ახალგაზრდებო, გააკეთეთ სწორი არჩევანი და ემსახურეთ იეჰოვას
ახალგაზრდებო, გააკეთეთ სწორი არჩევანი და ემსახურეთ იეჰოვას
„კვლავაც იმას მიჰყევი, რაც გისწავლია და რაშიც დარწმუნებულხარ“ (2 ტიმ. 3:14).
1. რას ფიქრობს იეჰოვა თავის ახალგაზრდა მსახურებზე?
იეჰოვა იმდენად მნიშვნელოვნად თვლის ახალგაზრდების წმინდა მსახურებას, რომ ფსალმუნმომღერალს შემდეგი წინასწარმეტყველება ჩააწერინა თავის სიტყვაში: „შენი ხალხი მზადყოფნით გამოვა შენი ჯარის გალაშქრების დღეს. განთიადის საშვილოსნოდან გამოსული ნამივით გყავს სიწმინდით მოსილი ახალგაზრდების ჯგუფი“ (ფსალმ. 110:3). უდავოა, რომ იეჰოვა ძალიან აფასებს თავის ერთგულ ახალგაზრდა მსახურებს.
2. როცა საქმე ახალგაზრდების მომავალს ეხება, ვისი გავლენის ქვეშ შეიძლება მოექცნენ ისინი?
2 ახალგაზრდებო, უკვე მიუძღვენით თავი იეჰოვას? ბევრ ახალგაზრდას უჭირს, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და ღმერთს ემსახუროს. ცნობილი ბიზნესმენები, პედაგოგები, ზოგჯერ ოჯახის წევრები და მეგობრებიც კი ახალგაზრდებს ურჩევენ, ისეთი მიზნები დაისახონ, რომელიც მატერიალურ კეთილდღეობას მოუტანთ. თუ ახალგაზრდა სულიერ მიზნებს ისახავს, ხშირ შემთხვევაში ქვეყნიერებისთვის დაცინვის ობიექტი ხდება. მაგრამ ფაქტია, რომ ჭეშმარიტი ღვთის მსახურებაზე უკეთესს ახალგაზრდა ვერაფერს აირჩევს ცხოვრებაში (ფსალმ. 27:4). ამ სტატიაში განვიხილავთ სამ საკითხს: რატომ უნდა ემსახურო ღმერთს? რა დაგეხმარება, რომ თავი მიუძღვნა ღმერთს და მიძღვნის თანახმად იცხოვრო იმის მიუხედავად, თუ რას ფიქრობენ სხვები? რა საშუალებები არსებობს წმინდა მსახურების შესასრულებლად?
იეჰოვას მსახურება სწორი არჩევანია
3. რისკენ უნდა აღგვძრას იეჰოვას შემოქმედებაზე დაფიქრებამ?
3 რატომ უნდა ემსახურო ჭეშმარიტ და ცოცხალ ღმერთს? ამის მთავარი მიზეზი გამოცხადების 4:11-შია ახსნილი: „შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგან ყველაფერი შენ შექმენი, შენი ნებით არსებობს და შეიქმნა“. ყველაფერი, რაც არსებობს, იეჰოვას შექმნილია. დაფიქრდი, რა მშვენიერია დედამიწა! ხეები, ყვავილები, ცხოველები, ოკეანეები, მთები, ჩანჩქერები — ყველაფერი მის ხელთა ქმნილებაა. „სავსეა დედამიწა [ღვთის] ნაშრომით“, — წერია ფსალმუნის 104:24-ში. რაოდენ მადლიერნი უნდა ვიყოთ იეჰოვასი, რომ მოგვცა სხეული და გონება, რაც სიამოვნების მიღებისა და ირგვლივ არსებული მშვენიერებით ტკბობის საშუალებას გვაძლევს! ნუთუ ამ ყოველივეს გააზრების შემდეგ არ გიჩნდება ღვთის მსახურების სურვილი?!
4, 5. რამ განუმტკიცა იესო ნავეს ძეს იეჰოვასადმი რწმენა?
4 მეორე მიზეზი, რის გამოც იეჰოვას უნდა ვემსახუროთ, კარგად ჩანს იქიდან, რაც ისრაელთა წინამძღოლმა, იესო ნავეს ძემ, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე უთხრა ღვთის ხალხს: „კარგად იცით თქვენი გულითა და სულით, რომ არ გამტყუნებულა არც ერთი სასიკეთო სიტყვა, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გითხრათ, ყველა შეგისრულდათ“. რის საფუძველზე თქვა იესო ნავეს ძემ ეს სიტყვები? (იესო. 23:14).
