შენი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი“ (მათ. 24:3).

1. რა შეკითხვა დაუსვეს მოციქულებმა იესოს?

დაახლოებით ორი ათასი წლის წინათ ზეთისხილის მთაზე მოციქულებმა სხვებისგან განცალკევებით იესოს ჰკითხეს: „როდის მოხდება ეს, რა იქნება შენი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?“ (მათ. 24:3). ამ შეკითხვაში გაიჟღერა მეტად საინტერესო სიტყვებმა „შენი მოსვლა“ და „ქვეყნიერების აღსასრული“. რა იგულისხმება ამ სიტყვებში?

2. რა იგულისხმება სიტყვა „აღსასრულში“?

2 თავდაპირველად განვიხილოთ სიტყვა „აღსასრული“. ამ სიტყვის ბერძნული შესატყვისი არის სინტელეია. ბერძნულ წერილებში აგრეთვე გამოყენებულია მისი მონათესავე სიტყვა ტელოს, რომლის ქართული შესატყვისია „ბოლო“. ამ ორ სიტყვას შორის სხვაობა კარგად რომ დავინახოთ, მოვიყვანოთ საჯარო მოხსენების მაგალითი. არსებობს სხვაობა საჯარო მოხსენების დასკვნასა და დასასრულს შორის. დასკვნა არის მოხსენების ბოლო მონაკვეთი, როდესაც მომხსენებელი მთავარ აზრებს აჯამებს. მოხსენების დასასრული კი ის არის, როდესაც მომხსენებელი საუბარს ამთავრებს და სცენიდან ჩამოდის. ბიბლიური გაგებით, „ქვეყნიერების აღსასრული“ მოიცავს დროის იმ პერიოდს, რომელიც დასასრულს უახლოვდება, თუმცა, ამავე დროს, დასასრულსაც გულისხმობს.

3. რა მოვლენებით ხასიათდება იესოს მოსვლა?

3 რას ნიშნავს „მოსვლა“? ეს სიტყვა ითარგმნა ბერძნული სიტყვიდან პარუსია *. ის გულისხმობს დროის იმ პერიოდს, რომელიც დაიწყო 1914 წელს ზეცაში ქრისტეს გამეფებით, დღემდე გრძელდება და მოიცავს „დიდ გასაჭირს“, რომლის დროსაც ქრისტე მოვა და გაანადგურებს ბოროტებს (მათ. 24:21). იესოს მოსვლასთან მრავალი მოვლენაა დაკავშირებული, მათ შორის ბოროტი ქვეყნიერების „ბოლო დღეები“, რჩეულთა შეკრება და მათი აღდგენა ზეციერი ცხოვრებისთვის (2 ტიმ. 3:1; 1 კორ. 15:23; 1 თეს. 4:15—17; 2 თეს. 2:1). აქედან გამომდინარე, „ქვეყნიერების აღსასრული“ (სინტელეია) და ქრისტეს მოსვლა (პარუსია) დროის ერთი და იგივე მონაკვეთია.

დროის ხანგრძლივი მონაკვეთი

4. რა კავშირია იესოს მოსვლასა და ნოეს დროს მომხდარ მოვლენებს შორის?

4 პარუსია რომ დროის ხანგრძლივ მონაკვეთს მოიცავს, ამას ადასტურებს იესოს სიტყვები, რომელიც მან თავის მოსვლასთან დაკავშირებით წარმოთქვა (წაიკითხეთ მათეს 24:37—39). როდესაც იესო თავის მოსვლას წარღვნის პერიოდს ადარებდა, მას არ ჰქონია მხედველობაში დროის მხოლოდ ის ხანმოკლე მონაკვეთი, როდესაც უშუალოდ წარღვნა მოხდა. მან იგულისხმა წარღვნის წინანდელი პერიოდიც, რომლის განმავლობაშიც ნოე კიდობანს აშენებდა და ქადაგებდა. ეს მოვლენები ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა. მსგავსად ამისა, ქრისტეს მოსვლა მოიცავს დიდი გასაჭირის წინა პერიოდის მოვლენებს და დიდ გასაჭირსაც (2 თეს. 1:6—9).

