არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ვინ არის თქვენ შორის ბრძენი და შეგნებული?“

„ვინ არის თქვენ შორის ბრძენი და შეგნებული?“

„ვინ არის თქვენ შორის ბრძენი და შეგნებული?“

„ვინ არის თქვენ შორის ბრძენი და შეგნებული? აჩვენოს თავისი საქმეები კარგი საქციელით და სიბრძნისთვის ჩვეული რბილი ხასიათით“ (იაკ. 3:13).

1, 2. რა შეიძლება ითქვას მრავალ ეგრეთ წოდებულ ბრძენზე?

როგორ ფიქრობთ, ვინ არის ნამდვილად ბრძენი? თქვენი მშობლები, ასაკოვანი ხალხი თუ პროფესორები? თქვენს პასუხს, ალბათ, ის განაპირობებს, თუ როგორ და რა გარემოში აღიზარდეთ. მაგრამ ღვთის მსახურებს უმთავრესად ის აინტერესებთ, ღვთის თვალში ვინ არის ბრძენი.

2 ვისაც ქვეყნიერება მიიჩნევს ბრძენად, ღვთის თვალში ყველა ბრძენი როდია. მაგალითად, იობის მეგობრებს თავი ბრძენები ეგონათ, მაგრამ იობმა მათ უთხრა: „ვერ ვპოვე ბრძენი თქვენ შორის“ (იობ. 17:10). ღვთიური ცოდნის უარმყოფელებზე, მოციქულმა პავლემ დაწერა: „თუმცა ამტკიცებდნენ, რომ ბრძენები იყვნენ, უგუნურები გახდნენ“ (რომ. 1:22). წინასწარმეტყველ ესაიას პირით იეჰოვამ თქვა: „ვაი მათ, ვინც ბრძენია საკუთარ თვალში“ (ეს. 5:21).

3, 4. სინამდვილეში რა მოეთხოვება ბრძენს?

3 ჯერ ის უნდა განვსაზღვროთ, რა ხდის ადამიანს ნამდვილად ბრძენსა და ღვთისმოსაწონს, რაშიც იგავების 9:10 გვეხმარება: „იეჰოვას შიში სიბრძნის სათავეა და უწმინდესის შესახებ ცოდნა გაგების უნარს იძლევა“. ბრძენს ღვთის სათანადო შიში და ღვთის ნორმებისადმი პატივისცემა უნდა ჰქონდეს. მაგრამ უფრო მეტია საჭირო, ვიდრე მხოლოდ ღვთის არსებობისა და მისი ნორმების აღიარება. მოწაფე იაკობის სიტყვები ამ მხრივ ყურადღებას იმსახურებს (წაიკითხეთ იაკობის 3:13). დაუკვირდით გამოთქმას: „აჩვენოს თავისი საქმეები კარგი საქციელით“. ჭეშმარიტი სიბრძნე ყოველდღე ვლინდება თქვენს საქმეებსა და სიტყვებში.

4 ჭეშმარიტად ბრძენ ადამიანს საღი აზროვნება აქვს და ცოდნას პრაქტიკულად იყენებს. რაში ვლინდება ჩვენი სიბრძნე? იაკობმა თქვა, თუ რა არის ჩვენი სიბრძნის მაჩვენებელი *. რა თქვა მან ისეთი, რაც დაგვეხმარება კარგი ურთიერთობა გვქონდეს როგორც თანამორწმუნეებთან, ისე სხვებთან?

ნამდვილი სიბრძნის გამომხატველი საქმეები

5. როგორ იქცევა ნამდვილად ბრძენი ადამიანი?

5 როგორც აღინიშნა, იაკობი სიბრძნეს კარგ საქციელთან აკავშირებს. ვინაიდან სიბრძნის სათავე იეჰოვას შიშია, ბრძენი ცდილობს, ღვთის გზებისა და ნორმების შესაბამისად მოიქცეს. ღვთიური სიბრძნე დაბადებიდან არავის დაჰყოლია. მას ბიბლიის რეგულარულად შესწავლა და წაკითხულზე ფიქრი შეგვძენს, რაც ეფესოელების 5:1-ის გათვალისწინებაში დაგვეხმარება — „მიჰბაძეთ ღმერთს“! რაც უფრო მეტად ვბაძავთ იეჰოვას, მით უფრო ვავლენთ სიბრძნეს საქმეებით. იეჰოვას გზები ადამიანთა გზებს ყოველთვის აღემატება (ეს. 55:8, 9). როდესაც იეჰოვას ვბაძავთ, უფრო თვალსაჩინო ხდება, რომ სხვებისგან განვსხვავდებით.

