არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა სირთულეებს ხვდებიან დაქორწინებულები და მშობლები ამ ბოლო დღეებში?

რა სირთულეებს ხვდებიან დაქორწინებულები და მშობლები ამ ბოლო დღეებში?

რა სირთულეებს ხვდებიან დაქორწინებულები და მშობლები ამ ბოლო დღეებში?

„დრო ცოტაღა დარჩა“ (1 კორ. 7:29).

1. ა) რომელი „ძნელად ასატანი“ მოვლენები იყო ნაწინასწარმეტყველები ბიბლიაში? ბ) რატომ უნდა გვაღელვებდეს ის, რომ ოჯახური ფასეულობები ცვლილებებს განიცდის?

ღვთის სიტყვაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ „უკანასკნელ დროს“ იქნებოდა ომები, მიწისძვრები, შიმშილი და ეპიდემიები (დან. 8:17, 19; ლუკ. 21:10, 11). ბიბლია იმის შესახებაც გვაფრთხილებს, რომ კაცობრიობის ისტორიის ამ გადამწყვეტ პერიოდში დიდი სოციალური ცვლილებები მოხდებოდა. „ძნელად ასატან“ მოვლენებს შორის, რომლებიც ამ კრიტიკულ „ბოლო დღეებში“ იჩენდა თავს, ოჯახური პრობლემებიც იქნებოდა (2 ტიმ. 3:1—4). რატომ უნდა გვაღელვებდეს ასეთი ცვლილებები? იმიტომ, რომ ამ ცვლილებებმა იმდენად მოიცვა საზოგადოება და იმდენად დიდი გავლენა მოახდინა ადამიანების აზროვნებაზე, რომ ამან შეიძლება ქრისტიანებზეც იმოქმედოს — მათ შეიძლება არასწორი შეხედულება ჩამოუყალიბდეთ ქორწინებაზე და იმაზე, თუ რა როლი აკისრიათ მშობლებს. კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს?

2. ძირითადად, როგორი თვალსაზრისია გავრცელებული ქვეყნიერებაში ქორწინებასა და გაყრაზე?

2 დღეს, განქორწინება საკმაოდ ადვილად ხდება. მრავალ ქვეყანაში ძალიან სწრაფად იზრდება განქორწინებული წყვილების რაოდენობა. მაგრამ, ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა ღმერთის თვალსაზრისი ქორწინებასა და გაყრაზე სრულიად განსხვავდება ქვეყნიერებაში გავრცელებული შეხედულებისგან. მაშ, როგორ უყურებს იეჰოვა ამ საკითხს?

3. როგორ უყურებენ იეჰოვა და იესო ქრისტე ქორწინებას?

3 იეჰოვა ღმერთი დაქორწინებულებისგან მოელის, რომ ისინი თავიანთი საქორწინო აღთქმის ერთგულები დარჩებიან. როდესაც იეჰოვამ პირველი მამაკაცი და ქალი შეაუღლა, მან თქვა, რომ „კაცი . . . მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან“. მოგვიანებით იესო ქრისტემ გაიმეორა ეს სიტყვები და დასძინა: „ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“. შემდეგ იესომ თქვა: „თუ ცოლს სიძვა არ ჩაუდენია, ქმარი კი გაეყრება მას და სხვაზე დაქორწინდება, მრუშობს“ (დაბ. 2:24; მათ. 19:3—6, 9). აქედან გამომდინარე, იეჰოვა და იესო ქრისტე ქორწინებას უყურებენ როგორც მუდმივ კავშირს, რომელიც წყდება მხოლოდ მაშინ, როცა მეუღლეთაგან ერთ-ერთი კვდება (1 კორ. 7:39). რადგან ქორწინება წმინდა კავშირია, ქრისტიანი განქორწინებას ზედაპირულად არ უნდა ეკიდებოდეს. ღვთის სიტყვა გვიჩვენებს, რომ იეჰოვას სძულს გაყრა, რომელსაც ბიბლიური საფუძველი არ გააჩნია * (წაიკითხეთ მალაქიას 2:13—16; 3:6).

