გახსოვთ თუ არა?
გახსოვთ თუ არა?
ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას.
• როდის მოინახულეს ასტროლოგებმა იესო?
ერთ ნაშრომში ვკითხულობთ: „მოგვები მწყემსებივით იესოსთან იმ ღამეს არ მისულან, როცა ის დაიბადა. ისინი რამდენიმე თვის შემდეგ მივიდნენ მასთან“. იმ დროისთვის იესო აღარ იყო თოთო ბავშვი და სახლში ცხოვრობდა (მათ. 2:7—11). ასტროლოგები იესოსთან მისი დაბადების ღამეს რომ მისულიყვნენ და ოქრო და ძვირფასი საჩუქრები მიეტანათ, განა მარიამი იესოს დაბადებიდან ორმოცი დღის შემდეგ ტაძარში ბავშვის მიყვანისას მხოლოდ ორ გვრიტს შესწირავდა? (1/1, გვერდი 31).
• როგორ შეუძლია ბევრს თავისი ცხოვრების გამდიდრება?
ზოგმა შეიძლება იკითხოს: „შემიძლია ცვლილებების მოხდენა და ცხოვრების გამარტივება?“ ემი ასე მოიქცა. ის მდიდარი იყო, მაგრამ ამას მისთვის ბედნიერება არ მოუტანია. მან დაინახა, რომ ამ ქვეყნიერებაში კარიერის შექმნამ თითქმის ჩამოაშორა რწმენას, ამიტომ გადაწყვიტა, სამეფოს ინტერესები პირველ ადგილზე დაეყენებინა. გარკვეული დროის მანძილზე ის პიონერადაც მსახურობდა. ემი ამბობს: „დღეს ისეთი კმაყოფილების გრძნობა მაქვს, როგორიც არ მქონია მაშინ, როცა მთელ ჩემს დროს ქვეყნიურ სამსახურს ვუთმობდი“ (1/15, გვერდი 19).
• როგორ შეუძლიათ დედებს, კმაყოფილება პოვონ შვილების აღზრდაში?
დღეს მრავალი ქალი მუშაობს. ზოგი ოჯახის რჩენის მიზნით იძულებულია იმუშაოს, ზოგს სურს, საკუთარი შემოსავალი ჰქონდეს ან ფუფუნების საგნები იყიდოს, ზოგს კი უყვარს თავისი საქმის კეთება. შვილებმა რომ პატარაობიდანვე ქრისტიანული გზით იარონ, დედები ამ მხრივ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ზოგი არჩევს, რომ ნახევარ განაკვეთზე იმუშაოს ან საერთოდ თავი დაანებოს სამსახურს და მეტი დრო დაუთმოს ოჯახს, რასაც მისთვის უფრო დიდი კმაყოფილება მოაქვს (2/1, გვერდები 28—31).
• რა „თაობას“ გულისხმობდა იესო მათეს 24:34- ში ჩაწერილ სიტყვებში?
იესო ხშირად სიტყვა „თაობას“ უარყოფით კონტექსტში იყენებდა, როდესაც მიმართავდა ბოროტ ადამიანებს ან უბრალოდ მათზე საუბრობდა. მაგრამ იესოს ეს სიტყვა უარყოფითი მნიშვნელობით არ გამოუყენებია ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ესაუბრებოდა თავის მოწაფეებს, რომლებიც მალე წმინდა სულით იქნებოდნენ ცხებული. მის მოწაფეებს ყველაზე უკეთ შეეძლოთ სწორი დასკვნის გამოტანა იესოს იმ სიტყვების საფუძველზე, რომლებიც მათეს 24:32, 33-შია ჩაწერილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იესო გულისხმობდა პირველ საუკუნეში მცხოვრებ თავის ცხებულ მიმდევრებს და იმ ცხებულებს, რომლებიც დღეს, მისი სიტყვების კიდევ ერთი შესრულების დროს ცხოვრობენ (2/15, გვერდები 23, 24).
• რა გაგებით ასრულებდა კანონი აღმზრდელის მოვალეობას, როგორც ეს გალატელების 3:24- შია ნახსენები?
ძველ დროს აღმზრდელი, ჩვეულებრივ, სანდო მონა იყო, რომელიც ბავშვის უსაფრთხოებას იცავდა და ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც ამას ბავშვის მამა მოითხოვდა. იმავეს თქმა შეიძლება კანონზეც. კანონი იცავდა ისრაელებს ზნედაცემული ერების ზეგავლენისგან. მაგალითად, ის უკრძალავდა მათ წარმართებზე დაქორწინებას. ბავშვის აღმზრდელის მსგავსად კანონიც დროებით ასრულებდა თავის ფუნქციას — ის ძალაში იყო ქრისტეს მოსვლამდე (3/1, გვერდები 18—21).
• რა თვისებებს უნდა ვავლენდეთ იაკობის 3:17- ის თანახმად?
წმინდები რომ ვიყოთ, ბოროტებას მაშინვე უნდა ვაქციოთ ზურგი (დაბ. 39:7—9). ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ მშვიდობიანები, მოვერიდოთ აგრესიულობას და ისეთ მოქმედებებს, რითაც მშვიდობა დაირღვეოდა. ამიტომ, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: „ვუწყობ ხელს მშვიდობას თუ ვარღვევ მას? ხშირად ხომ არ ვკამათობ? ადვილად ვნაწყენდები? ხშირად ხომ არ ვტკენ გულს სხვებს? თუ მზად ვარ პატიებისთვის და არ ვცდილობ, ყოველთვის ჩემი გავიტანო?“ (3/15, გვერდები 24, 25).
• რატომ განკურნა იესომ უსინათლო კაცი თანდათანობით? (მარ. 8:22—26)
კონკრეტულად ამაზე ბიბლიაში არაფერია ნათქვამი. თუმცა, შესაძლოა, ამ შემთხვევაში იესომ მამაკაცს სინათლე თანდათანობით იმიტომ დაუბრუნა, რომ მისთვის დრო მიეცა იმ ახალ გრძნობასთან შესაგუებლად, რომელიც მას თვალის ახელის შემდეგ დაეუფლებოდა. ასეთი სახით იესომ ამ უსინათლო კაცის მიმართ სიყვარული და მზრუნველობა გამოავლინა (4/1, გვერდი 30).