არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდის ცხოვრებას ღირებულს?

რა ხდის ცხოვრებას ღირებულს?

რა ხდის ცხოვრებას ღირებულს?

„ჭეშმარიტი ღვთის გეშინოდეს და მისი მცნებები დაიცავი“ (ეკლ. 12:13).

1, 2. რაში დაგვეხმარება „ეკლესიასტეს“ წიგნის განხილვა?

წარმოიდგინეთ კაცი, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი არ აკლია. ის არის ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და თავის თაობაში ყველაზე ჭკვიანი ადამიანი. და მაინც, თავისი მიღწევების მიუხედავად ის ეკითხება საკუთარ თავს: „რა ხდის ცხოვრებას ღირებულს?“

2 ასეთი კაცი ნამდვილად არსებობდა. ის დაახლოებით 3 000 წლის წინ ცხოვრობდა და მას სოლომონი ერქვა. წიგნ „ეკლესიასტეში“ ის აღწერს, თუ როგორ ეძიებდა კმაყოფილებას (ეკლ. 1:13). ჩვენ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია სოლომონის გამოცდილებიდან. „ეკლესიასტეში“ მოცემული სიბრძნე დაგვეხმარება ისეთი მიზნების დასახვაში, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ნამდვილ აზრს შესძენს.

„ქარის დევნა“

3. რა სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ?

3 სოლომონი გვიხსნის, რომ ღმერთმა უამრავი მშვენიერი რამ შექმნა დედამიწაზე, რაც ჩვენში უსაზღვრო აღტაცებასა და ისეთ დიდ ინტერესს იწვევს, რომ მათი სილამაზით ტკბობა არასდროს მოგვწყინდება. თუმცა, ჩვენი სიცოცხლე იმდენად ხანმოკლეა, რომ ღვთის შემოქმედების გამოკვლევის დაწყებასაც კი ვერ ვასწრებთ (ეკლ. 3:11; 8:17). როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, ჩვენი ცხოვრება დღემოკლეა და ჩვენი წლები სწრაფად მიქრის (იობ. 14:1, 2; ეკლ. 6:12). ამ სამწუხარო რეალობამ იმისკენ უნდა აღგვძრას, რომ ცხოვრება ბრძნულად განვლოთ. თუმცა ეს ადვილი არ არის, რადგან სატანის ქვეყნიერებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენზე, რომ არასწორი გზით ვიაროთ.

4. ა) რაზე მიუთითებს „ამაოებად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა? ბ) ადამიანის რა მისწრაფებებზე ვისაუბრებთ ამ სტატიაში?

4 იმის ხაზგასასმელად, რომ არსებობს საშიშროება, ადამიანმა ცხოვრება სრულიად უაზროდ გალიოს, სოლომონმა წიგნ „ეკლესიასტეში“ დაახლოებით 30-ჯერ გამოიყენა სიტყვა „ამაოება“. „ამაოებად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა მიუთითებს იმაზე, რაც არის ცარიელი, ფუჭი, აზრს მოკლებული, არარსებული და ის, რაც დროთა განმავლობაში ფასს კარგავს (ეკლ. 1:2, 3). ზოგჯერ სოლომონი სიტყვა „ამაოების“ სინონიმად იყენებს გამოთქმას „ქარის დევნა“ (ეკლ. 1:14; 2:11). ცხადია, ნებისმიერი მცდელობა იმისა, რომ ადამიანმა ქარი დაიჭიროს, ამაოა. ვინც არ უნდა ეცადოს ამის გაკეთებას, ვერაფერს გახდება. ასეთივე იმედგაცრუება მოჰყვება არაგონივრული მიზნებისკენ სწრაფვას. ამ ქვეყნიერებაში სიცოცხლე იმდენად ხანმოკლეა, რომ არ ღირს ის ისეთ რამეს შევალიოთ, რაც არაფერს მოგვიტანს. ამიტომ, ასეთი შეცდომებისგან რომ ვიყოთ დაზღვეული, მოდი დავფიქრდეთ იმ ზოგიერთ რამეზე, რისკენაც სოლომონი სხვა ადამიანების მსგავსად ისწრაფოდა, და ვნახოთ, რისი სწავლა შეგვიძლია აქედან. პირველ რიგში ვისაუბრებთ ადამიანის მისწრაფებაზე, რომ მიიღოს სიამოვნება და დააგროვოს ქონება. ამის შემდეგ კი შევეხებით იმას, თუ რომელი საქმეა ადამიანისთვის ყველაზე ღირებული.