6. რატომ არის რბილი ხასიათის გამოვლენა ღვთის მიბაძვა და რა იგულისხმება რბილ ხასიათში?

6 იეჰოვას რომ მივბაძოთ, იაკობის სიტყვების თანახმად, „სიბრძნისთვის ჩვეული რბილი ხასიათი“ უნდა გვქონდეს. ეს ნიშნავს იყო დამთმობი, თვინიერი, წყნარი, მაგრამ ამავე დროს მტკიცე ბუნების, რაც შენს მოქმედებებს გააწონასწორებს. ღვთის უსაზღვრო ძლიერების მიუხედავად, ის რბილია, რაც მასთან დაახლოებას გვიადვილებს. ღვთის ამ თვისებას მისი ძეც ირეკლავდა, რაც კარგად გამოჩნდა მის სიტყვებში: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ. დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდება თქვენი სული“ (მათ. 11:28, 29; ფილ. 2:5—8).

7. რატომ არის მოსე მისაბაძი მაგალითი?

7 ბიბლია მოგვითხრობს იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც რბილი ხასიათით, ანუ თვინიერებით, გამოირჩეოდნენ. ერთ-ერთი მათგანი მოსე იყო. მართალია, მას დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა, მაგრამ მასზე ნათქვამია: „მოსე უთვინიერესი კაცი იყო მთელი დედამიწის ზურგზე“ (რიცხ. 11:29; 12:3). არც ის დაგვავიწყდეს, თავისი ნების შესასრულებლად, რა ძალა მისცა იეჰოვამ მოსეს. იეჰოვა სიამოვნებით ასრულებინებს თვინიერ ადამიანებს თავის განზრახვას.

8. როგორ შეუძლია არასრულყოფილ ადამიანს „სიბრძნისთვის ჩვეული რბილი ხასიათის“ გამოვლენა?

8 ცხადია, არასრულყოფილ ადამიანს შეუძლია განივითაროს „სიბრძნისთვის ჩვეული რბილი ხასიათი“. რა შეიძლება ითქვას ჩვენზე? პირადად ჩვენ როგორ შეგვიძლია, უკეთესად გამოვავლინოთ ეს თვისება? რბილი ხასიათი ღვთის წმინდა სულის ნაყოფია (გალ. 5:22, 23). შეგვიძლია ღმერთს ვთხოვოთ, მოგვცეს წმინდა სული და შემდეგ ძალ-ღონე არ დავიშუროთ ამ სულის ნაყოფის გამოსავლენად; ამავე დროს, შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ ღმერთი დაგვეხმარება რბილი ხასიათის გამოვლენაში. ფსალმუნმომღერალი გვარწმუნებს: „[ღმერთი] თავის გზას ასწავლის თვინიერებს“. ასე რომ, სრული საფუძველი გვაქვს იმისათვის, რომ ამ თვისების განვითარების სურვილი გვქონდეს (ფსალმ. 25:9).

9, 10. რა ძალისხმევა გვჭირდება ღვთისთვის მოსაწონი რბილი ხასიათის გამოსავლენად და რატომ?

9 და მაინც, რბილი ხასიათის განსავითარებლად დიდი ძალისხმევაა საჭირო. წარმომავლობისა თუ აღზრდის გამო ზოგს შეიძლება უჭირს რბილი ხასიათის გამოვლენა. გარდა ამისა, შეიძლება ხალხი იმას ჩაგვჩიჩინებდეს, რომ არავის არაფერი შევარჩინოთ. მაგრამ ნამდვილად გონივრულია ამგვარად მოქმედება? თუ სახლში რაღაცას ცეცხლი წაეკიდა, რით ჩააქრობდით მას — ნავთით თუ წყლით? ნავთი ხანძარს გააჩენდა, წყალი კი ჩააქრობდა ცეცხლს. იმავეს ამბობს ბიბლია: „მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს, მწარე სიტყვა კი რისხვას იწვევს“ (იგავ. 15:1, 18). ამის შემდეგ, კრების შიგნით თუ გარეთ, როცა ვინმე გაგვაღიზიანებს, გამოვავლენთ რბილ ხასიათს და ამით ცხადვყოფთ, რომ ბრძენნი ვართ? (2 ტიმ. 2:24).

