არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიჰბაძეთ პავლეს და გაიზარდეთ სულიერად

მიჰბაძეთ პავლეს და გაიზარდეთ სულიერად

მიჰბაძეთ პავლეს და გაიზარდეთ სულიერად

„ღირსეულ ბრძოლაში ვიბრძოდი, სარბიელი ბოლომდე გავირბინე და რწმენა შევინარჩუნე“ (2 ტიმ. 4:7).

1, 2. რა ცვლილებები მოახდინა ტარსოსელმა სავლემ თავის ცხოვრებაში, და რა მნიშვნელოვან საქმეში ჩაება?

ის გონიერებითა და შეუპოვრობით გამოირჩეოდა, მაგრამ ‘ხორცის სურვილებისამებრ იქცეოდა’ (ეფეს. 2:3). სანამ ქრისტიანი გახდებოდა, იგი „ღვთისმგმობელი, მდევნელი და შეურაცხმყოფელი“ იყო (1 ტიმ. 1:13). ეს მამაკაცი ტარსოსელი სავლე გახლავთ.

2 დროთა განმავლობაში სავლემ თავის ცხოვრებაში ძირეული ცვლილებები მოახდინა. მან უარი თქვა ძველი ცხოვრების წესზე და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ‘ეძება არა ის, რაც მისთვის იყო სასარგებლო, არამედ ის, რაც სხვებისთვის იყო სასარგებლო’ (1 კორ. 10:33). პავლემ რბილი ხასიათი გამოიმუშავა. ეს დაეხმარა მას, სათუთად მოპყრობოდა იმ კრების წევრებს, რომელთა მიმართ ერთ დროს მტრული დამოკიდებულება ჰქონდა (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 2:7, 8). „მე რომ . . . მსახური გავხდი, — წერდა პავლე, — ჩემდამი, ყველა წმინდაზე უმცირესისადმი იქნა ეს წყალობა გამოვლენილი, რათა უცხოტომელებისთვის სასიხარულო ცნობა მეუწყებინა ქრისტეს განუზომელი სიმდიდრის შესახებ“ (ეფეს. 3:7, 8).

3. რაში დაგვეხმარება პავლეს წერილებისა და იმ ბიბლიური მონაკვეთების განხილვა, რომელიც მის მსახურებას ეხება?

3 სავლემ, რომელსაც პავლეს სახელითაც ვიცნობთ, განსაცვიფრებელი სულიერი პროგრესი განიცადა (საქ. 13:9). თუ გვინდა, რომ სწრაფად გავიზარდოთ სულიერად, ამაში უსათუოდ დაგვეხმარება პავლეს წერილებისა და იმ ბიბლიური მონაკვეთების განხილვა, რომელიც მის მსახურებას ეხება; აგრეთვე ისეთივე რწმენის განვითარება, როგორიც პავლეს ჰქონდა (წაიკითხეთ 1 კორინთელების 11:1; ებრაელების 13:7). ეს ყოველივე კი აღგვძრავს, რომ გამოვიმუშაოთ კარგი პირადი შესწავლის ჩვევა, უფრო მეტად შევიყვაროთ ადამიანები და სწორი წარმოდგენა გვქონდეს საკუთარ თავზე.

პავლეს შესწავლის კარგი ჩვევა ჰქონდა

4, 5. რაში დაეხმარა პავლეს საღვთო წერილის ცოდნა?

4 პავლეს, როგორც ფარისეველს, განათლება ‘გამალიელის ფეხებთან ჰქონდა მიღებული და მამაპაპისეული კანონის სიმკაცრით იყო განსწავლული’; მან წმინდა წერილებიც იცოდა (საქ. 22:1—3; ფილ. 3:4—6). ქრისტიანად მონათვლისთანავე პავლე ‘არაბეთში წავიდა’. შესაძლოა ეს იყო სირიის უდაბნო ან არაბეთის ნახევარკუნძულის რომელიმე მყუდრო ადგილი, სადაც ფიქრის საშუალება მიეცემოდა (გალ. 1:17). როგორც ჩანს, პავლეს უნდოდა წმინდა წერილების იმ მონაკვეთებზე ეფიქრა, რომელიც ადასტურებდა, რომ იესო მესია იყო. ამავე დროს, მას სურდა მომზადებულიყო იმ მნიშვნელოვანი საქმისთვის, რომელიც წინ ელოდა (წაიკითხეთ საქმეების 9:15, 16, 20, 22). როგორც ვხედავთ, პავლე სულიერ საკითხებზე ფიქრს დროს უთმობდა.