მოგვიტანს ბედნიერებას სიამოვნების ძიება?

5. რაში ეძებდა სოლომონი სიამოვნებას?

5 დღეს მცხოვრები მრავალი ადამიანის მსგავსად სოლომონიც ცდილობდა კმაყოფილება მიეღო იმით, რომ ცხოვრებაში სიამოვნება არ მოეკლო. ის წერს: „გულისთვის არანაირი სიხარული არ დამიკლია“ (ეკლ. 2:10). რაში ეძებდა ის სიამოვნებას? როგორც ეკლესიასტეს მე-2 თავიდან ვიგებთ, ის ‘სხეულს ღვინით იხალისებდა’, თუმცა ამავე დროს ზომიერებას არ კარგავდა. ის ბაღ-ვენახებს აშენებდა, სასახლეებს აგებდა, მუსიკას უსმენდა და გემრიელ საკვებს მიირთმევდა.

6. ა) რატომ შეიძლება ითქვას, რომ ცუდი არაფერია იმაში, თუ ადამიანი გაერთობა და დაისვენებს? ბ) რატომ უნდა ვავლენდეთ ზომიერებას გართობის დროს?

6 კრძალავს ბიბლია მეგობრებთან სასიამოვნო დროის გატარებას? სრულებითაც არა. მაგალითად, სოლომონი აღნიშნავს, რომ სასიამოვნო გარემოში დამქანცველი სამუშაოს შემდეგ საკვების მიღება ღვთისგან ნაბოძები ძღვენია (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 2:24; 3:12, 13). იეჰოვა თავადაც ეუბნება ახალგაზრდებს, რომ ‘გაიხარონ და გულმა სიკეთე უყოს მათ’, ოღონდ ეს ისე უნდა გააკეთონ, რომ ღვთის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობდნენ (ეკლ. 11:9). ჩვენ გვჭირდება დასვენება და ჯანსაღი გართობა (შეადარეთ მარკოზის 6:31). თუმცაღა, გართობა ჩვენი ცხოვრების მთავარ მიზნად არ უნდა იქცეს. დასვენება სადილის ბოლოს მირთმეული დესერტის მსგავსი უნდა იყოს და არა მთავარი კერძის მსგავსი. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ როგორი გემრიელიც არ უნდა იყოს დესერტი, თუ სხვას არაფერს შეჭამთ, ის მალევე მოგბეზრდებათ, თანაც მხოლოდ დესერტით ვერ დანაყრდებით. იგივე შეიძლება ითქვას დასვენებაზე. დაკვირვების შედეგად სოლომონმა დაინახა, რომ სიამოვნებაზე აგებული ცხოვრება „ქარის დევნა“ იყო (ეკლ. 2:10, 11).

7. რატომ უნდა დავფიქრდეთ, თუ როგორ გართობას ვირჩევთ?

7 ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სახის გართობა არ არის სასარგებლო ადამიანისთვის. მრავალი სახის გართობა აშკარად საზიანოა როგორც სულიერი, ისე ზნეობრივი თვალსაზრისით. მილიონობით ადამიანმა დიდი ტკივილი მიაყენა საკუთარ თავს მხოლოდ იმიტომ, რომ სურდათ „კარგი დრო გაეტარებინათ“, რისთვისაც ნარკოტიკებს იყენებდნენ, გადაჭარბებულად სვამდნენ ან აზარტული თამაშებით ერთობოდნენ. იეჰოვა სიყვარულით გვაფრთხილებს, რომ არ დავუშვათ, ჩვენმა გულმა და თვალმა გვაცდუნოს და გაგვაკეთებინოს ის, რაც საზიანოა, თორემ ცუდ შედეგებს მოვიმკით (გალ. 6:7).