რა პასუხისმგებლობას აკისრებს ქორწინება ადამიანს?

4. რატომ ნანობს ზოგი ახალგაზრდა ქრისტიანი, რომ ნაჩქარევად დაქორწინდა?

4 უღვთო ქვეყნიერება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სექსზეა გადარეული. დღეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით უხამს გამოსახულებებს. ვერ უარვყოფთ, რომ ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენზე, განსაკუთრებით კი ჩვენს ძვირფას ახალგაზრდა და-ძმებზე. როგორ უნდა მოიქცნენ ახალგაზრდა ქრისტიანები, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ ასეთ არაჯანსაღ გავლენას, რომელმაც მათივე ნების საწინააღმდეგოდ მათში შეიძლება სექსუალური სურვილები აღძრას? ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ზოგი ძალიან ადრეულ ასაკში ქორწინდება. ასეთი სახით, ისინი იმედოვნებენ, რომ თავს აარიდებენ უზნეობის ჩადენას. მაგრამ, ბევრი მათგანი მალევე ნანობს, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგა და ნაადრევად დაქორწინდა. რატომ? იმიტომ, რომ შეუღლებიდან მალევე ისინი აცნობიერებენ, რომ ცოტა რამ აქვთ საერთო და ბევრ საკითხში საერთო ენას ვერ ნახულობენ. ამიტომ, გასაგებიცაა, რომ ასეთი წყვილები სერიოზული პრობლემის წინაშე დგებიან.

5. რა დაეხმარება წყვილს, რომ თავისი საქორწინო აღთქმის ერთგული დარჩეს? (იხილეთ აგრეთვე სქოლიო).

5 როდესაც ქორწინდებით ისეთ ვინმეზე — თუნდაც თანაქრისტიანზე — რომელიც სინამდვილეში ისეთი არ აღმოჩნდება, როგორსაც ელოდით, თქვენთვის ეს შეიძლება ნამდვილად ძნელი იყოს (1 კორ. 7:28). მაგრამ, რა რთული მდგომარეობაც არ უნდა იყოს ოჯახში, ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა იციან, რომ განქორწინება, რომელსაც ბიბლიური საფუძველი არ გააჩნია, არ არის სწორი გადაწყვეტილება; მათ ესმით, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებით ვერ გადაჭრიან ქორწინებაში არსებულ პრობლემებს, რაც მათ ბედნიერებას ხელს უშლის. ამიტომ, ისინი, ვინც მთელ ძალისხმევას ახმარენ იმას, რომ საქორწინო აღთქმის ერთგულები დარჩნენ და შეინარჩუნონ ოჯახი, ქრისტიანი და-ძმების პატივისცემას იმსახურებენ და კრების მიერ სიყვარულით გაწეულ დახმარებას საჭიროებენ *.

6. როგორ უნდა უყურებდნენ ახალგაზრდა ქრისტიანები დაქორწინების საკითხს?

6 ახალგაზრდა და დაუქორწინებელი ხართ? თუ ასეა, როგორ უნდა უყურებდეთ დაქორწინების საკითხს? თქვენ დიდ გულისტკივილს აირიდებთ, თუ მანამდე არ დაიწყებთ რომანტიკულ ურთიერთობას ქრისტიანთან, სანამ ფიზიკურად, გონებრივად და სულიერად არ იქნებით მზად ქორწინებისთვის. ცხადია, ბიბლია არ გვიდგენს იმ ასაკს, თუ როდიდან შეიძლება დაქორწინება *. თუმცა, ბიბლია გვიჩვენებს, რომ ჯობს მოიცადო მანამ, სანამ გაივლის ის დრო, როცა სექსუალური გრძნობები მოზღვავებულია (1 კორ. 7:36). რატომ ღირს მოცდა? იმიტომ, რომ სქესობრივმა ლტოლვამ შეიძლება განსჯის უნარი დაგაკარგვინოთ და მიგაღებინოთ არასწორი გადაწყვეტილება, რაც მომავალში გულისტკივილს მოგიტანდათ. გახსოვდეთ, რომ ბიბლიაში ჩაწერილია იეჰოვას ბრძნული რჩევები, რომლებიც თქვენს კეთილდღეობასა და ბედნიერებას ემსახურება (წაიკითხეთ ესაიას 48:17, 18).