5 საღვთო წერილის შესწავლით პავლემ შეიძინა ცოდნა და გამჭრიახობა, რაც ჭეშმარიტების ეფექტურად ქადაგებაში დაეხმარა. ერთხელ პისიდიის ანტიოქიის სინაგოგაში პავლემ, სულ მცირე, ხუთი ციტატა მოიყვანა საღვთო წერილიდან იმის დასამტკიცებლად, რომ იესო მესია იყო. გარდა ამისა, რამდენჯერმე თავისი სიტყვებით აღწერა ის მოვლენები, რომელზეც ებრაულ წერილებშია საუბარი. მას იმდენად დამაჯერებელი არგუმენტები მოჰყავდა წმინდა წერილებიდან, რომ „მრავალი იუდეველი და ღვთის თაყვანისმცემელი პროზელიტი გაჰყვა პავლესა და ბარნაბას“, რათა უფრო მეტი გაეგოთ (საქ. 13:14—44). წლების შემდეგ, როცა რომში მცხოვრები იუდეველები პავლესთან მივიდნენ, ის უხსნიდა მათ სულიერ საკითხებს, „საფუძვლიანად უმოწმებდა ღვთის სამეფოზე და დამაჯერებლად ელაპარაკებოდა იესოზე მოსეს კანონიდან და წინასწარმეტყველთა წიგნებიდან“ (საქ. 28:17, 22, 23).

6. რა დაეხმარა პავლეს განსაცდელების დროს სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებაში?

6 პავლეს განსაცდელების დროსაც კი არ შეუწყვეტია საღვთო წერილის შესწავლა; იგი ძალას ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვიდან იღებდა (ებრ. 4:12). რომის ციხეში ყოფნის დროს, სანამ სიკვდილით დასჯიდნენ, პავლემ ტიმოთეს სთხოვა, რომ მისთვის „გრაგნილები“ და „პერგამენტები“ წაეღო (2 ტიმ. 4:13). ეს ხელნაწერები, როგორც ჩანს, ებრაული წერილების ფრაგმენტები იყო, რომელსაც პავლე საფუძვლიანად სწავლობდა. საღვთო წერილის საფუძვლიანად შესწავლა პავლესთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რათა ბოლომდე ღვთის ერთგული ყოფილიყო.

7. აღნიშნეთ, რით არის სასარგებლო ბიბლიის რეგულარული შესწავლა.

7 ბიბლიის რეგულარული შესწავლა და ნასწავლის გაანალიზება სულიერ ზრდაში დაგვეხმარება (ებრ. 5:12—14). ღვთის სიტყვის შესახებ ფსალმუნმომღერალი წერდა: „კარგია ჩემთვის შენი ბაგიდან გამომავალი კანონი, ათასობით ვერცხლსა და ოქროს სჯობია. ჩემს მტრებზე უფრო ბრძენს მხდის შენი მცნება, რადგან მარადიულად ჩემია იგი. ყოველ ცუდ გზას ვარიდებ ფეხს, რათა დავიცვა შენი სიტყვა“ (ფსალმ. 119:72, 98, 101). გაქვთ ჩვევად ბიბლიის პირადი შესწავლა? ყოველდღე კითხულობთ ბიბლიას და ფიქრობთ წაკითხულზე, რათა მომავალში მზად იყოთ ღვთის ორგანიზაციაში დამატებითი პასუხისმგებლობების მისაღებად?