8. რატომ არის გონივრული, რომ დავფიქრდეთ ჩვენს ცხოვრებაზე?

8 გარდა ამისა, თუ სიამოვნებას ვართ გადაყოლილნი, შეიძლება მხედველობიდან გამოგვრჩეს ის, რაც უფრო მნიშვნელოვანია. გახსოვდეთ, ცხოვრება სწრაფად მიქრის და არავის გვაქვს იმის გარანტია, რომ ჩვენს ხანმოკლე სიცოცხლეში ყოველთვის კარგი ჯანმრთელობა გვექნება და პრობლემებს არასოდეს შევხვდებით. სწორედ ამიტომ, როგორც სოლომონმა შემდგომ აღნიშნა, ჩვენთვის უფრო სასარგებლო იქნებოდა, დავსწრებოდით დაკრძალვას — განსაკუთრებით ჩვენი ერთგული ქრისტიანი დის ან ძმის — ვიდრე წავსულიყავით „მხიარულების სახლში“ (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 7:2, 4). რატომ ვამბობთ ამას? როდესაც ვისმენთ დაკრძალვის დროს წარმოთქმულ მოხსენებას და ვფიქრობთ იეჰოვას გარდაცვლილი ერთგული მსახურის განვლილ წლებზე, ამან შეიძლება აღგვძრას, რომ ჩვენც დავფიქრდეთ საკუთარ ცხოვრებაზე. ამის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ საჭიროა ზოგი რამ შევცვალოთ ცხოვრებაში, რათა დარჩენილი წლები გონივრულად განვლოთ (ეკლ. 12:1).

მოგვიტანს სიმდიდრე კმაყოფილებას?

9. რაში დარწმუნდა სოლომონი?

9 სოლომონი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო, როცა მან „ეკლესიასტე“ დაწერა (2 მატ. 9:22). მან ყველაფერი შეიძინა, რაც კი სურდა. „რაც კი თვალმა მთხოვა, უარი არაფერზე მითქვამს“, — დაწერა სოლომონმა (ეკლ. 2:10). მიუხედავად ამისა, მან დაინახა, რომ ამ ყოველივეს თავისთავად არ მოაქვს კმაყოფილება. მან დაასკვნა: „ვერცხლის მოყვარული ვერცხლით ვერ გაძღება, ვერც სიმდიდრის მოყვარული გაძღება შემოსავლით“ (ეკლ. 5:10).

10. რას მოაქვს ნამდვილი კმაყოფილება და სიმდიდრე?

10 მიუხედავად იმისა, რომ სიმდიდრე წარმავალია, ის მაინც ძლიერ იზიდავს ადამიანს. შეერთებულ შტატებში ბოლო დროს ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტების 75 პროცენტის მთავარი მიზანი ცხოვრებაში გამდიდრებაა. კიდევაც რომ მიაღწიონ თავიანთ მიზანს, იქნებიან კი ისინი ნამდვილად ბედნიერები? ალბათ, არა. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მატერიალიზმისკენ სწრაფვა ხელს უშლის ადამიანს, იყოს ბედნიერი და კმაყოფილი. სოლომონმა უკვე დიდი ხნის წინ გამოიტანა ასეთი დასკვნა. მან დაწერა: „დავიგროვე ოქრო-ვერცხლი და მეფეთა . . . განძი . . . აი, ამაოება ყოფილა ყველაფერი და ქარის დევნა“ * (ეკლ. 2:8, 11). ამის საპირისპიროდ, თუ ჩვენს სიცოცხლეს იეჰოვას მივუძღვნით და მთელი გულით ვემსახურებით მას, მისგან კურთხევებს მივიღებთ და ამგვარად, ნამდვილ სიმდიდრეს შევიძენთ (წაიკითხეთ იგავების 10:22).

რომელ საქმეს მოაქვს ნამდვილი კმაყოფილება?

