სასიხარულო ცნობის გავრცელება მაღალმთიან ანდებში
სასიხარულო ცნობის გავრცელება მაღალმთიან ანდებში
ჭუჭყიან იატაკზე 18 კაცი ვიწექით. საძილე ტომრებში ჩამძვრალები სიცივისგან ვკანკალებდით და რკინის სახურავზე დაცემული თავსხმა წვიმის წვეთების ხმაურს ვუსმენდით. პატარა ქოხს შეფარებულები ვფიქრობდით, რომ ჩვენ გარდა აქ სხვა არავინ დარჩენილა.
რატომ ჩავედით 18 კაცი იქ? პასუხად შეგვიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ იესოს მითითებისა და სასიხარულო ცნობის „დედამიწის კიდით კიდემდე“ ქადაგება გვსურდა (საქ. 1:8; მათ. 24:14). და ბოლივიის ანდებში ჩავედით საქადაგოდ.
გზა ანდებისკენ
პირველი სირთულე იქამდე მისვლა იყო. გავიგეთ, რომ ასეთ მოშორებულ ადგილას საზოგადოებრივი ტრანსპორტი განრიგით არ დადიოდა. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ავტობუსი იმაზე პატარა იყო, ვიდრე მოველოდით, ამიტომ ზოგს ფეხზე დგომა მოგვიწია. როგორც იქნა, დანიშნულების ადგილამდე ჩავაღწიეთ.
ჩვენი მიზანი იყო ბოლივიის მაღალმთიანი ანდების სოფლებში მცხოვრები ხალხისთვის გვექადაგა. ავტობუსიდან ჩამოვედით, ჩანთები გადავიკიდეთ და ერთმწკვრივად გავუყევით მაღლა მთაში მიმავალ საცალფეხო ბილიკს.
სოფლები თითქოს პატარ-პატარა ჩანდა, მაგრამ სახლები ერთმანეთისგან შორი-შორს იდგა, ამიტომ დიდი დრო დაგვჭირდა იმისათვის, რომ ყველა სოფელი
შემოგვევლო. როცა გვეგონა, რომ უკვე ბოლო სახლთან ვიყავით მისული, კიდევ ერთი გამოჩნდებოდა ხოლმე. ხშირად მინდვრებში ვიკარგებოდით, რადგან ბილიკები აღარ ჩანდა.„სად იყავით აქამდე?!“
ერთი ქალბატონი დიდად გაოცდა, როცა ამ სიშორეზე ამოსულები დაგვინახა; ამიტომ შემოგვთავაზა, თავისი სამზარეულოთი გვესარგებლა, შეშაც მოგვცა და სადილიც მოგვამზადებინა. ერთმა კაცმა კი, როცა გაიგო, ბიბლიის სწავლება მკვდრეთით აღდგომის შესახებ, გვითხრა: „სად იყავით აქამდე?!“. ის იმდენად დაინტერესდა, რომ უკან დაბრუნებისას მთელი გზა მოგვყვებოდა და კითხვას კითხვაზე გვისვამდა. შევხვდით კიდევ ერთ მამაკაცს, რომელსაც ადრე არასდროს სმენია იეჰოვას მოწმეების შესახებ; ეს კაცი აღაფრთოვანა ჩვენმა პუბლიკაციებმა. მან სტუმრობისთვის დიდი მადლობა გადაგვიხადა და მადლიერების ნიშნად მოგვცა ფარდულის გასაღები, სადაც ღამის გათევა შეგვეძლო.
ერთხელაც ღამის უკუნეთში, ჩვენდა უნებურად, კარვები დიდი შავი ჭიანჭველების კოლონიის შუაგულში გავშალეთ. შევიწროებული ჭიანჭველები მწარედ იკბინებოდნენ; თუმცა იმდენად დაღლილები ვიყავით, რომ განძრევის თავი არ გვქონდა. ცოტა ხანში ჭიანჭველები შეეგუვნენ ჩვენს იქ ყოფნას და თავი დაგვანებეს.
მიწაზე წოლით თავიდან ზურგი და ნეკნები გვტკიოდა, მაგრამ გათენებამდე ამასაც
მივეჩვიეთ. დილით, როცა თვალი გავახილეთ, თვალწინ ისეთი დიდებული სურათი გადაგვეშალა, რომ აღარც ტკივილი გვახსოვდა და აღარც უსიამოვნება: მოხატული მინდვრების თავზე ღრუბლები ნელ-ნელა მიიწევდა მაღლა და მაღლა, შორს დათოვლილი მთების მწვერვალები მოჩანდა. სიმყუდროვეს მხოლოდ წყლის ჩხრიალი და ჩიტების გალობა არღვევდა.მდინარეში საბანაოდ ჩავედით, მერე ყველამ ერთად ბიბლიური მუხლი განვიხილეთ, ვისაუზმეთ და შორეული სოფლებისკენ მიმავალ ბილიკებს დავადექით. მართალია, მთის ფერდობებზე სიარული არ იყო ადვილი, მაგრამ შედეგი ღირდა ძალისხმევად. როცა ერთ ხანდაზმულ ქალბატონს ვუთხარით, რომ ბიბლიაში ღვთის სახელი — იეჰოვა ეწერა, მან ცრემლები ვერ შეიკავა, მოზღვავებულ ემოციებს ვერ მალავდა. ახლა მას უკვე შეეძლო ლოცვაში ღვთისთვის სახელით მიემართა!