10 როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ ქვეყნიერების გავლენით მრავალი არ არის თვინიერი, მშვიდობიანი და წყნარი. პირიქით, ისინი უხეშები და ქედმაღლები არიან. იაკობმა კარგად იცოდა ეს, და კრების წევრები გააფრთხილა, არ მოქცეულიყვნენ ასეთი გავლენის ქვეშ. კიდევ რას ვსწავლობთ მისი რჩევიდან?

რა ახასიათებთ მათ, ვინც არ არის ბრძენი?

11. როგორები არიან ადამიანები, რომლებსაც ღვთიური სიბრძნე არა აქვთ?

11 იაკობმა დაუფარავად ჩამოთვალა მათი თვისებები, ვისაც არა აქვს ღვთიური სიბრძნე (წაიკითხეთ იაკობის 3:14). შური და შუღლი ხორცის საქმეებია და არა სულის. განვიხილოთ, რა ხდება მაშინ, როცა ადამიანს ხორციელი აზროვნება მართავს. ექვსი ეგრეთ წოდებული ქრისტიანული ჯგუფი აკონტროლებდა იერუსალიმში „უფლის საფლავის“ ეკლესიის სხვადასხვა მონაკვეთს; ეს ეკლესია, როგორც ვარაუდობენ, იქ არის აშენებული, სადაც იესო მოკლეს და სამარხში დაასვენეს. ამ ჯგუფებს შორის გამუდმებული შეხლა-შემოხლა იყო. 2006 წელს ჟურნალ „ტაიმში“ აღინიშნა, რომ ერთხელ იქაური ბერები „საათობით ჩხუბობდნენ . . . [და] ერთმანეთს უზარმაზარ შანდლებს ურტყამდნენ“. ისინი იმდენად არ ენდობოდნენ ერთმანეთს, რომ ერჩივნათ, ეკლესიის გასაღები ერთ-ერთი მუსლიმანისთვის ჩაებარებინათ.

12. რა შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა სიბრძნე არ ვლინდება?

12 ცხადია, ჭეშმარიტ ქრისტიანულ კრებაში მსგავსი შუღლი არ არსებობს. მაგრამ ზოგჯერ არასრულყოფილების გამო ზოგი ჯიუტად იცავს თავის შეხედულებას. ამან შეიძლება კამათი და დავა გამოიწვიოს. მოციქულ პავლეს მსგავსი რამ ჰქონდა შენიშნული კორინთის კრებაში და ამიტომაც მისწერა მათ: „თუ შური და დავაა თქვენ შორის, განა ხორციელნი არა ხართ და ყველა სხვა ადამიანივით არ იქცევით?“ (1 კორ. 3:3). პირველ საუკუნეში გარკვეული დროის მანძილზე კორინთის კრებაში ასეთი სამწუხარო მდგომარეობა იყო. ამიტომ დღესაც სიფრთხილე გვმართებს, რომ ამ სულმა კრებაში არ შემოაღწიოს.

13, 14. მოიყვანეთ იმის მაგალითები, თუ რა შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ხორცის საქმეები.

13 როგორ შეიძლება კრებაში შემოიპაროს ასეთი უთანხმოების სული? მიზეზი შეიძლება უმნიშვნელო რამ გახდეს. მაგალითად, სამეფო დარბაზის მშენებლობისას ერთსა და იმავე საქმესთან დაკავშირებით შეიძლება განსხვავებული აზრები წამოიჭრას. შეიძლება ერთი ძმის თვალსაზრისი არ გაითვალისწინონ, მან კი უკმაყოფილება გამოხატოს და გამუდმებით აკრიტიკოს მიღებული გადაწყვეტილება. მან შეიძლება ამ საქმეში მონაწილეობაზეც კი თქვას უარი! ასეთ ადამიანს ავიწყდება, რომ კრების საქმეების წარმატება, ჩვეულებრივ, კრებაში არსებულ მშვიდობაზეა დამოკიდებული და არა კონკრეტული მეთოდის გამოყენებაზე. იეჰოვა თვინიერებს აკურთხებს და არა მოკამათეებს (1 ტიმ. 6:4, 5).