5. როგორ ადასტურებს „გამოცხადების“ მე-6 თავში ჩაწერილი წინასწარმეტყველება, რომ იესოს მოსვლა ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს?

5 სხვა ბიბლიური წინასწარმეტყველებებიც ადასტურებს იმას, რომ ქრისტეს მოსვლა გულისხმობს დროის ხანგრძლივ მონაკვეთს და არა მხოლოდ იმ დროს, როცა ქრისტე ბოროტთა გასანადგურებლად მოვა. წიგნ „გამოცხადებაში“ აღნიშნულია, რომ თეთრ ცხენზე ამხედრებულ იესოს გვირგვინი მიეცა (წაიკითხეთ გამოცხადების 6:1—8). გამეფების შემდეგ იესო „გამოვიდა და იპყრობდა, რათა სრულად დაეპყრო“. შემდეგ მოთხრობილია, რომ მას უკან მოჰყვებიან სხვადასხვა ფერის ცხენებზე მსხდომი მხედრები. ეს სცენა წინასწარმეტყველურად მიუთითებს იმაზე, რომ იქნებოდა ომები, საკვების უკმარისობა და დაავადებები. ეს მოვლენები „ბოლო დღეებისთვის“ არის დამახასიათებელი და დროის ხანგრძლივ მონაკვეთს მოიცავს. დღეს ჩვენ ამ წინასწარმეტყველების შესრულების თვითმხილველები ვართ.

6. როგორ გვეხმარება „გამოცხადების“ მე-12 თავი ქრისტეს მოსვლის მნიშვნელობის გაგებაში?

6 გამოცხადების მე-12 თავში საუბარია ზეცაში ღვთის სამეფოს დამყარებაზე. ამ თავში აღწერილია ზეცაში მომხდარი ბრძოლა. მიქაელი, ანუ იესო ქრისტე თავის ანგელოზებთან ერთად შეებრძოლა სატანა ეშმაკსა და დემონებს და დედამიწაზე გადმოყარა. იმ დროიდან მოყოლებული ეშმაკი ძლიერ განრისხებულია, რადგან „იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“ (წაიკითხეთ გამოცხადების 12:7—12). როგორც ვხედავთ, ქრისტეს სამეფოს დამყარებას მოჰყვა ის პერიოდი, რომელიც ხასიათდება დედამიწისა და ადამიანებისთვის დიდი „ვაით“.

7. რა წერია მე-2 ფსალმუნში და რისი შესაძლებლობა ეძლევათ ადამიანებს?

7 სიონის მთაზე იესოს გამეფების შესახებ აგრეთვე ნაწინასწარმეტყველებია მე-2 ფსალმუნში (წაიკითხეთ ფსალმუნის 2:5—9; 110:1, 2). ამ ფსალმუნში ისიც არის ნათქვამი, რომ დედამიწის მეფეებსა და მათ მომხრეებს ეძლევათ იმის დრო, რომ ქრისტეს მმართველობას დაემორჩილონ. მათ უნდა ‘გამოავლინონ გამჭრიახობა და გამოსწორდნენ’. ისინი კი, ვინც ‘ღმერთს აფარებენ თავს, ბედნიერები არიან’, რადგან იეჰოვასა და მის მიერ დაყენებულ მეფეს ემსახურებიან. ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ ის დრო, რომელსაც ქრისტეს მოსვლა მოიცავს, სწორი არჩევანის გასაკეთებლად გამოიყენოს (ფსალმ. 2:10—12).

ნიშნის დანახვა

8, 9. ვინ დაინახავდა ქრისტეს მოსვლის ნიშანს და ვინ გაიგებდა მის მნიშვნელობას?