სავლემ ისწავლა ხალხის სიყვარული

8. როგორ ექცეოდა სავლე არაიუდეველებს?

8 სანამ ქრისტიანი გახდებოდა, სავლე იუდაიზმის თავგამოდებული დამცველი იყო და არაიუდეველებს არაფრად აგდებდა (საქ. 26:4, 5). იგი წარბშეუხრელად ადევნებდა თვალს, როგორ ქოლავდნენ იუდეველები სტეფანეს. როგორც ჩანს, სავლე ამას სამართლიანად მიიჩნევდა და თვლიდა, რომ სტეფანე სიკვდილს იმსახურებდა (საქ. 6:8—14; 7:54—8:1). საღვთო წერილში მის შესახებ ვკითხულობთ: „სავლე არბევდა კრებას, იჭრებოდა სახლებში, ძალით გამოჰყავდა კაცები და ქალები და საპყრობილეში გადასცემდა“ (საქ. 8:3). ქრისტიანებს ის „სხვა ქალაქებშიც“ დევნიდა (საქ. 26:11).

9. რამ შეაცვლევინა სავლეს ადამიანების მიმართ დამოკიდებულება?

9 ერთხელ ქრისტეს მოწაფეების დასარბევად დამასკოსკენ მიმავალ სავლეს უფალი იესო გამოეცხადა. ამ დროს სავლე თვალისმომჭრელმა ბრწყინვალებამ დააბრმავა და სრულიად უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდა. მოგვიანებით იეჰოვამ სავლესთან ანანია გაგზავნა, რათა მისთვის მხედველობა დაებრუნებინა. იმ დროისთვის სავლეს უკვე შეცვლილი ჰქონდა ადამიანებზე თვალსაზრისი (საქ. 9:1—30). მას შემდეგ კი, რაც ქრისტეს მოწაფე გახდა, იგი ყოველ ღონეს ხმარობდა, ისე მოჰქცეოდა ადამიანებს, როგორც იესო. მან შეიძულა ძალადობა და ‘ყველასთან მშვიდობიანი’ გახდა (წაიკითხეთ რომაელების 12:17—21).

10, 11. როგორ ცხადყოფდა პავლე, რომ გულწრფელად უყვარდა ხალხი?

10 პავლესთვის საკმარისი არ იყო, ხალხთან მხოლოდ მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონოდა. მას სურდა, დაენახვებინა მათთვის, რომ გულწრფელად უყვარდა ისინი. ამის შესაძლებლობას კი მას ქრისტიანული მსახურება აძლევდა. პირველი მისიონერული მოგზაურობის დროს მან სასიხარულო ცნობა მცირე აზიაში იქადაგა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, პავლეს და მის თანამსახურებს ძირითადი ყურადღება თვინიერი ადამიანების მოძებნასა და მათ გაქრისტიანებაზე ჰქონდათ გადატანილი. იმის მიუხედავად, რომ ლისტრასა და იკონიონში ადრე მათი მოკვლა სცადეს, ისინი არ შეშინდნენ და ხელმეორედ ჩავიდნენ ამ ქალაქებში (საქ. 13:1—3; 14:1—7, 19—23).

11 მოგვიანებით პავლემ და მისმა თანამსახურებმა ჭეშმარიტების მოსასმენად განწყობილი ადამიანების მოძებნა მაკედონიის ქალაქ ფილიპეშიც დაიწყეს. მაგალითად, მათი ქადაგების შედეგად იუდეველი პროზელიტი, ლიდია, ქრისტიანი გახდა. ერთხელ სახელმწიფო მოხელეებმა პავლე და სილა გაჯოხეს და საპყრობილეში ჩასვეს. პავლემ საპყრობილის ზედამხედველს უქადაგა, რის შედეგადაც ის და მისი ოჯახი მოინათლნენ და იეჰოვას თაყვანისმცემლები გახდნენ (საქ. 16:11—34).

12. რამ აქცია ერთ დროს სასტიკი სავლე მოსიყვარულე ადამიანად?