რა პასუხისმგებლობა აკისრიათ მშობლებს?

7. ხშირად რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ახალგაზრდა წყვილი, და რატომ შეიძლება, რომ ამან დაძაბოს მათი ურთიერთობა?

7 ზოგიერთები, რომლებიც ადრეულ ასაკში ქორწინდებიან, მალევე ხდებიან მშობლები, მაშინ როცა ჯერ თვითონაც საკმაოდ ახალგაზრდები არიან. სინამდვილეში მათ არც კი ჰქონიათ დრო, რომ სათანადოდ გაეცნოთ ერთმანეთი ბავშვის დაბადებამდე, რომელიც 24 საათის განმავლობაში საჭიროებს ყურადღებას. გასაგებია, რომ ამ დროს დედას მთელი თავისი ყურადღება ძირითადად ახალშობილზე გადააქვს, რის გამოც ახალგაზრდა ქმარმა შეიძლება თავი მიტოვებულად იგრძნოს. ამასთანავე, უძილო ღამეებმა მშობლებზე შეიძლება იმდენად იმოქმედოს, რომ ამან, თავის მხრივ, შესაძლოა მათი ურთიერთობა დაძაბოს. ამ დროს წყვილი ხვდება, რომ მათ თავისუფალი დროის დიდი ნაწილი წაერთვათ. ახლა ისინი გრძნობენ, რომ ხელფეხშეკრულები არიან — აღარ შეუძლიათ წავიდნენ იქ, სადაც ადრე დადიოდნენ, და აკეთონ ის, რასაც ადრე აკეთებდნენ. როგორ უნდა შეხედონ მათ ამ ახალ სიტუაციას?

8. როგორ უნდა უყურონ მშობლებმა შვილების ყოლას და რატომ?

8 ისევე როგორც ქორწინებას, შვილის ყოლასაც ადამიანი დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს, რადგან ბავშვის აღზრდა ღვთისგან დაკისრებული საპასუხისმგებლო და, ამავე დროს, საპატიო დავალებაა. რა ცვლილებების მოხდენაც არ უნდა გამოიწვიოს ბავშვის დაბადებამ ქრისტიანი წყვილის ცხოვრებაში, მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ თავიანთი მოვალეობა პირნათლად შეასრულონ. ვინაიდან შვილის ყოლის უნარი ადამიანებს იეჰოვამ მისცა, მშობლები ახალშობილს ისე უნდა უყურებდნენ, როგორც „მემკვიდრეობას იეჰოვასგან“ (ფსალმ. 127:3). ქრისტიანი დედ-მამა მაქსიმალურად ეცდება, რომ თავიანთი ვალდებულება ისე შეასრულონ, როგორც შეჰფერით „მშობლებს უფალში“ (ეფეს. 6:1).

9. ა) რას მოითხოვს მშობლებისგან შვილის აღზრდა? ბ) რისი გაკეთება შეუძლია ქმარს იმისათვის, რომ ცოლმა სულიერი სიმტკიცე შეინარჩუნოს?

9 ბავშვის აღზრდა მშობლების მხრიდან წლების განმავლობაში უდიდესი მსხვერპლის — დროისა და ენერგიის გაღებას მოითხოვს. ქრისტიან ქმარს უნდა ესმოდეს, რომ ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში მის ცოლს კრების შეხვედრებზე შეიძლება წამდაუწუმ უწევდეს ყურადღების გადატანა ბავშვზე; ამასთანავე, მას შეიძლება დიდი დრო აღარ რჩებოდეს ბიბლიის პირადი შესწავლისა და ფიქრისთვის. ამან შეიძლება ქრისტიანი დედა სულიერად დაასუსტოს. ქმრის პასუხისმგებლობაში შედის ის, რომ ყველანაირად შეეცადოს, დაეხმაროს ცოლს ბავშვის მოვლაში. გარდა ამისა, ქმარს სახლში შეუძლია გაუზიაროს ცოლს ის აზრები, რომლებიც ცოლმა კრების შეხვედრაზე შესაძლოა ვერ მოისმინა. აგრეთვე, მას შეუძლია დაიტოვოს ბავშვი და ცოლს მისცეს შესაძლებლობა, რომ სრულად მიიღოს მონაწილეობა მსახურებაში (წაიკითხეთ ფილიპელების 2:3, 4).

