არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ყველაფერში ღვთის ხელმძღვანელობა ეძებეთ

ყველაფერში ღვთის ხელმძღვანელობა ეძებეთ

ყველაფერში ღვთის ხელმძღვანელობა ეძებეთ

„ეს ღმერთი ჩვენი ღმერთია მარადიულად, სამუდამოდ. ის წაგვიძღვება, სანამ მოვკვდებით“ (ფსალმ. 48:14).

1, 2. რატომ უნდა ვენდოთ იეჰოვას ხელმძღვანელობას და არა საკუთარ სიბრძნეს, და რა კითხვები წამოიჭრება?

თუ გონებით ხშირად ვუტრიალებთ იმას, რაც ამაოებაა ან რაც საზიანოა, შეიძლება თავი ადვილად მოვიტყუოთ და მიუღებელი რამ სავსებით ნორმალურად მივიჩნიოთ (იგავ. 12:11). თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს ისეთი რამის გაკეთება, რაც ქრისტიანს არ შეჰფერის, გული ხშირ შემთხვევაში გამართლებას მოუძებნის ასეთ საქციელს (იერ. 17:5, 9). ეს კარგად ესმოდა ფსალმუნმომღერალს, ამიტომაც ბრძნულად მოიქცა, როდესაც იეჰოვას ლოცვაში სთხოვა: „შენი სინათლე და ჭეშმარიტება გამოგზავნე. წამიძღვნენ ისინი“ (ფსალმ. 43:3). ის მიენდო იეჰოვას და არა საკუთარ სიბრძნეს — უკეთეს ხელმძღვანელობას ის ვერსად იპოვიდა. კარგი იქნება, თუ ფსალმუნმომღერლის მსგავსად ჩვენც ღმერთს მივმართავთ ხელმძღვანელობისთვის.

2 მაგრამ, რატომ უნდა ვთვლიდეთ იეჰოვას ხელმძღვანელობას ყველაზე საუკეთესოდ? როდის უნდა ვეძებოთ ღვთის ხელმძღვანელობა? რა თვისებები უნდა გამოვიმუშავოთ, რომ იეჰოვას ხელმძღვანელობა ჩვენთვის სასარგებლო აღმოჩნდეს, და როგორ გვხელმძღვანელობს დღეს იეჰოვა? ეს სტატია პასუხს გასცემს ამ მნიშვნელოვან კითხვებს.

რატომ უნდა ვენდოთ იეჰოვას ხელმძღვანელობას?

3—5. რატომ შეგვიძლია, სრულად ვენდოთ იეჰოვას ხელმძღვანელობას?

3 იეჰოვა ჩვენი ზეციერი მამაა (1 კორ. 8:6). ის ძალიან კარგად გვიცნობს თითოეულ ჩვენგანს და ჩვენი გულების წაკითხვაც შეუძლია (1 სამ. 16:7; იგავ. 21:2). მეფე დავითმა უთხრა ღმერთს: „შენ იცი, როდის ვჯდები და როდის ვდგები. შორიდან ხვდები ჩემს ფიქრებს. ჯერ სიტყვაც არ არის ჩემს ენაზე, რომ შენ უკვე იცი ყველაფერი, იეჰოვა“ (ფსალმ. 139:2, 4). რამდენადაც იეჰოვა ღმერთი ასე კარგად გვიცნობს, განა ეჭვი უნდა შეგვეპაროს იმაში, რომ მას ჩვენთვის საუკეთესო სურს?! გარდა ამისა, იეჰოვა ყოვლადბრძენია. ის ხედავს ყველაფერს, ისეთ სიღრმეებსაც კი, რომლებიც ადამიანისთვის დაფარულია, და მან ნებისმიერი მოვლენის დასაწყისიდანვე იცის, თუ რა იქნება მისი დასასრული (ეს. 46:9—11; რომ. 11:33). ის არის „ღმერთი, ერთადერთი ბრძენი“ (რომ. 16:27).

4 ისიც აღსანიშნავია, რომ იეჰოვას ვუყვარვართ და ჩვენთვის ყოველთვის საუკეთესო სურს (იოან. 3:16; 1 იოან. 4:8). იეჰოვა მოსიყვარულე ღმერთია, ამიტომაც მას ჩვენთვის არაფერი ენანება. მოწაფე იაკობი წერდა: „ყოველი კარგი ძღვენი და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი ზემოდანაა, ციურ მნათობთა მამისგან მოდის“ (იაკ. 1:17). ისინი, ვინც ღვთის ხელმძღვანელობას მიჰყვებიან, გრძნობენ, თუ რა გულუხვია მათ მიმართ ღმერთი.