ერთმა ასაკოვანმა კაცმა ჩვენ დანახვაზე თქვა, რომ ღმერთს არ დავიწყებია, და უცებ მღერა დაიწყო, რომ ჩვენ ანგელოზების გამოგზავნილი ვიყავით. ერთი ავადმყოფი კაცი კი სახლიდან გამოვიდა და გულისტკივილით გვითხრა, რომ მის მოსანახულებლად არც ერთი თანასოფლელი არ მისულა. მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გაიგო, რომ ლა-პასიდან ვიყავით ჩასულები. სხვაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ იეჰოვას მოწმეები ყველას სახლებში აკითხავენ მაშინ, როცა სხვა რელიგიები თავიანთ მრევლს მხოლოდ სამრეკლოს ზარებით უხმობენ.
იმ არემარეში არავის არა აქვს ელექტროენერგია; დაბნელდება თუ არა იქაურები დასაძინებლად მიდიან, მზე ამოვა და ისინიც დგებიან. ამიტომ მათთან მანამდე უნდა მივსულიყავით, სანამ მინდორში გავიდოდნენ სამუშაოდ. ასე რომ, ქადაგებას დილის ექვს საათზე ვიწყებდით; თუმცა უკვე სამუშაოდ გასულებიც დიდი სიამოვნებით გვითმობდნენ დროს და ისმენდნენ ღვთიურ ცნობას. ამასობაში უღელში შებმული ხარებიც ისვენებდნენ. ვინც სახლში გვხვდებოდა, ბევრი შინ გვეპატიჟებოდა, იატაკზე მოსაკალათებლად ცხვრის ტყავს გვიგებდა და მთელ ოჯახს კრებდა მოსასმენად. ზოგი გლეხი ბიბლიური ლიტერატურისთვის მადლიერების გამოსახატავად სიმინდით სავსე ტომრებს გვაძლევდა.
„არ გავიწყდებით“
ცხადია, ბიბლიის შესასწავლად ხალხთან ერთხელ მისვლა არ კმარა. ბევრი გვთხოვდა, ისევ ვსტუმრებოდით. ამიტომ, ბოლივიის ამ კუთხეში რამდენჯერმე ჩავედით.
ბოლო ჩასვლისას ერთი ხანდაზმული ქალბატონი ისეთი გახარებული იყო ჩვენი ნახვით, რომ გვითხრა: „თქვენ ჩემთვის შვილებივით ხართ, არ გავიწყდებით“. ერთმა კაცმა მადლობა გადაგვიხადა და მომდევნო ჩასვლისას მასპინძლობა შემოგვთავაზა. განსაკუთრებით იმან გაგვახარა, რომ ერთი ქალბატონი, რომელსაც ადრე ვესაუბრეთ, მოგვიანებით კი ქალაქში გადასულა საცხოვრებლად, ახლა თვითონ ქადაგებს სასიხარულო ცნობას.
პირველი მოგზაურობის ბოლო დღეს ქურისთვის ნავთი გაგვითავდა, საჭმლის მარაგიც გვეწურებოდა. ცეცხლის დასანთებად შეშა მოვაგროვეთ და ბოლო ულუფის მომზადებას შევუდექით. მერე ფეხით გავუყევით გზას ქალაქამდე, საიდანაც ავტობუსი გადიოდა, ჯერ კიდევ მრავალი კილომეტრი უნდა გაგვევლო. ავტობუსამდე მხოლოდ შებინდებისას მივედით.
შინ დაბრუნება
თავგადასავლები არც უკანა გზაზე გვაკლდა. გზაში ავტობუსი გაგვიფუჭდა. ცოტა ხნის ლოდინის შემდეგ სატვირთო მანქანა გამოჩნდა და მის ძარაზე ავძვერით, რომელიც ხალხით იყო სავსე. შემთხვევა ხელიდან არ გავუშვით და ვუქადაგეთ მგზავრებს, რომლებიც ამ მხარეში ჩვენი მოხვედრის მიზეზით დაინტერესდნენ. აქაური ხალხი ბუნებით მორცხვი, თუმცა საოცრად თბილი და მეგობრულია.
ამ სატვირთო მანქანით ცხრა საათი ვიმგზავრეთ და შინ სველები და გათოშილები დავბრუნდით. მაგრამ ამაოდ არ გვიმგზავრია; მგზავრობისას ბიბლიის შესწავლის სურვილი ქალაქში მცხოვრებმა ქალბატონმა გამოთქვა.
მართლაც დიდებულია სასიხარულო ცნობის ასეთ მოშორებულ ტერიტორიაზე ქადაგება. ვიქადაგეთ ოთხ სოფელსა და უამრავ დასახლებაში. ყოველთვის ეს სიტყვები გვახსენდებოდა: «რა მშვენიერია მთებზე მახარობლის, მშვიდობის გამომცხადებლის, უკეთესობის მახარობლის, ხსნის გამომცხადებლის ფეხები, მისი, ვინც ეუბნება სიონს: „გამეფდა შენი ღმერთი!“» (ეს. 52:7; რომ. 10:15).
[სურათი 17 გვერდზე]
სასიხარულო ცნობის ქადაგებისთვის გამზადებულები