10, 11. ა) რა უნდა გააკეთონ მშობლებმა იმისთვის, რომ შვილები ‘იეჰოვას მოსაწონად დაარიგონ’? ბ) რატომ იმსახურებს შექებას მრავალი ქრისტიანი მშობელი?

10 მშობლების პასუხისმგებლობაში უფრო მეტი რამ შედის, ვიდრე მხოლოდ ის, რომ ბავშვი საკვებით, ტანსაცმლითა და თავშესაფრით უზრუნველყონ და იზრუნონ მის ჯანმრთელობაზე. ამ საშიშ დროში, ბავშვებს განსაკუთრებით სჭირდებათ, რომ ადრეული ასაკიდანვე ისწავლონ ზნეობრივი პრინციპებით ცხოვრება. მშობლებმა შვილები ‘იეჰოვას მოსაწონად უნდა აღზარდონ და დაარიგონ’ (ეფეს. 6:4). „დარიგებაში“ იგულისხმება ის, რომ დედ-მამამ შვილს ჩვილობიდან ჩაუნერგოს იეჰოვას აზრები და ასეთი დასწავლება გარდატეხის ასაკშიც არ მოაკლოს (2 ტიმ. 3:14, 15).

11 როდესაც იესომ უთხრა თავის მიმდევრებს, რომ ‘მოწაფეებად მოემზადებინათ ხალხი ყველა ერიდან’, ამაში ის, ცხადია, იმასაც გულისხმობდა, რომ მშობლები უნდა დახმარებოდნენ თავიანთ შვილებს, რომ იესოს მოწაფეები გამხდარიყვნენ (მათ. 28:19, 20). ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან ქვეყნიერება ახალგაზრდებზე დიდ გავლენას ახდენს. ამიტომ, ის მშობლები, რომელთა შვილებიც ღვთის მსახურები ხდებიან, კრების მხრიდან ნამდვილად იმსახურებენ შექებას. მშობლები, რომლებიც მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ ვალდებულებას, რწმენითა და ერთგულებით ‘სძლევენ’ ქვეყნიერების გავლენას (1 იოან. 5:4).

ისინი ღირსეული მიზნისთვის ამბობენ უარს დაქორწინებასა და შვილების ყოლაზე

12. რატომ არჩევს ზოგი ქრისტიანი, რომ გარკვეული დროის განმავლობაში არ დაქორწინდეს?

12 რადგან „დრო ცოტაღა დარჩა“ და ‘ეს ქვეყნიერებაც ცვალებადია’, ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, რომ კარგად დავფიქრდეთ იმ დადებით მხარეებზე, რაც თან ახლავს დაუქორწინებლობას (1 კორ. 7:29—31). ამიტომ, ზოგი ქრისტიანი არჩევს, რომ მთელი ცხოვრების ან გარკვეული დროის განმავლობაში არ დაქორწინდეს. საქებარია, რომ ასეთ თავისუფლებას ისინი პირადი მიზნებისთვის არ იყენებენ. მრავალი იმიტომ არ ქმნის ოჯახს, რომ სურს, იეჰოვას ‘მოუცდენლად ემსახუროს’ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 7:32—35). ზოგი დაუქორწინებელი ქრისტიანი პიონერად ან ბეთელში მსახურობს. ზოგ ძმას სურს, რომ უფრო გამოსადეგი იყოს იეჰოვას ორგანიზაციისთვის და მიზნად ისახავს, მსახურებაში დახელოვნების სკოლა გაიაროს. ისინი, ვინც სრული დროით მსახურობდნენ და შემდეგ დაქორწინდნენ, ხშირად გრძნობენ, რომ მათ ქორწინებაზე დადებითად აისახება ის ძვირფასი გამოცდილება, რომელიც მათ წინა წლებში შეიძინეს.