8 როდესაც ფარისევლებმა იესოს სამეფოს დამყარების დროის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა, რომ ‘ღვთის სამეფო მათთვის შეუმჩნევლად მოვიდოდა’ (ლუკ. 17:20, 21). ურწმუნოები სამეფოს მოსვლის ნიშანს ვერ დაინახავდნენ. მათ იესო მომავალ მეფედ არ აღიარეს და ქრისტეს მოსვლის ნიშანს როგორღა დაინახავდნენ?! მაშ, ვინ დაინახავდა ქრისტეს მოსვლის ნიშანს და ვინ გაიგებდა მის მნიშვნელობას?

9 იესომ თქვა, რომ მისი მოწაფეები ნიშანს ისევე ცხადად დაინახავდნენ, როგორც „ელვას, [რომელიც] ანათებს ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე“ (წაიკითხეთ ლუკას 17:24—29). აღსანიშნავია, რომ მათეს 24:23—27-შიც იგივე აზრია ჩაწერილი, სადაც საუბარია ქრისტეს მოსვლის ნიშანზე.

თაობა, რომელიც ნიშანს ხედავს

10, 11. ა) როგორ იხსნებოდა ადრე მათეს 24:34-ში მოხსენიებული სიტყვა „თაობა“? ბ) როგორ გაიგებდნენ სიტყვა „თაობას“ იესოს მოწაფეები?

10 ადრე „საგუშაგო კოშკში“ ახსნილი იყო, რომ მათეს 24:34-ში მოხსენიებულ „ამ თაობაში“ იგულიხმებოდნენ პირველ საუკუნეში მცხოვრები ურწმუნო იუდეველები *. ასეთი ახსნა ლოგიკური ჩანდა, რადგან ყველა სხვა შემთხვევაში იესო სიტყვა „თაობას“ უარყოფით კონტექსტში იყენებდა, და უმეტეს შემთხვევაში ამ სიტყვასთან უარყოფითი მნიშვნელობის სიტყვას ხმარობდა, მაგალითად „ბოროტს“ (მათ. 12:39; 17:17; მარ. 8:38). აქედან გამომდინარე, როგორც „საგუშაგო კოშკში“ იყო ახსნილი, „თაობაში“ იესო გულისხმობდა ურწმუნოთა ბოროტ თაობას, რომლებიც დაინახავდნენ „ქვეყნიერების აღსასრულისთვის“ (სინტელეია) დამახასიათებელ ნიშნებს და მოესწრებოდნენ მის ბოლოს (ტელოს), ანუ განადგურებას.

11 ცხადია, როდესაც სიტყვა „თაობას“ უარყოფით კონტექსტში იყენებდა, იესოს მხედველობაში ჰყავდა პირველ საუკუნეში მცხოვრები ბოროტი ადამიანები. მაგრამ მათეს 24:34-ში მოხსენიებულ „თაობაშიც“ ბოროტი ადამიანები იგულისხმებიან? გავიხსენოთ, რომ იესოსთან ოთხი მოწაფე მივიდა „სხვებისგან განცალკევებით“ (მათ. 24:3). ვინაიდან მათთან საუბრის დროს იესოს სიტყვა თაობასთან არ გამოუყენებია უარყოფითი მნიშვნელობის სიტყვა, მოციქულები უეჭველად იფიქრებდნენ, რომ იესო სწორედ მათ და დანარჩენ მოწაფეებს გულისხმობდა ამ თაობაში, რომელიც არ შეწყვეტდა არსებობას, ვიდრე ‘ეს ყველაფერი არ მოხდებოდა’.

12. კონტექსტიდან გამომდინარე, ვის გულისხმობდა იესო „თაობაში“?

12 რის საფუძველზე ვაკეთებთ ასეთ დასკვნას? დავუკვირდეთ კონტექსტს. მათეს 24:32, 33-ში იესომ თქვა: „ლეღვის მაგალითიდან ისწავლეთ: როგორც კი ყლორტები დაურბილდება და შეიფოთლება, იცით, რომ ახლოა ზაფხული. თქვენც, როცა დაინახავთ ყველაფერ ამას, იცოდეთ, რომ ის კარზეა მომდგარი“ (შეადარეთ მარკოზის 13:28—30; ლუკას 21:30—32). ახლა მათეს 24:34 წავიკითხოთ: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ეს თაობა არ შეწყვეტს არსებობას, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება“.

