არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

განსაკუთრებული შეხვედრის მოლოდინში

განსაკუთრებული შეხვედრის მოლოდინში

განსაკუთრებული შეხვედრის მოლოდინში

განსაკუთრებულ შეხვედრას ველოდები. ახალგაზრდა ესპანელი დედა, თქვენი ნებართვით, მოგითხრობთ, რამ გამოიწვია ეს მოლოდინი.

ჩვენს ოჯახში მშვიდობისა და ურთიერთგაგების ნოსტალგია იყო. მას შემდეგ, რაც ჩემი უმცროსი ოთხი წლის ძმა ტრაგიკულმა შემთხვევამ იმსხვერპლა, სახლი დაცარიელდა. გარდა ამისა, მამის ცუდი ჩვევების გამო ქორწინებით დედა ბედნიერი არ იყო. მაგრამ სირთულეებს მისთვის ხელი არ შეუშლია ჩემში და ჩემს უფროს ძმაში მორალური ფასეულობები ჩაენერგა.

გავიდა დრო და ჩემი ძმა დაქორწინდა, მეც შევქმენი ოჯახი. მალე დედას სიმსივნე აღმოაჩნდა, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა. მაგრამ სიკვდილამდე მან განსაკუთრებული რამ გვიანდერძა.

ერთმა ნაცნობმა დედას აღდგომის შესახებ ბიბლიური იმედი გაუზიარა, და დედა ბიბლიის შესწავლაზე დასთანხმდა. სიცოცხლის ბოლოს ბიბლიურმა იმედმა მის ცხოვრებას აზრი შესძინა და ბედნიერება აპოვნინა.

როდესაც დავინახეთ, რა კარგად იმოქმედა დედაზე ბიბლიურმა ცნობამ, მე და ჩემმა ძმამაც დავიწყეთ ღვთის სიტყვის შესწავლა. ვიდრე მეორე შვილი შემეძინებოდა, ერთი თვით ადრე მოვინათლე; ჩემს მშვენიერ გოგონას ლუსია დავარქვით.

ნათლობის დღე ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო; პირველყოვლისა იმიტომ, რომ უკვე იეჰოვას ვეკუთვნოდი, მას ვუძღვნიდი თავს და მისთვის მარადიულად შემეძლო მსახურება, და მერე იმიტომ, რომ შემეძლო, ჩემი რწმენა ჩემი საყვარელი ქალ-ვაჟისთვის გადამეცა.

შვილებისთვის ჭეშმარიტების სწავლებით გამოწვეული ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ლუსიას ოთხი წლის ასაკში ძლიერი მუცლის ტკივილი დაეწყო. მიზეზის რამდენჯერმე გამოკვლევის შემდეგ რენტგენოლოგმა გვითხრა, რომ ღვიძლზე ფორთოხლის ზომის სიმსივნე იყო განვითარებული. ექიმმა აგვიხსნა, რომ ლუსიას ნეირობლასტომა ჰქონდა, პროგრესირებადი ავთვისებიანი სიმსივნე. ასე დაიწყო ლუსიას შვიდწლიანი ბრძოლა სიმსივნესთან, რაც იმას ნიშნავდა, რომ საავადმყოფოში არცთუ მცირე დროის გატარება მოგვიწევდა.

თავგანწირვის სული

ამ რთული პერიოდის განმავლობაში ლუსია ხშირად მმატებდა ძალას თავისი მხურვალე კოცნითა და თბილი ჩახუტებით. დაავადების მიუხედავად მისი ასეთი დამოკიდებულება დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა საავადმყოფოს თანამშრომლებზე. ის ყოველთვის მოწადინებული იყო, რომ მედპერსონალს მოხმარებოდა მეზობელ პალატებში მწოლიარე ბავშვებისთვის იოგურტებისა და წვენების დარიგებაში. ლუსიას მედპერსონალმა თეთრი ხალათი და სამკერდე ნიშანიც კი მისცა, რომელზეც ეწერა „ასისტენტი“.

„ლუსიას მიმართ გულგრილი ვერაფრით დავრჩებოდი, — იხსენებს საავადმყოფოს ერთ-ერთი თანამშრომელი. — ის აქტიური იყო და შემოქმედებითი უნარით გამოირჩეოდა, მას ხატვა უყვარდა. ის სიცოცხლით სავსე ბავშვი იყო და ზრდასრული ადამიანივით იქცეოდა“.