14 განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი. კრებაში უხუცესები ამჩნევენ, რომ ერთ-ერთი უხუცესი, რომელიც არაერთი წელია, უხუცესად მსახურობს, უხუცესებისთვის მიცემულ ბიბლიურ მოთხოვნებს აშკარად აღარ შეესაბამება. ადრე ძმებს კონკრეტული რჩევა ჰქონდათ მიცემული, მაგრამ ის არ გამოსწორებულა; ამიტომ სარაიონო ზედამხედველი მონახულებისას ეთანხმება ძმებს, რომ ამ ძმას ჩამოერთვას პასუხისმგებლობა. როგორ შეხვდება ის ამ გადაწყვეტილებას? სათანადო რეაქცია ექნება უხუცესების ერთსულოვან გადაწყვეტილებაზე? თავმდაბლად მიიღებს ბიბლიურ რჩევას? გამოავლენს თვინიერებას და ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ ბიბლიური მოთხოვნების თანახმად მოიქცეს და კვლავ იმსახუროს უხუცესად? თუ გაანაწყენებს პასუხისმგებლობის დაკარგვა? რატომ უნდა ეგონოს, რომ შეესაბამება ბიბლიურ მოთხოვნებს მაშინ, როცა სინამდვილეში ასე არ არის? ბევრად უფრო გონივრული იქნებოდა, თავმდაბლობა გამოევლინა და გაგებით მოჰკიდებოდა საქმეს!

15. თქვენი აზრით, რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი იაკობის 3:15, 16-ში მოცემული რჩევა?

15 მსგავსი სული სხვა შემთხვევებშიც ვლინდება. მაგრამ შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ გავექცეთ ამ სულს (წაიკითხეთ იაკობის 3:15, 16). მოწაფე იაკობმა მას „მიწიერი“ უწოდა, ვინაიდან ის ხორციელია და ყოველგვარ სულიერობას მოკლებული. ხორციელი იმიტომ არის, რომ ის ხორციელი სურვილების ანუ ინსტინქტის ნაყოფია; მსგავსი რამ კი აზროვნების უნარს მოკლებულ ცხოველებს ახასიათებთ. ის დემონურიცაა, რადგან მასში ღვთის მოწინააღმდეგე სულიერი ქმნილებების თვისებები ვლინდება. ასეთი სულის გამოვლენა ქრისტიანისთვის ნამდვილად შეუფერებელია!

16. რა ცვლილებების მოხდენა შეიძლება დაგვჭირდეს და როგორ მივაღწიოთ წარმატებას?

16 კარგია, თუ კრების თითოეული წევრი დაუკვირდება საკუთარ თავს და მსგავსი სულისგან თავის დაცვას შეეცდება. განსაკუთრებით ზედამხედველებს, კრებაში მასწავლებლებს, უნდა ესმოდეთ, რომ საჭიროა ასეთი უარყოფითი სულის მოცილება. ჩვენი არასრულყოფილებისა და ქვეყნიერების გავლენის გამო ადვილი არ არის ამის გაკეთება. ეს შეიძლება შევადაროთ იმ ატალახებულ ფერდობზე ასვლის მცდელობას, რომელზეც ფეხი გვისრიალებს. თუ ვერაფერს მოვეჭიდეთ, ძირს ჩამოვსრიალდებით. მაგრამ, თუ ბიბლიურ რჩევას და ღვთის კრებას „მოვეჭიდებით“, წინ წავალთ (ფსალმ. 73:23, 24).

რა თვისებებს ავლენს ბრძენი ადამიანი

17. როგორ იქცევა ბრძენი ბოროტების პირისპირ?

17 წაიკითხეთ იაკობის 3:17. კარგი იქნება განვიხილოთ „ზემოდან მომავალი სიბრძნის“ მაჩვენებელი რამდენიმე თვისება. ვიყოთ წმინდა ნიშნავს, სუფთა და შეურყვნელი იყოს ჩვენი საქმეები და მოტივები. ყოველგვარი ბოროტება დაუყოვნებლივ უნდა მოვიშოროთ, და ამას თავისთავად უნდა ვაკეთებდეთ. შეიძლება ექიმს თქვენთვის მუხლის რეფლექსის შესამოწმებლად მუხლის ქვემოთ მყესზე ჩაქუჩი დაურტყამს. დარტყმაზე თქვენი ფეხი რეფლექსურად აიწევდა მაღლა და ეს თავისთავად მოხდებოდა; ამ დროს არც კი ფიქრობთ იმაზე, რას აკეთებთ. მსგავსი რეაქცია უნდა გვქონდეს მაშინაც, როდესაც ბოროტების ჩადენის ცდუნების წინაშე ვდგავართ. სიწმინდემ და ბიბლიით განსწავლულმა სინდისმა „რეფლექსურად“ უნდა გვიბიძგოს, რომ უკუვაგდოთ ბოროტება (რომ. 12:9). ბიბლიაში მოცემულია იმ ადამიანების მაგალითები, რომლებიც მსგავსად მოიქცნენ; მაგალითად, იოსებისა და იესოსი (დაბ. 39:7—9; მათ. 4:8—10).