11. რას ამბობს ბიბლია ღირებულ საქმეებთან დაკავშირებით?

11 იესომ თქვა: „მამაჩემი აქამდე შრომობს და მეც ვშრომობ“ (იოან. 5:17). უდავოა, რომ იეჰოვა და იესო ქრისტე კმაყოფილებას იღებენ იმ საქმეებიდან, რასაც აკეთებენ. ბიბლია გვიჩვენებს, რომ იეჰოვას კმაყოფილება მიანიჭა შემოქმედებითმა საქმეებმა. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „დაინახა ღმერთმა ყველაფერი, რაც შექმნა, და, აი, ყოველივე ძალიან კარგი იყო“ (დაბ. 1:31). ანგელოზები „ყიჟინებდნენ“, როცა დაინახეს ის, რაც იეჰოვამ გააკეთა (იობ. 38:4—7). სოლომონსაც ესმოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ღირებული საქმის კეთება (ეკლ. 3:13).

12, 13. ა) როგორ გამოხატა ორმა პიროვნებამ კმაყოფილება, რომელსაც გულმოდგინე შრომა ანიჭებთ? ბ) რატომ შეიძლება, რომ ზოგჯერ სამუშაო იმედგაცრუების მიზეზი გახდეს?

12 მრავალ ადამიანს ესმის, რამდენად კმაყოფილების მომტანია გულმოდგინე შრომა. მაგალითად, ხოსე, რომელიც ცნობილი მხატვარია, ამბობს: „როდესაც ტილოზე გადაგაქვს ის, რაც გონებაში გქონდა წარმოდგენილი, ისეთი გრძნობა გეუფლება, რომ თითქოს მაღალი მწვერვალი დაიპყარი“. ერთი ბიზნესმენი, სახელად მიგელი *, აღნიშნავს: „მუშაობას კმაყოფილება მოაქვს, რადგან შეგიძლია, არჩინო ოჯახი. გარდა ამისა, დიდ კმაყოფილებას განიჭებს იმ მიზნების მიღწევა, რომლებსაც ისახავ“.

13 მეორე მხრივ, მრავალი საქმე ერთფეროვანია და ადამიანს შემოქმედებითი უნარის გამოვლენის არცთუ ისე დიდ შესაძლებლობას აძლევს. ზოგჯერ ადამიანი თავად სამსახურში ხვდება იმედგაცრუებას და სწორედ იქ აწყდება უსამართლობას. როგორც სოლომონი აღნიშნავს, ხშირად შეიძლება ზარმაცმა — რომელსაც შესაძლოა გავლენიანი მეგობრები ჰყავს — ჩაიგდოს ხელში ის, რაც გამრჯე ადამიანს ეკუთვნის (ეკლ. 2:21). არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებმაც შეიძლება ადამიანი გულგატეხილობამდე მიიყვანოს. მან, ვისაც კარგად აწყობილი ბიზნესი აქვს, შეიძლება ფინანსური კრახი განიცადოს იმის გამო, რომ გაუთვალისწინებელმა მოვლენებმა ქვეყნის ეკონომიკის დაცემა განაპირობა (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 9:11). ხშირად ისე ხდება, რომ ადამიანი, რომელიც ბევრს შრომობს ცხოვრებაში რაღაცის მისაღწევად, ბოლოს გულგატეხილი და იმედგაცრუებული რჩება და ხვდება, რომ ის მხოლოდ „ქარისთვის ირჯებოდა“ (ეკლ. 5:16).

14. რომელია ის საქმე, რომელსაც ყოველთვის მოაქვს ნამდვილი კმაყოფილება?