5 დაბოლოს, იეჰოვა ყოვლისშემძლეა. სწორედ ამას გულისხმობდა ფსალმუნმომღერალი, როდესაც ამბობდა: «უზენაესის საფარში დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ დაივანებს. ვეტყვი იეჰოვას: „ჩემი თავშესაფარი და სიმაგრე ხარ, ჩემი ღმერთი ხარ, შენ მოგენდობი“» (ფსალმ. 91:1, 2). როდესაც იეჰოვას ხელმძღვანელობას მივყვებით, ჩვენ იმ ღმერთთან ვეძებთ თავშესაფარს, რომელიც არასოდეს მარცხდება. მაშინაც კი, როდესაც წინააღმდეგობას ვხვდებით, იეჰოვა მხარს გვიჭერს. ის იმედს არ გაგვიცრუებს (ფსალმ. 71:4, 5; წაიკითხეთ იგავების 3:19—26). დიახ, იეჰოვამ იცის, რა არის ჩვენთვის უკეთესი, მას ჩვენთვის ყველაზე კარგი სურს და იმის ძალაც აქვს, რომ მოგვცეს ის, რაც ჩვენთვის საუკეთესოა. მართლაც, რა დიდი უგუნურება იქნებოდა, თუ უგულებელვყოფდით მის ხელმძღვანელობას! მაგრამ, როდის გვჭირდება იეჰოვას ხელმძღვანელობა?

როდის ვსაჭიროებთ ხელმძღვანელობას?

6, 7. როდის ვსაჭიროებთ იეჰოვას ხელმძღვანელობას?

6 ღვთის ხელმძღვანელობა ჩვენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში — ბავშვობიდან ღრმა მოხუცებულობამდე გვჭირდება. ფსალმუნმომღერალი წერდა: „ეს ღმერთი ჩვენი ღმერთია მარადიულად, სამუდამოდ. ის წაგვიძღვება, სანამ მოვკვდებით“ (ფსალმ. 48:14). ფსალმუნმომღერლის მსგავსად ბრძენი ქრისტიანები ყოველთვის მიჰყვებიან ღვთის ხელმძღვანელობას.

7 მაგრამ ცხოვრებაში ზოგჯერ დგება ისეთი წუთები, როდესაც განსაკუთრებულად გვჭირდება ღვთის დახმარება. ზოგჯერ გასაჭირში ვვარდებით იმის გამო, რომ ვიდევნებით, სერიოზულ დაავადებას ვებრძვით ან მოულოდნელად ვკარგავთ სამსახურს (ფსალმ. 69:16, 17). ასეთ დროს ჩვენთვის მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ შეგვიძლია იეჰოვას მივმართოთ დახმარებისთვის და სრულად ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ ის გაგვაძლიერებს, რათა ავიტანოთ განსაცდელები, და გვიხელმძღვანელებს, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ (წაიკითხეთ ფსალმუნის 102:17). თუმცა, ჩვენ სხვა დროსაც ვსაჭიროებთ მის დახმარებას. მაგალითად, როდესაც გადავწყვეტთ, რომ ჩვენს მეზობლებს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობაზე დაველაპარაკოთ, ხელმძღვანელობისთვის იეჰოვას უნდა მივმართოთ, რათა ჩვენი ქადაგება წარმატებული იყოს. რა გადაწყვეტილების წინაშეც არ უნდა ვიდგეთ — იქნება ეს დასვენებასთან, ჩაცმასა და გარეგნობასთან, ურთიერთობებთან, სამუშაოსთან, განათლების მიღებასთან თუ ნებისმიერ სხვა რამესთან დაკავშირებით — ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვიქცევით ბრძნულად, თუ იეჰოვას ხელმძღვანელობას მივყვებით. შეიძლება ითქვას, რომ სინამდვილეში ჩვენ ყველაფერში გვჭირდება ღვთის ხელმძღვანელობა.

რა საფრთხე ახლავს ღვთის ხელმძღვანელობის უგულებელყოფას?

8. რატომ შეჭამა ევამ აკრძალული ნაყოფი?