12 ნეტავ რა მოხდა ისეთი, რომ ყოფილმა მდევნელმა მათი რწმენა მიიღო, ვისაც ერთ დროს თავად დევნიდა? რამ აქცია ერთ დროს სასტიკი სავლე კეთილ და მოსიყვარულე ადამიანად, რომელიც მზად იყო, სიცოცხლეც კი გაეწირა მათთვის, ვისაც ღვთისა და ქრისტეს შესახებ ჭეშმარიტების გაგების სურვილი ჰქონდა? პავლემ თავად ახსნა ამის მიზეზი: „ღმერთმა . . . თავისი წყალობით მომიწოდა, მოისურვა, ჩემი მეშვეობით გამოეცხადებინა თავისი ძე“ (გალ. 1:15, 16). პავლემ ტიმოთეს მისწერა: „შეწყალებული კი იმიტომ ვიქენი, რომ ჩემი განსაკუთრებული შემთხვევით ქრისტე იესოს მთელი თავისი სულგრძელობა ნიმუშად ეჩვენებინა მათთვის, ვინც მასზე აფუძნებს რწმენას მარადიული სიცოცხლისთვის“ (1 ტიმ. 1:16). იეჰოვამ აპატია პავლეს და მისდამი წყალობა გამოავლინა. სწორედ ამან აღძრა პავლე, ხალხისთვის სასიხარულო ცნობა ექადაგა, რაც მისი მხრიდან სიყვარულის გამოხატულება იყო.

13. რამ უნდა აღგვძრას სიყვარულის გამოვლენისკენ, და რით გამოიხატება ხალხის სიყვარული?

13 იეჰოვა ჩვენც გვპატიობს შეცდომებსა თუ ცოდვებს (ფსალმ. 103:8—14). „დანაშაულს რომ აკვირდებოდე, იაჰ, ვინ დაგიდგებოდა, იეჰოვა?!“, — დაწერა ფსალმუნმომღერალმა (ფსალმ. 130:3). იეჰოვას წყალობა რომ არა, ვერც ერთი ჩვენგანი ვერ შევიგრძნობდით იმ სიხარულს, რომელიც წმინდა მსახურებას მოაქვს და არც მარადიული სიცოცხლის იმედი გვექნებოდა. ღმერთი თითოეული ჩვენგანის მიმართ უხვად ავლენს წყალობას. ამიტომ მივბაძოთ პავლეს და სხვების მიმართ სიყვარული მთელი გულით გამოვავლინოთ; ამას იმით ცხადვყოფთ, თუ ვუქადაგებთ ხალხს, ვასწავლით მათ ჭეშმარიტებას და გავამხნევებთ თანამორწმუნეებს (წაიკითხეთ საქმეების 14:21—23).

14. რა არის საჭირო მსახურების გასაფართოებლად?

14 პავლეს უნდოდა, რომ სასიხარულო ცნობის უკეთესი მქადაგებელი გამხდარიყო. იესოს მაგალითმა მასზე ძლიერ იმოქმედა. ერთ-ერთი საშუალება, რითაც ღვთის ძემ შეუდარებელი სიყვარული გამოავლინა, ქადაგება იყო. იესომ თქვა: „სამკალი ბევრია, მუშები კი ცოტანი არიან. ამიტომ ევედრეთ სამკლის ბატონს, მუშები გამოგზავნოს თავის სამკალში“ (მათ. 9:35—38). როგორც ჩანს, პავლეც სთხოვდა ღმერთს, რომ მეტი მუშაკი გამოეგზავნა სამკალში და ამ ლოცვის შესაბამისადაც მოქმედებდა, რაზეც მისი გულმოდგინე მსახურება მოწმობს. თქვენ თუ ცდილობთ, უკეთესი მქადაგებელი გახდეთ? შეგიძლიათ, უფრო მეტი დრო დაუთმოთ სამეფოს შესახებ ქადაგებას, მაგალითად, დაიწყოთ პიონერული მსახურება? მოდი, გამოვავლინოთ სიყვარული და დავეხმაროთ სხვებს, რომ ‘ჩაეჭიდონ სიცოცხლის სიტყვას’ (ფილ. 2:16).