14 არსებობს ისეთი საქმე, რომელიც არასოდეს გაგაწბილებთ? ზემოთ მოხსენიებული ხოსე აღნიშნავს: „ფერწერული ნამუშევრები წლების განმავლობაში შეიძლება დაიკარგოს ან განადგურდეს. სულიერ საქმეებს კი, რომლებსაც ვასრულებთ, ასეთი რამ არ ემუქრება. იეჰოვას მორჩილებითა და სასიხარულო ცნობის ქადაგებით საფუძველს ვუყრი იმას, რაც მუდმივია — ვეხმარები ადამიანებს, ღვთისმოშიში ქრისტიანები გახდნენ. ეს საქმე ფასდაუდებელია“ (1 კორ. 3:9—11). მიგელიც იმავე აზრისაა. ის ამბობს, რომ სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებას მისთვის გაცილებით მეტი კმაყოფილება მოაქვს, ვიდრე სამსახურს. „ვერაფერი შეედრება იმ სიხარულს, რასაც განიცდი მაშინ, როცა ვინმეს ბიბლიურ ჭეშმარიტებას უზიარებ და ხედავ, თუ როგორ ეხება ის მის გულს“, — ამბობს მიგელი.

„წყალს გაატანე შენი პური“

15. რა ხდის ცხოვრებას ნამდვილად ღირებულს?

15 ამ ყოველივეს შემდეგ, რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ? რა ხდის ცხოვრებას ნამდვილად ღირებულს? ჩვენ ნამდვილ კმაყოფილებას ვიგრძნობთ, თუ იმ ხანმოკლე დროს, რომელიც ამ ქვეყნიერებაში გვაქვს, სიკეთის საკეთებლად და იეჰოვას გულის გასახარად გამოვიყენებთ. ჩვენ შეგვიძლია, ახლო ურთიერთობა განვავითაროთ ღმერთთან, სულიერი ფასეულობები ჩავუნერგოთ შვილებს, დავეხმაროთ სხვებს, გაიცნონ იეჰოვა, და დავუახლოვდეთ და-ძმებს, რომლებთან მეგობრობაც მარადიულად გაგრძელდება (გალ. 6:10). ამ ყოველივეს მუდმივი ფასეულობა აქვს და კურთხევები მოაქვს. სოლომონმა ძალიან საინტერესო შედარება მოიყვანა იმის საჩვენებლად, რომ სიკეთის კეთება ნამდვილად ღირს. მან თქვა: „წყალს გაატანე შენი პური და მრავალი დღის შემდეგ კვლავ იპოვი მას“ (ეკლ. 11:1). იესომ თავის მოწაფეებს მოუწოდა: „გაეცით და მოგეცემათ“ (ლუკ. 6:38). უფრო მეტიც, იეჰოვა თავად იძლევა დაპირებას, რომ კურთხევებს არ მოაკლებს მათ, ვინც სხვებს სიკეთეს უკეთებს (იგავ. 19:17; წაიკითხეთ ებრაელების 6:10).

16. როდის არის საუკეთესო დრო იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, რა გზა ავირჩიოთ ცხოვრებაში?

16 ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ახალგაზრდობაშივე მივიღოთ ბრძნული გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზას ავირჩევთ ცხოვრებაში. ასეთი სახით, ჩვენ თავიდან ავირიდებთ იმ გულგატეხილობას, რასაც შეიძლება მომავალში შევხვედროდით (ეკლ. 12:1). რა სამწუხარო იქნებოდა, თუ ჩვენი სიცოცხლის საუკეთესო წლებს იმას შევალევდით, რაც ამ ქვეყნიერებაში მიმზიდველია, და ბოლოს აღმოვაჩენდით, რომ ეს ყოველივე სხვა არაფერი იყო, თუ არა „ქარის დევნა“!

17. რა დაგეხმარებათ, რომ ცხოვრებაში საუკეთესო გზა აირჩიოთ?

17 მოსიყვარულე მშობლის მსგავსად იეჰოვასაც სურს, რომ გაიხაროთ ცხოვრებით, აკეთოთ კარგი საქმეები და თავიდან აირიდოთ ზედმეტი გულისტკივილი (ეკლ. 11:9, 10). რა დაგეხმარებათ ამაში? დაისახეთ სულიერი მიზნები და ყველაფერი გააკეთეთ მათ მისაღწევად. დაახლოებით 20 წლის წინ ხავიერი გადაწყვეტილების წინაშე იდგა — ან სამედიცინო კარიერა უნდა აერჩია, ან სრული დროით მსახურება. „მართალია, ექიმის პროფესიას კმაყოფილება მოაქვს, მაგრამ ვერაფერი შეედრება იმ სიხარულს, რაც მომანიჭა იმან, რომ რამდენიმე ადამიანს ჭეშმარიტების გაგებაში დავეხმარე, — ამბობს ის. — სრული დროით მსახურება იმის საშუალებას მაძლევს, რომ სრულად გავიხარო ცხოვრებით. მხოლოდ იმას ვნანობ, რომ უფრო ადრე არ დავიწყე ასეთი სახის მსახურება“.