8 ჩვენი სურვილი უნდა იყოს, მივყვეთ იეჰოვას ხელმძღვანელობას. თუ ჩვენ არ გვინდა მისი ხელმძღვანელობის მიყოლა, ის არ გვაიძულებს ამას. პირველი ადამიანი, რომელმაც არჩია, რომ არ დამორჩილებოდა იეჰოვას ხელმძღვანელობას, იყო ევა. მისი შემთხვევა გვიჩვენებს, თუ რა სერიოზული შედეგი შეიძლება მოჰყვეს ასეთ ცუდ გადაწყვეტილებას. დაფიქრდით აგრეთვე იმაზე, თუ რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება. ევამ აკრძალული ნაყოფი შეჭამა, რადგან სურდა ‘ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნე გამხდარიყო’ (დაბ. 3:5). ასეთი სახით, მან საკუთარი თავი ღვთის ადგილას დააყენა და ნაცვლად იმისა, რომ იეჰოვას ხელმძღვანელობას მიჰყოლოდა, გადაწყვიტა, თავად განესაზღვრა, რა იყო მისთვის კარგი და რა — ცუდი. ამგვარად, მან ზურგი აქცია იეჰოვას უზენაესობას. მან მოისურვა, რომ საკუთარი თავის ბატონ-პატრონი ყოფილიყო. მისმა ქმარმა ადამმაც ღვთისგან დამოუკიდებლად ცხოვრების გზა აირჩია (რომ. 5:12).

9. რისი მაჩვენებელია იეჰოვას ხელმძღვანელობის უგულებელყოფა, და რატომ არის ეს დიდი უგუნურება?

9 თუ ჩვენც ევას მსგავსად უგულებელვყოფთ იეჰოვას ხელმძღვანელობას, ამით, ფაქტობრივად, ღვთის უზენაესობას უარვყოფთ. მაგალითად, დაფიქრდით ისეთ ადამიანზე, რომელსაც პორნოგრაფიის ყურება ჩვევად ექცა. თუ ის ქრისტიანული კრების წევრია, მას კარგად ეცოდინება იეჰოვას თვალსაზრისი ამ საკითხზე. უწმინდურება არც კი უნდა იხსენიებოდეს ქრისტიანებს შორის, რომ აღარაფერი ვთქვათ ისეთი სცენების ყურებაზე, რაც ავხორც სურვილებს იწვევს (ეფეს. 5:3). ასეთი ადამიანის მსგავსად ის, ვინც იეჰოვას ხელმძღვანელობას არაფრად აგდებს, უარყოფს მის უზენაესობასა და მეთაურობას (1 კორ. 11:3). ეს კი ყველაზე დიდი უგუნურებაა, რადგან, როგორც იერემიამ თქვა, „მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერ. 10:23).

10. რატომ უნდა ვგრძნობდეთ პასუხისმგებლობას მიუხედავად იმისა, რომ ნების თავისუფლებით ვსარგებლობთ?

10 ზოგი შეიძლება არ დაეთანხმოს იერემიას სიტყვებს. ისინი შესაძლოა ფიქრობდნენ, რომ, რადგან იეჰოვამ ნების თავისუფლება მოგვცა, ის აღარ უნდა განგვსჯიდეს იმის გამო, თუ როგორ ვიყენებთ მას. მაგრამ, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნების თავისუფლება ღვთის ძღვენია, რაც ამავდროულად პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს. ღვთის წინაშე ჩვენ პასუხს ვაგებთ იმაზე, თუ რას ვამბობთ და რას ვაკეთებთ (რომ. 14:10). იესომ თქვა: „პირი გულში მოჭარბებულს ლაპარაკობს“. მან აგრეთვე აღნიშნა: „გულიდან გამოდის ბოროტი აზრები, მკვლელობა, მრუშობა, სიძვა, ქურდობა, ცრუმოწმეობა, მკრეხელობა“ (მათ. 12:34; 15:19). აქედან გამომდინარე, ჩვენი სიტყვები და მოქმედებები იმაზე მეტყველებს, თუ რა გვაქვს გულში და აჩვენებს იმას, თუ ვინ ვართ სინამდვილეში. ამიტომაც გონიერი ქრისტიანი ყველაფერში იეჰოვას ხელმძღვანელობას ეძებს. ასეთ ადამიანს იეჰოვა „გულმართლად“ მიიჩნევს და მას ‘სიკეთეს გაუკეთებს’ (ფსალმ. 125:4).