5 იესო ნავეს ძე ეგვიპტეში იზრდებოდა და, როგორც ჩანს, იცოდა, რომ იეჰოვა ისრაელებისთვის აღთქმული მიწის მიცემას აპირებდა (დაბ. 12:7; 50:24, 25; გამ. 3:8). იესო ნავეს ძე თავად იყო იმის მომსწრე, თუ როგორ დაიწყო იეჰოვამ თავისი დაპირების შესრულება. ღმერთმა ჯერ ათი სასჯელი დაატეხა ეგვიპტეს და შემდეგ ჯიუტ ფარაონს ისრაელის ძეების გაშვება აიძულა. იესო ნავეს ძე ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც წითელი ზღვა გადაკვეთა და საკუთარი თვალით იხილა, როგორ შთანთქა ზღვამ ფარაონი და მისი ჯარი. სინას ‘დიდსა და საშიშ უდაბნოში’ ხანგრძლივი ხეტიალის დროს იესო ნავეს ძე ხედავდა, როგორ ზრუნავდა იეჰოვა ისრაელზე. წყურვილითა და შიმშილით არც ერთი ისრაელი არ მომკვდარა (კან. 8:3—5, 14—16; იესო. 24:5—7). იესო ნავეს ძე იმის მომსწრეც იყო, თუ როგორ ეხმარებოდა ღმერთი ისრაელებს, როცა აღთქმული მიწის დასაუფლებლად ბრძოლა დაიწყეს ქანაანელებთან (იესო. 10:14, 42).
6. რა დაგეხმარება, რომ ღვთის მსახურების სურვილი გქონდეს?
6 იესო ნავეს ძემ იცოდა, რომ იეჰოვა ყოველთვის ასრულებდა თავის დაპირებას. სწორედ ამიტომ თქვა: „მე და ჩემი სახლეულობა . . . იეჰოვას ვემსახურებით“ (იესო. 24:15). შენ თუ გაქვს მსგავსი განწყობა? როცა ფიქრობ იმ დაპირებებზე, რომლებიც ღმერთმა უკვე შეასრულა და რომლებსაც მომავალში შეასრულებს, იესო ნავეს ძის მსგავსად არ გიჩნდება იეჰოვას მსახურების სურვილი?!
7. რატომ არის ნათლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯი?
7 თუ ფიქრობ იეჰოვას შემოქმედებაზე და მის საოცარ, უტყუარ დაპირებებზე, თავს მიუძღვნი მას და მიძღვნის ნიშნად მოინათლები. ყველა, ვისაც ღვთის მსახურება სურს, უნდა მოინათლოს. ეს კარგად დაგვანახვა იესომ, რომელიც ჩვენთვის მისაბაძი მაგალითია. ვიდრე თავისი, როგორც მესიის, მოვალეობის შესრულებას დაიწყებდა, ის იოანე ნათლისმცემელთან მივიდა მოსანათლავად. რატომ მოიქცა იესო ასე? მან თქვა: „ზეციდან ჩემი ნების შესასრულებლად კი არ ჩამოვსულვარ, არამედ ჩემი გამომგზავნელისა“ (იოან. 6:38). იესომ მონათვლით ცხადყო, რომ მზად იყო მამის ნების შესასრულებლად (მათ. 3:13—17).
8. რატომ გადაწყვიტა ტიმოთემ, რომ ღვთის მსახური გამხდარიყო, და შენ რა შეგიძლია გააკეთო?
8 ახლა დავფიქრდეთ ახალგაზრდა ქრისტიანის, ტიმოთეს მაგალითზე, რომელსაც იეჰოვამ არაერთი პასუხისმგებლობა მიანდო. რამ გადააწყვეტინა ტიმოთეს, რომ ღვთის მსახური გამხდარიყო? როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ის მიჰყვებოდა იმას, რაც ‘ისწავლა და რაშიც დარწმუნდა’ (2 ტიმ. 3:14). თუ შეისწავლე ღვთის სიტყვა და დარწმუნდი, რომ მისი სწავლებები ჭეშმარიტია, მიიღე ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ერთ დროს ტიმოთემ მიიღო. დაელაპარაკე მშობლებს შენი გადაწყვეტილების შესახებ. ისინი კრების უხუცესებთან ერთად დაგეხმარებიან, უკეთ გაიგო ის მოთხოვნები, რომლებსაც მონათვლამდე უნდა აკმაყოფილებდე (წაიკითხეთ საქმეების 8:12).
9. როგორ შეიძლება გამოეხმაურონ სხვები შენს გადაწყვეტილებას?