18. რატომ იყო იესოს ცხოვრება ასე ღირებული?

18 მაშ, რა არის ყველაზე ძვირფასი რამ, რისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ? „ეკლესიასტეს“ წიგნში ვკითხულობთ: „კარგი სახელი სჯობია კარგ ზეთს, სიკვდილის დღე — დაბადების დღეს“ (ეკლ. 7:1). ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ყველაზე უკეთ იესოს ცხოვრება ადასტურებს. მან განსაკუთრებული სახელი დაიმკვიდრა იეჰოვას წინაშე. როდესაც იესო სიკვდილამდე ერთგული დარჩა, ამით მან გაამართლა თავისი მამის უზენაესობა, ხოლო ჩვენ უზრუნველგვყო გამოსასყიდით და გადარჩენის შესაძლებლობა მოგვცა (მათ. 20:28). დედამიწაზე თავისი ხანმოკლე სიცოცხლის დროს იესომ ნამდვილად ღირებული ცხოვრების სრულყოფილი მაგალითი დაგვიტოვა, რომლის მიბაძვასაც ყველანაირად უნდა ვცდილობდეთ (1 კორ. 11:1; 1 პეტ. 2:21).

19. რა ბრძნული რჩევა მოგვცა სოლომონმა?

19 ჩვენც შეგვიძლია, კარგი სახელი მოვიპოვოთ ღვთის წინაშე. იეჰოვას თვალში კარგი სახელი ბევრად უფრო ძვირფასია, ვიდრე სიმდიდრე (წაიკითხეთ მათეს 6:19—21). ჩვენ ყოველდღე შეგვიძლია ვაკეთოთ ის, რაც კარგია იეჰოვას თვალში, ეს კი ჩვენს ცხოვრებას გაამდიდრებს. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია სასიხარულო ცნობა გავუზიაროთ სხვებს, განვამტკიცოთ ჩვენი ოჯახი და პირადი შესწავლითა და კრებებზე დასწრებით სულიერად გავიზარდოთ (ეკლ. 11:6; ებრ. 13:16). მაშ, გსურთ თუ არა, რომ ნამდვილად ღირებული ცხოვრება გქონდეთ? თუ დიახ, მაშინ მიჰყევით სოლომონის რჩევას: „ჭეშმარიტი ღვთის გეშინოდეს და მისი მცნებები დაიცავი, რადგან ეს არის ადამიანის ვალდებულება“ (ეკლ. 12:13).

[სქოლიოები]

^ აბზ. 10 სოლომონს ყოველწლიურად 666 ტალანტი (22 000 კგ.) ოქრო შესდიოდა (2 მატ. 9:13).

^ აბზ. 12 სახელი შეცვლილია.

როგორ უპასუხებთ?

• რამ უნდა დაგვაფიქროს სერიოზულად იმაზე, თუ რა მიზნებს ვისახავთ ცხოვრებაში?

• როგორ უნდა ვუყურებდეთ სიამოვნებისა და ქონების დაგროვებისკენ სწრაფვას?

• რომელ საქმეს მოაქვს მუდმივი კმაყოფილება?

• რა არის ის ძვირფასი რამ, რის შეძენასაც უნდა ვცდილობდეთ?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 23 გვერდზე]

რა ადგილი უნდა ეკავოს გართობას ჩვენს ცხოვრებაში?

[სურათი 24 გვერდზე]

რატომ არის ქადაგება დიდი კმაყოფილების მომტანი საქმე?