18. რას ნიშნავს იყო ა) მშვიდობიანი? ბ) მშვიდობისმყოფელი?

18 ზემოდან მომავალ სიბრძნეს რომ ვავლენდეთ, საჭიროა მშვიდობიანები ვიყოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა ვიყოთ აგრესიული, კონფლიქტური და ჩვენი საქციელით არ უნდა ვარღვევდეთ მშვიდობას. იაკობი უფრო მეტს ამბობს ამ საკითხზე: „სიმართლის ნაყოფი კი მშვიდობიან პირობებში ითესება მშვიდობისმყოფელთათვის“ (იაკ. 3:18). ყურადღება მიაქციეთ სიტყვას „მშვიდობისმყოფელი“. როგორ გვიცნობენ კრებაში, როგორც მშვიდობისმყოფელს თუ მშვიდობის დამრღვევს? ხშირად გვაქვს უთანხმოება, ადვილად ვნაწყენდებით ან ადვილად ვანაწყენებთ სხვებს? სულ სხვებს ხომ არ ვავალდებულებთ, რომ მიგვიღონ ისეთები, როგორებიც ვართ, თუ ვცდილობთ იმ თვისებების მოცილებას, რომლებიც არცთუ უსაფუძვლოდ ანაწყენებს სხვებს? ვცდილობთ ყოველთვის მშვიდობის აღდგენას და მზად ვართ, ვაპატიოთ სხვებს და დავივიწყოთ მათი შეცდომები? გულწრფელი თვითშემოწმება დაგვანახვებს, როდის არ ვავლენთ ღვთიურ სიბრძნეს და რაში გვჭირდება გამოსწორება.

19. რის საფუძველზე შეიძლება გონიერი ეწოდოს ქრისტიანს?

19 იაკობმა თქვა, რომ ზემოდან მომავალ სიბრძნეს გონიერებაც ახასიათებს. როცა ბიბლიური პრინციპები არ ირღვევა, მივდივართ დათმობაზე, ესე იგი არ მოვითხოვთ დაჟინებით, სხვებმა ჩვენი პირადი შეხედულებები გაიზიარონ? გვიცნობენ რბილი ხასიათის ადამიანად, რომელთანაც ადვილია საუბარი? ჩვენი საქციელი აჩვენებს, გონიერები ვართ თუ არა.

20. რა შედეგი მოჰყვება სტატიაში განხილული ღვთისმოსაწონი თვისებების გამოვლენას?

20 რა სასიამოვნო გარემოა კრებაში, სადაც და-ძმები ძალ-ღონეს არ იშურებენ იაკობის მიერ ჩამოთვლილი ღვთისმოსაწონი თვისებების გამოსავლენად (ფსალმ. 133:1—3). რბილი ხასიათი, მშვიდობისმოყვარეობა და გონიერება ნამდვილად გააუმჯობესებს სხვებთან ჩვენს ურთიერთობას და თვალსაჩინოს გახდის, რომ „ზემოდან მომავალი სიბრძნე“ გვაქვს. მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, როგორ ვუყუროთ სხვებს იეჰოვას თვალით, რაც თავისთავად ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების გამოვლენაში დაგვეხმარება.

[სქოლიო]

^ აბზ. 4 კონტექსტიდან ჩანს, რომ იაკობს პირველ რიგში მხედველობაში ჰყავდა უხუცესები, ანუ კრების „მასწავლებლები“ (იაკ. 3:1). ეს ადამიანები ღვთისმოსაწონი სიბრძნის გამოვლენით სხვებს მაგალითს უნდა აძლევდნენ, თუმცა ამ რჩევის გათვალისწინება ყველას შეუძლია.

როგორ უპასუხებდით?

• რა ხდის ქრისტიანს ჭეშმარიტად ბრძენს?

• როგორ გამოვავლინოთ უკეთ ღვთისმოსაწონი სიბრძნე?

• რა ახასიათებს იმ ადამიანებს, რომლებიც არ ავლენენ „ზემოდან მომავალ სიბრძნეს“?

• რა თვისებების გაუმჯობესება გსურთ?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 23 გვერდზე]

როგორ შეიძლება დღეს, ქრისტიანებს შორის უთანხმოების სული გამოვლინდეს?

[სურათი 24 გვერდზე]

„რეფლექსურად“ უკუაგდებთ ბოროტებას?