11. რას ვსწავლობთ ისრაელის ისტორიიდან?

11 გაიხსენეთ ისრაელი ერის ისტორია. როდესაც ეს ერი სწორ არჩევანს აკეთებდა და ემორჩილებოდა იეჰოვას ბრძანებებს, იეჰოვაც იცავდა მათ (იესო. 24:15, 21, 31). მაგრამ ხშირად ისინი არასწორად იყენებდნენ ნების თავისუფლებას. იერემიას დროს იეჰოვამ მათ შესახებ თქვა: „მათ კი არ ისმინეს, ყურად არ იღეს, არამედ თავიანთი ბოროტი და ჯიუტი გულით მიჰყვებოდნენ თავიანთ ზრახვებს; ამიტომ, წინ წასვლის ნაცვლად უკან იხევდნენ“ (იერ. 7:24—26). რა სამწუხაროა! მოდი არასოდეს დავუშვათ, რომ სიჯიუტისა და არასწორი სურვილების აყოლის გამო უარვყოთ იეჰოვას ხელმძღვანელობა და ‘საკუთარ ზრახვებს მივყვეთ’, რაც ‘წინ წასვლის ნაცვლად უკან დაგვახევინებდა’!

რა მოგვეთხოვება იმისთვის, რომ ღვთის ხელმძღვანელობას მივყვეთ?

12, 13. ა) რომელი თვისება აღგვძრავს, რომ იეჰოვას ხელმძღვანელობას მივყვეთ? ბ) რატომ არის რწმენა აუცილებელი?

12 იეჰოვას სიყვარული აღგვძრავს, რომ მის ხელმძღვანელობას მივყვეთ (1 იოან. 5:3). გარდა ამისა, პავლემ აღნიშნა კიდევ ერთი რამ, რაც გვჭირდება. მან თქვა: „რწმენით დავდივართ და არა ხილვით“ (2 კორ. 5:6, 7). რატომაა რწმენა აუცილებელი? იეჰოვას ჩვენ „სიმართლის ბილიკებით მივყავართ“, მაგრამ ამ ბილიკებით სიარული არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნიერებაში სიმდიდრეს ან განსაკუთრებულ მდგომარეობას მოვიპოვებთ (ფსალმ. 23:3). ამიტომ, ჩვენი რწმენის თვალი ფოკუსირებული უნდა იყოს იმ შეუდარებელ სულიერ კურთხევებზე, რაც იეჰოვას მსახურებას მოაქვს (წაიკითხეთ 2 კორინთელების 4:17, 18). რწმენა გვეხმარება, რომ კმაყოფილები ვიყოთ იმით, რაც გვაქვს (1 ტიმ. 6:8).

13 იესომ აღნიშნა, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა თავგანწირვას მოითხოვს, რასაც თავის მხრივ რწმენა სჭირდება (ლუკ. 9:23, 24). იეჰოვას ზოგ ერთგულ თაყვანისმცემელს დიდი მსხვერპლის გაღება მოუწია; ისინი იტანდნენ სიღარიბეს, ჩაგვრას, ცუდ მოპყრობას და სასტიკ დევნასაც კი (2 კორ. 11:23—27; გამოცხ. 3:8—10). მხოლოდ ძლიერმა რწმენამ შეაძლებინა მათ, რომ ეს ყოველივე სიხარულით აეტანათ (იაკ. 1:2, 3). როდესაც ძლიერი რწმენა გვაქვს, ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ იეჰოვას ხელმძღვანელობის მიყოლა ყოველთვის საუკეთესოა. ხოლო, როცა ღვთის ხელმძღვანელობის თანახმად ვცხოვრობთ, ამას ჩვენთვის ყოველთვის კარგი შედეგი მოაქვს. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ღვთის კურთხევები ბევრად აღემატება ნებისმიერ დროებით განსაცდელს, რომელსაც დღეს ერთგული ქრისტიანები იტანენ (ებრ. 11:6).

14. რატომ უნდა გამოევლინა აგარს თავმდაბლობა?