13. რატომ ამბობს ზოგი ქრისტიანი წყვილი უარს ბავშვების ყოლაზე?

13 მსოფლიოს ზოგ ქვეყანაში ოჯახურ ცხოვრებაში ერთი ასეთი ცვლილება შეინიშნება — მრავალი წყვილი არჩევს, რომ შვილები არ იყოლიონ. ზოგი ამ გადაწყვეტილებას სიდუხჭირის გამო იღებს, ზოგს კი სურს, რომ არაფერმა შეუშალოს ხელი კარიერის შექმნაში. ქრისტიანებს შორისაც არიან ისეთები, რომლებიც შეგნებულად ამბობენ უარს შვილების ყოლაზე. თუმცა, ისინი ხშირ შემთხვევაში იმ მიზეზით იღებენ ასეთ გადაწყვეტილებას, რომ იეჰოვას მსახურებას უფრო მეტი დრო დაუთმონ. ცხადია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი წყვილები მოკლებულნი არიან ნორმალურ ოჯახურ ცხოვრებას. უბრალოდ, ისინი მზად არიან, რომ სამეფოს ინტერესების გულისთვის შეგნებულად თქვან უარი ზოგ ისეთ რამეზე, რის საშუალებასაც ოჯახური ცხოვრება იძლევა (1 კორ. 7:3—5). ასეთი წყვილებიდან ზოგი მიმოსვლით მსახურებაშია, ზოგი კი ბეთელში მსახურობს, და ასეთი სახით ისინი იეჰოვასა და თავიანთ ძმებს ემსახურებიან. სხვები პიონერებად ან მისიონერებად მსახურობენ. იეჰოვა არასოდეს დაივიწყებს მათ შრომასა და სიყვარულს, რომელსაც ისინი მისი სახელისთვის ავლენენ (ებრ. 6:10).

„ხორციელი გასაჭირი“

14, 15. რა „ხორციელ გასაჭირს“ შეიძლება შეხვდნენ ქრისტიანი მშობლები?

14 პავლე მოციქულმა უთხრა დაქორწინებულ ქრისტიანებს, რომ მათ ექნებოდათ „ხორციელი გასაჭირი“ (1 კორ. 7:28). ამაში შეიძლება იგულისხმებოდეს როგორც მათი, ისე მათი შვილებისა და ასაკოვანი მშობლების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. „ხორციელ გასაჭირში“ აგრეთვე შეიძლება შედიოდეს ის სირთულეები და გულისტკივილი, რომლებიც თან ახლავს ბავშვის აღზრდას. როგორც სტატიის დასაწყისშიც იყო ნახსენები, ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ „ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო“ დადგებოდა. ამ რთულ პერიოდში ერთ-ერთი სიძნელე ისიც იქნებოდა, რომ ბავშვები „მშობლების ურჩები“ იქნებოდნენ (2 ტიმ. 3:1—3).

15 შვილების აღზრდა ქრისტიანი მშობლებისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს. ჩვენ არა ვართ დაცულნი ამ „მძიმე დროში“ არსებული საზიანო გავლენისგან. ამიტომ, ქრისტიანი მშობლები გამუდმებით უნდა ეწინააღმდეგებოდნენ ქვეყნიერების იმ გავლენას, რასაც მათ შვილებზე შეუძლია ზემოქმედება (ეფეს. 2:2, 3). სამწუხაროდ, ამ ბრძოლაში მშობლები ყოველთვის როდი იმარჯვებენ! თუ შვილი უარს ამბობს იეჰოვას მსახურებაზე, ეს მართლაც „გასაჭირია“ მშობლებისთვის, რომლებიც ცდილობდნენ, შვილი ღვთის ჭეშმარიტების თანახმად აღეზარდათ (იგავ. 17:25).