9 ნათლობა ღვთის მსახურების დაწყების საშუალებას გაძლევს. ამ ნაბიჯის გადადგმით შენ იწყებ, ასე ვთქვათ, დიდ დისტანციაზე სირბილს, რომელიც მარადიულ სიცოცხლემდე მიგიყვანს და, ამავე დროს, დიდ სიხარულს მოგიტანს (ებრ. 12:2, 3). ეს გადაწყვეტილება ძალიან გაახარებს შენი ღვთისმოშიში ოჯახის წევრებს და კრებაში შენს მეგობრებს. და რაც მთავარია, იეჰოვას გაუხარებ გულს (წაიკითხეთ იგავების 23:15). თუმცა შეიძლება ყველამ ვერ გაგიგოს და ყველამ არ მოიწონოს შენი გადაწყვეტილება. ზოგი შეიძლება დაგიპირისპირდეს კიდეც, მაგრამ ამის გადალახვა შესაძლებელია.
თუ სხვები შენი გადაწყვეტილების სისწორეს ეჭვქვეშ აყენებენ ან გიპირისპირდებიან . . .
10, 11. ა) რა კითხვები შეიძლება დაგისვან სხვებმა შენს არჩევანთან დაკავშირებით? ბ) როგორ პასუხობდა იესო შეკითხვებს და რისი სწავლა შეგიძლია აქედან?
10 თუ გადაწყვიტე ღმერთს ემსახურო, ამან შეიძლება შენი ნათესავები, კლასელები და მეზობლები
საგონებელში ჩააგდოს. მათ შეიძლება კითხვა გაუჩნდეთ, თუ რატომ აირჩიე ეს გზა და ეჭვქვეშ დააყენონ შენი მრწამსი. როგორ უნდა უპასუხო მათ? შენი არჩევანის მიზეზის დასაბუთება რომ შეძლო, კარგად უნდა გქონდეს გაანალიზებული, რის საფუძველზე გააკეთე ეს არჩევანი. როდესაც შენი მრწამსის ახსნას დაიწყებ, ისე მოიქეცი, როგორც იესო.11 როდესაც იუდეველმა რელიგიურმა წინამძღოლებმა იესოს სიტყვაში გამოჭერის მიზნით მკვდრეთით აღდგომის შესახებ კითხვები დაუსვეს, მან წმინდა წერილებიდან ის ციტატა მოიყვანა, რომელზეც ისინი არც კი დაფიქრებულან (გამ. 3:6; მათ. 22:23, 31—33). ხოლო, როცა ერთმა მწიგნობარმა იესოს ჰკითხა, რომელი იყო უდიდესი მცნება, წმინდა წერილებიდან მასაც შესაფერისი ციტატა მოუყვანა. მწიგნობარი კმაყოფილი დარჩა იესოს პასუხით (ლევ. 19:18; კან. 6:5; მარ. 12:28—34). იესოს წმინდა წერილებიდან ისეთი ციტატები მოჰყავდა და ისე დამაჯერებლად საუბრობდა, რომ ერთხელ „მის გამო ხალხში განხეთქილება ჩამოვარდა“, მაგრამ მოწინააღმდეგეებმა ხელი ვერ დააკარეს (იოან. 7:32—46). როდესაც ვინმეს შენს მრწამსს უხსნი, ისარგებლე ბიბლიით და ესაუბრე მას „რბილად და ღრმა პატივისცემით“ (1 პეტ. 3:15). თუ რომელიმე კითხვაზე პასუხი არ იცი, ნუ მოგერიდება იმის თქმა, რომ გამოიკვლევ და მოგვიანებით გასცემ პასუხს. შეგიძლია გამოიყენო «„საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციების საძიებელი» ან «„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიოთეკა» კომპაქტ-დისკზე. თუ კარგად მოემზადები, ‘გეცოდინება, ვის როგორი პასუხი გასცე’ (კოლ. 4:6).
12. რატომ არ უნდა გაგიტყდეს გული, თუ წინააღმდეგობას ხვდები?