14 დავფიქრდეთ კიდევ ერთ თვისებაზე, თავმდაბლობაზე, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ იეჰოვას ხელმძღვანელობას მივყვეთ. ეს კარგად ჩანს სარას მოახლის, აგარის შემთხვევიდან. სარა უშვილო იყო, ამიტომ მან აბრაამს მიუყვანა აგარი, რომელიც დაფეხმძიმდა. ამის შემდეგ აგარმა თავის უშვილო ქალბატონს ზემოდან დაუწყო ყურება. შედეგად, სარამ ‘დამცირება დაუწყო აგარს’ და აგარი „გაექცა მას“. მოგვიანებით, იეჰოვას ანგელოზი შეხვდა აგარს და უთხრა: „დაბრუნდი შენს ქალბატონთან და დამდაბლდი მის ხელქვეშ“ (დაბ. 16:2, 6, 8, 9). ალბათ აგარი ამჯობინებდა, რომ ანგელოზს მისთვის სხვა მითითებები მიეცა. იმისათვის, რომ აგარი ანგელოზის ხელმძღვანელობას მიჰყოლოდა, მას საკუთარ თავში ქედმაღლობა უნდა დაეძლია. აგარი თავმდაბლად დაემორჩილა ანგელოზის ნათქვამს. ამის შედეგი კი ის იყო, რომ მისი შვილი ისმაელი თავისი მამის ბანაკში, უსაფრთხო გარემოში დაიბადა.

15. მოიყვანეთ ზოგიერთი სიტუაცია, როცა იეჰოვას ხელმძღვანელობის მიყოლისას ჩვენგან თავმდაბლობის გამოვლენა მოითხოვება.

15 იეჰოვას ხელმძღვანელობას რომ მივყვეთ, შეიძლება ჩვენი მხრიდანაც თავმდაბლობის გამოვლენა იყოს საჭირო. ზოგს შეიძლება მოუწიოს იმის აღიარება, რომ გართობის ესა თუ ის ფორმა, რომელიც მათ მოსწონთ, სინამდვილეში იეჰოვასთვის მიუღებელია. თუ ქრისტიანმა ვინმეს აწყენინა, ამის გამო შეიძლება საჭირო გახდეს, რომ ბოდიში მოიხადოს, ხოლო თუ დანაშაული ჩაიდინა — აღიაროს. რა შეიძლება ითქვას იმაზე, თუ ვინმემ სერიოზული ცოდვა ჩაიდინა? მან თავმდაბლობა უნდა გამოავლინოს და ცოდვა უხუცესების წინაშე აღიაროს. ზოგი ქრისტიანი ამა თუ იმ მიზეზის გამო შეიძლება კრებიდანაც კი გაირიცხოს. იმისათვის, რომ შემცოდველი ქრისტიანულ კრებას დაუბრუნდეს, მან თავმდაბლად უნდა მოინანიოს და გამოსწორდეს. ამ და მსგავს სიტუაციებში შეიძლება მანუგეშებელი აღმოჩნდეს იგავების 29:23-ში ჩაწერილი სიტყვები: „ამპარტავნობა ადამიანს დაამდაბლებს, თავმდაბალი კაცი კი დიდებას მოიხვეჭს“.

როგორ გვხელმძღვანელობს იეჰოვა?

16, 17. როგორ შეგვიძლია საუკეთესოდ გამოვიყენოთ ბიბლია?

16 ყველაზე საუკეთესო ხელმძღვანელობას იეჰოვა თავისი შთაგონებული სიტყვის, ბიბლიის საშუალებით გვიწევს (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 3:16, 17). არაგონივრული იქნებოდა, თუკი რთულ სიტუაციებს დაველოდებოდით და მხოლოდ მერეღა დავიწყებდით ბიბლიაში ჩაწერილი სასარგებლო სიტყვების ძიებას. ნაცვლად ამისა, ბიბლიის კითხვა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს (ფსალმ. 1:1—3). თუ ასე მოვიქცევით, მაშინ უფრო უკეთ ჩავწვდებით ღვთის შთაგონებულ სიტყვებს. შედეგად, ისეთივე აზროვნება გვექნება, როგორიც ღმერთს აქვს, და მზად ვიქნებით, შევხვდეთ მოულოდნელად წამოჭრილ პრობლემებსაც კი.