ლუსიას ძალასა და შინაგან სიმშვიდეს ღვთის სიტყვა აძლევდა (ებრ. 4:12). ის დარწმუნებული იყო, რომ, ღვთის დანაპირებისამებრ, ახალ ქვეყნიერებაში აღარ იქნებოდა „სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გამოცხ. 21:4). ის სხვებისადმი ინტერესს ავლენდა და ყველა შესაძლებლობას იყენებდა იმისათვის, რომ მათთვის ბიბლიური ცნობა გადაეცა. საშინელი დაავადების მიუხედავად, ლუსიას აღდგომის მტკიცე იმედი სიმშვიდეს უნარჩუნებდა და ხალისს მატებდა (ეს. 25:8). და ამ განწყობით იცოცხლა იმ დღემდე, ვიდრე სიმსივნემ არ შეიწირა მისი სიცოცხლე.

ეს სწორედ ის დღე იყო, როცა ჩემი განსაკუთრებული მოლოდინი დაიწყო. ლუსიას თვალის გახელა უჭირდა. მისი ერთი ხელი მამას ეჭირა და მეორე ხელი — მე. „ნუ გეშინია, მე ყოველთვის შენთან ვიქნები, — ჩავჩურჩულე. — მშვიდად ისუნთქე. რომ გაიღვიძებ კარგად იქნები. აღარაფერი გეტკინება, და მე შენ გვერდით ვიქნები“.

ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ კვლავ ვნახო. ვიცი, რომ იოლი არ იქნება ლოდინი. მაგრამ ისიც ვიცი, რომ მოთმინებით, იეჰოვაზე მინდობითა და მისი ერთგულებით მე აუცილებლად ვიქნები აღდგომის თვითმხილველი.

რა მოჰყვა ლუსიას სიკვდილს

ლუსიას გაბედულებამ და კრების მხარდაჭერამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემს მეუღლეზე, რომელიც არ იზიარებდა ჩემს რწმენას. ლუსიას სიკვდილის დღეს მეუღლემ მითხრა, რომ თავისი შეხედულებები უნდა გადაეფასებინა. რამდენიმე კვირის შემდეგ მან კრების უხუცესს ბიბლიის შესწავლა სთხოვა. მალე კრების ყველა შეხვედრას ესწრებოდა. იეჰოვას დახმარებით სიგარეტის მოწევას თავი დაანება, რაც აქამდე არ გამოსდიოდა.

ლუსიას დაკარგვით გამოწვეული ტკივილი არ გაყუჩებულა, მაგრამ დიდად ვმადლობ იეჰოვას იმისთვის, რაც მის სიკვდილს მოჰყვა. მე და ჩემი მეუღლე აღდგომის არაჩვეულებრივი იმედით ვამხნევებთ ერთმანეთს, ერთად ვფიქრობთ იმ დროზე, როცა კვლავ ვნახავთ ლუსიას, დავინახავთ მის მეტყველ, ბრიალა თვალებს და სიცილის დროს ჩაჩხვლეტილ ლოყებს.

ჩემი გოგონას სიკვდილით დატრიალებულმა ტრაგედიამ ჩვენს დასახლებაში მცხოვრებ ერთ ქალბატონზეც დიდად იმოქმედა. ერთ წვიმიან შაბათ დილას ერთმა ქალბატონმა, რომლის შვილიც ლუსიას სკოლაში სწავლობდა, სახლში მომაკითხა. იმავე დაავადებით მას 11 წლის ბიჭი ჰყავდა დაღუპული. როცა მან ლუსიას ამბავი შეიტყო, ჩვენი მისამართი გაიგო და გვესტუმრა. მას აინტერესებდა, როგორ ვუძლებდი შვილის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს, და შემომთავაზა, გავერთიანებულიყავით შვილმკვდარი დედების სანუგეშებლად.

ავუხსენი, რომ პირადად მე უკვე ჭეშმარიტად ნუგეშცემული ვიყავი იმ ბიბლიური დანაპირებით, რომელიც ყოველგვარ ადამიანურ დანაპირებს აღემატება. იოანეს 5:28, 29-ში ჩაწერილი იესოს სიტყვების მოსმენის შემდეგ მას თვალები გაუბრწყინდა. ის ბიბლიის შესწავლაზე დამთანხმდა და მალე იგრძნო „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“ (ფილ. 4:7). ხშირად ბიბლიის შესწავლის დროს ვჩერდებით და წარმოვიდგენთ, ახალ ქვეყნიერებაში როგორ შევეგებებით მკვდრეთით აღმდგარ ჩვენს საყვარელ შვილებს.

ლუსიას ხანმოკლე სიცოცხლემ ხანგრძლივი გავლენა იქონია ჩვენს ცხოვრებაზე. მისმა რწმენამ ჩვენი ოჯახი ღვთის მსახურებაში გააერთიანა და ძალა მოგვცა, ჭეშმარიტებას მტკიცედ ჩავჭიდებოდით. ეჭვგარეშეა, რომ ყველა ღვთის მოიმედე ელოდება მკვდრეთით აღმდგარ თავის საყვარელ ადამიანებთან შეხვედრას.

[სურათი 20 გვერდზე]

ლუსიას დახატული სამოთხე