როგორი წარმოდგენა ჰქონდა პავლეს საკუთარ თავზე

15. როგორი წარმოდგენა ჰქონდა პავლეს საკუთარ თავზე და თანაქრისტიანებზე?

15 პავლემ, როგორც ქრისტიანმა მსახურმა, სხვა მხრივაც დაგვიტოვა შესანიშნავი მაგალითი. თუმცა უამრავი პასუხისმგებლობა ეკისრა ქრისტიანულ კრებაში, მას კარგად ესმოდა, რომ ეს კურთხევები არც თავისი დამსახურების გამო ჰქონდა მიღებული და არც იმიტომ, რომ განსაკუთრებული უნარით გამოირჩეოდა. მან იცოდა, რომ ეს კურთხევები ღვთის წყალობით მიიღო. პავლე არ ფიქრობდა, რომ მხოლოდ თვითონ იყო სასიხარულო ცნობის დახელოვნებული მქადაგებელი. დაკისრებული პასუხისმგებლობების მიუხედავად, პავლე თავმდაბალი იყო (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:9—11).

16. რით ცხადყო პავლემ, რომ მოკრძალებული და თავმდაბალი იყო?

16 გავიხსენოთ, როგორ გაართვა პავლემ თავი სირიის ქალაქ ანტიოქიაში წამოჭრილ პრობლემას. იქ ქრისტიანულ კრებაში წინადაცვეთის საკითხთან დაკავშირებით განხეთქილება ჩამოვარდა (საქ. 14:26—15:2). ვინაიდან წინადაუცვეთელ უცხოტომელებთან პავლე გაიგზავნა საქადაგებლად, შეიძლება ეფიქრა, რომ მასზე უკეთ ვერავინ შეძლებდა არაიუდეველებს შორის წამოჭრილი პრობლემის მოგვარებას (წაიკითხეთ გალატელების 2:8, 9). როდესაც მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, თავმდაბლობა და მოკრძალება გამოიჩინა და იერუსალიმში ხელმძღვანელი საბჭოს წევრებს მიმართა დახმარებისთვის. მათ იმსჯელეს ამ საკითხზე, მიიღეს გადაწყვეტილება და პავლე ანტიოქიაში გაგზავნეს, როგორც ერთ-ერთი მათი წარმომადგენელი. ამ საკითხის განხილვის დროს პავლემ მათთან ითანამშრომლა და მიღებულ გადაწყვეტილებას დაეთანხმა (საქ. 15:22—31). როგორც ვხედავთ, პავლე ‘პატივისცემაში ასწრებდა’ თანამსახურებს (რომ. 12:10ბ).

17, 18. ა) რას გრძნობდა პავლე კრების წევრების მიმართ? ბ) რაზე მეტყველებს ის, რომ პავლესთან განშორებამ ეფესოს კრების უხუცესებს გული დასწყვიტა?

17 პავლეს თავმდაბლობაზე ისიც მეტყველებს, რომ და-ძმებისგან თავს შორს არ იჭერდა. პირიქით, მას უყვარდა ისინი. რომაელი ქრისტიანებისთვის მიწერილი წერილის ბოლოს ის მოკითხვას უთვლის და-ძმებს და სახელებით იხსენიებს მათგან 20-ზე მეტს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ და-ძმებიდან უმეტესობის სახელები ბიბლიაში სხვაგან არსად არის მოხსენიებული და მათგან ცოტას თუ ჰქონდა განსაკუთრებული პასუხისმგებლობები. მაგრამ ეს და-ძმები იეჰოვას ერთგული მსახურები იყვნენ და ამიტომ უყვარდა ისინი პავლეს (რომ. 16:1—16).