17 გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ვიფიქროთ წაკითხულზე და ვილოცოთ, რომ უკეთ ჩავწვდეთ ბიბლიურ აზრებს. როცა მუხლებს წავიკითხავთ, დავფიქრდეთ, როგორ შეგვიძლია მათი გამოყენება კონკრეტულ სიტუაციებში (1 ტიმ. 4:15). როდესაც სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით, ვილოცოთ და იეჰოვას დახმარება ვთხოვოთ, რომ საჭირო ხელმძღვანელობა გვაპოვნინოს. იეჰოვას სული დაგვეხმარება, რომ გავიხსენოთ ის სასარგებლო პრინციპები, რომლებიც ბიბლიაში ან ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებში გვაქვს წაკითხული (წაიკითხეთ ფსალმუნის 25:4, 5).

18. როგორ იყენებს იეჰოვა ქრისტიანულ საძმოს, რომ გვიხელმძღვანელოს?

18 იეჰოვას ხელმძღვანელობის მისაღებად კიდევ ერთი საშუალება ჩვენი ქრისტიანული საძმოა. ამ საძმოს ძირითად ნაწილს წარმოადგენს „ერთგული და გონიერი მონა“ და მისი წარმომადგენელი ხელმძღვანელი საბჭო. ისინი პუბლიკაციების, კრებებისა თუ კონგრესების საშუალებით მუდმივად გვამარაგებენ სულიერი საზრდოთი (მათ. 24:45—47; შეადარეთ საქმეების 15:6, 22—31). გარდა ამისა, ქრისტიანულ საძმოში არიან მოწიფული ქრისტიანები, განსაკუთრებით უხუცესები, რომლებსაც შეუძლიათ დაგვეხმარონ და ბიბლიური რჩევები მოგვცენ (ეს. 32:1). ახალგაზრდებისთვის მორწმუნე მშობლები იეჰოვასგან მომდინარე დახმარების კიდევ ერთ წყაროს წარმოადგენენ. ახალგაზრდებს შესანიშნავი შესაძლებლობა აქვთ, რომ იეჰოვას ხელმძღვანელობის მისაღებად მშობლებს მიმართონ (ეფეს. 6:1—3).

19. რა კურთხევებს მივიღებთ, თუ ყოველთვის იეჰოვას ხელმძღვანელობას მივყვებით?

19 დიახ, იეჰოვა სხვადასხვა საშუალებით გვხელმძღვანელობს. ჩვენ გონივრულად ვიქცევით, თუ ამ ყოველივეთი სრულად ვსარგებლობთ. დავითს მხედველობაში ჰქონდა ის დრო, როდესაც ისრაელი ერთგულებას ავლენდა, როცა თქვა: „შენ გენდობოდნენ ჩვენი მამები, გენდობოდნენ და შენ იხსნიდი მათ. შენ შემოგღაღადებდნენ და თავს აღწევდნენ საფრთხეს; შენ გენდობოდნენ და არ შერცხვენილან“ (ფსალმ. 22:3—5). თუ ჩვენც სრული ნდობით მივყვებით იეჰოვას ხელმძღვანელობას, არც ჩვენ ‘შევრცხვებით’. ჩვენ იმედი არ გაგვიცრუვდება. თუ საკუთარ სიბრძნეზე დანდობის ნაცვლად ‘იეჰოვას მივანდობთ ჩვენს გზას’, შედეგად დღესვე უხვ კურთხევებს მოვიმკით (ფსალმ. 37:5). და თუ ჩვენ ერთგულად განვაგრძობთ ამ გზით სიარულს, ეს კურთხევები უსასრულო იქნება. მეფე დავითმა დაწერა: „იეჰოვა სამართლიანობის მოყვარულია და არ მიატოვებს თავის ერთგულებს. ისინი მარადიულად იქნებიან დაცულნი . . . მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმ. 37:28, 29).

შეგიძლიათ ახსნათ?

• რატომ ვენდობით იეჰოვას ხელმძღვანელობას?

• რაზე მეტყველებს ის, თუ უარს ვამბობთ იეჰოვას ხელმძღვანელობაზე?

• რომელია ზოგიერთი ის სიტუაცია, როცა ქრისტიანისგან თავმდაბლობის გამოვლენა მოითხოვება?

• როგორ გვხელმძღვანელობს იეჰოვა დღეს?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 8 გვერდზე]

მიჰყვებით იეჰოვას ხელმძღვანელობას ცხოვრების ნებისმიერ სფეროში?

[სურათი 9 გვერდზე]

ევამ ზურგი აქცია იეჰოვას ხელმძღვანელობას

[სურათი 10 გვერდზე]

რა თვისება უნდა გამოევლინა აგარს, ანგელოზის მითითება რომ გაეთვალისწინებინა?