13, 14. რის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ „თაობაში“ იესოს თავის მოწაფეები უნდა ეგულისხმა?

13 იესომ თქვა, რომ მისი მოწაფეები, რომლებსაც მალე წმინდა სული მოეფინებოდათ, დაინახავდნენ ყველაფერს, რაც მოხდებოდა, და შესაბამის დასკვნასაც გამოიტანდნენ. აქედან გამომდინარე, იესოს თავისი მოწაფეები უნდა ეგულისხმა, როდესაც თქვა: „ეს თაობა არ შეწყვეტს არსებობას, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება“.

14 ურწმუნოებისგან განსხვავებით, იესოს მოწაფეები არა მხოლოდ ნიშანს დაინახავდნენ, არამედ მის მნიშვნელობასაც ჩასწვდებოდნენ. ისინი ‘ისწავლიდნენ’ ნიშნის თავისებურებებს და ‘ეცოდინებოდათ’ მათი ნამდვილი მნიშვნელობა. ისინი უეჭველად მიხვდებოდნენ, რომ იესო ‘კარზე იქნებოდა მომდგარი’. პირველ საუკუნეში ურწმუნო იუდეველებმაც და ერთგულმა ცხებულებმაც დაინახეს, რომ იესოს სიტყვები მცირე მასშტაბით შესრულდა, მაგრამ იმ მოვლენების ნამდვილი მნიშვნელობა მხოლოდ ცხებულმა ქრისტიანებმა გაიგეს.

15. ა) ვინ შედის დღეს იესოს მიერ მოხსენიებულ „თაობაში“? ბ) რატომ არის შეუძლებელი „ამ თაობის“ ხანგრძლივობის დადგენა? (იხილეთ ჩარჩო 25-ე გვერდზე).

15 ვინც სულიერ საკითხებს ვერ სწვდება, ჰგონია, რომ იესოს მოსვლის ნიშანი არ ჩანს. მათი აზრით, ყველაფერი უცვლელი რჩება (2 პეტ. 3:4). მათგან განსხვავებით, ქრისტეს ერთგულმა ცხებულმა ძმებმა, თანამედროვე იოანეს კლასმა, ისე ცხადად დაინახა ეს ნიშანი, თითქოს ელვამ გაანათაო. მათ ნიშნის ნამდვილი მნიშვნელობაც გაიგეს. როგორც ჯგუფი, ეს ცხებული ქრისტიანები შეადგენენ თანამედროვე „თაობას“ *, რომელიც არ გადავა, „ვიდრე ეს ყველაფერი არ მოხდება“. ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტეს ცხებული ძმებიდან ზოგიერთი ჯერ კიდევ დედამიწაზე იქნება, როდესაც ნაწინასწარმეტყველები დიდი გასაჭირი დაიწყება.

„იფხიზლეთ“

16. რა უნდა გააკეთოს ქრისტეს ყველა მიმდევარმა?

16 მხოლოდ ნიშნის დანახვა არ არის საკმარისი. იესომ თქვა: „რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ“ (მარ. 13:37). ეს გაფრთხილება უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც სულითცხებულებისთვის, ისე უამრავი ხალხისთვის. ზეცაში ქრისტეს გამეფებიდან 90 წელზე მეტი გავიდა. შეიძლება ადვილი არ იყოს, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ და ვიფხიზლოთ. ამაში დაგვეხმარება იმის ცოდნა, რომ ქრისტე უხილავად არის მოსული სამეფო ძალაუფლებით. სიფხიზლის შენარჩუნებაში იმის ცოდნაც დაგვეხმარება, რომ მალე, რომელ ‘საათზეც არ ვფიქრობთ’, იესო მოვა და გაანადგურებს თავის მტრებს (ლუკ. 12:40).

17. რისკენ აღგვძრავს ქრისტეს მოსვლის მნიშვნელობის ცოდნა, და რა საქმე უნდა შევასრულოთ გადაუდებლად?