12 თუმცა, სხვების მხრიდან მხოლოდ კითხვების დასმას არ უნდა მოელოდე. ბოლოს და ბოლოს ქვეყნიერების მმართველი ხომ ღვთის მტერი, სატანა ეშმაკია (წაიკითხეთ 1 იოანეს 5:19). ნუ გექნება იმის მოლოდინი, რომ ყველა შეგაქებს და მოიწონებს შენს არჩევანს. შეიძლება წინააღმდეგობასაც შეხვდე. ზოგმა შეიძლება დაგძრახოს და კარგა ხანს არ შეიცვალოს აზრი (1 პეტ. 4:4). მაგრამ გახსოვდეს, რომ მარტო არა ხარ. წინააღმდეგობებს იესო ქრისტეც ხვდებოდა. გამონაკლისი არც მოციქული პეტრე ყოფილა. მან დაწერა: „საყვარელნო, ნუ ჩაცვივდებით საგონებელში თქვენ შორის გაჩაღებული ცეცხლის გამო, რაც თქვენი გამოცდისთვის არის, თითქოს უცნაური რამ გემართებოდეთ. პირიქით, გიხაროდეთ, რადგან ქრისტეს ტანჯვის მოზიარენი ხართ“ (1 პეტ. 4:12, 13).
13. რატომ უნდა ხვდებოდნენ ქრისტიანები დევნას სიხარულით?
13 დევნასა და წინააღმდეგობას ქრისტიანი სიხარულით უნდა ხვდებოდეს. თუ ქვეყნიერება შენს არჩევანს მოიწონებდა, ეს იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ ღვთის ნორმებით კი არა, სატანის ნორმებით ცხოვრობ. იესომ თქვა: „ვაი თქვენ, თუ ყველა კარგს ლაპარაკობს თქვენზე, რადგან მათი წინაპრები ცრუწინასწარმეტყველებზეც ასე ლაპარაკობდნენ“ (ლუკ. 6:26). დევნა იმის მაჩვენებელია, რომ სატანა და მისი ქვეყნიერება გემტერება, რადგან იეჰოვას ემსახურები (წაიკითხეთ მათეს 5:11, 12). და „თუ ქრისტეს სახელისთვის გლანძღავენ“, ეს სიხარულად უნდა ჩათვალო (1 პეტ. 4:14).
14. რა სასიკეთო შედეგები მოაქვს იმას, თუ წინააღმდეგობის მიუხედავად ღვთის ერთგული რჩები?
14 როცა წინააღმდეგობის მიუხედავად იეჰოვას ერთგული რჩები, ამას, სულ მცირე, ოთხი სასიკეთო შედეგი მოაქვს. შენ ღვთისა და მისი ძის ფილიპელების 1:12—14). და როდესაც გრძნობ, როგორ გაძლიერებს იეჰოვა განსაცდელების დროს, შენი სიყვარული მისდამი ღრმავდება.
მხარეს იკავებ; შენი მოთმინებით და-ძმებს ამხნევებ; ისინი, ვინც არ იცნობენ იეჰოვას, შეიძლება მის გასაცნობად აღიძრან (წაიკითხეთშენთვის ღიაა „დიდი კარი“
15. რომელი „დიდი კარი“ გაიხსნა პავლე მოციქულის წინაშე?
15 მოციქული პავლე ეფესოში თავისი მსახურების შესახებ წერდა: „მოღვაწეობისთვის დიდი კარი გამეღო“ (1 კორ. 16:8, 9). პავლე ეფესოში სასიხარულო ცნობის ქადაგებასა და მოწაფეების მომზადებას გულისხმობდა. ამ კარში შესვლით პავლე ბევრს დაეხმარა, რომ იეჰოვა გაეცნოთ და მისი თაყვანისმცემლები გამხდარიყვნენ.
16. როგორ შევიდნენ დედამიწაზე მცხოვრები ცხებულები 1919 წელს მოღვაწეობის „ღია კარში“?
16 1919 წელს განდიდებულმა იესო ქრისტემ დედამიწაზე მცხოვრებ ცხებულებს მოღვაწეობის ‘კარი გაუღო’ (გამოცხ. 3:8). ისინი შევიდნენ ამ კარში და დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ სასიხარულო ცნობის ქადაგებასა და ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლებას. მათ მსახურებას შედეგად მოჰყვა ის, რომ სასიხარულო ცნობა დედამიწის კიდეებს მისწვდა, და დღეს დაახლოებით 7 მილიონ ადამიანს აქვს ღვთის ახალ ქვეყნიერებაში მარადიული სიცოცხლის იმედი.
17. „მოღვაწეობისთვის დიდ კარში“ შესვლის რა შესაძლებლობები არსებობს?
