არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მარტო დარჩენილნი, მაგრამ არა დავიწყებულნი

მარტო დარჩენილნი, მაგრამ არა დავიწყებულნი

მარტო დარჩენილნი, მაგრამ არა დავიწყებულნი

პავლე მოციქული თანაქრისტიანებს მოუწოდებდა: „ყველას სიკეთე გავუკეთოთ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც რწმენით ჩვენიანია“ (გალ. 6:10). ჩვენ დღესაც მივყვებით ღვთის შთაგონებით ჩაწერილ ამ მითითებას და ვეძებთ შესაძლებლობებს, სიკეთე გავუკეთოთ თანამორწმუნეებს. მათ შორის, ვინც ქრისტიანული კრებისგან ყურადღებას საჭიროებს, არიან ჩვენი ძვირფასი ხანდაზმული და-ძმები, რომლებიც მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობენ.

აღსანიშნავია, რომ ზოგ ქვეყანაში მოხუც მშობლებს ჩვეულებრივ სახლში უვლიან. ზოგან კი ხანდაზმულები მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობენ, სადაც ისინი იქ მომსახურე პერსონალის მოვლა-პატრონობაზე არიან დამოკიდებულნი. რა შეიძლება ითქვას ხანდაზმულ ქრისტიანებზე, რომლებიც მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობენ? რა სირთულეებს ხვდებიან ისინი? როგორ შეუძლიათ მათ თავიანთ მდგომარეობასთან გამკლავება, თუკი ოჯახის წევრებისგან მხარდაჭერა არა აქვთ? როგორ შეუძლია ქრისტიანულ კრებას მათი დახმარება? რა მხრივ იქნება ჩვენთვის სასარგებლო მათი რეგულარული მონახულება?

რა სირთულეებს ხვდებიან მოხუცებულთა სახლში?

როდესაც ხანდაზმული ქრისტიანები მოხუცებულთა თავშესაფარში გადადიან, ხშირად ისინი იმ კრების ტერიტორიაზე ხვდებიან, რომლის წევრებსაც არ იცნობენ. შედეგად ადგილობრივი კრებიდან შეიძლება არც ისე ხშირად აკითხავდნენ მათ. ამას ისიც ემატება რომ, მოხუცებულთა თავშესაფარში ჩვენი ხანდაზმული და-ძმები შეიძლება განსხვავებული რწმენის მქონე ადამიანების გარემოცვაში აღმოჩნდნენ, რის გამოც შესაძლოა გარკვეულ სირთულეებს შეხვდნენ.

მაგალითად, ზოგან მოხუცებულთა თავშესაფარში მიღებულია რელიგიური მსახურების ჩატარება. ერთი მომვლელი ამბობს: „ზოგი მოხუცებული მოწმე, რომლებსაც აღარ შეუძლიათ გარკვევით ლაპარაკი, ინვალიდის სავარძლით მიჰყავთ საეკლესიო მსახურებაზე, ისე რომ მათ არც კი ეკითხებიან, სურთ თუ არა იქ ყოფნა“. გარდა ამისა, ხანდაზმულთა ცხოვრებაში მრავალფეროვნების შესატანად, მოხუცებულთა სახლის პერსონალი ხშირად აღნიშნავს შობას, აღდგომას და დაბადების დღეებს. ამასთანავე, ზოგ მოწმეს ისეთ საჭმელს სთავაზობენ, რომლის ჭამის ნებასაც მათ სინდისი არ რთავთ (საქ. 15:29). თუ რეგულარულად მივაკითხავთ ხოლმე ჩვენს ხანდაზმულ და-ძმებს, ჩვენ შევძლებთ დავეხმაროთ მათ ასეთ პრობლემებთან გამკლავებაში.

კრების მხარდაჭერა

პირველი ქრისტიანები თავს ვალდებულად თვლიდნენ, ეზრუნათ იმ ხანდაზმულებზე, რომლებსაც არ ჰყავდათ ოჯახის წევრები, რომლებიც მათზე იზრუნებდნენ (1 ტიმ. 5:9). მსგავსად ამისა, ზედამხედველები დღესაც ყურადღებას აქცევენ იმას, რომ მათი კრების ტერიტორიაზე არსებულ მოხუცებულთა თავშესაფარში მცხოვრები და-ძმები უყურადღებოდ არ იყვნენ მიტოვებულნი *. ერთი უხუცესი, სახელად რობერტი, ამბობს: „კარგი იქნება, თუ ზედამხედველები პირადად მოინახულებენ ხანდაზმულებს იმისათვის, რომ ნახონ, რა პირობებში ცხოვრობენ ისინი, და ილოცონ მათთან ერთად. კრებას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია მათთვის“. თუ გამოვყოფთ დროს და მივაკითხავთ ხანდაზმულებს, ამით იმას ცხადვყოფთ, რომ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვნად თვლის იეჰოვა მათზე ზრუნვას, ვინც ამას საჭიროებს (იაკ. 1:27).