„იქნება დიდი გასაჭირი“

16. რა „გასაჭირი“ იწინასწარმეტყველა იესომ?

16 შვილების აღზრდასთან თუ სხვა ოჯახური პასუხისმგებლობების შესრულებასთან დაკავშირებით რა „გასაჭირსაც“ არ უნდა შეხვდეს წყვილი, ეს არაფერია იმ დიდ გასაჭირთან შედარებით, რომელიც მომავალში დაიწყება. როდესაც იესომ წარმოთქვა წინასწარმეტყველება თავისი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის შესახებ, მან თქვა: „იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან დღემდე და აღარც იქნება“ (მათ. 24:3, 21). მოგვიანებით იესომ აღნიშნა, რომ ამ „დიდ გასაჭირს“ უამრავი ხალხი გადაიტანდა. თუმცა, მანამდე სატანის სისტემა საბოლოო იერიშს მიიტანს იეჰოვას მშვიდობიან მოწმეებზე. ფაქტია, რომ ეს ძალიან რთული დრო იქნება თითოეული ჩვენგანისთვის — როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.

17. ა) რატომ უნდა ვუყურებდეთ მომავალს იმედის თვალით? ბ) რა უნდა ახდენდეს გავლენას ჩვენს გადაწყვეტილებაზე დაქორწინებასა და შვილების ყოლასთან დაკავშირებით?

17 მიუხედავად ამისა, ჩვენ ზედმეტად არ უნდა ვნერვიულობდეთ ამ მოვლენების გამო. იეჰოვას ერთგულ მშობლებს შეუძლიათ იმის იმედი ჰქონდეთ, რომ თავიანთ შვილებთან ერთად დაცულნი იქნებიან (წაიკითხეთ ესაიას 26:20, 21; სოფ. 2:2, 3; 1 კორ. 7:14). ამიტომ, იმის ცოდნამ, რომ მძიმე დროში ვცხოვრობთ, გავლენა უნდა იქონიოს იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ამ ბოლო დღეებში დაქორწინებასა და შვილების ყოლასთან დაკავშირებით (2 პეტ. 3:10—13). ამგვარად, ჩვენი ცხოვრებით — ვიქნებით დაქორწინებულები თუ დაუქორწინებლები, ან გვეყოლება შვილები თუ არა — პატივსა და დიდებას მივაგებთ იეჰოვასა და ჩვენს ქრისტიანულ კრებას.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 იხილეთ წიგნი „იცხოვრეთ იეჰოვას დღის მოლოდინით“, ქვესათაური „მას სძულს გაყრა“, გვერდი 125.

^ აბზ. 5 მათთვის, ვისაც ოჯახში პრობლემები აქვთ, დამხმარე იქნება იმ სტატიების წაკითხვა, რომლებიც მოცემულია 2003 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკსა“ და 2001 წლის 8 იანვრის „გამოიღვიძეთ!“-ში.

^ აბზ. 6 იხილეთ წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, თავი 30 სათაურით „მზად ვარ ქორწინებისთვის?“

გასამეორებლად

• რატომ არ უნდა იჩქარონ ახალგაზრდა ქრისტიანებმა დაქორწინება?

• რა შედის ბავშვის აღზრდაში?

• რატომ არჩევს მრავალი ქრისტიანი, რომ არ დაქორწინდეს, ან თუ დაქორწინებულია, შვილები არ იყოლიოს?

• რა „გასაჭირის“ წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ ქრისტიანი მშობლები?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 17 გვერდზე]

რატომ არის გონივრული, რომ ახალგაზრდა ქრისტიანებმა არ იჩქარონ დაქორწინება?

[სურათი 18 გვერდზე]

ქმარს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ცოლის დასახმარებლად, რომ მან შეძლოს სულიერ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება

[სურათი 19 გვერდზე]

რატომ არჩევს ზოგი ქრისტიანი წყვილი, რომ არ ჰყავდეთ შვილები?