17 „მოღვაწეობისთვის დიდი კარი“ დღესაც ფართოდ არის გაღებული ყველა იეჰოვას მსახურისთვის. ვინც ამ კარში შედის, მეტ სიხარულსა და კმაყოფილებას განიცდის, რადგან სასიხარულო ცნობის ქადაგება მათ ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ახალგაზრდებო, თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, დაეხმაროთ ხალხს, ‘ირწმუნონ სასიხარულო ცნობა’. აფასებთ ამ შესაძლებლობას? (მარ. 1:14, 15). გიფიქრიათ სრული დროით პიონერად ან დამხმარე პიონერად მსახურებაზე? ბევრ თქვენგანს შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს სამეფო დარბაზების მშენებლობაში, იმსახუროს ბეთელში ან მისიონერად. ვინაიდან სატანის ბოროტი ქვეყნიერების დრო იწურება, რომელიმე ამ სახის მსახურებაში მონაწილეობა დღითი დღე გადაუდებელი ხდება. შეხვალთ ამ „დიდ კარში“, სანამ ის ჯერ კიდევ ღიაა?
„იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა“
18, 19. ა) რა აღძრავდა დავითს იეჰოვას მსახურებისკენ? ბ) საიდან ჩანს, რომ დავითს არასოდეს უნანია, ღვთის მსახურება რომ აირჩია?
18 ღვთის შთაგონებით ფსალმუნმომღერალმა დავითმა დაწერა: „იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა“ (ფსალმ. 34:8). იეჰოვას არაერთხელ დაუხსნია დავითი მხეცებისგან, როდესაც ბავშვობაში ცხვარს მწყემსავდა. ღმერთმა დავითს გოლიათიც დაამარცხებინა და სხვა მრავალი განსაცდელისგანაც იხსნა (1 სამ. 17:32—51; ფსალმ. 18, ეპიგრაფი). დავითი იმდენად მადლიერი იყო იეჰოვას სიკეთისთვის, რომ დაწერა: „მრავალი საოცარი საქმე მოიმოქმედე, იეჰოვა, ჩემო ღმერთო, და შეასრულე ის, რაც ჩვენთვის გქონდა განზრახული; ვერავინ შეგედრება“ (ფსალმ. 40:5).
19 დავითს ძლიერ შეუყვარდა იეჰოვა და უნდოდა, მთელი გულითა და გონებით განედიდებინა იგი (წაიკითხეთ ფსალმუნის 40:8—10). მას არასოდეს უნანია, რომ თავისი ცხოვრება ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლობას მიუძღვნა. დავითისთვის ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ღვთისადმი ერთგული დარჩენილიყო. ეს მას უდიდეს ბედნიერებას ანიჭებდა. ხანდაზმულობის ასაკში მან თქვა: „შენა ხარ ჩემი იმედი, უზენაესო უფალო იეჰოვა, სიჭაბუკიდანვე შენზე ვარ მონდობილი. ნუ მიმატოვებ თვით სიბერემდე და გაჭაღარავებამდე, ღმერთო“ (ფსალმ. 71:5, 18). მართალია, ძალღონეწართმეული იყო, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა, უფრო დაახლოებოდა იეჰოვას და გაეღრმავებინა მისდამი ნდობა.
20. რატომაა ღვთის მსახურება საუკეთესო არჩევანი?
20 იესო ნავეს ძის, დავითისა და ტიმოთეს ცხოვრება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ იეჰოვას მსახურება საუკეთესო არჩევანია. კარიერის შექმნით მოტანილი მატერიალური სიმდიდრე დროებითია და ვერ შეედრება იმ ხანგრძლივ სარგებლობას, რომელიც ‘იეჰოვასთვის მთელი გულითა და სულით’ მსახურებას მოაქვს (იესო. 22:5). თუ ლოცვით ჯერ არ მიგიძღვნია თავი იეჰოვასთვის, ჰკითხე საკუთარ თავს: რა მიშლის ხელს, რომ იეჰოვას მოწმე გავხდე? თუ უკვე მონათლული ხარ და იეჰოვას ემსახურები, არ გინდა უფრო მეტი სიხარული განიცადო? მაშინ გააფართოე მსახურება და არ შეაჩერო სულიერი პროგრესი. მომდევნო სტატიიდან გაიგებთ, თუ რაში უნდა მიჰბაძოთ მოციქულ პავლეს, რომ არ შეწყვიტოთ სულიერი ზრდა.
როგორ უპასუხებთ?
• დაასახელეთ ორი მიზეზი, რის გამოც ღმერთს უნდა ვემსახუროთ.
• რის საფუძველზე გადაწყვიტა ტიმოთემ, რომ ღვთის მსახური გამხდარიყო?
• დევნის მიუხედავად, რატომ უნდა შეინარჩუნო სიმტკიცე?
• მსახურების რა შესაძლებლობები გეძლევა?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 18 გვერდზე]
იეჰოვას მსახურება საუკეთესო არჩევანია
[სურათი 19 გვერდზე]
შეგიძლია შენი მრწამსის დასაბუთება?