საჭიროების შემთხვევაში უხუცესები ხელმძღვანელობას გაუწევენ იმას, რომ მოხუცებულთა თავშესაფარში მყოფ და-ძმებს კრების მხრიდან პრაქტიკული დახმარება გაეწიოს. რობერტი მოიხსენიებს ერთ-ერთ მხარეს, თუ როგორ შეიძლება მათი დახმარება: „ჩვენ უნდა აღვძრათ ხანდაზმული და-ძმები, დაესწრონ ქრისტიანულ შეხვედრებს, თუკი მათ ამის გაკეთება შეუძლიათ“. მაგრამ, თუ მათ უჭირთ გადაადგილება, მაშინ უხუცესებს შეუძლიათ, სხვა მეთოდებს მიმართონ. ოთხმოც წელს გადაცილებული ჟაკლინი, რომელსაც ოსტეოართრიტი აწუხებს, კრების შეხვედრების პროგრამას ტელეფონით ისმენს. ის ამბობს: „ჩემთვის ძალიან სასარგებლოა, როცა პროგრამას პირდაპირ კრების მსვლელობის დროს ვისმენ. არაფერს დავრთავ იმის ნებას, რომ ხელი შემიშალოს ამაში!“

თუ ხანდაზმული და-ძმებისთვის პროგრამის მოსმენა ტელეფონით შეუძლებელია, უხუცესებმა შეიძლება რეგულარულად მიუტანონ ხოლმე მათ პროგრამის აუდიოჩანაწერები. მას, ვინც ჩანაწერებს მიუტანს ასეთ ხანდაზმულებს, შეუძლია ისარგებლოს შემთხვევით და მათთან გამამხნევებელ თემებზე ისაუბროს. „როდესაც მათ კრების წევრების შესახებ ახალ ამბებს უყვები, ისინი გრძნობენ, რომ კვლავაც ჩვენი სულიერი ოჯახის წევრები არიან“, — ამბობს ერთი ზედამხედველი.

არ შეწყვიტოთ მათთან ურთიერთობა

გასაგებია, რომ მოხუცებულთა სახლში გადასული მრავალი ხანდაზმული თავს დათრგუნულად გრძნობს და თავგზააბნეულია. ამის გამო ზოგი მათგანი საკუთარ თავში იკეტება. მაგრამ, თუ ჩვენ მალევე დავიწყებთ იმ და-ძმების მონახულებას, რომლებიც მოხუცებულთა თავშესაფარში გადავიდნენ, და კვლავაც განვაგრძობთ მათ მხარდაჭერას, მათ დიდად დავეხმარებით, რომ დაუბრუნდეთ სიხარული და შინაგანი სიმშვიდე (იგავ. 17:22).

როდესაც მოხუც და-ძმებს ასაკის გამო ისეთი გონებრივი შესაძლებლობები აღარ აქვთ, როგორც ადრე, როდესაც ისინი სმენას კარგავენ ან სხვა ისეთი პრობლემა აქვთ, რის გამოც მათთან ურთიერთობა ჭირს, ზოგმა შეიძლება დაასკვნას, რომ მათ მონახულებას აზრი არა აქვს. მაგრამ, თუ ძალისხმევას ვახმართ და კვლავაც ვაკითხავთ იმის მიუხედავად, თუ რამდენად რთულია მათთან კომუნიკაცია, ამით ცხადვყოფთ, რომ თანამორწმუნეების ‘პატივისცემაში ერთმანეთს ვასწრებთ’ (რომ. 12:10). თუ ხანდაზმულ ძმას მეხსიერების დაქვეითების გამო ბოლო დროს მომხდარი მოვლენები ავიწყდება, შეგვიძლია წავახალისოთ ის იმით, რომ მოგვიყვეს ადრინდელი — თუნდაც თავისი ბავშვობის დროინდელი — მოვლენები ან გაიხსენოს მაგალითად, თუ როგორ გაიგო ბიბლიური ჭეშმარიტება. როგორ მოვიქცეთ, თუ მას უჭირს საჭირო სიტყვების მოძებნა? მოთმინებით მოუსმინეთ მას და თუ საჭიროა, ერთი-ორი სიტყვა შეაშველეთ ან მოკლედ გადმოეცით ის აზრი, რისი თქმაც მას უნდოდა, და სთხოვეთ, რომ განაგრძოს თხრობა. თუ ვატყობთ, რომ ის დაიბნა ან უკვე ენა ებმება და ჩვენც ვეღარ ვიგებთ მის ნათქვამს, უნდა შევეცადოთ, უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ მისი ხმის ტონს, რათა მივუხვდეთ სათქმელს.

თუ ადამიანი საერთოდ ვეღარ ლაპარაკობს, მასთან ურთიერთობისთვის შეგვიძლია სხვა მეთოდებს მივმართოთ. პიონერი და ლორანსი რეგულარულად აკითხავს მადლენს, 80 წლის ქრისტიან დას, რომელმაც დაკარგა მეტყველების უნარი. ლორანსი გვიხსნის, როგორ ახერხებს მასთან ურთიერთობას: „როდესაც მადლენთან ერთად ვლოცულობ, მე მას ხელს ვკიდებ. ლოცვის დროს ის ნაზად მიჭერს ხელს და შემდეგ თვალებით მაგრძნობინებს, რომ მადლიერია ამ სასიამოვნო წუთებისთვის“. ჩვენი ხანდაზმული მეგობრებისთვის ძალიან გამამხნევებელია, როდესაც მათ ხელზე ხელს ვკიდებთ და გულში ვიკრავთ.

თქვენი მისვლა ბევრს ნიშნავს

თუ ხანდაზმულებს რეგულარულად აკითხავთ, ამან შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს მომსახურე პერსონალზე და შედეგად ჩვენს და-ძმებს უფრო უკეთ მოუარონ. დანიელა, რომელიც დაახლოებით 20 წელია, რაც რეგულარულად აკითხავს მოხუცებულთა სახლში მყოფ თანამორწმუნეებს, აღნიშნავს: „როდესაც მომსახურე პერსონალი ხედავს, რომ ადამიანს მუდმივად ჰყავს მნახველები, მას უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ“. ზემოთ მოხსენიებული რობერტი ამბობს: „მომვლელები უფრო მეტად თანამშრომლობენ მასთან, ვინც რეგულარულად ინახულებს თავშესაფარში მყოფ ხანდაზმულს, მაგრამ მათ შეიძლება მსგავსი დამოკიდებულება არ ჰქონდეთ იმ ადამიანის მიმართ, რომელიც იქ იშვიათად მიდის“. რამდენადაც ზოგიერთი ხანდაზმულის ოჯახის წევრები პრეტენზიებს გამოთქვამენ მომსახურე პერსონალის მიმართ, მომვლელები ძალიან აფასებენ, როდესაც მნახველები მათ მადლობას უხდიან. ამასთანავე, თუ კარგი ურთიერთობა გვექნება პერსონალთან, ისინი შეიძლება უფრო პატივისცემით მოეკიდონ თავშესაფარში მყოფი ხანდაზმული მოწმის რწმენასა და პრინციპებს.

ჩვენ პერსონალთან კარგი ურთიერთობის დამყარება იმითაც შეგვიძლია, თუ მათ რაიმე წვრილმანი საქმის შესასრულებლად დახმარებას შევთავაზებთ. ზოგან პერსონალის ნაკლებობა შეინიშნება, რის გამოც მოხუცებულებზე სათანადოდ ვერ ზრუნავენ. რებეკა, რომელიც მომვლელად მუშაობს, გვირჩევს: „საკვების მიღების დროს ნამდვილი აურზაურია. კარგი იქნება, თუ სწორედ ამ დროს მოინახულებთ თქვენს მეგობარს და დაეხმარებით მას“. ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს პერსონალისთვის იმის კითხვა, თუ კონკრეტულად რა მხრივ შეგვიძლია დახმარების გაწევა.

თუ რეგულარულად მოვინახულებთ ჩვენს დას ან ძმას, დავინახავთ, რა სჭირდება მას, და თუ პერსონალი ნებას დაგვრთავს, შევძლებთ მისთვის ამა თუ იმ სახის დახმარების აღმოჩენას. მაგალითად, შეიძლება იმით დავეხმაროთ მას, რომ ოთახი, სადაც ცხოვრობს, ახლობლების სურათებითა და ბავშვების ნახატებით გავულამაზოთ. შეგვიძლია, მზრუნველობა იმით გამოვხატოთ, რომ მას თბილი ხალათი ან ყოველდღიური მოხმარების საგნები მივუტანოთ. თუ მოხუცებულთა თავშესაფარს ეზო აქვს, შეგვიძლია ჩვენი მეგობარი სუფთა ჰაერზე გავიყვანოთ. ზემოთ მოხსენიებული ლორანსი ამბობს: „მადლენი ყოველკვირა მოუთმენლად ელის ჩემს მისვლას. როდესაც მასთან ბავშვებიც მიმყავს, მადლენი იღიმის და სიხარულისგან თვალები უბრწყინდება!“ მსგავსი ყურადღების გამოვლენა ძალიან ბევრს ნიშნავს მოხუცებულთა თავშესაფარში მყოფი ჩვენი და-ძმებისთვის (იგავ. 3:27).

ორმხრივი სარგებლობა

ხანდაზმულების რეგულარულმა მონახულებამ შეიძლება ჩვენი „სიყვარულის სიწრფელე“ გამოსცადოს (2 კორ. 8:8). რა გაგებით? შეიძლება ჩვენთვის მტკივნეული იყოს იმის დანახვა, თუ როგორ უარესდება ჩვენი მეგობრის ჯანმრთელობა. ლორანსი ამბობს: „თავიდან მადლენის მდგომარეობა ისე მოქმედებდა ჩემზე, რომ ყოველი ნახვის შემდეგ ვტიროდი. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ხშირი ლოცვა დაგვეხმარებოდა შიშის დაძლევაში და იმაში, რომ გამამხნევებელი ვყოფილიყავით მათთვის, ვისაც ვინახულებთ“. წლებია, რაც რობერტი აკითხავს ქრისტიან ძმას, ლარის, რომელსაც პარკინსონის დაავადება აქვს. რობერტი ამბობს: „ავადმყოფობამ იმხელა დაღი დაასვა ლარის, რომ მის ნათქვამ ვერც ერთ სიტყვას ვეღარ ვიგებ. მაგრამ როდესაც ჩვენ ერთად ვლოცულობთ, ვგრძნობ, რამდენად დიდია მისი რწმენა“.

როდესაც ვინახულებთ ხანდაზმულ და-ძმებს, ეს არა მხოლოდ მათთვისაა სასარგებლო, არამედ ჩვენთვისაც. ის, რომ მათ გადაწყვეტილი აქვთ, განსხვავებული მრწამსის მქონე ადამიანთა გარემოში ახლო ურთიერთობა შეინარჩუნონ იეჰოვასთან, გვასწავლის იმას, რომ გვქონდეს რწმენა და ვიყოთ გაბედულები. მათ ძლიერ სურთ, რომ სმენისა თუ მხედველობის დაქვეითების მიუხედავად მიიღონ სულიერი საზრდო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათ. 4:4). როდესაც ვხედავთ, თუ როგორ უხარიათ ჩვენს ხანდაზმულ და-ძმებს სულ უბრალო რაღაცეები, მაგალითად, ბავშვის ღიმილი ან საჭმლის ერთად ჭამა, ეს შეგვახსენებს, რომ ვიყოთ კმაყოფილები იმით, რაც გვაქვს. სულიერი ფასეულობებისადმი მათი განსაკუთრებული დამოკიდებულება გვეხმარება იმაში, რომ ცხოვრებაში სწორი პრიორიტეტები დავადგინოთ.

როდესაც მოხუცებულებს მხარში ვუდგავართ, ეს მთელი კრებისთვისაა სასარგებლო. რატომ შეგვიძლია ამის თქმა? რამდენადაც ფიზიკურად დაუძლურებულებს უფრო მეტად სჭირდებათ, იგრძნონ და-ძმების სიყვარული, ეს შესაძლებლობას აძლევს კრების წევრებს, უფრო მეტად გამოავლინონ თანაგრძნობა. ამიტომ, თითოეულმა ჩვენგანმა ხანდაზმულებზე ზრუნვას — თუნდაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში — ისე უნდა ვუყუროთ, როგორც ‘ერთმანეთის მსახურების’ ერთ-ერთ საშუალებას (1 პეტ. 4:10, 11). თუ უხუცესები ამ მხრივ ინიციატივას საკუთარ თავზე აიღებენ, კრების სხვა წევრებს დაეხმარებიან იმის დანახვაში, რომ ქრისტიანული მსახურების ეს მხარე არასოდეს გამორჩეთ მხედველობიდან (ეზეკ. 34:15, 16). მზადყოფნითა და სიყვარულით გაწეული ჩვენი მხარდაჭერით ხანდაზმულ და-ძმებს ვარწმუნებთ იმაში, რომ ისინი არ არიან დავიწყებულნი!

[სქოლიო]

^ აბზ. 8 როგორც კი კრების მდივანი შეიტყობს, რომ ძმა ან და სხვა კრების ტერიტორიაზე არსებულ მოხუცებულთა სახლში გადადის, მისი მხრიდან სიყვარულით გაწეული დახმარების გამოვლენა იქნებოდა, თუ ის დაუყოვნებლივ აცნობებდა ამის შესახებ იმ კრების უხუცესებს.

[ჩანართი 28 გვერდზე]

„როდესაც მომსახურე პერსონალი ხედავს, რომ ადამიანს მუდმივად ჰყავს მნახველები, მას უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ“

[სურათი 26 გვერდზე]

ჩვენი გულწრფელი ლოცვები დაეხმარება ჩვენს ხანდაზმულ და-ძმებს, დაიბრუნონ შინაგანი სიმშვიდე

[სურათი 26 გვერდზე]

როდესაც ჩვენი ხანდაზმული თანაქრისტიანების მიმართ სითბოს ვავლენთ, ეს აძლიერებს მათ