18 პავლეს თავმდაბლობა და სითბო ეხმარებოდა, რომ კრებები გაემხნევებინა. მას შემდეგ, რაც პავლე ეფესოს კრების უხუცესებს უკანასკნელად შეხვდა, ისინი „კისერზე ეხვეოდნენ და სიყვარულით კოცნიდნენ. განსაკუთრებით იმ სიტყვებმა დაამწუხრა ყველა, რომ მის სახეს ვეღარ იხილავდნენ“. პავლე ამაყი და გულცივი ადამიანი რომ ყოფილიყო, მასთან განშორება ასე არ დაწყვეტდა გულს ეფესოს კრების უხუცესებს (საქ. 20:37, 38).

19. როგორ გამოვავლინოთ თავმდაბლობა თანაქრისტიანებთან ურთიერთობისას?

19 ყველას, ვისაც სურს, სულიერად გაიზარდოს, პავლეს მსგავსად თავმდაბალი უნდა იყოს. პავლემ თანაქრისტიანებს ურჩია: „ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად“ (ფილ. 2:3). რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის? ერთ-ერთი საშუალება ის არის, რომ ვითანამშრომლოთ ჩვენი კრების უხუცესებთან, მივყვეთ მათ მითითებებს და მხარი დავუჭიროთ სამართლებრივი კომიტეტის გადაწყვეტილებებს (წაიკითხეთ ებრაელების 13:17). მეორე კი ის არის, რომ დავაფასოთ და-ძმები. იეჰოვას მოწმეების კრებაში, ძირითადად, სხვადასხვა ეროვნების, კულტურის, რასისა და ეთნიკური წარმოშობის ადამიანები არიან. ჩვენ ყველას მიუკერძოებლად და დიდი სიყვარულით უნდა ვეპყრობოდეთ, როგორც ამას პავლე აკეთებდა (საქ. 17:26; რომ. 12:10ა). ბიბლია მოგვიწოდებს: „გულთბილად მიიღეთ ერთმანეთი, როგორც ქრისტემ მიგიღოთ გულთბილად, ღვთის სადიდებლად“ (რომ. 15:7).

„მოთმინებით გავირბინოთ“ სიცოცხლის სარბიელი

20, 21. რა დაგვეხმარება, რომ ბოლომდე გავირბინოთ სიცოცხლის სარბიელი?

20 ქრისტიანის ცხოვრება ჰგავს დიდ დისტანციაზე სირბილს. პავლე წერდა: „სარბიელი ბოლომდე გავირბინე და რწმენა შევინარჩუნე. ამიერიდან სიმართლის გვირგვინი მენახება, რომლითაც იმ დღეს დამაჯილდოებს უფალი, მართალი მოსამართლე, და მარტო მე კი არა, ყველას, ვინც მისი გამოცხადება შეიყვარა“ (2 ტიმ. 4:7, 8).

21 პავლეს მაგალითი დაგვეხმარება, რომ ბოლომდე გავირბინოთ სიცოცხლის სარბიელი და ჯილდოდ მარადიული სიცოცხლე მივიღოთ (ებრ. 12:1). მოდი, არასდროს შევწყვიტოთ სულიერი ზრდა! ამაში ხელს შეგვიწყობს რეგულარული პირადი შესწავლა, ხალხის სიყვარული და თავმდაბლობა.

როგორ უპასუხებთ?

• რაში ეხმარებოდა პავლეს წმინდა წერილების რეგულარული შესწავლა?

• რატომ უნდა უყვარდეთ ჭეშმარიტ ქრისტიანებს ხალხი?

• რომელი თვისებები დაგეხმარებათ, რომ თანამორწმუნეებს მიუკერძოებლად მოეპყროთ?

• როგორ დაგეხმარებათ პავლეს მაგალითი თქვენი კრების უხუცესებთან თანამშრომლობაში?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 23 გვერდზე]

პავლეს მსგავსად, ძალები ღვთის სიტყვიდან მიიღეთ

[სურათი 24 გვერდზე]

გამოავლინეთ სიყვარული და უქადაგეთ ხალხს სასიხარულო ცნობა

[სურათი 25 გვერდზე]

იცით, რატომ უყვარდათ ქრისტიან ძმებს პავლე?