17 ქრისტეს მოსვლის მნიშვნელობის ცოდნა გვეხმარება, გადაუდებლად შევასრულოთ ჩვენზე დაკისრებული საქმე. ჩვენ ვიცით, რომ ქრისტე უკვე მოსულია და 1914 წლიდან უხილავად მეფობს ზეცაში. როგორც აღვნიშნეთ, მალე ის მოვა, გაანადგურებს ბოროტებს და დიდ ცვლილებებს მოახდენს მთელ დედამიწაზე. ამიტომ ისე, როგორც არასდროს, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ იმ საქმეში, რომლის შესახებაც იესომ იწინასწარმეტყველა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათ. 24:14).

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 პარუსიის მნიშვნელობის უკეთ გასაგებად იხილეთ „ბიბლია — ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, დანართი 3ბ.

^ აბზ. 10 იხილეთ 1995 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 11—15, 19, 30, 31 (რუს.).

^ აბზ. 15 წიგნ „გამოცხადებაში“ ჩაწერილი პირველი ხილვის შესრულება ამ თაობას ეხება (გამოცხ. 1:10—3:22). ამ თაობისთვის უფლის დღე დაიწყო 1914 წელს და გაგრძელდება მანამ, სანამ ბოლო სულითცხებული არ მოკვდება და არ აღდგება (იხილეთ წიგნი „გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!“, გვერდი 24, აბზაცი 4).

როგორ უპასუხებთ?

• საიდან ვიცით, რომ იესოს მოსვლა დროის ხანგრძლივ მონაკვეთს მოიცავს?

• ვინ ხედავს იესოს მოსვლის ნიშანს და ვის ესმის მისი მნიშვნელობა?

• ვინ შედის მათეს 24:34-ში მოხსენიებულ თაობაში?

• რატომაა შეუძლებელი „ამ თაობის“ ხანგრძლივობის დადგენა?

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო 25 გვერდზე]

შესაძლებელია „ამ თაობის“ ხანგრძლივობის დადგენა?

„თაობა“ ნიშნავს ერთდროულად მცხოვრებ სხვადასხვა ასაკის ადამიანებს. მაგალითად, გამოსვლის 1:6-ში წერია: „ბოლოს დაიხოცნენ იოსები, მისი ძმები და მთელი ის თაობა“. იოსები და მისი ძმები სხვადასხვა ასაკის იყვნენ, მაგრამ ერთსა და იმავე პერიოდში ცხოვრობდნენ. „იმ თაობაში“ შედიოდნენ იოსების ის ძმები, რომლებიც მასზე ადრე დაიბადნენ. ზოგიერთმა იოსებზე დიდხანს იცოცხლა (დაბ. 50:24). „იმ თაობიდან“ ზოგიერთი კი, მაგალითად ბენიამინი, იოსების შემდეგ დაიბადა და შესაძლოა მისი სიკვდილის შემდეგაც ცხოვრობდა.

ასე რომ, როდესაც საუბარია ამა თუ იმ თაობაზე, ანუ ერთსა და იმავე პერიოდში მცხოვრებ ადამიანებზე, ზუსტად ვერ ვიტყვით, რამდენ ხანს იარსებებს ეს თაობა. მაგრამ ფაქტია, რომ თაობა მუდმივად ვერ იარსებებს. როდესაც იესომ მოიხსენია „ეს თაობა“, რაც მათეს 24:34-შია ჩაწერილი, ამით მოწაფეებისთვის სულაც არ მიუნიშნებია ის, თუ როგორ გამოეთვალათ „ბოლო დღეების“ დასასრული. პირიქით, იესომ მოწაფეებს უთხრა, რომ არ ეცოდინებოდათ „იმ დღისა და საათის“ დადგომის დრო (2 ტიმ. 3:1; მათ. 24:36).

[სურათი 22, 23 გვერდებზე]

1914 წელს გამეფებული იესო აღწერილია, როგორც დამპყრობელი

[სურათი 24 გვერდზე]

„ეს თაობა არ შეწყვეტს არსებობას, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება“